14 ივლისს BBC ხუთნაწილიანი სამეცნიერო სერიების გამოშვებას იწყებს, რომლებიც ადამიანსა და მისი ევოლუციის ისტორიას შეეხება. ამასთან დაკავშირებით გამოცემამ პროექტის ფარგლებში შექმნილი სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციები გამოაქვეყნა, რომლებიც უკვე გადაშენებული სახეობების ვიზუალურ მახასიათებლებს გვიჩვენებს. მათ შორისაა ნეანდერტალელი, ჰომო ერექტუსი, ჰობიტი (Homo floresiensis) და ყველაზე ადრეული ჰომო საპიენსი (ჩვენი წინაპარი).

მაშინ, როცა ჰომო საპიენსი პირველად აფრიკაში გამოჩნდა, დედამიწაზე ადამიანის სულ მცირე 6 სახეობა მაინც არსებობდა. ზოგიერთთან მათ საკმაოდ მჭიდრო კავშირიც ჰქონდათ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ნეანდერტალელები არიან, რომლებთანაც ჩვენი წინაპრები წყვილდებოდნენ, რისი დასტურიც ამჟამინდელი პოპულაციის გენომშიცაა შემონახული. იმასაც არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, მათ გადაშენებაში წვლილი მიგვიძღოდეს.

თითოეულ სახეობას მისთვის დამახასიათებელი ფიზიონომია ჰქონდა, რაც დღემდე მოღწეული ნამარხების მიხედვით ვიცით. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ამ ანატომიური თავისებურებების დეტალურად წარმოჩენა გახადა შესაძლებელი, რასაც BBC-ის ახალ დოკუმენტურ სერიებში ვიხილავთ.

აი, ისინიც:

1. ჰომო ერექტუსი

ფოტო: BBC/BBC Studios

ეს სახეობა დაახლოებით 1.89 მილიონი წლის წინ წარმოიშვა და 110 000 წლის წინ გადაშენდა. თავდაპირველად ისინი აფრიკაში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი აზიის ფართო რეგიონებსა და, სავარაუდოდ, ევროპის საზღვრებშიც გადაინაცვლეს.

ესაა პირველი ადამიანი, რომელმაც წელში გამართულმა გაიარა და აფრიკა დატოვა. ასევე, შესაძლებელია, მათ პირველებს ესწავლათ ცეცხლის გამოყენებაც.

2. ჰობიტი

ფოტო: BBC Studios

Homo floresiensis-ს, იგივე ფლორესის ადამიანს, ჰობიტი ჯონ ტოლკინის ბეჭდების მბრძანებელში წარმოდგენილი მომცრო ტანის არსებების მსგავსად უწოდეს. საქმე ისაა, რომ ისინი ისეთივე პატარები იყვნენ, როგორიც ეს ფიქციური ჰობიტები.

მათი სიმაღლე დაახლოებით 1 მეტრს აღწევდა და ტანთან შედარებით არაპროპორციულად გრძელი ფეხები ჰქონდათ. ასევე, ჰობიტების ტვინი ზომით ჩვენი ამავე ორგანოს 1/3 იყო, ანუ შიმპანზისას დიდად არ აღემატებოდა. ფლორესის ადამიანი 700 000-50 000 წლის წინა შუა პერიოდში ცხოვრობდა და მათი ნამარხები ინდონეზიის კუნძულ ფლორესზეა მიკვლეული.

3. ნეანდერტალელი

ფოტო: BBC Studios

ამ სახეობის წარმომადგენელთა ნაშთები 430 000-40 000 წლის წინანდელია. ისინი შუა აღმოსავლეთის დიდ ტერიტორიაზე, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში იყვნენ გავრცელებულნი.

ფიზიკურად ნეანდერტალელების ორგანიზმი ისე იყო მოწყობილი, რომ ცივი კლიმატისთვის გაეძლო. მაგალითად, მათ უფრო ფართო ცხვირი ჰქონდათ, რადგან ცივსა და მშრალ ჰაერს სუნთქავდნენ.

ასევე, იხილეთ: რა განსხვავება იყო ჰომო საპიენსებსა და ნეანდერტალელებს შორის

4. ყველაზე ადრეული ჰომო საპიენსი

ფოტო: BBC Studios/BBC

ჩვენი სახეობის უძველესი ნამარხი მაროკოში მდებარე ჯებელ-ირჰუდის არქეოლოგიურ ზონაშია აღმოჩენილი (ჩრდილოეთ აფრიკა). მისი ასაკი დაახლოებით 300 000 წელია, ანუ თანამედროვე ადამიანის ისტორია სწორედ მაშინ დაიწყო. მანამდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ჰომო საპიენსი 100 000 წლით გვიან გამოჩნდა, თუმცა ამ მიგნებამ ჩვენი ქრონოლოგია შეცვალა.

საგულისხმოა, რომ ეს ადრეული ჰომო საპიენსები ჩვენგან განსხვავდებოდნენ, რაც ჩონჩხების შედარებისას ჩანს. მაგალითად, მათ უფრო წაგრძელებული თავის ქალა და დიდი წარბები ჰქონდათ, ანუ დღემდე მნიშვნელოვანი ევოლუცია განვიცადეთ.

ეს სამგანზომილებიანი გამოსახულებები მეცნიერებმა უძველესი ჩონჩხების პროპორციების მიხედვით შექმნეს და ისინი სპეციალურად შერჩეული თანამედროვე მოდელების ვიზუალს მოარგეს. ამ ადამიანებს მათ ასობით კამერის გამოყენებით ამდენივე სურათი გადაუღეს და ციფრულად გააერთიანეს, ხოლო თვალისა და კანის შეფერილობა გენეტიკური მონაცემების მიხედვითაა შერჩეული.

შედეგად ისეთი რეალისტური და დეტალური 3D სურათები მივიღეთ, როგორსაც ზემოთ ხედავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.