აშშ-ის ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოკლაჰომის შტატის ტერიტორიის გეოლოგიური ისტორიის მნიშვნელოვანი დეტალი გამოავლინეს. ქალაქ ეიმსში სქელი დანალექის ქვეშ მიკვლეული უზარმაზარი მეტეორიტული კრატერი დიდი ხნის განმავლობაში 467.5 მილიონი წლის წინანდლად მიიჩნეოდა, თუმცა ის თითქმის 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა.

ჟურნალ Meteoritics & Planetary Science-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეტეორიტი დედამიწის ზედაპირზე დაახლოებით 370 მილიონი წლის წინ დაეცა, რაც პლანეტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მასობრივ გადაშენებას ემთხვევა.

ეიმსის კრატერი მიწისქვეშაა მოქცეული, ის ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი წყაროა. აქამდე მისი ასაკის გამოსათვლელად ბიოლოგიურ მტკიცებულებებს იყენებდნენ. მკვლევრებმა კრატერის ქანებში გველთევზასმაგვარი არსების (კონოდონტის) კბილები აღმოაჩინეს, რომლებიც ორდოვიციული პერიოდით (დაახლოებით 467 მილიონი წლის წინ) თარიღდება. ამის გამო მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ეიმსის მეტეორიტიც იმავე პერიოდში ჩამოვარდა.

ამის მიუხედავად, ახალი კვლევის ავტორი, ელიზაბეტ კატლოსი, ამბობს, რომ კბილები, სავარაუდოდ, უკვე მილიონობით წლის იყო, როდესაც მეტეორიტი ჩამოვარდა. ტეხასის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თქმით, შეჯახების უზარმაზარმა ძალამ ძველი ქანები "ამოაბრუნა" და ნამარხები ახალ ფენებს შეურია.

ნამდვილი თარიღის დასადგენად მკვლევრებმა ბიოლოგიური ნაშთების ნაცვლად გეოლოგიური მეთოდი — ცირკონის კრისტალების დათარიღება — გამოიყენეს. ცირკონი უნიკალური მინერალია, რომელიც მეტეორიტთან შეჯახებით გამოწვეული ექსტრემალური წნევისა და ტემპერატურის პირობებში სპეციფიკურ კრისტალიზაციას განიცდის და ამ მოვლენის ზუსტ მიკროსკოპულ კვალს ინახავს.

NASA-სთან თანამშრომლობითა და სპეციალური ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების გამოყენებით გუნდმა დაადასტურა, რომ კრისტალები სწორედ 370 მილიონი წლის წინანდელ შეჯახებას უკავშირდება.

აქამდე ეიმსის კრატერი ე.წ. "ორდოვიციული მეტეორიტული წვიმის" ერთ-ერთ შედეგად მოიაზრებოდა. ზოგიერთი ჰიპოთეზის თანახმად, ამ დროს დედამიწას გარს სატურნის მსგავსი ასტეროიდული ნამსხვრევების რგოლი ერტყა, ამიტომ ეს ფრაგმენტები ზედაპირზე ხშირად ცვიოდა.

ახალი თარიღით ეიმსის მეტეორიტის ჩამოვარდნა დროში ახლოსაა ე.წ. ფრასნულ-ფამენურ მასობრივ გადაშენებასთან, რომელიც დაახლოებით 372 მილიონი წლის წინ მოხდა. ამან დედამიწაზე წყლის ბინადართა დიდი ნაწილი გაანადგურა.

მეცნიერებისთვის ახლა მთავარი კითხვაა: იყო თუ არა ეს მასობრივი გადაშენება კოსმოსური შეჯახების პირდაპირი შედეგი, თუ ის დედამიწის შიდა პროცესებმა (მაგალითად, ვულკანურმა აქტივობამ) გამოიწვია.

როგორც ელიზაბეტ კატლოსი აღნიშნავს, მსგავსი მოვლენების ზუსტი დათარიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რა მოვლენები აყალიბებდა სიცოცხლესა და ლანდშაფტს ჩვენს პლანეტაზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.