ევროპას უპილოტო გამანადგურებლების ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე სულ რამდენიმე წელი აშორებს. ეს ნიშნავს, რომ გამანადგურებლების მოქმედებაზე ხელოვნური ინტელექტი იქნება პასუხისმგებელი. ეს ინფორმაცია ევროპულმა სამხედრო კონცერნმა, Helsing-მა ორი სატესტო ფრენის დასრულების შემდეგ გაავრცელა.

დრონების მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად იყენებს, სისტემას წვრთნების დროს შვედური იარაღის, Gripen E-ს გამანადგურებლის კონტროლის საშუალება მისცა.

კომპანიის საჰაერო განყოფილების დირექტორმა, სტეფანი ლინგემანმა, განაცხადა, რომ ექსპერიმენტებმა — რომლის დროსაც უსაფრთხოების პილოტი თვითმფრინავში სარეზერვო სახით დარჩა — აჩვენა, თუ რამდენად სწრაფად პროგრესირებს ტექნოლოგია.

აქამდე მიიჩნეოდა, რომ მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვას ათწლეულები დასჭირდება. ლინგემანის თქმით, პროგრესი იმდენად საგრძნობია, რომ ინოვაცია უკვე ამ ათწლეულში დაინერგება.

გამანადგურებლების ადამიან პილოტებს კარიერის განმავლობაში 5 000 საფრენი საათის გამოცდილების დაგროვება შეუძლიათ. ეს არაფერია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებთან, რომელსაც მილიონი საათის გამოცდილების მისაღებად მხოლოდ 72 საათი დასჭირდა.

"ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონე პილოტის ეფექტს მივიღებთ და ეს მოხდება ძალიან ცოტა დროში", — აღნიშნა მან.

მსგავსი უპილოტო გამანადგურებლების შემუშავებაზე აშშ, რუსეთი და ჩინეთიც მუშაობენ.

კითხვაზე, საერთოდ გააუქმებს თუ არა მსგავსი ტექნოლოგია ტრადიციული გამანადგურებლების საჭიროებას, ლინგემანმა უპასუხა, რომ ეს გარდამავალი პროცესი იქნება. ახლო მომავალში მსგავს გამანადგურებლებში პილოტები შეიძლება კიდევ იყვნენ, რათა ხელოვნურ ინტელექტს რთულ მანევრებში დაეხმარონ. დროსთან ერთად, ლინგენმანის აზრით, გამანადგურებლები სრულად ავტონომიური გახდება. მათ შეიძლება ჰყავდეთ ოპერატორებიც, მაგრამ დაახლოებით ისე, როგორც ეს დრონების შემთხვევაშია.

Helsing ოთხი წლის წინ დაარსდა, მაგრამ სწრაფად გაიზარდა და ევროპის ერთ-ერთ უდიდეს სტარტაპად ჩამოყალიბდა. ბუნებრივია, ამაში დიდი როლი სწორედ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ იქონია.

სტარტაპმა თავდაპირველად მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა მას შემდეგ დრონებისა და უპილოტო წყალქვეშა ხომალდების წარმოებაც დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპი სამი გერმანელის მიერ დაარსდა, მას ახლა ოფისები აქვს როგორც ბერლინში, ისე ლონდონსა და პარიზში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.