ის, რაც დღეს ხდება, არ არის იმაზე უფრო დაუჯერებელი, ვიდრე ეს 1914 ან 1939-ში იყო — მაშინაც წინასწარ ვერავინ განსაზღვრავდა, რომ ეს წლები ბნელით მოცული იქნებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლა არ ვსაუბრობთ ისეთი ომის დაწყების გარდაუვალობაზე, რომელშიც დანარჩენი ევროპა და მსოფლიოც კი ჩაერთვება.

ჩვენი სათქმელის არსი ისაა, რომ მშვიდობა ყოველთვის მყიფეა. და ევროპის ყველაზე შორეულ კუთხეში მიმდინარე მოვლენებიც კი ყოველთვის მთლიან კონტინენტსა და პლანეტაზეც ზემოქმედებს. წარსულის იმ გადამწყვეტი მომენტებიდან სწორი გაკვეთილების სწავლა კი, რომლებიც ყველაფერს ცვლიან, ადვილი არ არის.

ფრანგმა სამხედრო სარდალმა, ფერდინანდ ფოშმა პირველი მსოფლიო ომის დასრულებას "20-წლიანი" ცეცხლის შეწყვეტა უწოდა — ის გრძნობდა, რომ გამარჯვებული მოკავშირეები დამარცხებულ გერმანიასთან გამკლავებისას თავს იმაზე ძლევამოსილებად თვლიდნენ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ. ფოში სულ რაღაც ერთი წლით შეცდა.

ფერდინანდ ფოში, დაახლოებით 1914 წელი.

ფოტო: Getty Images

ჩვენი თაობისთვის ახლა მთავარი კითხვა ისაა, მსგავსი არასწორი გათვლა გააკეთა თუ არა დასავლეთმა რუსეთთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა.

დემოკრატიულ სამყაროს გაუხარდა, როდესაც პოლონეთმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და სხვებმა მსოფლიოს თავისუფალ ერებს შორის თავიანთი ადგილი დაიკავეს. ერთ დროს საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი ნატოს 1999 წელს შეუერთდნენ. ხუთი წლის შემდეგ მათ ბალტიისპირეთის ქვეყნები — ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მიჰყვნენ.

მაგრამ ბნელი ენერგია, რომელიც ვლადიმერ პუტინს ამოძრავებს, მონეტის მეორე მხარეა. მან რუსეთი აღიქვა როგორც დაპატარავებული, შეურაცხყოფილი სახელმწიფო, რომელმაც იმ სივრცეზე კონტროლი დაკარგა, თავად დაქვემდებარებული ქვეყნების ბუფერულ ზონად რომ თვლიდა.

ამ მდგომარეობის საილუსტრაციოდ პუტინს თავისი ჩრდილოვანი წარსულიდან აქვს ამბავი მოყოლილი (რომელიც, შეიძლება, სიმართლეც კი იყოს). KGB-ის კონტრდაზვერვის ყოფილ პოლკოვნიკს საბჭოთა კავშირის დაშლის წლებში თავის სარჩენად ნახევარ განაკვეთზე ტაქსის მძღოლად მუშაობა მოუწია. ძნელი წარმოსადგენი არაა, რამდენად უსიამოვნო იქნებოდა მის მანქანაში მგზავრად აღმოჩენა.

რაღაც ეტაპზე პუტინი რუსეთის დაკარგული სიდიადის აღდგენის ლამის მისტიკურმა ხედვამ შეიპყრო. ეს, გარკვეულწილად, განპირობებული იყო იმით, რომ მას 2014 წელს ყირიმის ანექსია შერჩა — ამაზე მოწმობს თუნდაც ის, რომ ამ ფაქტიდან ოთხი წლის შემდეგ მსოფლიო რუსეთში ჩატარებული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ცქერით ტკბებოდია.

ცივი ომის დასრულებაზე დასავლეთ ევროპის მთავარი რეაქცია ის იყო, რომ თავდაცვისთვის სერიოზული ხარჯების გაღებისგან 30-წლიანი შესვენება მოეწყო.

1991 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა, მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის დაშლა გამოაცხადა და თანამდებობიდან გადადგა.

ფოტო: Getty Image

რამდენიმე წლის წინ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, 128 გერმანული თვითმფრინავ-გამანადგურებლიდან მხოლოდ ოთხი იყო საბრძოლო მზადყოფნაში; ნიდერლანდელებს კი ჰქონდათ გეგმა, გაენადგურებინათ ყველა მძიმე ტანკი. მათ ამის გაკეთება ვერ მოასწრეს, გერმანელები კი დღეს თავდაცვისთვის დამატებით 100 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავენ.

რა თქმა უნდა, კარგია, რომ გერმანია თავის წარსულს ითვალისწინებს, მაგრამ კიდევ უკეთესია, რომ ის მომავალზეც ფიქრობს.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი სოციალ-დემოკრატია, რომელსაც, მართალია, კენჭი თავდაცვის ხარჯების გაზრდის დაპირებით ნამდვილად არ უყრია, თუმცა მან შეძლო და მყისიერ ისტორიულ გამოწვევას სათანადოდ უპასუხა.

"უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ახალ ეპოქაში გადაგვიყვანა", — განუცხადა მან გერმანიის პარლამენტს და ამ ახალი ეპოქის გამოწვევა ასე ჩამოაყალიბა: "ან მივცემთ პუტინს უფლებას, დააბრუნოს ძველი დრო, ან ძალებს მოვიკრებთ და დავაწესებთ საზღვრებს ისეთი დამპყრობლებისთვის, როგორიც პუტინია".

ეს არაჩვეულებრივი სიტყვებია იმ ქვეყნის ლიდერისგან, რომლის პოლიტიკოსებიც ერთ დროს ამტკიცებდნენ, რომ 1941 წელს საბჭოთა კავშირში ნაცისტების შეჭრამ კრემლთან დაპირისპირება შეუძლებელი გახადა.

უკრაინელი ჯარისკაცი კიევში სარაკეტო გამშვებებით.

ფოტო: Getty Imag

მდიდარი და კარგად შეიარაღებული, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური შვედეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც აღმოსავლეთიდან ცივი ქარი იგრძნო — და ალბათ ასევე პირველი, რომელმაც შესაბამისად იმოქმედა. მიმდინარე ხუთწლიან ციკლში შვედეთმა თავდაცვის ხარჯები 40%-ით გაზარდა.

"ჩვენ ახლა ისეთი სიტუაცია გვაქვს, როდესაც რუსეთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მზადაა, სამხედრო საშუალებები გამოიყენოს", — ასე მარტივად ახსნა შექმნილი ვითარება შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პიტერ ჰულტკვისტმა.

ამგვარად, საკმაოდ დეკადენტური შეხედულება იმის შესახებ, რომ ერთადერთი იარაღი, რომელიც დასავლეთს ოდესმე დასჭირდება, ეკონომიკური სანქციებია — მოდური აღარაა. ტანკებთან ბანკებით ვერ იბრძოლებ. არავის სურს, ეს კონტინენტი შეიარაღებულ ბანაკად ქცეული იხილოს, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ტექტონიკური ფირფიტების მოძრაობას ვგრძნობთ, შესაბამისად მოქმედებაა საჭირო. იარაღის ყიდვა და ფულის გაღება შედარებით ადვილი საქმეა, როცა აგრესორის ქმედებებით მიღებული შოკი ახალია.

მაგრამ შეკავების ეს ახალი ხანა გაცილებით მეტს მოითხოვს. პირველ რიგში, უკრაინელების გვერდით დგომას; შემდეგ კი — სიმტკიცეს და თავისუფლების სადარაჯოზე დგომას, რათა სადაც უნდა მოხდეს შემდეგი თავდასხმა, თავისუფალი სამყარო სათანადო პასუხის გასაცემად მზად იყოს.