ის, რაც ომისა და მშვიდობის შესახებ არ ვიცით
Vox-ის ჟურნალისტი, დილან მეთიუსი რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტის მაგალითზე განიხილავს, თუ რამდენადაა შესაძლებელი თანამედროვე რეალობაში მსგავსი კრიზისული სიტუაციების პროგნოზირება და პრევენცია.
ამ სტატიის წერისას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრა რეალურ პერსპექტივად მოჩანს.
"სუპერპროგნოზისტები" Good Judgment Project-იდან, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორების ორგანიზაციაა, ბოლო დღეებში მშვიდობის წინასწარმეტყველებიდან ომის დაწყების პროგნოზირებაზე გადავიდნენ. ორგანიზაციაში არაპროფესიონალი პროგნოზისტები მუშაობენ, თუმცა კვალიფიკაციის ნაკლებობის მიუხედავად, მათ ამ სახის წინასწარმეტყველებებში ერთობ კარგი მაჩვენებელი აქვთ. წარსულში მათ დაზვერვის იმ ანალიტიკოსებზე ზუსტი დასკვნებიც კი გაუკეთებიათ, რომლებსაც საიდუმლო მონაცემებზე მიუწვდებათ ხელი.
ცხადია, არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინის საზღვრებთან უბრალო ძალის დემონსტრირებაა, რომელიც მიზნად დასავლეთის შანტაჟს და იმის გარანტიის მიღებას ისახავს, რომ უკრაინა არასდროს გახდება ნატოს წევრი. ერთი კვირის წინ რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ განცხადება გააკეთა, რამაც გააჩინა იმედი, რომ კონფლიქტი სისხლისღვრის გარეშე გადაწყდებოდა. თუმცა უკვე 21 თებერვალს პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ლუგანსკი და დონეცკი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა. ამან აშკარა გახადა, რომ რუსეთი ნებისმიერ მომენტში შეიძლება, უკრაინაში შეიჭრას.
ამგვარი ომი ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი იქნება. შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთს სწრაფად შეუძლია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის და, შესაძლოა, კიევის დაკავებაც კი. მაგრამ უკრაინის მთავრობამ პარტიზანულ ტაქტიკებში სამოქალაქო წვრთნა გააძლიერა, რათა მათ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება იმ შემთხვევაშიც შეძლონ, თუ რუსეთის სამხედრო ძალები მთელ ქვეყანას ან მის ნაწილს დაიკავებენ.
რთული არაა სირიის სამოქალაქო ომის მსგავსი, ხანგრძლივი და სასტიკი კონფლიქტის წარმოდგენა — ათასობით ან, შესაძლოა, ასობით ათასი მსხვერპლით — რომელიც ევროპის კონტინენტზე წარიმართება.
The New York Times-ის რეპორტიორმა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, დევიდ სანგერმა "ზესახელმწიფოებრივი კონფლიქტის დაბრუნება" დააანონსა. ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის ისტორიკოსი, ჰალ ბრენდსი კიდევ უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ "ზესახელმწიფოებს შორის პირველობისათვის ბრძოლის დაბრუნებამ თან ბირთვული მეტოქეობაც მოიტანა" ერთი მხრივ ვაშინგტონსა და მოსკოვს, ხოლო მეორე მხრივ ვაშინგტონსა და პეკინს შორის (ეს უკანასკნელი მოსკოვზე უფრო მდიდარი და ძლიერია, რის გამოც აშშ-ისთვის უფრო გრძელვადიან და საშიშ მეტოქედ მიიჩნევა).
ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ ამგვარი დაპირისპირების შედეგები კაცობრიობაზე მძიმედ აისახება. მაგრამ ამ ეტაპზე მაინც უცნობია, ეს სწორი მოსაზრებებია თუ მორიგი აჟიოტაჟი?
ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით იმაზე, თუ რატომ იბრძვიან ზესახელმწიფოები
ამ კითხვაზე პასუხი იმედს გაგიცრუებთ: ზუსტად არავინ იცის, რომელი ვერსიაა სწორი.
სიმართლე ისაა, რომ სახელმწიფოთაშორისი ომის და, ზოგადად, ომის გაგება მართლაც ძალიან რთულია. ზუსტი, შემოწმებადი თეორიების შემუშავების პროცესი იმის შესახებ, თუ როდის და რატომ იწყება ასეთი ომები, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ომის შესწავლა რთულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ არსებობს შესასწავლად საკმარისი მონაცემები.
ვთქვათ, თქვენ გინდათ შექმნათ რაოდენობრივი მოდელი იმის პროგნოზირებისთვის, თუ რამდენად მაღალია ალბათობა იმისა, რომ მომავალი შვიდი წლის განმავლობაში აშშ-ში ინფლაცია 7%-ს გადააჭარბებს. ამისათვის ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, რომელიც მინიმუმ 1947 წლიდან მოყოლებული დღემდე ყოველთვიურ ინფლაციას გვიჩვენებს. ასევე ხელმისაწვდომია ფასების ცვლილებების სტატისტიკა პროდუქტის და მომსახურების ტიპების მიხედვით. ამასთან, ხელთ გვაქვს ეკონომისტების, ბიზნესმენებისა და მომხმარებლების გამოკითხვები, რომლებიც გვიჩვენებს მათ მოლოდინებს ინფლაციასთან დაკავშირებით. მარტივად რომ ვთქვათ, მოდელის შემქმნელებს ბევრი მონაცემი მოეპოვებათ.
ომის შესწავლა არაფრით ჰგავს მოსალოდნელი ინფლაციის კვლევას. საბედნიეროდ, ომები ყოველთვიურად არ იწყება. დღეისთვის სამოქალაქო ომის მსგავსი სუბნაციონალური კონფლიქტების დაწყება ბევრად უფრო სავარაუდოა, ვიდრე — სახელმწიფოთაშორისი ომების. ეს გარემოება მკვლევრებს შიდასახელმწიფოებრივი ომების კვლევის მეტ შესაძლებლობას აძლევს. პოლიტოლოგი კრის ბლატმანის მომავალი წიგნი სახელწოდებით, რატომ ვიბრძვით, ამ საკითხზე არსებული ლიტერატურის ძირეულ მიმოხილვას გვპირდება.
მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ზესახელმწიფოებს შორის ომების ანალიზი გაინტერესებთ (და ეს ინტერესი რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებისა და ტაივანის სრუტეში დაძაბულობის გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია), არჩევანი ძალიან მცირეა. მე-20 საუკუნიდან დღემდე ასეთი ტიპის ომები გახლდათ პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი და მთლიანი ცივი ომი (რომელიც სინამდვილეში ერთობ სისხლიანი იყო). სულ ეს არის. ამ სიას, შესაძლოა, მიემატოს კორეის ომიც, თუ გაღატაკებულ პოსტრევოლუციურ ჩინეთს ზესახელმწიფოდ ჩავთვლით და კონფლიქტს ცივი ომის ნაწილად არ განვიხილავთ. საბოლოო ჯამში, ამ სამი ან ოთხი მონაცემის პირისპირ ყოველთვიური სამომხმარებლო ფასების 900 ინდექსია.
არსებობს ბევრი თეორია და ძალიან მწირი მონაცემები
რა თქმა უნდა, ინფორმაციის სიმცირე არ აჩერებს საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრებს თეორიების შემუშავებაში იმის ასახსნელად, თუ რატომ არის ეს მონაცემები ასე მწირი.
არსებობენ შეტევითი რეალისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყველა სახელმწიფოს სურს, მიაღწიოს მინიმუმ რეგიონულ ჰეგემონიას და მის შესანარჩუნებლად იბრძოლებს კიდეც. ასევე არიან თავდაცვითი რეალისტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველა სახელმწიფოს მთავარი მიზანი გადარჩენაა. "დემოკრატიული მშვიდობის" მომხრე ლიბერალების მიხედვით, ომების დაწყებას ლიბერალური ღირებულებები და წარმომადგენლობითი მთავრობების ღია კომუნიკაცია უშლის ხელს. კონსტრუქტივისტების აზრით კი, ის, რაც საერთაშორისო უსაფრთხოებად ითვლება, დროისა და სივრცის მიხედვით განსხვავდება.
საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ბევრი სიღრმისეული ნაშრომია შექმნილი. თუმცა ყველა მათგანი მწირი მონაცემების ფუნდამენტური პრობლემის წინ დგას.
ჯონ მირშაიმერს — რომელიც ამ სფეროში ალბათ ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და თავდაჯერებული თეორეტიკოსია — მრავალმა დასცინა, როცა მან 1990 წელს იწინასწარმეტყველა, რომ ცივი ომის შემდეგ ევროპა ზესახელმწიფოების კონფლიქტის ზონად გადაიქცეოდა, ხოლო ნატო გაერთიანების მიზეზის, საბჭოთა საფრთხის, არარსებობის პირობებში დაიშლებოდა.
თუმცა 1993 წლის მისი ასევე ფართოდ გაკრიტიკებული მოსაზრება გარკვეულწილად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. იგი ამბობდა, რომ უკრაინას უნდა შეენარჩუნებინა თავისი საბჭოთა ეპოქის ბირთვული იარაღი როგორც გარე ძალისგან დაპყრობის შემაკავებელი საშუალება. ეს მოსაზრება დღეს, როცა უკრაინის ბირთვული ძალით დაპყრობა არც ისე დაუჯერებელ პერსპექტივად მოჩანს, ერთობ რეალისტურია. მართალია, უკრაინული ატომური იარაღი მსოფლიოსთვის კარგი არ იქნებოდა, მაგრამ თავად უკრაინას დღევანდელ ვითარებაში ის ნამდვილად წაადგებოდა.
ადასტურებს ეს იმას, რომ მირშაიმერის თეორია სწორია? არასწორია? არასრულია? მონაცემების გარეშე რაიმეს მტკიცება რთულია.
მეტის გაგება უფრო ფრთხილი თეორეტიკოსებისგანაა შესაძლებელი. ბლატმანი თავის ნაშრომში სიღრმისეულად განიხილავს უკრაინასთან დაკავშირებულ ვითარებას. ის ასახელებს იმის რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ ვერ მოხერხდა უკრაინასა და რუსეთს შორის დაპირისპირების დიპლომატიური გზით გადაწყვეტა. თუმცა მკვლევართა უმეტესობა ასევე აღიარებს, რომ საერთაშორისო კონფლიქტების არსის ჩვენეული გაგება შეზღუდულია.
ბეარ ბრაუმიულერის ბოლო წლებში გამოცემული წიგნი, მხოლოდ დაღუპულები, შთამბეჭდავად ილაშქრებს სტივენ პინკერისა და სხვათა იმ მოსაზრების წინააღმდეგ, რომ ომების რაოდენობა მცირდება. ბრაუმიულერი ცხადად გვიჩვენებს, არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ საომარი შემთხვევები იკლებს. პირიქით, ბოლო 200 წლის განმავლობაში ომების დაწყების მაჩვენებელი ოდნავ გაიზარდა კიდეც. მართალია, ცივი ომის დასრულების შემდეგ ის შემცირდა, მაგრამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში დასკვნების გასაკეთებლად 30 წელი არცთუ ისე დიდი დროა.
მაგრამ რა შეგვიძლია ვთქვათ საომარი მოქმედებების ტენდენციებზე? ამ საკითხში ბრაუმიულერი ფრთხილია. როგორც ჩანს, ის ასკვნის, რომ ისეთი სტაბილური მშვიდობიანი საერთაშორისო წესრიგის დამყარების მცდელობებს, როგორიცაა ვენის კონგრესის რეჟიმი მე-19 საუკუნის ევროპაში, კონფლიქტების შესუსტება შეუძლია. მაგრამ ამგვარი წესრიგის შექმნა სათქმელად უფრო მარტივია, ვიდრე შესასრულებლად.
პიროვნულ დონეზე ეს საკითხი ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებებთან იკვეთება. ათწლეულების წინ, ერაყის ომის დაწყების პერიოდში, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიით და მის მიერ წამოჭრილი კითხვებით ვიყავი შეპყრობილი. მაგრამ იმით გაღიზიანებულს, თუ რამდენად რთული იყო მართებული თეორიის მცდარისგან გარჩევა, სფეროსადმი ინტერესი დამეკარგა.
ახლახან კი ეფექტიანი ალტრუისტების საზოგადოებამ, რომლის წევრი თავადაც გახლავართ, ზესახელმწიფოების ომი შესაძლო ეგზისტენციალურ რისკად აღიარა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ამგვარი ომი მთავრობებს უბიძგებს, განავითარონ ახალი, საშიში იარაღები (მაგალითად, შეიარაღებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები ან ბიოლოგიური აგენტები), რომლებიც მთელ კაცობრიობას შეუქმნის საფრთხეს.
უფრო კონკრეტულად, უკრაინაში რუსეთის შეჭრას შესაძლოა მოჰყვეს ისეთი გრძელვადიანი შედეგები, რომელსაც ჰუმანიტარული სფერო სერიოზულად უნდა მოეკიდოს. მაგალითად, ამ პროცესებს მსოფლიო მასშტაბით ხორბლის მიწოდების შეფერხება და ფასების ზრდა შეუძლია გამოიწვიოს. ეს, თავის მხრივ, ბრძოლის ველიდან შორს, მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში შიმშილის ზრდას შეუწყობს ხელს. ასეთი მასშტაბური შედეგები ევროპის სახმელეთო ომების ეპოქაში, რა თქმა უნდა, გავრცელებული იყო. თუკი ისინი ახლა ჩვენთვის შოკისმომგვრელია, მხოლოდ იმიტომ, რომ არსებული ტენდენციისგან მცირეხნიანი შესვენების შესაძლებლობა მოგვეცა.
როგორ ავიცილოთ თავიდან ზესახელმწიფოების ომები? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. თუმცა, სამწუხაროდ, ეჭვი მეპარება, რომ ამ შეკითხვაზე დამაჯერებელი პასუხის პოვნის უნარი გვქონდეს.
კომენტარები