შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს
ახალი ორბიტალური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ შეიძლება ოდესღაც მთვარე მაგნიტურ ველს საკუთარ წიაღში წარმოქმნიდა.
ფოტო: SciTechDaily
მთვარის შორეულ მხარეს სიღრმეში აღმოჩენილი ვულკანური სტრუქტურა, შესაძლოა, იმის ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულება გახდეს, რომ ეს ციური სხეული ოდესღაც საკუთარ მაგნიტურ ველს წარმოქმნიდა.
მკვლევრებმა NASA-ს მისია GRAIL-ის გრავიტაციული მონაცემები Lunar Prospector-ისა და Kaguya-ს მაგნიტურ გაზომვებს შეუთავსეს. მთვარის დევარის რეგიონში მათ მკვრივი, ძლიერ დამაგნიტებული ქანების წარმონაქმნს მიაგნეს, რომლის სიგანეც დაახლოებით 60 კილომეტრია, ზედაპირის ქვეშ კი 9 კილომეტრზე ვრცელდება.
ცნობისთვის, მთვარის შორეული მხარე ეწოდება ნახევარსფეროს, რომელიც დედამიწისკენ არასდროსაა მობრუნებული. პლანეტის გარშემო მოძრაობისას ჩვენკენ მუდმივად მხოლოდ ერთი მხარეა მოქცეული. ეს ობიექტის სინქრონული ბრუნვითაა განპირობებული — ღერძისა და დედამიწის ირგვლივ ბრუნვას ერთნაირ დროს ანდომებს.
მთვარის უძველესი დინამოს მტკიცებულება
დღეს მთვარეს გლობალური მაგნიტური ველი არ გააჩნია, თუმცა მეცნიერები ათწლეულებია, მსჯელობენ იმაზე, ხელს უწყობდა თუ არა მისი ბირთვი ოდესღაც დედამიწის მსგავს დინამოს ეფექტს (პროცესი, რა დროსაც კინეტიკური ენერგია მაგნიტურ ველად გარდაიქმნება). NASA-ს აპოლოს მისიებისას დედამიწაზე ჩამოტანილი ქანების ნიმუშები ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს გვაწვდიდა — ზოგიერთი კვლევა უძველეს ძლიერ ველზე მიუთითებდა, ზოგი კი ამ ვარაუდს ნაკლებად ამყარებდა.
"დღესდღეობით აქტიურად მსჯელობენ იმაზე, მოქმედებდა თუ არა წარსულში მთვარეზეც დინამო", — აღნიშნავს ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის დედამიწისა და პლანეტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის დოქტორანტი, სი იანგი.
დევარის სტრუქტურა, სავარაუდოდ, გაცივებული მაგმაა, რომელიც მთვარის სიღრმიდან დაახლოებით 4.2 მილიარდი წლის წინ ამოვიდა. ვინაიდან მკვლევრებს ქანში რკინის კონცენტრაციის განსაზღვრა შეუძლიათ, ისინი იმ მინიმალური მაგნიტური ველის გამოთვლასაც ახერხებენ, რომელიც ნელი გაგრილების პროცესში მატერიის დამაგნიტებას გამოიწვევდა.
"დავადგინეთ, რომ იმ პერიოდში მთვარეზე მაგნიტური ველი, სავარაუდოდ, 10 მიკროტესლაზე ძლიერი იყო. შედარებისთვის, დღეს დედამიწის მაგნიტური ველის სიმძლავრე დაახლოებით 50 მიკროტესლას შეადგენს", — ამბობს იანგი.
მკვლევართა ჯგუფმა ისიც განიხილა, ხომ არ შეიძლებოდა, დამაგნიტება დიდ ასტეროიდსა თუ მეტეორიტთან შეჯახებას გამოეწვია. მეორე მხრივ, დევარის რეგიონი იმ ზონების მიღმა მდებარეობს, სადაც მსგავსი ეფექტია მოსალოდნელი. ამ გარემოებამ მეცნიერები იმ ვარაუდამდე მიიყვანა, რომ მთვარის წიაღში მაგნიტური ველი ხანგრძლივად მოქმედებდა.
"ამრიგად, თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგნიტური ველი ბირთვში წარმოქმნილი ხანგრძლივი დინამოსგან უნდა მომდინარეობდეს", — ამბობს იანგი.
კავშირი მთვარის "გრიგალებთან"
დევარის რეგიონში მთვარის "გრიგალიც" გვხვდება — ზედაპირის ნათელი, მრუდე ფორმები, რომლებიც ადგილობრივ მაგნიტურ ანომალიებთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ჰორიზონტალური მაგნიტური ველები მზის ქარს ნაწილობრივ ისხლეტს, რაც ე.წ. კოსმოსურ გამოფიტვას ანელებს — პროცესს, რომელიც, როგორც წესი, მთვარის გრუნტს ამუქებს.
"ეს მომავალი ასტრონავტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. მაგნიტური ველის ხაზებს მზის ქარისგან დაცვა შეუძლია, ხოლო 'გრიგალები' სწორედ ასეთი ზონების მდებარეობაზე მიუთითებს", — აღნიშნავს გეოფიზიკოსი ანა მიტელჰოლცი.
კვლევა მთვარეზე ადრეული დინამოს არსებობის ვარაუდს ამყარებს, თუმცა მკვლევრებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ შეეძლო მის შედარებით პატარა ბირთვს ასეთი ძლიერი ველის წარმოქმნა. როგორც მიტელჰოლცი ამბობს, თუ ადრე მეცნიერები განიხილავდნენ, არსებობდა თუ არა მთვარის დინამო, ახლა მთავარი კითხვა სწორედ მისი მუშაობის მექანიზმებთანაა დაკავშირებული.
ორბიტალური გრავიტაციული და მაგნიტური მონაცემების გაერთიანების ეს მიდგომა, შესაძლოა, მომავალში სხვა ციური სხეულების მაგნეტიზმის ისტორიის შესასწავლადაც გამოიყენონ. ერთ-ერთი სავარაუდო სამიზნე მარსია, თუმცა არსებული მონაცემები მსგავსი ანალიზისთვის ჯერ საკმარისად დეტალური არ არის.
კვლევა გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები