ილონ მასკი აშშ-ში ყველაზე საძულველი პიროვნებაა — ახალი კვლევა

ფოტო: Angela Weiss/AFP
ანალიტიკური კომპანია Gallup-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის მიხედვით დასტურდება, რომ ილონ მასკი აშშ-ში ყველაზე საძულველი პიროვნებაა. შემთხვევით შერჩეული ათასი ზრდასრული ამერიკელი რესპონდენტიდან 61%-მა მასკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა. ამ მაჩვენებლით იგი ყველაზე საძულველი პიროვნებების სიის სათავეში მოხვდა.
საინტერესოა, რომ მასკს ისრაელის პრემიერ-მინისტრიც კი ჩამორჩება. იმის მიუხედავად, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდის მოწყობაში ფართოდ ადანაშაულებენ, მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოკითხულთა მხოლოდ 52%-ს ჰქონდა.
Gallup-ის გამოკითხვის შედეგებს ადრე ჩატარებული მსგავსი კვლევებიც ამყარებს. მაგალითად, Associated Press-ის აპრილის გამოკითხვის თანახმად, მასკის მიმართ "ძალიან ან შედარებით დადებითად" განწყობილი აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 33% იყო.
ივნისში ჩატარებულმა მორიგმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აპრილთან შედარებით მასკს რესპუბლიკელთა უფრო მცირე ნაწილი ემხრობოდა. ეს ბიზნესმენის არაპოპულარობის კიდევ ერთ მიზეზს ცხადყოფს — იგი ორივე პარტიისთვის არასასურველი ფიგურა გახდა, რასაც მისი პიროვნებისა და ბიზნესინტერესებისთვის დადებითი შედეგი ნამდვილად არ მოჰყოლია.
მაგალითად, მასკის პოპულარობის მკვეთრად შემცირება მის ელექტრომობილების ბიზნესზეც აისახა. Tesla-ს რეპუტაციის შელახვის შემდეგ კომპანიის შეთავაზებებს პოტენციური მყიდველები მასობრივად გაერიდნენ, რამაც მის ფინანსებზე უარყოფითად იმოქმედა.
გაყიდვები ევროპასა და ჩინეთშიც მკვეთრად ეცემა. ეს ფატი აჩვენებს, რომ მასკის პოლიტიკური აქტიურობა მისი ბიზნესისთვის აშშ-ის ფარგლებს გარეთაც დამაზიანებელი აღმოჩნდა. მკვლევრების განცხადებით, ამ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, შესაძლოა, მყიდველებმა ელექტრომობილების შეძენაზე უარი თქვან, თუნდაც ისინი Tesla-ს მიერ არ იყოს წარმოებული.
Gellup-ის უახლესი გამოკითხვის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციაში რამდენიმე თანამდებობის პირის რეიტინგებიც ეცემა. მათ შორისაა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავად პრეზიდენტი.
უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE) საზოგადოების ნაწილს ხუმრობა ეგონა. ხალხი ფიქრობდა, რომ ეს დაწესებულება ბიზნესმენის პირადი ახირება იყო, რომელიც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებაში შეტანილი წვლილისთვის დაუკმაყოფილდა.
ამის მიუხედავად, მასკმა გასულ წელს აღნიშნა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ამერიკელებს გაუჭირდებოდათ და ზოგიერთი ადამიანი უკმაყოფილო დარჩებოდა.
"ალბათ ბევრი დაცვა დამჭირდება, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს", — განაცხადა ბიზნესმენმა, როცა ის DOGE-ს დახმარებით სამთავრობო უწყებების საქმიანობის შეჩერებას გეგმავდა.
თითქმის ნახევარი წლის შემდეგ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პროგნოზი ნამდვილად გამართლდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მასკის ყოფნა მისი ბიზნესისა და პოპულარობისთვის კატასტროფული აღმოჩნდა, რასაც უკანასკნელი გამოკითხვაც ადასტურებს.
კომენტარები