პენტაგონმა "UFO-ს" კადრები გაასაჯაროვა, მათ შორის Apollo-ს მისიების დროს გადაღებული
ფოტო: NASA
8 მაისს პენტაგონმა ე.წ. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO) გასაიდუმლოებული ფაილების პირველი ნაწილი გაასაჯაროვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თებერვალში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამის დირექტივა გასცა.
სულ 161 ფაილი გამოაქვეყნეს, რომელთა უმეტესობაც თვითმხილველთა მონაყოლის დეტალური აღწერაა. მათ შორის არიან Apollo-ს მთვარის მისიებში მონაწილე ასტრონავტები, რომლებმაც ამ ციურ სხეულთან ახლოს ისეთი რამ შენიშნეს, რაც უჩვეულოდ მიიჩნიეს. მაგალითად, Apollo 17-ის ტრანსკრიპტში ხაზგასმულია საუბარი "კაშკაშა ფრაგმენტების" ან ნაწილაკების შესახებ, რომლებიც ასტრონავტთა მოძრაობის პარალელურად ხომალდის გვერდზე ჩნდებოდა.
იმავე დოკუმენტში ამის პოტენციური ახსნაცაა. კერძოდ, NASA-ს წარმომადგენლებიცა და ეკიპაჟის წევრებიც ვარაუდობდნენ, რომ რაკეტა Saturn V-ის მესამე საფეხურის გვერდზე ან ყინული ფორმირდებოდა, ან მას საღებავი შორდებოდა.
ხელმისაწვდომია ფოტოებიც, რომლებიც Apollo 12-ისა და Apollo 17-ის დროს მთვარის ზედაპირიდან გადაიღეს. ერთ-ერთი მათგანი ზემოთაა ნაჩვენები და მასზე ცაზე სამი კაშკაშა წერტილი მოჩანს. მეორე სურათზე (იხ. ქვემოთ) ისეთივე ელვარე ერთი "ლაქაა" დაფიქსირებული. ეს შეიძლება ფოტოფირის დეფექტი, გადაღების დროს კამერის მიერ წარმოქმნილი ე.წ არტეფაქტი, ვარსკვლავი, პლანეტა ან რაიმე სხვა იყოს. ამას ომის დეპარტამენტი ამჟამად იკვლევს.
გაასაჯაროვეს ათობით ვიდეოც, რომლებშიც უცნაური მფრინავი ობიექტები მოჩანს — ამას ახლა ამოუცნობ ანომალიურ ფენომენებს (UAP) უწოდებენ. ერთ-ერთი ვიდეო 2024 წლის ოქტომბერში სირიაშია გადაღებული და სინათლის უფორმო, არაერთგვაროვან ლაქას გვიჩვენებს, რომელსაც "ელვარე ჰალოს ეფექტადაც" მოიხსენიებენ.
სხვა ვიდეო 9-წამიანია და 2024 წელს აშშ-ის სამხედრო პლატფორმიდან ინფრაწითელი სენსორითაა დაფიქსირებული. კადრებზე აღბეჭდილია "კონტრასტული არეალი", რომელსაც სამი რადიალური შვერილი აქვს: ერთი ვერტიკალურადაა განლაგებული, დანარჩენი ორი კი ცენტრალური ნაწილის ღერძის ქვემოთ 45 გრადუსზეა.
პენტაგონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "მკითხველებმა ამ აღწერის რაიმე ნაწილის ინტერპრეტირება არ უნდა სცადონ, როგორც ანალიტიკური შეფასების, საგამოძიებო დასკვნის ან მოვლენის ვალიდურობის, ბუნების ან მნიშვნელობის ფაქტობრივი მტკიცებულების". ისიც უნდა ითქვას, რომ "ამოუცნობი" აუცილებლად უცხოპლანეტურს არ ნიშნავს. ექსპერტების აზრით, ამ მოვლენების ახსნა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება, როგორიც თანამედროვე დრონები, სისტემური ხარვეზი ან ინსტრუმენტის პრობლემაა.
ამის მიუხედავად, გასაჯაროებული ფაილები ჯერჯერობით ამოუხსნელ შემთხვევებს ეხება. ამის მიზეზი ხშირად არასაკმარისი მონაცემებია, ამიტომ ომის დეპარტამენტი კერძო სექტორის დახმარების მისაღებად მზაობას გამოთქვამს. ისინი ახალი ფაილების გამოქვეყნებას მომავალშიც აპირებენ.
იხილეთ ერთად თავმოყრილი ვიდეოები:

კომენტარები