4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. ეს მოთხოვნა მსჯავრდებულებმა სასამართლო პროცესზე დააყენეს.

საპროცესო გარიგების მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას პროკურატურაც ავრცელებს. მათი ცნობით, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას განცხადებით მიმართეს.

"სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს.

ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას.

გვსურს შეგახსენოთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ", — წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის 10-პირიანი საქმის განხილვა განახლდა. საქმეს მოსამართლე თეა ლეონიძე უძღვება.

ამავე საქმეში დანარჩენი პატიმრები არიან: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია და თორნიკე მჭედლიშვილი.

მჭედლიშვილი თავისუფალია, ის მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. ნიკოლოზ გვენცაძემ კი საპროცესო შეთანხმება გააფორმა. რაც შეეხება ირაკლი შაიშმელაშვილს, ის საქართველოში არ იმყოფება და ძებნილად ითვლება.

საპროცესო შეთანხმებაზე პაატა მანჯგალაძემ ციხიდან გამოგზავნილ წერილში განაცხადა, რომ ვერ მოინანიებს იმას, რაც არ ჩაუდენია და რაშიც პროკურატურამ დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, ლაშა ბერიძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძესა და ირაკლი ჩხვირკიას — 5-5 წლით, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს — 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.