თვეების განმავლობაში პუტინს აფრთხილებდნენ, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევისა და უკრაინისადმი აგრესიის შემთხვევაში მკაცრ სანქციებს დაუწესებდნენ. დღეს, როცა ესკალაცია სულ უფრო ღრმავდება, ევროკავშირი და აშშ ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მოვლენების განვითარების შესაბამისად, შესაძლოა, უფრო მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება სანქცირებულთა სიაც.

ამ სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ, ვინ რა სახის სანქცია დაუწესა რუსეთს და განახლებად რეჟიმში გაეცნოთ იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სიას, რომლებსაც მსოფლიომ პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერის გამო უპასუხა.

ევროკავშირი

ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებას მხარი დაუჭირეს, ასევე, 27 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსი ოლიგარქები, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში. ეს პირველი ნაბიჯია

ბორელი

რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ინფორმაციით, ევროკავშირი სანქციებს უწესებს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანტონ ვაინოს, სამხედრო პირების დიდ ჯგუფსა და დუმის ვიცე-სპიკერ პიოტრ ტოლსტოის.

The Guardian-ის ცნობით, სანქციები შეეხებათ შავი ზღვის ფლოტის მეთაურს, იგორ ოსიპოვს და რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალ სერგეი სუროვიკინს. მათთან ერთად დასანქცირდებიან დმიტრი გრიგორენკო, რუსეთის ფედერაციის ვიცეპრემიერი და რუსეთის ფედერაციის მთავრობის აპარატის უფროსი.

სანქცირებულთა სიაში ასევე შედიან ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ცნობილია როგორც "პუტინის მზარეული" და ტროლების ქარხნის შეფი, მისი დედა და მეუღლე. სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიება პრიგოჟინის სახელს უკავშირებს სამხედრო ჯგუფ ვაგნერს, რომლის წევრები არაერთი ქვეყნის გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობდნენ. თავად პრიგოჟინი ვაგნერთან კავშირს უარყოფს, ისევე, როგორც ტროლების ქარხანასთან. თუმცა ის და მისი ტროლები 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში ჩარევასა და გავლენის მოხდენაში დაადანაშაულეს.

სიაში არიან VTB ბანკის პრეზიდენტი და გამგეობის თავმჯდომარე ანდრეი კოსტინი, VEB.RF სახელმწიფო განვითარების კორპორაციის თავმჯდომარე იგორ შუვალოვი და პრეზიდენტის მოადგილე და VTB ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, რუსეთის FSB-ის დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის ვაჟი დენის ბორტნიკოვი.

ანდრეი კოსტინი, დიმიტრი კოზაკომი და ვლადიმერ პუტინი

ფოტო: Reuters

ამას გარდა, რადიო თავისუფლების რუსული გამოცემის ინფორმაციით, სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა, ცნობილი რუსი პროპაგანდისტები — RT-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი, სახელმწიფო ტელეარხის, Russia 1-ის წამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი და რუსეთის დუმის და PACE-ს წევრი, ტელეშოუ "დრო აჩვენებს"-ის წამყვანი, პიოტრ ტოლსტოიც. აქვე აღსანიშნია, რომ წლების განმავლობაში Russia Today-ს წინააღმდეგ სანქციები გაატარა არაერთმა ქვეყანამ, ფეისბუქმა, ტვიტერმა.

შეზღუდვები დაუწესდა ასევე ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო და სხვა ოპერაციებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. The Guardian-ის ინფორმაციით, ესენია Bank Rossiya, Promsvyazbank და Vnesheconombank.

Promsvyazbank-მა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ბანკის მუშაობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. თუმცა, იქვე მომხმარებლებს აცნობა, რომ სანქციების შემოღება მთელ რიგ შეზღუდვებს აწესებს უცხოურ ვალუტაში ოპერაციებზე, მათ შორის ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციების და ანგარიშების წარმოებაზე და ზღუდავს საბანკო ბარათების გამოყენებას იმ სახელმწიფოების ტერიტორიაზე, სადაც სანქციები ამოქმედდება.

ევროკავშირის განცხადებით, სანქცირებული პირებისა და სუბიექტების სია მუდმივად განიხილება და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას საბჭოს მიერ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთს 5 ახალი სანქცია დაუწესა:

  • დასანქცირდება რუსეთის საბანკო ბაზრის 70% და მნიშვნელოვანი, მათ შორის თავდაცვის სფეროში არსებული, სახელმწიფო კომპანიები;
  • ენერგეტიკული სექტორი — ევროკავშირი დააწესებს საექსპორტო აკრძალვას;
  • ევროკავშირის მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავებისა და სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის შეზღუდვა;
  • მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე რუსეთის წვდომის შეზღუდვა;
  • სანქციები შეეხება დიპლომატების, მათთან დაკავშირებული ჯგუფებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ვიზებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სეგეი ლავროვის ევროპული აქტივების გაყინვაზე შეთანხმდნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, იღებენ ვალდებულებას, რომ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობა SWIFT-დან გარიცხონ.

SWIFT განაცხადა, რომ სანქციების დეტალებზე მუშაობს და ემზადება იურიდიული ინსტრუქციის შესრულებისთვის, რომელიც რუსული ბანკების გარიცხვასთან არის დაკავშირებული.

ომის მეოთხე დღეს ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავების ჩათვლით. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ისინი ვერ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებას, აფრენას ან გადაფრენას.

ამასთანავე, ევროკავშირში Russia Today, Sputnik და მათი შვილობილი კომპანიები აიკრძალება.

სანქციები უწესდება ბელარუსსაც. ლაიენის განცხადებით, ეს სანქციები მათ ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებს დაარტყამს.

აშშ

22 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საგანგებო ვიდეომიმართვით განაცხადა, რომ ამერიკა რუსეთს სანქციებს უწესებს და დაამატა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაწილია.

ფოტო: Brendan Smialowski/AFP via Getty Images

შეზღუდვები დაუწესდა ორ ფინანსურ ინსტიტუტს, VEB-სა და სამხედრო ბანკს. ამასთანავე, დასანქცირდა სახელმწიფო ვალი, რაც ბაიდენის თქმით, რუსეთის დასავლური დაფინანსებიდან მოწყვეტა იქნება. რუსეთს აღარ შეეძლება ფულის მოზიდვა დასავლეთიდან, ასევე ვაჭრობა ევროპისა და აშშ-ს ბაზარზე. გარდა ამისა, სანქციები შეეხება რუსული "ელიტის" წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებს.

რადიო თავისუფლების რუსული გამოცემის ცნობით, აშშ-ს ხაზინამ სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციის FSB-ის უფროსის, ბორტნიკოვის შვილებს. სანქცირებულთა სიაშია რუსეთის ყოფილი პრემიერმინისტრის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს შვილი, ვლადიმერ კირიენკო, რომელიც რუსეთის უმსხვილესი სოციალური ქსელის, ვ კონტაქტეს აღმასრულებელი დირექტორია.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, Nord Stream 2-ის და კორპორაციის თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება განიხილება.

აშშ სანქციებს უწესებს თავად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ, ასევე, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებიც — ვალერი გერამისოვი და სერგეი შოიგუ.

3 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვსა და სხვა რუს ოლიგარქებს მათ ოჯახის წევრებთან ერთად სანქციები დაუწესა. სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას და ქონების დაბლოკვას.

აშშ ასევე დააწესებს სავიზო შეზღუდვებს 19 ოლიგარქზე და მათი ოჯახის 47 წევრსა და თანამოაზრეზე.

"აშშ და მთელი მსოფლიოს მთავრობები იმუშავებენ იმისათვის, რომ დაადგინონ და გააყინონ ის აქტივები, რომლებსაც რუსი ელიტარული პირები და მათი ოჯახის წევრები ფლობენ ჩვენს შესაბამის იურისდიქციებში — მათი იახტები, ძვირადღირებული აპარტამენტები, ფული და სხვა უკანონოდ მიღწეული შემოსავლები", — აცხადებს თეთრი სახლი.

სანქცირებულთა სიაში არიან:

  • დიმიტრი პესკოვი;
  • ნიკოლაი ტოკარევი, მისი ცოლთან, შვილი და ორი ძვირადღირებული უძრავი ქონების კომპანია;
  • ბორის როტენბერგი, მისი ცოლი და შვილები;
  • არკადი როტენბერგი და მისი შვილები;
  • სერგეი ჩამეზოვი, მისი ცოლი, შვილი და გერი;
  • იგორ შუვალოვი, მისი 5 კომპანია, ცოლი, შვილები და მათი კომპანიები;
  • ევგენი პრიგოჟინი, მისი 3 კომპანია, ცოლი და შვილები;
  • ალიშერ უსმანოვი, მისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იახტა და კერძო თვითმფრინავი.

უკრაინა

ფოტო: უკრაინი

რადას სახალხო დეპუტატების მიმართვის შემდეგ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო გეგმავს, სანქციები დაუწესოს რუს დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარებას.

შესაძლო სანქცირებულ პირებს შორის იყვნენ არალეგიტიმური სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები და რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორები, ასევე უშიშროების წევრები.

გარდა ამისა, უკრაინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას განიხილავს.

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხება ხუთ რუსულ ბანკს და სამ რუს ოლიგარქს. აშშ-სა და ევროკავშირის მსგავსად, ბრიტანეთიც აცხადებს, რომ ეს სანქციების მხოლოდ პირველი ნაწილია.

სანქცირებულ პირებს შორის არიან გენადი ტიმჩენკო, ბორის როტენბერგი და იგორ როტენბერგი. მათ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალებათ და იქ არსებული აქტივები გაეყინებათ.

გენადი ტიმჩენკო რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია და მჭიდრო კავშირი აქვს პუტინთან. ფლობს წილს სხვადასხვა რუსულ ბიზნესებში, მათ შორის გაზის კომპანია Novatek-სა და ნავთობქიმიურ მწარმოებელ Sibur Holding-ში. ამასთანავე, არის Volga Group-ის მფლობელი. პუტინთან დაახლოებული პირები არიან ასევე ბორის როტენბერგი და მისი ძმისშვილი იგორ როტენბერგიც. ისინი ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მწარმოებელი SGM Group-ის თანამფლობელები არიან.

24 თებერვალს ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, მათ შორისაა:

      • ყველა მსხვილ რუსულ ბანკს გაუყინავს აქტივებს, გაირიცხება დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან. ეს მოიცავს VTB ბანკის სრულ და დაუყოვნებლივ გაყინვას;
      • კანონმდებლობა შეაჩერებს შესაძლებლობას, რომ მსხვილმა რუსულმა კომპანიებმა და სახელმწიფომ მოიზიდონ ფინანსები და აიღონ სესხი ბრიტანეთიდან;
      • აქტივები გაეყინება 100 ახალ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;
      • ავიაკომპანია Aeroflot-ს დიდ ბრიტანეთში ფრენა ეკრძალება;
      • შეჩერდება ორმაგი დანიშნულების საექსპორტო ლიცენზიები, რათა არ მიუწვდებოდეთ ხელი იმაზე, რაც შეიძლება, გამოიყენონ სამხედრო მიზნებისთვის;
      • რამდენიმე დღეში დიდი ბრიტანეთი შეაჩერებს მაღალტექნოლოგიური ნივთებისა და ნავთობგადამამუშავებელი ტექნიკის ექსპორტს;
      • იქნება ლიმიტი დეპოზიტებზე, რომლითაც რუსებს შეუძლიათ გაერთიანებული სამეფოს საბანკო ანგარიშებზე განახორციელონ;
      • ჯონსონის თქმით, არსებობს პოტენციალი, რომ რუსეთი ამოიღოს Swift-ის გადახდებიდან და "არაფერია გამორიცხული";
      • მსგავსი ფინანსური სანქციები გავრცელდება ბელორუსზეც, მისი როლის გამო უკრაინაზე თავდასხმაში;
      • დიდი ბრიტანეთი სააღდგომო არდადეგებამდე წარადგენს ეკონომიკური დანაშაულის კანონპროექტის ნაწილებს.

28 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ახალი სანქციები დააწესა:

      • დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, ეროვნული სიმდიდრის ფონდსა და ფინანსთა სამინისტროსთან ფინანსური ოპერაციების განხორციელება აიკრძალება;
      • შეზღუდვები დაწესდება რუსული ფინანსური ინსტიტუტების მიმართ;
      • დიდი ბრიტანეთი მიიღებს ზომებს რუსული კომპანიების მიერ გადასაცემი ფასიანი ქაღალდების გამოშვების თავიდან ასაცილებლად. ამას ემატება უკვე გამოცხადებული აკრძალვა რუსეთის სახელმწიფოს მიერ დიდ ბრიტანეთში სუვერენული ვალის აღების აკრძალვის შესახებ;
      • დასავლეთის მიერ დასანქცირებული რუსული ბანკები ვერ შეძლებენ გადახდების შესრულებას გაერთიანებული სამეფოს მეშვეობით;
      • აიკრძალება ტექნიკური აღჭურვილობის და ისეთი კომპონენტების ექსპორტი, რომელიც მოიცავს ელექტროობას, ტელეკომუნიკაციასა და საჰაერო სივრცეს;
      • აქამდე გამოცხადებული ფინანსური და სავაჭრო სანქციები გაფართოვდება ყირიმში, დონეცკსა და ლუგანსკში.

დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები შეეხებათ შემდეგ პირებს:

  • რომან აბრამოვიჩი, ჩელსის FC მფლობელი, აქვს წილები ფოლადის გიგანტ Evraz-სა და Norilsk Nickel-ში;
  • ოლეგ დერიპასკა, რომელსაც აქვს წილი En+ Group-ში;
  • იგორ სეჩინი, Rosneft-ის აღმასრულებელი დირექტორი;
  • ანდრეი კოსტინი, ვითიბი ბანკის თავმჯდომარე;
  • ალექსეი მილერი, გაზპრომის აღმასრულებელი დირექტორი;
  • ნიკოლაი ტოკარევი, რუსული სახელმწიფო მილსადენის კომპანიის, Transneft-ის პრეზიდენტი;
  • დიმიტრი ლებედევი, Bank Rossiya-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

გერმანია

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პუტინის გადაწყვეტილებას Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებით უპასუხა.

ფოტო: Gallup/Getty Images

Nord Stream 2-ის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა პროექტს გერმანიის ხელისუფლებისგან მარეგულირებელი სერთიფიკატი სჭირდება, რათა გაზის მიწოდება შეძლონ. 11,6 მილიარდი დოლარის პროექტი რუსული სახელმწიფო გაზის გიგანტის, გაზპრომის საკუთრებაა.

ავსტრალია

როგორც ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, დააწესებს ქვეყანაში მოგზაურობის აკრძალვასა და მიზნობრივ ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს 8 წევრზე, სახელმწიფო მაღალჩინოსნებისა და თავდაცვის ხელმძღვანელების ჯგუფზე.

კანბერა ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებს. სანქციები შეეხება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, ნავთობის, გაზის და მინერალების მარაგებს.

27 თებერვალს ავსტრალიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის გარემოცვას სანქციები დაუწესა. სანქციებს შორისაა მოგზაურობის აკრძალვა და მიზანმიმართული ფინანსური სანქციები. პუტინის გარდა დასანქცირდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი.

კანადა

კანადამ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან ყველანაირი ფინანსური ურთიერთობა აკრძალა. ამასთანავე, სანქციები დააწესა რუსეთის სუვერენულ ვალზეც.

პრემიერმინისტრის თქმით, იგეგმება იმ პარლამენტარების სანქცირებაც, რომლებმაც პუტინის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.

კანადა დამატებით სანქციებს გამოიყენებს ორ რუსულ ბანკზე და თავიდან აიცილებს მათთან ფინანსურ ურთიერთობას.

სანქციების ახალი პაკეტი კანადამ 24 თებერვალს გამოაქვეყნა. სანქციები შეეხება 62 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა შორის ელიტისა და მსხვილი ბანკების წევრები არიან. კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ყველა საექსპორტო ნებართვა გააუქმეს.

კანადა დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის იქნება პირველი, ვინც რუსეთიდან ნავთობის იმპორტს აკრძალავს.

იაპონია

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდება იაპონიაც. პრემიერმინისტრმა, ფუმიო კაშიდამ განაცხადა, რომ აიკრძალება რუსული ობლიგაციების გამოშვება იაპონიაში, ასევე შეჩერდება ვიზების გაცემა და გაიყინება მათი აქტივები, ვინც აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების "დამოუკიდებლობას".

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იაპონია რუსეთს ფინანსური ინსტიტუტებისა და სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტის მიმართულებით ზღუდავს. პრემიერმინისტრის თქმითვე, გააკეთებენ ყველაფერს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების გავლენა იაპონიის ეკონომიკაზე შეამცირონ.

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე-ინმა განაცხადა, რომ შეუერთდება სხვა ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაში.

ტაივანი

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეუერთდებიან რუსეთის წინააღდმეგ დაწესებულ საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებს.

ახალი ზელანდია

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ახალმა ზელანდიამ რუსი ოფიციალური პირების მიმართ მიზანმიმართული სანქციები დააწესა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. შეზღუდეს საქონლის ექსპორტი რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების ძალებისთვის. ამასთანავე, შეაჩერეს ორმხრივი კონსულტაციები რუსეთთან და მოუწოდეს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს.

სინგაპური

სინგაპური რუსეთს იმ ნივთებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებოდეს უშუალო იარაღად, საექსპორტო კონტროლს დაუწესებს. ასევე, დაიბლოკება გარკვეული რუსული ბანკები და ფინანსური ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან.

სანქციებს შორისაა:

  • სინგაპური უარს ამბობს რუსეთის ყველა მოთხოვნაზე, რომელიც მოიცავს სამხედრო საქონლის, ტექნიკის, კომპიუტერების, ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ნივთების მიწოდებას;
  • სინგაპურის ყველა ფინანსურ ინსტიტუტს ეკრძალება ტრანზაქციების განხორციელება ან საქმიანი ურთიერთობა რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის — VTB, VEB.RF, Promsvyazbank და Bank Russia;
  • სინგაპური კრძალავს ტრანზაქციები ან სახსრების მოზიდვის ხელშეწყობა რუსეთის მთავრობისა და რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის, ასევე, მათ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სუბიექტისთვის;
  • აიკრძალება ფინანსური მომსახურების მიწოდება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციისა და ენერგეტიკის სექტორში.
  • ციფრული გადახდის ნიშნების სერვისის პროვაიდერებს ეკრძალებათ ნებისმიერი ტრანზაქციის ხელშეწყობა "რომელიც ხელს შეუწყობს ამ ფინანსური ზომების გვერდის ავლას".

იტალია

იტალიის მთავრობის განცხადებით, 5 რულს ოლიგარქს, რომლებიც სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ, 143 მილიონი ევროს ვილები და იახტები ჩამოართვეს. როგორც Reuters წერს, ქონების ძირითადი ნაწილი დააყადაღეს პრესტიჟულ ობიექტებზე, როგორებიცაა: კომოს ტბა, კუნძული სარდინია, ტოსკანა და სხვა.

გამოცემა, იტალიის პრემიერმინისტრის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ ყველაზე ძვირადღირებული ქონება, რომელიც დააყადაღეს არის 65 მეტრიანი იახტა Lady M, რომლის ფასი 65 მილიონი ევროა და ეკუთვნოდა რუსეთის ერთ-ერთ ოლიგარქს, ალექსეი მორდაშოვს.

სიაშია კიდევ ერთი ოლიგარქი გენადი ტიმჩენკო, რომლის 50 მილიონი დოლარის იახტა Lena ასევე დააყადაღეს. 8 მილიონი ევროს ქონება კი ჩამოართვეს ტელეწამყვანს ვლადიმერ სოლოვიოვს.

მილიარდერ ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვს ხმელთაშუა ზღვის კუნძულ სარდინიაზე 17 მილიონი ევროს ღირებულების ვილა ჩამოართვეს, ხოლო რუსეთის პარლამენტის წევრ ოლეგ სავჩენკოს მე-17 საუკუნის სახლი ტოსკანის ქალაქ ლუკას მახლობლად, რომელიც 3 მილიონი ევრო ღირს.


ამ ეტაპზე ყველა ქვეყანას არ დაუზუსტებია სანქცირებულ პირთა სიები. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მასალა განახლდება.