რომელი და როგორი წელიც არ უნდა იყოს, პოპკულტურით დაინტერესებული ადამიანი არასდროს მოიწყენს. იქნება ეს მუსიკა, ფილმები, სერიალები თუ უბრალოდ სკანდალები, შეგიძლიათ ყოველთვის ენდოთ პოპკულტურას და გჯეროდეთ, რომ დროს სახალისოდ გაგაყვანინებთ.

გამონაკლისი არც 2025 წელი ყოფილა. სანამ 2026 დაიწყება, მოდი, გავიხსენოთ და შევაჯამოთ გასული წელი 25 ყველაზე სამახსოვრო მომენტით:

1. ლაბუბუმ მსოფლიო დაიპყრო

ფოტო: Erik Jepsen

სია ისეთი მოვლენით უნდა დავიწყოთ, რომელმაც მთლიანი წელი მოიცვა, ეს კი სწორედ ლაბუბუების გამოჩენა იყო. თუ 2025 წელს ჩანთაზე ჩამოკიდებული პატარა, უცნაური მონსტრი არ გინახავთ, ესე იგი სოციალურ ქსელებს თითქმის არ გაჰკარებიხართ. Pop Mart-ის ეს პერსონაჟი წელს ნამდვილ გლობალურ მანიად იქცა. მას შემდეგ, რაც ცნობილი სახეები ლაბუბუთი გამოჩნდნენ, სათამაშოს ყველგან ნახავდით — პატარა ბავშვების ოთახებიდან დაწყებული, უძვირფასესი ბირკინის ჩანთებით დამთავრებული. მეტიც, ადამიანის ზომის ლაბუბუ $150 000-ზე ძვირადაც კი გაიყიდა.

იხილეთ: რა არის ლაბუბუ და რატომაა ასეთი პოპულარული?

2. Netflix-მა Adolescence შემოგვთავაზა

Adolescence / მოზარდობა

Adolescence / მოზარდობა

ფოტო: Netflix

2025 წელს Netflix-მა ახალი პროექტი, Adolescence შემოგვთავაზა. სერიალის სიუჟეტი ეხება მოზარდს, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული. პროექტი როგორც შინაარსობრივად, ისე ტექნიკურად შთამბეჭდავია — ის უწყვეტი კადრის სტილშია გადაღებული. დაძაბულმა დრამამ მაყურებელთან ერთად კრიტიკოსებიც მოხიბლა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი ოუენ კუპერი ემიზე ნომინირებული ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი გახდა.

იხილეთ: ნეტფლიქსის სერიალ Adolescence-ს საფრანგეთის საჯარო სკოლებში აჩვენებენ

3. Wednesday-ს მე-2 სეზონი გამოვიდა

Wednesday

Wednesday

ფოტო: Netflix

შეიძლება ითქვას, რომ Netflix-მა 2025 წელს გაგვანებივრა. სამწლიანი ლოდინის შემდეგ, Wednesday მეორე სეზონით დაბრუნდა. სეზონმა მაყურებლის ბევრ კითხვას უპასუხა, მაგრამ ბევრი ახალი კითხვაც გააჩინა. თუ მისტიკა, დაძაბულობა და იუმორი თქვენი სტილია, ამ სეზონს აუცილებლად უნდა უყუროთ.

იხილეთ: Wednesday-ს მეორე სეზონის ამ სცენის გადასაღებად რვა თვე დასჭირდათ

4. მრავალი ახალი ალბომი მოვისმინეთ

ფოტო: Getty

წელს არაერთი ვარსკვლავის ახალი ალბომი მოვისმინეთ:

  • ლედი გაგა — Mayhem;
  • ტეილორ სვიფტი — The Life Of A Showgirl;
  • Lorde — Virgin;
  • Bad Bunny — DeBÍ TiRAR MáS FOToS;
  • მაილი საირუსი — Something Beautiful;
  • საბრინა კარპენტერი — Man’s Best Friend;
  • ჯასტინ ბიბერი — Swag, Swag II (ჯასტინმა ერთ წელიწადში 2 ალბომი შემოგვთავაზა).

საინტერესოა, როგორ ჩაივლის 2026 წლის გრემის დაჯილდოება, რომელზეც ეს არტისტები მრავალ კატეგორიაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

იხილეთ: გრემი 2026-ის ნომინანტთა სია

5. 2025 წლის მელოდია 10 წლის წინანდელი სიმღერა გახდა

ფოტო: ABC News

2025 წელს ყველაზე მეტჯერ მოსმენილ სიტყვებს შორის პირველ ადგილს "Nothing beats a Jet2 holiday" იკავებს. ჯეს გლინის 2015 წლის ჰიტ სიმღერა Hold My Hand ტიკტოკზე მას შემდეგ გაცოცხლდა, რაც მომხმარებლებმა მისი გამოყენება ყველაზე წარუმატებელი და სასაცილო შვებულებების აღსაწერად დაიწყეს. ტრენდმა 80 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

შეავსეთ ქვიზი: ხარ თუ არა TikTok-ის ექსპერტი?

6. გავიგეთ, რომ შიმშილის თამაშების საგა გრძელდება

ფოტო: Lionsgate

სიუზან კოლინზმა 2025 წლის მარტში შიმშილის თამაშების მკითხველებს კიდევ ერთი შთამბეჭდავი ისტორია აჩუქა. მისი ახალი წიგნი, Sunrise on the Reaping, გვიყვება ყველასათვის საყვარელი ჰეიმიჩ აბერნათის ისტორიას 50-ე შიმშილის თამაშების დროს. წიგნის გამოსვლიდან მალევე დადასტურდა, რომ მის მიხედვით გადაღებულ ეკრანიზაციასაც ვიხილავთ, რომელიც 2026 წლის 20 ნოემბერსაა დაგეგმილი. ფილმის მთავარი პერსონაჟის როლს ჯოზეფ ზადა ითამაშებს.

იხილეთ: შიმშილის თამაშები: Sunrise On The Reaping — ყველაფერი, რაც ვიცით

7. ბეზოსმა 3-დღიანი ქორწილი გადაიხადა

ჯეფ ბეზოსის და ლორენ სანჩესის ქორწილი ვენეციაში

ჯეფ ბეზოსის და ლორენ სანჩესის ქორწილი ვენეციაში

ფოტო: Getty Images

მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა და ლორენ სანჩესმა 2025 წლის ზაფხულში ვენეცია ნამდვილ ჰოლივუდად აქციეს. მათი ქორწილი 3 დღე გრძელდებოდა და მილიონობით დოლარი დაჯდა, ცერემონიის ჩასატარებლად ქალაქის გარკვეული ნაწილებიც კი გადაიკეტა. ქორწილის სტუმრები იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ლეონარდო დიკაპრიო, ანა ვინტური და პრინცი ჰარი. ადგილობრივების მიერ გამართული აქციების მიუხედავად, ინტერნეტის მთავარი განხილვის თემა მაინც ლორენის კაბა და გრანდიოზული ფეიერვერკი გახდა.

იხილეთ: ჯეფ ბეზოსის 3-დღიანი ქორწილი ოფიციალურად დაიწყო

8. Wicked-ის ისტორია დასრულდა

ფოტო: Universal Pictures

2024 წლის წარმატებული პირველი ნაწილის შემდეგ, 2025 წლის 21 ნოემბერს Wicked: For Good-ით ელფაბასა და გლინდას ისტორია დასრულდა. არიანა გრანდესა და სინტია ერივოს ხმებით გაცოცხლებული ბროდვეის კულმინაცია წლის ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან პროექტად იქცა და ოქროს გლობუსის ნომინაციებიც დაიმსახურა. მართალია, Wicked-ის ისტორია დასრულდა, მაგრამ უკვე ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ მომავალში შეიძლება ამ ამბავთან დაკავშირებით სხვა პროექტებიც ვიხილოთ.

იხილეთ: ოქროს გლობუსი 2026-ის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სრული სია

9. სიდნი სვინის რთული წელი ჰქონდა

ფოტო: American Eagle

იქნებოდა ეს საკუთარი ნაბანი წყლით დამზადებული საპონი თუ ორაზროვანი ჯინსების რეკლამა, სიდნი სვინი წელს არაერთ სკანდალში გაეხვა, რასაც მსახიობის მიმართ დიდი კრიტიკა მოჰყვა. წლის ბოლოს სვინიმ ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, რომ ერთდაერთი, რას ტიკტოკზე ხვდება, მისი სალანძღავი ვიდეოებია.

იხილეთ: სიდნი სვინის ახალი კამპანია კრიტიკის ქარცეცხლშია

10. Coldplay-ს კონცერტზე იმაზე მეტი ვნახეთ, ვიდრე საჭირო იყო

ფოტო: News24

2022 წელს დაწყებული ტურით Coldplay-მ უამრავ ადამიანს აჩუქა ბედნიერი და სასიამოვნო მოგონებები, თუმცა ზუსტად ვიცით 2 ადამიანი, რომელიც ამ სიაში არ ჩაეწერება: 16 ივლისს ბოსტონში ჩატარებულ კონცერტზე ჯგუფმა შემთხვევით ფარული რომანი გამოავლინა, რომელიც არა მხოლოდ კონცერტის დამსწრეებმა იხილეს, არამედ ინტერნეტშიც ვირუსულად გავრცელდა. წყვილი, როგორც აღმოჩნდა, ერთ კომპანიაში მუშაობდა, თუმცა სკანდალის შედეგად ეს დიდხანს აღარ გაგრძელებულა.

იხილეთ: Coldplay-ს კონცერტზე კომპანიის დირექტორისა და მენეჯერის საიდუმლო რომანი გამოაშკარავდა

11. ტეილორ სვიფტისთვის 2025 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა

ფოტო: taylorswift

ფოტო: taylorswift

30 მაისს ტეილორ სვიფტმა ყველას აცნობა, რომ საკუთარ ალბომებსა და ჩანაწერებზე საავტორო უფლებები დაიბრუნა. მომღერლის ჩანაწერები 2019 წელს მისი თანხმობის გარეშე გაიყიდა. მას შემდეგ სვიფტმაTaylor’s Version პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ახლიდან იწერდა და უშვებდა ყველა გაყიდულ ალბომს. თუმცა ახლა ალბომების ყველა ვერსია ისევ ტეილორს ეკუთვნის.

მეორე დიდი სიახლე, რომელიც 2025 წელს სვიფტის ცხოვრებაში მოხდა, მისი და ტრევის კელსის ნიშნობაა. ტეილორმა ეს ამბავი ფანებს ინსტაგრამ პოსტით აცნობა, რომელმაც მას შემდეგ 37 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ: ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი დაინიშნნენ

12. დემნა Gucci-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა

ფოტო: Vogue

2025 წლის მარტში დემნა გვასალია Gucci-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა. ქართველი დიზაინერის სახელი აქამდე ყველასთვის Balenciaga-სთან ასოცირდებოდა, სადაც 2015 წლიდან შემოქმედებით ხელმძღვანელად მუშაობდა და ბრენდი ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ და ავანგარდულ პლატფორმად აქცია. 2019 წლამდე დემნა საკუთარ ბრენდ Vetements-საც ხელმძღვანელობდა.

Gucci-სთან დიზაინერმა პირველად 2021 წელს ითანამშრომლა, როცა Balenciaga-მ და Gucci-მ საერთო კოლექცია შექმნეს. Gucci-სთვის პირველი კოლექცია დემნამ 2025 წლის სექტემბერში წარადგინა, რითაც თავის კარიერაში ახალი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

იხილეთ: დემნა გვასალია Gucci-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა

13. ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოს ესტუმრა

ჯასტინ ტიმბერლეიკი

ჯასტინ ტიმბერლეიკი

ფოტო: eastbaytimes.com

სანამ საქართველოსა და სკანდალების თემაზე ვართ, ჯასტინ ტიმბერლეიკის საქართველოში სტუმრობაც უნდა ვახსენოთ. 2025 წელს ამერიკელი მომღერალი თბილისს პირველად ეწვია და 23 ივლისს დინამოს არენაზე კონცერტი გამართა, რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეში წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მოვლენა გახდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აბიჯებს ტიმბერლეიკი მაყურებლის მიერ სცენაზე დადებულ საქართველოს დროშას. ამ ქმედებასთან დაკავშირებით ქართველი მსმენელის აზრი ორად გაიყო: ნაწილმა ეს ქმედება ქვეყნისა მიმართ უპატივცემულობად მიიჩნია, სხვებმა კი ჩათვალეს, რომ ეს უბრალო შემთხვევითობა იყო და არტისტმა დროშა ვერ შეამჩნია.

იხილეთ: კონცერტვოშინგი — როგორ იყენებს ქართული ოცნება მსოფლიო ვარსკვლავებს პროპაგანდისთვის

14. ჰარი პოტერის სერიალის გადაღებები დაიწყო

ფოტო: Aidan Monaghan/HBO

HBO-მ ოფიციალურად დაიწყო მუშაობა ჰარი პოტერის სერიალზე. პროექტი წიგნების ბევრად უფრო ვრცელ და დეტალურ ეკრანიზაციას გვპირდება. როგორც ცნობილია, პროექტი 7 სეზონისგან შედგება, თითოეული სეზონი კი ჯოან როულინგის თითო წიგნს დაეთმობა. სერიალის მსახიობების ვინაობა უკვე ცნობილია და გადაღებებიც, რომლებიც Worner Bros.-ის ცნობით 10 წელი გაგრძელდება, აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის სათავეში საკულტო სერიალი Succession-ის შემქმნელები — ფრანჩესკა გარდინერი და მარკ მაილოდი დგანან, რაც მაყურებელს ხარისხიან დრამასა და სიღრმისეულს სიუჟეტს ჰპირდება.

იხილეთ: ჰარი პოტერის სერიალის გადაღებები დაიწყო — HBO გადასაღები მოედნიდან ფოტოს ავრცელებს

15. სუპერმენის ფილმმა სუპერგმირების ჟანრი გააცოცხლა

სუპერმენი

სუპერმენი

ფოტო: kingofgeek

ჯეიმს განმა დაამტკიცა, რომ სუპერგმირების ჟანრი ჯერ კიდევ ცოცხალია. დევიდ კორენსვეტის მონაწილეობით ახალი სუპერმენის ფილმმა მაყურებელს ის იმედი და ოპტიმიზმი დაუბრუნა, რომელიც კომიქსების ეკრანიზაციებს დიდი ხნის განმავლობაში აკლდა. ფილმმა გახსნის პირველივე უქმეებზე ამერიკაში $125 მილიონი, ჯამში კი მსოფლიო მასშტაბით $220 მილიონზე მეტი გამოიმუშავა, რითაც გააქარწყლა ბოლოდროინდელი მოსაზრება, რომ მაყურებელი სუპერგმირების ფილმებით დაიღალა. კრიტიკოსებისა და მაყურებლის დადებითმა შეფასებამ დაადასტურა, რომ DC-ის მომავალ პროექტებს შეგვიძლია იმედიანად ვუყუროთ.

იხილეთ: რატომ არის სუპერმენი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი?

16. გავიგეთ, რომ ისრაელს ევროვიზია 2026-ზე ვიხილავთ

ფოტო: AP Photo

2026 წლის ევროვიზიას მუსიკასთან ერთად საკმაოდ დიდი დაძაბულობაც მოჰყვება. რამდენიმეთვიანი დაძაბული განხილვის შემდეგ, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დაადასტურა, რომ ისრაელი 2026 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობას გააგრძელებს. საპასუხოდ ირლანდიამ, ესპანეთმა, სლოვენიამ, ნიდერლანდებმა და ისლანდიამ პროტესტის ნიშნად კონკურსს ბოიკოტი გამოუცხადეს და ვენაში დაგეგმილ საიუბილეო, რიგით 70-ე ფესტივალში, მონაწილეობაზე უარი თქვეს.

იხილეთ: ისრაელის ევროვიზიაზე დაშვების გამო, ოთხი ქვეყანა კონკურსს ტოვებს

17. მარიამ შენგელიამ ინგლისური ენა გარდაქმნა

ფოტო: Sarah Louise Bennett / EBU

რაც შეეხება 2025 წლის ევროვიზიას, კონკურსზე საქართველოს სახელით მარიამ შენგელია იყო წარდგენილი. თუმცა, მარიამის სიმღერაზე საინტერესო მისი კომენტარი აღმოჩნდა: "მესიჯი, რა თქმა უნდა, ცხადია — მშვიდობა. Freedom [ინგლ. თავისუფლება] ჰქვია სიმღერას და, შესაბამისად, ნათელია, რომ ეს არის დიდი მესიჯი".

სამწუხაროდ, ვერც ქართული ოცნების საყვარელი მშვიდობის მესიჯის გავრცელებამ და ვერც "მშვიდობაზე" სიმღერამ წარმატება ვერ მოგვიტანა.

იხილეთ: Freedom ანუ მშვიდობა — ინტერნეტის რეაქცია მარიამ შენგელიას კომენტარზე

18. ეშმაკს ისევ პრადა აცვია

ფოტო: 20th Century Studios

2025 წელს ოფიციალურად დაიწყო მუშაობა ეშმაკს აცვია პრადა 2-ის გადაღებებზე. ფილმში, რომელსაც 2026 წლის პირველ მაისს ვიხილავთ, მერილ სტრიპი, ენ ჰეთეუეი და ემილი ბლანტი თავიანთ დაუვიწყარ როლებს უბრუნდებიან. ამჯერად სიუჟეტი თანამედროვე მედიის კრიზისს ეხება: როგორ უმკლავდება ტრადიციული ჟურნალი ციფრულ ეპოქასა და ინფლუენსერების სამყაროს.

იხილეთ: "ეშმაკს აცვია პრადა 2"-ის გადაღებებიდან პირველი ფოტოები ვრცელდება

19. Disney-ს ფიფქია წარუმატებელი აღმოჩნდა

ფოტო: Disney

მიუხედავად იმისა, რომ Disney-მ ფიფქიას წარმოებასა და მარკეტინგში თითქმის $270 მილიონი დახარჯა, ფილმმა მსოფლიო კინოთეატრებში მხოლოდ $205 მილიონის მოგება მიიღო. პროექტს ვერც რეიტინგმა ვერ უშველა — ფილმმა IMDb-ზე რეკორდულად დაბალი, 1.6/10 შეფასება მიიღო.

ფიფქიას წარუმატებლობის მიზეზად რამდენიმე ფაქტორი სახელდება: მთავარი როლის შემსრულებლის, რეიჩელ ზეგლერის, კონტროვერსიული კომენტარები ისრაელზე, ფილმის "ფემინისტური ხაზი", რომელმაც ძველი ფანები გააღიზიანა და საზოგადოების ნეგატიური რეაქცია CGI-ით შექმნილ ჯუჯებზე. ამ შედეგმა Disney-ს სამომავლო გეგმებიც შეცვალა — სტუდიამ სხვა "ლაივ-ექშენ" ფილმებზე, მათ შორის რაპუნცელზე მუშაობა დროებით შეაჩერა.

იხილეთ: გალ გადოტი ფიფქიას წარუმატებლობას ისრაელის გაკრიტიკების წნეხს უკავშირებს

20. ანა ვინტურმა Vogue დატოვა

ფოტო: PA Media

37 წლის შემდეგ ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოზიცია დატოვა, რითაც მოდის სამყაროს მნიშვნელოვანი ეპოქა დასრულდა. ანა 1988 წლიდან ჟურნალის შეუცვლელი ლიდერი იყო. მან Met Gala წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენად აქცია და მოდის ინდუსტრიის კარი არაერთ ტალანტს გაუღო, მათ შორის, ჯონ გალიანოს, ალექსანდრ მაკქუინს, მარკ ჯეიკობსს, პროენზა სქულერს და ა.შ. ანას ლიდერობით Vogue კულტურის გლობალურ სიმბოლოდ დამკვიდრდა. ვინტურის ადგილი Vogue-ში ქლოე მალემ, Vogue-ის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა დაიკავა.

იხილეთ: 37 წლის შემდეგ, ანა ვინტური Vogue-ს ტოვებს — ყველაფერი, რაც ვიცით

21. დონატელა ვერსაჩემ Versace დატოვა

ფოტო: Getty Images

დიდი ცვლილებები მოხდა კიდევ ერთ მოდის სახლში — 28 წლის შემდეგ დონატელა ვერსაჩემ Versace-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. მოდის სახლში მუშაობისას დონატელამ მოდის სამყაროს თავი მრავალი დაუვიწყარი დიზაინით დაამახსოვრა, მათ შორის, კაბით, რომელმაც Google Images-ის შექმნა გამოიწვია.

2025 წლის აპრილში დონატელა Miu Miu-ს დიზაინისა და იმიჯის მიმართულების ყოფილმა ხელმძღვანელმა, დარიო ვიტალემ შეცვალა, თუმცა მან ეს პოზიცია მალევე დატოვა. დღეს დონატელა ბრენდში Chief Brand Ambassador-ის პოზიციაზე რჩება და Versace-ს გლობალურ პოზიციონირებასა და წარდგენაზე აგრძელებს მუშაობას.

იხილეთ: დონატელა ვერსაჩე Versace-ს ტოვებს

22. The Summer I Turned Pretty დასრულდა

ფოტო: Prime Video

არ აქვს მნიშვნელობა, თინეიჯერულ სასიყვარულო ისტორიებზე დაფუძნებული ფილმები და სერიალები თქვენი სტილია, თუ — არა, The Summer I Turned Pretty-მ წელს ყველას ინტერნეტსივრცეში შეაღწია. სერიალი, რომელიც ბოლო 3 ზაფხულის განმავლობაში უამრავი ადამიანის ცხელ დღეებს ალამაზებდა, მე-3 სეზონით დასრულდა. თუმცა ამით ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ინტერნეტ განხილვები იმის შესახებ, თუ ვინ იმსახურებს ბელის მეტად — კონრადი თუ ჯერემაია.

სერიალის დასრულების მიუხედავად, ზაფხულის ისტორია ჯერ კიდევ გრძელდება — წიგნების ავტორმა და სერიალის პროდიუსერმა ჯენი ჰანმა ფანებს აცნობა, რომ მალე The Summer I Turned Pretty-ს ფილმს ვიხილავთ, რომელიც, სავარაუდოდ, სერიალის ისტორიას გააგრძელებს.

შეავსეთ ქვიზი: რომელი ძმა იქნებოდა შენი შეყვარებული The Summer I Turned Pretty-დან?

23. ლუვრი გაქურდეს

ფოტო: Rindoff Petroff / Getty Images

2025 წლის 19 ოქტომბერს ლუვრი თამამად გაიძარცვა. ოთხმა ნიღბიანმა პირმა დღისით-მზისით, აპოლონის გალერეიდან საფრანგეთის 8 სამეფო ნივთი მოიპარა, მათ შორის დედოფალ ევგენიასა და მარი-ლუიზას უძვირფასესი სამკაულები. მათ შენობაში შესასვლელად მექანიკური კიბე და სპეციალური მჭრელი მოწყობილობები გამოიყენეს — მთელი პროცესი სულ რაღაც 10 წუთში დასრულდა.

პოლიციამ რამდენიმე ეჭვმიტანილი მალევე დააკავა, მაგრამ თავად სამკაულები ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. გამოძიების ვერსიით, ეს არა დიდი ორგანიზებული დაჯგუფების, არამედ ჩვეულებრივი ქურდების ნამუშევარია, რამაც ლუვრის დაცვის სისტემის სისუსტეზე ბევრი კითხვა გააჩინა.

იხილეთ: BBC: ლუვრი გაქურდეს — მუზეუმი დროებით დახურულია

24. კეტი პერი კოსმოსში გაფრინდა

ფოტო: The Mega Agency

ფოტო: The Mega Agency

2025 წელს კოსმოსში გაფრენა აღარავის უკვირს, მაგრამ კეტი პერიმ ეს მაინც პოპკულტურის მოვლენად აქცია. მომღერალი ჯეფ ბეზოსის კოსმოსური ტურისტული კომპანიის, Blue Origin-ის ხომალდით დედამიწის ორბიტას გასცდა და 8 წუთი კოსმოსში გაატარა, დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კი მიწას აკოცა. კეტი გახდა პირველი პოპვარსკვლავი, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა.

იხილეთ: კეტი პერი კოსმოსში გაფრენას ნანობს — აი, რატომ

25. Stranger things დასრულდა

ფოტო: Netflix

დაწყებიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, 2025 წელს Stranger Things-თან ერთად ვაცილებთ. მე-5 სეზონის უკანასკნელ სერიას 31 დეკემბერს ვიხილავთ, მაგრამ მანამდე აუცილებელია, აღვნიშნოთ სერიალის მიღწევები: ბოლო სეზონის პირველი ნაწილის გამოსვლისას Stranger Things გახდა ყველაზე მეტჯერ ნახვადი ინგლისურენოვანი სერიალი პირველ კვირაში. ამჟამინდელი მონაცემებით კი სერიალს ჯამში 1.2 მილიარდი ნახვა აქვს.

შეავსეთ ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Stranger Things-ის ბოლო სეზონიდან?