2008 წელს უკრაინამ ეგზოპლანეტისკენ შეტყობინება გაგზავნა — როდის ველით პასუხს
ფოტო: ESO
2008 წელს უკრაინის კოსმოსურმა სააგენტომ ეგზოპლანეტა Gliese 581c-სკენ შეტყობინება გაგზავნა, რომელიც დანიშნულების ადგილამდე 2029 წელს მიაღწევს. ის ერთი წლით ადრე აღმოაჩინეს წითელი ჯუჯა ვარსკვლავის მიმდებარედ, რომლის სისტემაშიც სულ სამი პლანეტაა.
ასეთი მნათობები მცირე ზომით გამოირჩევა, ასევე მზეზე ბევრად ნაკლები მასა და ენერგია აქვს. ამის გამო მსგავსი სისტემები სიცოცხლის საძიებლად შესაფერის კანდიდატებად მიიჩნევა. Gliese 581c-ს მასა დედამიწისას 5.5-ჯერ აღემატება, ანუ ის სუპერდედამიწების კატეგორიას მიეკუთვნება. მან ყურადღება მაშინვე მიიპყრო, რადგან დადგინდა, რომ ის და მისი მეზობელი Gliese 581d ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონასთან ახლოსაა (ასეთ რეგიონებში წყლით თხევადი სახით არსებობაა შესაძლებელი).
ამის მიუხედავად, გაირკვა, რომ ეს ეგზოპლანეტა საკუთარი მნათობისგან 30%-ით მეტ ენერგიასა და რადიაციას იღებს, ვიდრე ვენერა — მზისგან. შესაბამისად, ამ ციურ სხეულზე წყალი თხევად მდგომარეობაში ვერ შენარჩუნდება.
იქ სიცოცხლის არსებობის შანსი ბოლომდე გამორიცხული მაინც არაა (თუმცა ძალიან მცირეა), ამიტომ 2008 წლის 9 ოქტომბერს უკრაინის კოსმოსურმა სააგენტომ Gliese 581c-ს შეტყობინება გაუგზავნა. ვოიაჯერის მისიებისგან განსხვავებით, ეს გზავნილი, სხვებთან ერთად, უკვე უფუნქციო სოციალურ ქსელ Bebo-ზე აიტვირთა და საზოგადოების ხმების უმრავლესობით შეირჩა.
შეტყობინება 501 სურათსა და ტექსტს აერთიანებს. ფოტოებში ზოგიერთი ცნობილი ადამიანია ნაჩვენები, მაგალითად, ჰილარი კლინტონი. მსახიობმა ჯილიან ანდერსონმა "სიკეთისა და ბოროტების" რეპრეზენტაციისთვის ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში შეარჩია; მუსიკალურმა ბენდმა McFly-მ კი არამიწიერი ცივილიზაციისთვის "იდეალური სხეულის" საჩვენებლად მომღერალ შერილ კოულის გამოსახულება გაგზავნა. საზოგადოების გზავნილი მსოფლიო მშვიდობასა და სიცოცხლის აზრს ეხებოდა.
Gliese 581c ჩვენგან 21 სინათლის წლითაა დაშორებული, ანუ სიგნალს იქამდე მისაღწევად სწორედ ეს დრო სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ თუკი იქ ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაცია არსებობს (რაც ნაკლებად სავარაუდოა), ყველაზე ადრე პასუხს 2050 წელს მივიღებთ.

კომენტარები