იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ჟურნალისტებთან არ განმარტავს, რა უძღოდა წინ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანას. მისი თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა "ჩათვალა", რომ ძალის გამოყენება იყო საჭირო პატიმრის წინააღმდეგ. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კანონის დაცვით მოხდა დავითაძის ჩხრეკა დეესკალაციის საკანში გადაყვანამდე.

მინისტრმა არ უპასუხა ჟურნალისტების დასმულ კითხვას, რატომ არ ავრცელებენ კადრებს, სადაც დავითაძის აგრესიული ქმედება ჩანს ჩხრეკამდე.

"დეესკალაციის ოთახში გადაყვანა მოხდა იმ ინციდენტის გამო, რომელიც წინ უძღოდა ამ ყველაფერს. გარკვეული ვითარება იყო შექმნილი, რა დროსაც პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ მას სჭირდებოდა დეესკალაციის ოთახში დამშვიდება. კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას.

თქვენ ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ამ პროცედურის განხორციელებას და, შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება.

რაც შეეხება ადამიანთა რაოდენობას ოთახში, ეს თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ რაიმე ძალადობა განხორციელდა ან უკანონო ქმედება.

მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა ამ შემთხვევაში, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, თუ ნაკლები ადამიანი იყო საჭირო.

იყო თუ არა ამდენი ადამიანის მონაწილეობა იმ კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო — პენიტენციურმა სამსახურმა ჩათვალა, რომ იყო საჭირო.

ის [დავითაძე] უწევდა წინააღმდეგობას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, რომ ელექტროდეტექტორით დაეთვალიერებინათ. შესაბამისად, მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება და განხორციელდა მისი დათვალიერება," — თქვა სალიამ.

სალიას თქმით, ბრალდებები ამ ეტაპზე არ დადასტურებულა და სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ მასალაში ძალადობის კვალი არ იკვეთება. მისივე თქმით, უნდა დადგინდეს, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ძალა პროპორციულად გამოიყენეს თუ არა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ დაუმორჩილებლობასა და პენიტენციურ დაწესებულებაში დეზორგანიზაციას სახელმწიფო კანონით გათვალისწინებული მკაცრი ზომებით უპასუხებს.

"ის ბრალდებები, რაც გაჟღერდა, საბოლოო ჯამში, არცერთი არ დადასტურდა. ყოველ შემთხვევაში, უკვე წარმოჩენილი და გასაჯაროებული მასალიდან, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა სახალხო დამცველმა, რაიმე ძალადობის კვალი, მით უმეტეს იმ დანაშაულის კვალი, რაზეც საუბრობდა პატიმარი, არ დადასტურდა.

ძალადობაზე საუბარი ადრეა, სანამ გამოძიების მიერ არ დადგინდება, იყო თუ არა პროპორციული ძალა გამოყენებული. როდესაც პატიმარი არ ემორჩილება შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, პენიტენციურ სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები.

დანარჩენზე დაველოდოთ გამოძიებას. პენიტენციურ დაწესებულებებში სიტუაციის დაძაბვა, ესკალაცია, დეზორგანიზაცია, დაუმორჩილებლობა — ეს არის დაუშვებელი. სახელმწიფო ამაზე მკაცრ, კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას მოახდენს," — აცხადებს სალია.

პაატა სალიამ ასევე არ უპასუხა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის დასმულ კითხვას, დეესკალაციის ოთახში არსებულ კამერებს აქვს თუ არა ხმის ჩაწერის ფუნქცია და ჰქონდა, თუ არა გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ხმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დავითაძე, რომელიც რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, აცხადებს, რომ დეესკალაციის ოთახში მასზე რამდენიმე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა. პენიტენციური სამსახური ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც მათი თქმით, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში შეყვანაა ასახული. კადრებში ჩანს დავითაძის ძალით შემოწმება და ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ჩანაწერს ხმა არ აქვს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ამ ეტაპზე ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ უნახავთ.

4 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ 21:12 საათზე რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა გიორგი დავითაძემ ადმინისტრაციის თანამშრომლისა და საკნის ვიდეოკამერის წინ გაურკვეველი მცირე ზომის საგანი დემონსტრაციულად გადაყლაპა. უწყების განცხადებით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგისთვის კლინიკა "ვივამედში" გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა დავითაძემ უარი განაცხადა. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის 24-საათიან მონიტორინგს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი ახორციელებს.

ვრცლად გიორგი დავითაძის საქმეზე: