NASA უკვე რამდენიმე წელია, ბირთვული გახლეჩის 40-კილოვატიანი სისტემის შექმნაზე მუშაობს. მთვარეზე მისი გაშვება 2030-იანი წლების დასაწყისში იგეგმებოდა. გამოცემა Politico-ს მიხედვით, სააგენტოს დროებითი ხელმძღვანელი შონ დაფი უფრო ამბიციურ გეგმაზე ისაუბრებს დირექტივაში, რომელიც მალე გამოიცემა.

"დირექტივა სააგენტოს ავალებს, რომ ინდუსტრიისგან პროექტები გამოითხოვოს 100-კილოვატიანი ბირთვული რეაქტორის შექმნისთვის, რომლის გაშვებაც 2030 წლისთვის იგეგმება. ეს ასტრონავტების მთვარეზე დასაბრუნებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია", — იტყობინება გამოცემა Politico.

NASA ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნებას Artemis-ის პროგრამით ცდილობს. სააგენტოს მიზანია, დათქმული დროისთვის დედამიწის თანამგზავრზე ერთი ან რამდენიმე ბაზა შექმნას.

ბირთვული ენერგოსისტემები ამ მიზნის ძირითადი ნაწილია. მზის ენერგია დასახლებული ბაზისთვის საუკეთესო არჩევანი არ არის, რადგან მთვარე ძალიან ნელა ბრუნავს. კერძოდ, მისი 1 ღამე დედამიწის დაახლოებით ორ კვირას უდრის.

ფოტო: Innovation News Network

მთვარეზე ბაზის შექმნას ჩინეთიც გეგმავს რუსეთთან და სხვა რამდენიმე ქვეყანასთან თანამშრომლობით. როგორც Politico წერს, დაფის მოსალოდნელი დირექტივა მიზნად ჩინეთზე სწრაფ მოქმედებას ისახავს.

დირექტივის თანახმად, პირველმა ქვეყანამ, რომელსაც მთვარეზე რეაქტორი ექნება, შეიძლება მთვარის კონკრეტულ ზონაში შესვლა აკრძალოს, რაც შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შონ დაფი NASA-ს დროებით ადმინისტრატორად 9 ივლისს დანიშნა. მანამდე თანამდებობისთვის ჯარედ აიზეკმენს, მილიარდერ მეწარმესა და ასტრონავტს, განიხილავდა. ერთი კვირით ადრე, სანამ მას სენატი დაამტკიცებდა, ტრამპმა ადმინისტრატორად დაფი დანიშნა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.