როგორ მიიღო საპატრიარქომ პრივილეგია და გადაადგილების უფლება კარანტინის დროს — რა წერია ფაილებში
გავრცელებულ ჩანაწერებში არის რამდენიმე ფაილი, რომელიც 2020 წელს წინასააღდგომოდ არსებულ მდგომარეობას და შეზღუდვებისადმი მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დამოკიდებულებებს ასახავს. მათი მიდგომები ამ საკითხზე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი არც ყოფილა, რადგან რეკომენდაციებს თვეების განმავლობაში აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ და ხშირად ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ნაბიჯებს არ დგამდნენ. ისიც ვიცით, რომ მთავრობამ მათი მოთხოვნები გაითვალისწინა და მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგია მიანიჭა, თუმცა, ამ ჩანაწერებიდან ვიგებთ, როგორ მოქმედებდა სასულიერო პირთა პრეტენზიები ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე.
ამ დოკუმენტების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა, სასულიერო პირმა და ჟურნალისტმა საკუთარი საუბრები ამოიცნო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი გავრცელებულ განცხადებაში ავთენტურობაზე საერთოდ არ ისაუბრა — არც უარყო და არც დაადასტურა.
ფაილებში ჩანს, რომ ეკლესიაში უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის გამო, რის შესახებაც 2020 წლის 17 აპრილს, 12 საათზე შევიდა ძალაში და ამ საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდათ სუს-ის უფროსის მაშინდელ მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, რომლებიც "პრობლემის მოგვარებას" პირდებოდნენ. ჩანაწერების მიხედვით, საპატრიარქოში სწორედ ხოჯევანიშვილისგან გაიგეს, რომ პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, პრივილეგია მიენიჭათ და აღდგომაზე მანქანით გადაადგილებას შეძლებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, მოქმედებდა საკარანტინო შეზღუდვები და აკრძალული იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება. დარღვევისთვის ჯარიმა 3 000 ლარი იყო.
რეაქციები შეზღუდვაზე
დოკუმენტში, რომელიც 2020 წლის 17 აპრილით თარიღდება, შეზღუდვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს წარმომადგენელთა პოზიციები დახარისხებულია "დადებითად" და "ნეგატიურად". ფაილში არაერთი საჯარო განცხადება და პირადი საუბარია თავმოყრილი. ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს.
"დადებითი"
♦ გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე ლეჟავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით არის ეკლესიის ბრალი, რადგან არ გაითვალისწინეს ხელისუფლების რეკომენდაციები და ჯიუტად ცდილობენ მოქცევას. მისივე თქმით, ზოგიერთი სასულიერო პირი წარსულში "იმალებოდა საწოლის ქვეშ, ახლა კი ეკლესიაში წავიდა და ვაჟკაცობა მოინდომა".
♦ ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია ჭანტურია აღნიშნავს, რომ მის ეპარქიაში დაცულია ყველანაირი რეკომენდაცია და წესი, რაც ხელისუფლებამ გასცა. მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ ზიარების დროს ადამიანი არ დაინფიცირდება, თუმცა ყველას გააჩნია განსხვავებული რწმენა, რის გამოც უმჯობესია ზიარების შემდგომ მრევლი წავიდეს 2 კვირიან თვითიზოლაციაში. მიტროპოლიტი განმარტავს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იგი წირვა-ლოცვის დაწყებას გეგმავს მ/წ 19 აპრილს, დილის საათებში.
"ნეგატიური"
♦ მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონ ქიტიაშვილი პირად საუბრებში ნეგატიურად აფასებს ხელისუფლების მიერ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის გადაწყვეტილებას. მიტროპოლიტის განცხადებით: "ხელისუფლება ემსახურება ეშმაკს, ამათ შევაჩვენებ. სამი სამსახური მისმენს, ვაფრთხილებ, ამათ კაცობათ მიშა სჯობდა. პირდაპირი მტერი იყო, ესენი ჩუმები, გათახსირებულები არიან".
♦ სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუასთან საუბარში გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება მსუბუქი ავტოტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვის გამო. მისი თქმით, ამით ხელისუფლება ცდილობს აღდგომის დღესასწაულის ჩაშლას, რაც არაა ქართული მენტალიტეტი და მეტიც, ამის განხორციელებაზე ზეწოლა მომდინარეობს დასავლეთიდან. აღნიშნულს დაეთანხმა ს.ჯოჯუაც და განაცხადა, რომ ბოდბელი ეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს და საჯარო მოხელეებს სააღდგომოდ აუკრძალეს საფლავებზე და ეკლესიაში მისვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სამსახურებიდან გაშვებით.
♦ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ ნეგატიურად შეაფასა ხელისუფლების მიერ ავტოტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვის გადაწყვეტილება, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო რომ სასულიერო პირების შეძლებენ გადაადგილებას ამასთან დაკავშირებით სხვა პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.
როგორ მიიღეს პრივილეგია
ფაილების მიხედვით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობდა, რომ სასულიერო პირები უკმაყოფილო არიან ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვით და შიშობდა, რომ ეს დაძაბავს ურთიერთობას ეკლესიას და სახელმწიფოს შორის. აქვე აღნიშნულია, რომ სუს-ის წარმომადგენელმა მას ურჩია, გაეკონტროლებინათ ცალკეული სასულიერო პირები.
"საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელ, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის გადაწყვეტილებას უკიდურესად უარყოფითად აფასებენ არამარტო დაბალი და საშუალო რანგის სასულიერო პირები, არამედ მღვდელმთავრებიც. ა. ჯაღმაიძე შიშობს ხსენებულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს და ეკლესიას შორის არ გაფუჭდეს ურთიერთობა, რაც დამაზიანებელი იქნება ორივე მხარისთვის.
ვითარების განმუხტვის მიზნით ა. ჯაღმაიძეს ჩვენი მხრიდან მოეწოდა საპატრიარქომ შეძლებისდაგვარად შეზღუდოს ისეთი, ცალკეული სასულერო პირების თუ მათი მხრიდან დაარსებული ორგანიზაციების მკვეთრი განცხადებები, როგორიცაა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და მასთან აფილირებული პირები. ხსენებულზე ა. ჯაღაიძემ განმარტა, რომ ეცდებიან ხსენებულის პრევენციას, თუმცა არ მიაჩნია რეალურად, ვინაიდან მმკ-ზე ზეგავლენა რეალურად არ გააჩნია არცერთ მღვდელმთავარს", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
გარდა ამისა, ფაილების მიხედვით, ანდრია ჯაღმაიძე და პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყვნენ.
"საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ უარყოფითად შეაფასა ხელისუფლების მიერ ავტომობილებით გადადგილების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და განმარტა — "ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე რომ მოგაწვდიან ინფორმაციას, შეთანხმებულს ნიშნავს? ერთი გარეჯი რომ აზერბაიჯანელებს გადასცეს ეგ იყო შეთანხმებული და მეორე ეს. თან თქვეს, რომ საღამოს 21:00 საათიდან უნდა ავკრძალოთო და შეცვალს პლასტინკა და აკრძალეს 12:00 საათიდან".
პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი უარყოფითად აფასებს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით. იგი ასევე უნდობლობით უყურებს ხელისუფლების ქმედებებს და შიშობს, რომ მთავრობის მიერ საპატრიარქოსთვის საჩუქრად გადაცემული პირბადეები შესაძლოა იყოს საფრთხის შემცველი. მისივე მოსაზრებით, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალონ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ჩატარებას", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
აქვე აღსანიშნია, რომ ამ პირბადეებზე საპატრიარქოში "ეჭვები" ჰქონდათ სხვებსაც, თუმცა არა მთავრობასთან დაკავშირებით. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, პატრიარქის დაცვის უფროსმა, ვანო კობაიძემ აცნობა სდსს-ს პირადი დაცვის დეპარტამენტის დირექტორს, ვასილ სუმბაძეს და სთხოვა ხსენებული პირბადეების სამედიცინო შემოწმება, რადგან მისი (კობაიძის) აზრით, შესაძლოა, პირბადეები იყოს მოწამლული და მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ინიციატივით საპატრიარქოში გაგზავნილი.
რაც შეეხება ავტომობილებით გადაადგილების სურვილს, ფაილში ვკითხულობთ, რომ პრობლემის "მოსაგვარებლად" საქმეში ჩართეს არჩილ თალაკვაძეც, რომელიც ფიქრობდა, რომ ეს საკითხი საპატრიარქოსთან შესათანხმებელი იყო.
"პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით, იგი ესაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც განუცხადა, რომ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის საკითხი წინასწარ უნდა შეთანხმებულიყო საპატრიარქოსთან. გ. ზვიადაძის განცხადებით, ა. თალაკვაძე მორწმუნე ადამიანია და დაპირდა, რომ აღნიშნულ საკითხს დააყენებს იქ, სადაც არის საჭიროა".
გაურკვეველია, კიდევ რა სახის კომუნიკაცია იყო მხარეებს შორის იქამდე, სანამ მთავრობა გადაწყვეტილებას შეცვლიდა, თუმცა დოკუმენტის მიხედვით, მოსაყდრე შიო მუჯირს ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა აცნობა, რომ აღდგომის დღეებში გადაადგილების შეზღუდვა სასულიერო პირებს არ შეეხებოდათ.
"საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის შიო მუჯირის თქმით, იგი ესაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალეკო ხოჯევანიშვილს, რომელმაც აცნობა, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხება სასულიერო პირებს, ხოლო სტიქაროსნების, მედავითნეების და მგალობლების საკითხთან დაკავშირებით მოცემული მომენტისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება ა. ხოჯევანიშვილსა და საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელ, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს შორის", — ვკითხულობთ ფაილში.
"მოლაპარაკებამ" რომ ისევ დადებითი შედეგი გამოიღო, ეს მომდევნო ჩანაწერით დასტურდება, სადაც აღნიშნულია, რომ გამონაკლისი სტიქაროსნებსა და სხვა პირებზეც დაუშვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ თეთრუაშვილი ამის შემდეგაც უკმაყოფილო იყო — ამჯერად იმის გამო, რომ მთავრობამ ამის შესახებ ოფიციალურად არ განაცხადა, რისი გაკეთება არც თავად აწყობდა.
"საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღამიძემ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს აცნობა, რომ ესაუბრა სუს-ის უფროსის მოადგილეს ალექსანდრე ხოჯევანიშილს რომელმაც განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამონაკლისის წესით საულიერო პირებს, სტიქაროსნებს, მედავითნეებს და მგალობლებს სააღდგომოდ ღვთისმსახურებაზე დასასწრებად გადაადგილებისას არ შეექმნებათ პრობლემები.
შ.თეთრუაშვილმა განაცხადა: "ჩვენ რომ ვუთხრათ მამაოებს, რომ სტიქაროსნებს, მგალობლებს და მედავითნეებს არ შეექმნებათ პრობლემა გაიგებენ ხელისუფლებასთან შეთანხმებულად, რაც ცუდად გამოჩნდება მრევლის და სასულიერო პირების წინაშე. ეხლა უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, ჩავარდნენ ჭაობში და არ უნდათ რომ ოფიციალურად განაცხადონ. მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ არ იყო შეთანხმებული, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ სასულიერო პირების დამხმარეებს არ შეექმნებათ პრობლემა", — ვკითხულობთ ფაილებში.
დოკუმენტებში ჩანს ისიც, რომ ხოჯევანიშვილს ჯაღმაიძის გარდა სხვა სასულიერო პირებთანაც ჰქონდა კომუნიკაცია.
"რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობი აქიაშვილს ხაშურისა და სურამის ეპისკოპოსმა სვიმეონ ცაკაშვილმა აცნობა, რომ ესაუბრა სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, რომელმაც განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამსახურებით, აღდგომის დღესასწაულზე სასულიერო პირებს, მედავითნეებს, სტიქაროსნებს და მგალობლებს შეუფერხებლად შეეძლებათ გადაადგილება. აღნიშნული ფაქტი დადებითად შეაფასა ი. აქიაშვილმა და განაცხადა, რომ "პრემიერი არის კარგი კაცი", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
აქიაშვილისგან განსხვავებით, აღმოჩნდნენ სასულიერო პირები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები და ზოგადად ეკლესიის ქცევა არ იყო სწორი.
"ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ აცნობა, რომ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასულიერო პირებს, მედავითნეებს, სტიქაროსნებს და მგალობლებს შეუფერხებლად შეეძლებათ გადაადგილება. თ.ჭუაძის განმარტებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილია დაძაბული სიტუაცია, რაც დიდწილად გამომდინარეობს ეკლესიის მოქმედებებიდან. კერძოდ, ეკლესიაში არსებული რადიკალურად და ლიბერალურად განწყობილი პირების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით და საერთო პოზიციის არქონით. აღნიშნულს დაეთანხმა გ.ბერბიჭაშვილიც და განმარტა, რომ საპატრიარქოს ინსტიტუციურად ჩამოუყალიბებელმა მდგომარეობამ და ცალკეული სასულიერო პირების არაკომპეტეტურმა ქადაგებებმა საზოგადოება განაწყვეს ეკლესიის წინააღმდეგ", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ფაილები რომ გვერდით გადავდოთ, ყველას გვახსოვს, რომ ამ მოვლენების პარალელურად 2020 წელს აპრილში ქვეყანაში საკამოდ დაძაბული ვითარება იყო. დღესასწაულის მოახლოებამდე მთავრობის წევრები ხმამაღალი განცხადებებით გვეუბნებოდნენ, რომ კანონი ყველასთვის ერთია და შეზღუდვები სასულიერო პირებსაც შეეხებათ.
- ათ კაცამდე შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს — გიორგი გახარია ეკლესიაზე
- ცქიტიშვილის თქმით, სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრება კომენდანტის საათის დარღვევა იქნება
თუმცა, მღვდელმთავრების საჯარო დაუმორჩილებლობამ და, როგორც ფაილებში ჩანს, პირადმა კომუნიკაციამ, შედეგი გამოიღო და აღდგომის წინ პრემიერმინისტრისა და მთავრობის წევრების რიტორიკა შეიცვალა.
შედეგად, საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგია მაინც ჩატარდა კომენდანტის საათის პირობებში. მრევლი ეკლესიებში ცხრა საათზე მივიდა და დილის ექვსზე წამოვიდა. რამდენიმე დღეში მმართველმა გუნდმა პატრიარქისგან მადლობაც მიიღო.
"მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, სამღვდელოება ჩვენი ხალხი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს. სხვაგან არ არის ამის საშუალება", — განაცხადა მან.
გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე:
- პედოფილია, პირადი ცხოვრების დეტალები და კავშირები რუსეთთან — რა წერია გავრცელებულ ფაილებში, ნაწილი I
- მიყურადება ელჩებზე, აქტივისტებზე, NGO-ებზე, სასულიერო პირებზე და პატრიარქის არჩევნების მოლოდინი — რა წერია ფაილებში, ნაწილი II
- პრეზიდენტი აპირებდა თავისი გამოსვლის ტექსტი პატრიარქისთვის შესასწორებლად გადაეგზავნა — გავრცელებული ჩანაწერები
- როგორ დაგეგმეს პატრიარქმა და მმკ-მ "ოჯახის სიწმინდის დღის" შექმნა — მასალები ჩანაწერებიდან
კომენტარები