ჩინეთის არმია სამხედრო რობოტების ეთიკურ რეგულირებას ითხოვს
ფოტო: istock
10 ივლისს სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ყოველდღიურმა გაზეთმა (PLA Daily) გამოაქვეყნა სტატია, რომელიც შესაბამის პირებს ჰუმანოიდი რობოტების გამოყენების დასარეგულირებლად ეთიკური და სამართლებრივი ნორმების შემუშავებისკენ მოუწოდებს. მათი აზრით, საჭიროა ამ მიმართულებით კვლევების ჩატარება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა პოტენციური საფრთხეები თავიდან ავიცილოთ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მართალია, ჰუმანოიდი რობოტები მკაფიო ტაქტიკურ უპირატესობებს აჩენენ, მაგრამ მათმა გამოყენებამ შეიძლება "შემთხვევითი ძალადობა და უსამართლო მსხვერპლი" გამოიწვიოს.
ავტორებმა აღნიშნეს, რომ მილიტარიზებული ჰუმანოიდი რობოტები აზიმოვის პირველ კანონს აშკარად არღვევენ. აიზეკ აზიმოვმა რობოტების ქცევის დასარეგულირებლად სამი ეთიკური პრინციპი ე.წ. "რობოტიკის კანონები" შეიმუშავა, რომლებიდანაც პირველი ამბობს, რომ რობოტმა არ უნდა ავნოს ადამიანს.
მიმდინარე მოვლენების ფონზე სამხედროები ამტკიცებენ, რომ საჭიროა აზიმოვის კანონების გადახედვა და დამატებითი რეგულაციების შემოღება, ან არსებულების მოდიფიკაცია.
"სამხედრო ჰუმანოიდი რობოტი ადამიანის მსგავსი იარაღია და მათმა ფართომასშტაბიანმა, შეუზღუდავმა გამოყენებამ, შესაძლოა, შემთხვევითი ძალადობა და უსამართლო მსხვერპლი გამოიწვიოს. ეს გარდაუვალად მიგვიყვანს შეუსაბამო სამართლებრივ ბრალდებებამდე და მომავალში, შეიძლება რობოტიკის მორალური დაგმობაც გამოიწვიოს", — ნათქვამია მოხსენებაში.
სამხედროები კონკრეტული სამართლებრივი ზომების მიღებას მოელიან. მათი თქმით, საბრძოლო რობოტებისთვის აუცილებლად უნდა განისაზღვროს ბრძანებების მორჩილებისა და ადამიანის სიცოცხლის პატივისცემის ვალდებულება. გარდა ამისა, რობოტებს გადამეტებული ან არალეგალური ძალადობის გამოვლენა და თავიდან აცილება უნდა შეეძლოთ.
ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული კონკურენციის გამო ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის სფეროებში უზარმაზარ ინვესტიციებს დებს და ამ მიმართულებით მოწინავე პოზიციის შენარჩუნებისთვის აქტიურად მუშაობს. რამდენიმე ტექნოლოგიურმა ფირმამ ამ წელს მაღალგანვითარებული ჰუმანოიდი რობოტები წარადგინა, რაც ქვეყნის მისწრაფებებს აშკარად უსვამს ხაზს.
PLA Daily მომავლის სამხედრო კონფლიქტებში ჰუმანოიდი რობოტების როლს იკვლევს. სხვა უპილოტო მოწყობილობებთან შედარებით, ჰუმანოიდი რობოტების წარმოება ჯერ-ჯერობით უფრო ძვირი და ტექნოლოგიურად უფრო რთულია.
ამის მიუხედავად, გაზეთში ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რომ ჰუმანოიდ რობოტებს, ავტონომიური გადაწყვეტილებების მიღებისა და მისიების მინიმალური ადამიანური ზედამხედველობით შესრულების უნარის გამო, სამხედრო სფეროში რევოლუციის მოხდენა შეუძლიათ.


კომენტარები