კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
ფოტო: Shutterstock
ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერთა ახალი მიმოხილვის თანახმად, სტატისტიკურად კანაფის მოხმარება ასოცირდება როგორც ძალადობრივ ქცევასთან, ისე ძალადობის მსხვერპლად გახდომასთან. ეს ამ საკითხის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევაა. ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გამოვლენილი კავშირი მიზეზ-შედეგობრივი არ არის, ანუ კანაფის გამოყენება ძალადობას პირდაპირ არ იწვევს, მაგრამ მის მომხმარებლებში მსგავსი ფაქტები გაცილებით ხშირად ფიქსირდება.
ჟურნალ Psychological Medicine-ში გამოქვეყნებული მიმოხილვა 63 სხვადასხვა ნაშრომს აერთიანებს და ჯამში 265 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ ინფორმაციას ეყრდნობა. მკვლევრებმა მონაცემები ორი კუთხით შეისწავლეს: ძალადობა ზოგად პოპულაციაში და ფსიქიატრიული მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტებში. შეფასებისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ძალადობის ფართო განმარტება გამოიყენეს, რომელიც ფიზიკურ, სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ფორმებს მოიცავს.
"როგორც კლინიცისტს, მინახავს, როგორ შეიძლება, რომ კანაფის ჭარბი მოხმარება ძალადობის ფაქტორი იყოს. დიდი ხნის განმავლობაში წინდახედულად ვსაზღვრავდით, რამდენად შორს შეგვეძლო წავსულიყავით აღნიშნული კავშირის აღწერისას, მაგრამ ამ მასშტაბის მიმოხილვა საშუალებას გვაძლევს, რისკებზე უფრო დამაჯერებლად ვისაუბროთ. ამასთან, ვფრთხილობთ, რომ კანაფის მომხმარებელთა სტიგმატიზაციას არ შევუწყოთ ხელი", — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი, ექიმი მარტა დი ფორტი.
კვლევის მიხედვით, ზოგად პოპულაციაში კანაფის მოხმარება ძალადობრივი ქმედების ჩადენის 2-ჯერ უფრო მაღალ ალბათობასთან ასოცირდებოდა, ვიდრე არამომხმარებლებში; ფსიქიატრიულ პაციენტებში ეს სტატისტიკური თანხვედრა 2.5-ჯერ მაღალი იყო. გარდა ამისა, მომხმარებლები თავადაც დაახლოებით 1.5-ჯერ უფრო ხშირად ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლნი (რისი ალბათობაც ქალებში უფრო მაღალი აღმოჩნდა).
რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულამდე მისულ ძალადობას, კანაფის მომხმარებლები ამ მხრივ მსჯავრდადების 3-4-ჯერ უფრო დიდი რისკის წინაშე იყვნენ.
"იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში კანაფის კომერციალიზაცია და ლეგალიზაცია სულ უფრო ფართოვდება, მასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრისას ძირითადად ყურადღებას მხოლოდ თავად მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ამახვილებდნენ. ეს მიმოხილვა კი აჩვენებს, რომ ჩადენილი და განცდილი ძალადობაც ამ დისკუსიის ნაწილი უნდა გახდეს", — აცხადებს ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი და კვლევის წამყვანი ავტორი, სერ რობინ მიურეი.
მკვლევრები კიდევ ერთხელ აზუსტებენ: გამოვლენილი ასოციაცია არ ამტკიცებს, რომ კანაფის გამოყენება ძალადობის გამომწვევი მიზეზია. მსგავს სტატისტიკურ თანხვედრას ხშირად თანმდევი ფაქტორებიც განაპირობებს, მაგალითად, ალკოჰოლის ან სხვა ნარკოტიკების პარალელური მოხმარება და რთული სოციალური პირობები. მიუხედავად ამისა, ავტორები მიიჩნევენ, რომ რისკების შეფასებისას ეს სტატისტიკური მოცემულობა აუცილებლად გასათვალისწინებელია.
კომენტარები