მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალგაზრდა ადამიანის სისხლს კანის დაბერების უკუქცევა შეუძლია, რადგან ის ძვლის ტვინის მიერ სპეციალური ცილების გამომუშავებას უწყობს ხელს. კვლევა თავის მოვლის ცნობილი ბრენდების (Nivea, Eucerin და სხვა) მფლობელმა კომპანია Beiersdorf AG-მა ჩაატარა.

ავტორებს სურდათ, რომ ადამიანის უჯრედებზე შეემოწმებინათ ის ეფექტი, რომელიც ადრე თაგვებში დაფიქსირდა — ხნიერი მღრღნელები მათზე უმცროსი ცხოველების სისხლის ცირკულაციის გაზიარების შემდეგ გაახალგაზრდავდნენ. მკვლევრებმა ექსპერიმენტისთვის შექმნეს სისტემა, რომელსაც "ორგანო ჩიპზე" ეწოდება. მასში ადამიანის კანის 3D ორგანოიდები და ძვლის ტვინის მოდელი გამოიყენეს, რომელიც სისხლის წარმომქმნელ ღეროვან უჯრედებს შეიცავდა.

შემდეგ მათ სისტემაში 30 წელზე ნაკლები და 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანების სისხლის შრატი გადაიტანეს. აღმოაჩინეს, რომ პირველ შემთხვევაში ქსოვილების გაახალგაზრდავების ეფექტი მხოლოდ ძვლის ტვინის უჯრედების არსებობისას მიიღწეოდა: უჯრედების ზრდა, ბიოლოგიური ასაკის შემცირება და მიტოქონდრიული ფუნქციის გაუმჯობესება. ასევე, ახალგაზრდა სისხლის გავლენით ძვლის ტვინის უჯრედებმა გამაახალგაზრდავებელი კომპონენტების წარმოქმნა დაიწყო.

მეცნიერებმა ასაკთან დაკავშირებული 55 ცილა გამოავლინეს. მათგან 7-მა მკაფიო ანტიასაკობრივი ზემოქმედება აჩვენა, როცა ლაბორატორიაში ადამიანის დაბერებულ ფიბრობლასტსა (შეამერთებელი ქსოვილის უჯრედები) და კერატინოციტებზე (კანის გარეთა შრის მთავარი უჯრედები) პირდაპირ გამოცადეს. შედეგი უჯრედული დაყოფის მაღალი მაჩვენებელი, კოლაგენის მეტი ოდენობით გამომუშავება, უკეთესი მიტოქონდრიული ჯანმრთელობა და ცხიმის მსგავს უჯრედებად გარდაქმნის გაუმჯობესებული ფუნქცია იყო. ეს უკანასკნელი რეგენერაციულ უნარებთან ასოცირდება.

ექსპერიმენტები სამიდან ხუთ კვირამდე გაგრძელდა, ამიტომ ხანგრძლივი ეფექტის შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი ისაა, რომ ძვლის ტვინის უჯრედებს ზრდისთვის საჭირო ელემენტები დაუმატეს, რათა გამოსადეგი ყოფილიყო. ამის მიუხედავად, ისინი ორივე ტიპის — ახალგაზრდა და ხანდაზმული ადამიანების — სისხლის შრატის შემთხვევაში გამოიყენეს, ანუ შედეგებზე, სავარაუდოდ, არ უმოქმედია.

იგივე გავლენა გამოვლინდება თუ არა ცოცხალ ადამიანში, ძნელი სათქმელია. ავტორები იმედოვნებენ, რომ ეს მიგნება ანტიასაკობრივი საშუალებების ან თერაპიების შექმნაში დაგვეხმარება.

მათი ნაშრომი გამოცემაში Aging გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.