ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს
ბიოხელოვნური პანკრეასი ტიპი 1 დიაბეტის სამკურნალოდ უნდა გამოიყენონ
ფოტო: Ekaterine Berishvili Berney
ტიპი 1 დიაბეტი ევროპაში 2.2 მილიონზე მეტი ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, დღეს ამ დაავადებისგან სრულად განკურნვა შეუძლებელია. დაავადების შედეგად ორგანიზმის იმუნური სისტემა ინსულინის გამომმუშავებელ უჯრედებს ესხმის თავს. მეორე მხრივ, დაავადების მართვა შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის უწყვეტი მონიტორინგითა და ინსულინის ინიექციებით.
არსებობს მკურნალობის უფრო მოწინავე ვარიანტებიც, მაგრამ ისინი შეზღუდვებსა და რისკებს შეიცავს.
"მიუხედავად იმისა, რომ არსებული მკურნალობის მეთოდები, როგორიცაა პანკრეასის კუნძულების ტრანსპლანტაცია, შეიძლება დაგვეხმაროს, ისინი მნიშვნელოვნად შეზღუდულია ადამიანის დონორების სიმცირისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმუნოსუპრესიული ინიექციების საჭიროების გამო", — ამბობს ეკატერინე ბერიშვილი, ექიმი და ჟენევის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეს პროექტი (VANGUARD) მიზნად სწორედ მკურნალობის ამ ვარიანტების გაუმჯობესებას ისახავს.
"ჩვენი მიზანი იყო ბიოხელოვნური პანკრეასის შექმნა, კონსტრუქციისა, რომელიც შეიცავს ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების კლასტერებს. ისინი ჩაშენებულია დამცავ ბიომასალაში და შეუძლია აღადგინოს სისხლში შაქრის ნორმალური დონე დონორის ორგანოებზე დაყრდნობისა და პაციენტის იმუნური სისტემის დათრგუნვის გარეშე", — აღნიშნა ბერიშვილმა, რომელიც პროექტის კოორდინატორი იყო.
ჩვენი მკითხველი ეკატერინეს უკვე იცნობს, მასზე ვრცელი სტატია 2021 წელსაც შემოგთავაზეთ;
სტატია: "მინდოდა სიკვდილს შევჭიდებოდი" — ეკატერინე ბერიშვილის ბრძოლა მეცნიერების სახელით
ხუთი წლის განმავლობაში, პროექტის ექვსმა პარტნიორმა დაწესებულებამ შეიმუშავა იმპლანტირებადი სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც პანკრეასის ფუნქციას ასრულებს ორგანიზმის მიერ გლუკოზის რეგულირების აღსადგენად.
ბიოხელოვნური პანკრეასის უპირატესობები
ამ ინოვაციური მოწყობილობის უკან რამდენიმე რევოლუციური მიღწევაა. ერთ-ერთი ასეთი Amniogel-ია — ჰიდროგელის ჩარჩო, რომელიც მიღებულია ორგანიზმის ამნიონური მემბრანისგან.
"Amniogel იცავს გადანერგილ უჯრედებს, ხელს უწყობს მათ გარშემო სისხლძარღვების ფორმირებას და უზრუნველყოფს ნაწილობრივ იმუნურ დაცვას", — განმარტავს ბერიშვილი.
პროდუქტი ევროკომისიის ინოვაციური რადარის (Innovation Radar) წევრებმა ბაზრისთვის მზა და მაღალი კომერციული პოტენციალის მქონედ აღიარეს.
პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ადამიანისა და ღორის წინასწარი ვასკულარიზებული ორგანოიდები, ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების სამგანზომილებიანი კლასტერები, რომლებიც შერწყმულია სისხლძარღვების წარმომქმნელ უჯრედებთან. მათი Amniogel-ში მოთავსებით ბიოხელოვნური პანკრეასის სრული კონსტრუქცია მიიღება.
"ეს აჩვენებს, რომ დონორისგან დამოუკიდებელ, სისხლძარღვამდელ ბიოხელოვნურ პანკრეასის კონსტრუქციებს შეუძლია აღადგინოს სისხლში შაქრის ნორმალური დონე — რაც ხუთი წლის წინ უბრალოდ შეუძლებელი იყო", — აღნიშნა ბერიშვილმა.
გზა ტიპი 1 დიაბეტის დამარცხებისკენ
ბერიშვილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტმა მოწყობილობა ღორის დონორების უჯრედების გამოყენებით შექმნა.
"ნებისმიერი უჯრედული თერაპიის მასშტაბირების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ადამიანი დონორების სიმცირეა. ამის ფონზე, ღორის უჯრედები პოტენციურად შეუზღუდავ, განახლებად წყაროს გვთავაზობს. ქსენოტრანსპლანტაცია, რომელიც ოდესღაც შორეულ პერსპექტივად ითვლებოდა, ახლა სერიოზულ და სწრაფად განვითარებად სფეროდ იქცა", — ამბობს ბერიშვილი.
მიდგომამ პრეკლინიკურ კვლევებში ძალიან კარგი შედეგები აჩვენა. ახლა მკვლევრები იმუნური დაცვის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ყველაფერი ეს პირველი კლინიკური კვლევებისთვის მომზადების ნაწილია.
"ტიპი 1 დიაბეტის განკურნების გზა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული დონორთა სიმცირესა თუ იმუნოსუპრესანტებზე, დღეს უფრო ნათელია, ვიდრე ოდესმე", — ამბობს ეკატერინე ბერიშვილი.
კომენტარები