"ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავის და არაფრის გვეშინია" — ასეთი იყო უკრაინის პრეზიდენტის განწყობა ომის დაწყებამდე 2 დღით ადრე, მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებით მსოფლიო დაარწმუნა, რომ ომს იწყებდა.

მანამდე იყო დიდი მოლოდინი — ფაქტობრივად 8-წლიანი. უკრაინა და უკრაინელები ყირიმის ანექსიის შემდეგ ელოდნენ რუსეთის მორიგ ინტერვენციას. "ჯანსაღმა პარანოიამ" ქვეყანას უბიძგა მომზადებულიყო სამხედრო თავდასხმისთვის და გვაჩვენა, რომ ფართობით 28-ჯერ დიდი ქვეყნის შეჭრის შემდეგ შეიძლება 1 თვეზე მეტხანს იდგე მტკიცედ და მსოფლიო რუსეთის შესაძლო დამარცხებაზე აალაპარაკო.

ფოტო: Maxym Marusenko / NurPhoto

ყირიმი — პასუხი უკრაინის პროდასავლურ კურსს

ვიქტორ იანუკოვიჩმა გაპრეზიდენტების მე-3 წელს, 21 ნოემბერს გადაწყვიტა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი ეთქვა, რამაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეები კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე, ანუ მაიდანზე იკრიბებოდნენ, საიდანაც წამოვიდა ამ პროტესტის სახელწოდება. რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ყოველ კვირას გამოდიოდა, მათ რომელიმე სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფი არ აორგანიზებდა, მაგრამ შეკრებილებს საერთო მიზანი ჰქონდათ — ევროპული მომავლის შენარჩუნება და იანუკოვიჩის გადაყენება.

პარალელურად უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ქალაქში დააორგანიზა პროსამთავრობო, მაიდანის საწინააღმდეგო აქციები. ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ იანუკოვიჩთან, თუმცა შედეგებს მაიდანზე შეკრებილები არ თანხმდებოდნენ.

აქციები დაპირისპირებაში გადაიზარდა, ხელისუფლებამ კი ხალხის წინააღდეგ უხეში ძალა და სპეცრაზმი გამოიყენა. ბერკუტის რაზმები ესროდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს, პასუხად კი მოლოტოვის კოქტეილს და დიდ წინააღმდეგობას იღებდნენ. მაიდანი კვამლმა მოიცვა.

მაიდანი 2014 წლის 20 თებერვალს.

ფოტო: Maxim Donyduk

თებერვლის ბოლოს ოპოზიციის ლიდერებსა და იანუკოვიჩს შორის შეთანხმება დაიდო. ის ითვალისწინებდა 10 თვის შემდეგ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც შეზღუდავდა საპრეზიდენტო ძალაუფლებას 2004 წლის კონსტიტუციის შესაბამისად. შეთანხმება მაიდანზე შეკრებილებს არ მოეწონათ. ამ დროს დააყენეს მოთხოვნა, რომ დილის 10 საათამდე იანუკოვიჩი უნდა გადამდგარიყო.

ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ იანუკოვიჩი გაიქცა. თანამდებობა დატოვეს მთავრობის სხვა წევრებმაც.

ფოტო: brendanhoffman.com

ღირსების რევოლუციის სახელით 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ "ზეციური ასეული" უწოდეს.

ფოტო: brendanhoffman.com

"ჩემთვის ეს ღირებული მსხვერპლი იყო და ნიშანი იმისა, რომ ხალხი მზად იყო ებრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის, ქვეყნისთვის და უფლებისთვის, იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ. ეს მაშინაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ახლაც მნიშვნელოვანია", — იხსენებს 23 წლის იულია, მაიდანის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე CBS News-სთან საუბრისას.

ფოტო: tvoemisto.tv

ღირსების რევოლუციას არსებითი შედეგი მოჰყვა — შეიცვალა პრორუსული ხელისუფლება, ზაფხულის პირველ თვეს კი, საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად, უკრაინამ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

უკრაინის ევროპულ არჩევანს პუტინმა იმპერიალისტური აგრესიით უპასუხა. 2014 წლის თებერვალში, ომის გამოცხადებამდე ვლადიმერ პუტინი მთელი ღამის განმავლობაში უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელებთან თათბირობდა, რათა დაეგეგმათ, რა მოეხერხებინათ გაქცეული იანუკოვიჩისთვის. სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა პუტინმა, რომ "უნდა დაეწყოთ ყირიმის რუსეთისთვის დაბრუნებაზე მუშაობა".

ფოტო: SERGEI KARPUKHIN/REUTERS

23 თებერვალს სევასტოპოლში "რუსეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა", შეკრებილები აფრიალებდნენ რუსეთის დროშებს, სკანდირებდნენ, რომ "პუტინი მათი პრეზიდენტია" და ამბობდნენ, რომ ახალ მთავრობას გადასახადებს არ გადაუხდიდნენ.

ფოტო: russiatimes.org

27 თებერვალს პუტინმა ყირიმში რუსი სამხედროები გაგზავნა, მათ აეროპორტები და ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს.

11 მარტს ყირიმის უმაღლესმა საბჭომ და სევასტოპოლის საქალაქო საბჭომ მიიღო ერთობლივი რეზოლუცია და ყირიმის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 16 მარტს პრორუსი სეპარატისტების ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმში კი 96%-მა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი. რასაკვირველია, რეფერენდუმის შედეგები გაერომ, ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, საქართველომ ლეგიტიმურად არ ცნო.

2 დღის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ყირიმის "დამოუკიდებლობა" აღიარა.

ეს ისტორიის მხოლოდ ერთი მონაკვეთია იმ კაცის მოღვაწეობიდან, რომელმაც რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს დააკარგვინა სახლი და მშობლიური მიწა, ყირიმში დარჩენილებს კი რეალობა სრულად შეუცვალა.

ფოტო: VOX.COM

"ეს ჩვენი სახლი იყო, მაგრამ აღარ არის", — ამბობს HRW-სთან სიმფეროპოლში მცხოვრები ანონიმური წყარო.

ისევ თებერვალი, ისევ რუსეთი და ისევ ომი

8 წლის შემდეგ, ზუსტად იმავე აქტორმა, იმავე მიმართულებით და იმავე ადრესატზე ახალი იერიში მიიტანა. პუტინმა ამჯერად დონბასი ამოიღო მიზანში.

ამ ნაბიჯმა საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სჯეროდა, რომ ყირიმის ანექსია რუსეთისთვის "თავისი მიწის დაბრუნების" აქტი იყო, დაარწმუნა, რომ რუსული ომი არასდროს ყოფილა სამართლიანობისთვის ბრძოლა.

ფოტო: კადრი რუსული ტელევიზიიდან

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დიდი ომის მოლოდინი დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, ვითარება სწორედ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებამ დაძაბა. რუსეთის ფედერაციის ლიდერმა გამოქვეყნებულ ვიდეოში, როგორც სჩვევია, პროპაგანდისტული მესიჯები გააჟღერა და უკრაინას მოუწოდა, "დროულად შეეწყვიტა სამხედრო ქმედებები" თავისივე ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნებისმიერ სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

ორ დღეში ახალი ვიდეოთი სამხედრო ინტერვენციის დაწყება გვაცნობა — ესეც დილით, გამთენიისას, ესეც ჩვეული რუსული სცენარით და არაპირდაპირ ომის სახელწოდებით. მან ომს სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდა. საინტერესოა, რას ფიქრობენ კრემლში, მაქსიმუმ რამდენი ათასი სამხედრო იღუპება სამხედრო ოპერაციაში?! სად არის ის მიჯნა, საიდანაც ამ ოპერაციას რუსეთშიც ომი დაერქმევა?!

ფოტო: Timothy Fadek/Redux for CNN

შედეგად რუსეთმა მსოფლიოსგან სრული იზოლირება და რეკორდული რაოდენობის სანქცია მიიღო. მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო 17 075 400 კმ2 ფართობის ინფორმაციულ ვაკუუმად იქცა, სადაც მედიები იმის გამო იხურებიან, რომ სიმართლის გაშუქებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

რა დააშავა რუსეთმა

დავიწყოთ იქიდან, რომ 41-ე დღეში პუტინმა 4 მილიონზე მეტ ადამიანს აიძულა საკუთარი სახლის დატოვება, ეს საქართველოს მოსახლეობაზე მეტია. წარმოიდგინეთ, საქართველოს ყველა მოქალაქე აბარგდეს და სიკვდილის შიშით ქვეყნიდან წავიდეს. უკრაინაში ასეთი რეალობაა.

ფოტო: UNICEF

ფოტო: REUTERS/Fabrizio Bensch

ფოტო: Andrew Marienko/AP Photo

ბოლო ცნობებით, უკრაინაში 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 165 ბავშვი. თუმცა, ეს ციფრები ზუსტ რეალობას ვერ ასახავს. სრული ციფრი შემზარავია, თითოეული ამბავი უფრო მეტად.

ომის დაწყების შოკი და შეშფოთება რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსებისა და დასახლებების დაბომბვის ცნობებმა გაამძაფრა. რუსულ არმიას ეს პირველად არ უქნია, ქართველებმა ეს 2008 წლიდან იციან. შემდეგ ოკუპანტებმა არეალი გააფართოვეს — 1 მარტს კიევის სატელევიზიო ანძა დაბომბეს, 4 მარტს ჟიტომირში სკოლა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, 7 მარტს პურის ქარხანა კიევთან ახლოს, 9 მარტს სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო მარიუპოლში, 12 მარტს მეჩეთი, 16 მარტს თავშესაფრად ქცეული თეატრი, 18-ში თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა ლვოვში, 20-ში მარიუპოლის ხელოვნების სკოლა, სადაც 400-მდე ადამიანი აფარებდა თავს, 25-ში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი ხარკოვში. სია ბევრად ვრცელია, მაგრამ წარმოდგენის შესაქმნელად ამ მცირედის ხსენებაც კმარა.

უკრაინელ მაშველებსა და მოხალისეებს დაბომბილი სამშობიაროდან დაშავებული ორსული ქალი გამოჰყავთ. 9 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

ადამიანები მარიუპოლის თავშესაფარში. 6 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

სერჰიი, 16 წლის ბიჭის, ილიას მამა, ეხუტება შვილის ცხედარს სამედიცინო განყოფილებად გადაკეთებულ სამშობიაროში. 2 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

მსხვერპლი ყოველდღე იზრდება. ერი, რომელსაც გადარჩენისთვის ბრძოლას აიძულებენ, თავიდან გადის ტრავმის ფაზას ისე, რომ ჯერ წინაც არ გაუვლია. 8 წელი ძალიან ცოტაა ომის ტრავმის მოსაშუშებლად. საქართველოში ხომ გვესმის, რას ნიშნავს არ გყავდეს თაობა, რომელსაც ომი არ უნახავს. ორი ქვეყნის ამბავში განსხვავება ბევრია — კონტექსტი, ალბათ, უფრო მსგავსი, მაგრამ ყველა ლტოლვილი და დევნილი ერთ რამეში საუკეთესოდ უგებს ერთმანეთს — მათ იციან როგორია გაქცევა იმისთვის, რომ გადარჩე, გაქცევა ისე, რომ უკან არამხოლოდ მშობლიურ სახლს, არამედ მთელ გავლილ ცხოვრებას და აშენებულ, დაგეგმილ მომავალს ტოვებდე.

ფოტო: Markus Schreiber/AP Photo

დევნილობის ან ლტოლვილობის ფაზა ჯერ არ გაუვლიათ მარიუპოლში ჩარჩენილებს, ისინი ისევ გადარჩენისთვის იბრძვიან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს მოუყვა, რომ ქალაქის ყველა შესასვლელი ბლოკირებულია და ჰუმანიტარული კატასტროფაა, რადგან საკვების, წამლებისა და წყლის შეტანას ვერ ახერხებენ. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსები ჰუმანიტარულ ტვირთს ცეცხლს უხსნიან, მძღოლებს კი კლავენ, იტაცებენ ბავშვებსაც.

პრეზიდენტმა იქ დარჩენილ ჯარისკაცებს არჩევანის უფლება მისცა — წამოვიდნენ ან დარჩნენ. ჯარისკაცებმა უპასუხეს, რომ დაჭრილებს და მოკლულებს ვერ მიატოვებდნენ.

ქალაქში, ქუჩებში ყრია გარდაცვლილთა ცხედრები ტროტუარებზე, უბრალოდ ყრია ცხედრები — მათ არავინ არ იღებს — რუსი ჯარისკაცებისა და უკრაინის მოქალაქეების, ყველას

ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსების მიერ სანქცირებულთა სიის წევრმა, რუსეთში ძებნილმა გენერალმა ვიაჩესლავ აბროსკინმა, რომლის ლიკვიდაციის მიზნით თავდასხმაც კი მოაწყვეს, რუსებს მარიუპოლიდან ბავშვების გამოყვანის სანაცვლოდ საკუთარი თავი შესთავაზა.

"დღეს მთლიანად დანგრეულ ქალაქში ძალიან ბევრი ბავშვია ჩარჩენილი, რომლებიც ახლა თუ არ გადაარჩინე, უახლოეს დღეებში დაიღუპებიან, საუბარია უკვე საათებზე. მივმართავ რუს ოკუპანტებს — მომეცით საშუალება მარიუპოლიდან ბავშვები გამოვიყვანო. ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვების ნაცვლად, ჩემს თავს გთავაზობთ", — დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ფოტო: ვიაჩესლავ აბროსკინი/FB

მანამდე იყო ულტიმატუმი — ქალაქი სიცოცხლის სანაცვლოდ, დაახლოებით ასეთი შინაარსის. წარმოდგენა არ მაქვს ომის რომელ კანონში წერია, რომ ჰუმანიტარული დერეფნების გაკეთებისთვის ქვეყნებმა ქალაქები უნდა დათმონ, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სწორედ ეს მოსთხოვა უკრაინელებს. პასუხმა არ დააყოვნა და ისეთივე მკვეთრი და პირდაპირი იყო, როგორც ულტიმატუმი, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა— "მხოლოდ ჩვენი სიკვდილის შემდეგ".

ფოტო: unian

მართალია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე არაერთი დამსახურებული ეპითეტით შეამკო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, თუმცა მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიცაა Amnesty International განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში ომის დანაშაულია.

მაშ ასე, ყასაბი, ომის დამნაშავე, მკვლელი დიქტატორი და ნამდვილი ყაჩაღი უკვე უწოდეს პუტინს, სანქციების ქვეშ მოჰყვა მთელი მისი ელიტური გარემოცვა ოჯახებით, საინტერესოა კიდევ რამდენი სანქცია და წნეხი სჭირდება იმისათვის, რომ უკრაინაში "რუსული გაზაფხული" დაასრულოს, გაიყვანოს ჯარი და ხალხს თავისი ქვეყნის ხელახლა აშენების საშუალება მიეცეს. უკაინელ დევნილებს არაერთხელ უთქვამთ, რომ სხვა ქვეყანაში დარჩენას არ აპირებენ. მათ უკრაინაში დაბრუნება სურთ და მზად არიან საკუთარი ხელებით ააშენონ გადამწვარი ქალაქები.

ფოტო: Reuters


"რუსული გაზაფხული" უკრაინაში ჩვენს თვალწინ ცვლის მთელს მსოფლიოს. აღმოჩნდა, რომ უკრაინაში გასული ორი დეკადის უდიდეს ომს არამხოლოდ ევროპისა და აზიის კონტინენტზე მოჰყვა არსებითი შედეგები და არამხოლოდ უდიდესი მოთამაშის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იყო რეაგირება. გეოპოლიტიკური მოცემულობები ისეთი რთული, მრავალმხრივი და კომპლექსურია, რომ შეიძლება ითქვას, ხშირად არსებობს რამდენიმე სიმართლე — უკრაინასთან დაკავშირებით მსოფლიოში მხოლოდ ერთი სიმართლეა. ეს იმ იშვიათ მოვლენათაგანია, როდესაც პოლიტიკურ რუკაზე თეთრი და შავი ძალიან ცხადად გაირჩევა.