ძალადობის მსხვერპლმა ქალმა პენიტენციურ სამსახურს სამივე ინსტანციის სასამართლო მოუგო და ციხეს ტოვებს
მსჯავრდებულმა ქალმა, ინგა კაპანაძემ პენიტენციურ სამსახურს სამივე ინსტანციის სასამართლო მოუგო და ციხეს განსაზღვრულზე 10 თვით ადრე, ელექტრონულ სამაჯურთან ერთად დატოვებს. უზენაესმა სასამართლომ განჩინება 28 ივლისს გამოიტანა. როგორც სასამართლოს პრესსამსახურიში On.ge-ს განუმარტეს, მოსამართლის გადაწყვეტილება ინგა კაპანაძის შვილების ინტერესებს ეყრდნობოდა.
ინგა კაპანაძე 2018 წელს, შვილებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს. მეტიც, ამბობს, რომ თავად არის ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. მისი თქმით, ქმარმა სწორედ მაშინ დააბრალა შვილების ცემა, როცა ძალადობა აღარ მოითმინა და პოლიციაში უჩივლა.
ინგამ, მისი ინტერესების დამცველ ორგანიზაცია საფართან ერთად, ქმრის წინააღმდეგ დავა ციხიდან წამოიწყო და 2019 წლის მაისში მოიგო კიდეც. ქმარი ცოლსა და შვილებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თავად ინგა, პროკურატურის მცდელობის მიუხედავად, საპროცესო შეთანხმებით ციხიდან გამოსვლას არ დათანხმდა, რადგან ამისთვის შვილებზე ძალადობა უნდა ეღიარებინა. თუმცა, გადაწყვიტა ციხიდან ელექტორნული სამაჯურით გამოსულიყო.
ინგამ პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლა ჯერ კიდევ 2020 წელს მოითხოვა. მან სამჯერ მიმართა პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს, თუმცა სამივეჯერ უარი მიიღო. ინგამ პენიტენციურ სამსახურს სასამართლოში უჩივლა და პროცესი 2020 წლის დეკემბერში მოიგო. მას სურდა 2021 წელს ოჯახში, შვილებთან ერთად შეხვედროდა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ინგა პატიმრობაში დატოვა. რამდენიმე თვის შემდეგ ინგამ სააპელაციო სასამართლოც მოიგო, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა.
ორგანიზაცია საფარის იურისტი, ელისო რუხაძე განმარტავს, რომ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ, გასაჩივრებიდან 6 თვის შემდეგ ან უფრო გვიან გამოაქვს. ამ შემთხვევაში კი მოსამართლემ განჩინება 27 დღეში მიიღო.
"ძალიან ბევრი იმუშავა საფარმა — ოფიციალური წერილი გავაგზავნეთ და მაქსიმალურად ვთხოვეთ, რომ პროცესი დაჩქარებულიყო. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან ბავშვებს პატიმარი ჰყავდათ დედაც და მამაც", — გვიყვება ელისო რუხაძე.
უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რადგან საქმე ბავშვებს ეხებოდა, "ამ საკითხის გულგრილად გატარება, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა" და მოსამართლე ქეთევან ცინცაძე "ძალიან გულდასმით და მოწადინებით ჩაერთო ამ საქმეში". მან თავად ჩააკითხა ბავშვებს მცხეთის ერთ-ერთ რაიონში და სახლში, მათთვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში გამოკითხა. ელისო რუხაძე ამბობს, რომ ეს არის ევროპული სტანდარტი, რომელიც ბავშვთა უფლებათა კოდექსიდან გამომდინარეობს, თუმცა ქართული მართლმსაჯულების პრაქტიკაში პრეცედენტული შემთხვევა იყო.
"თავად ჩავიდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბავშვებთან საჩუქრებით, ძალიან პოზიტიური განწყობით და კონკრეტული, ძალიან ფაქიზი კითხვებით. ეს პროცესი იყო ძალიან ჯანსაღი — ბავშვები გამოკითხა ძალიან მინიმალურად, რაც საჭირო იყო საკითხის გადასაწყვეტად. [მოსამართლე] მოიქცა არაჩვეულებრივად. ბავშთა კოდექსი და საერთაშორიო სტანდარტი არის სწორედ ეს, რომ ბავშვმა პროცესების მიმდინარეობის დროს ნაკლები რეტრამვატიზაცია განიცადოს", — გვიყვება ელისო რუხაძე.
ელისო რუხაძე ამბობს, რომ ინგას შვილებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ფონზე, რომ ბავშვები წლების განმავლობაში არაერთხელ დაიკითხნენ და ეს მათთვის ძალიან ტრავმული გამოცდილება იყო. ორგანიზაცია საფარს აქვს ამის დამადასტურებელი ფსიქოლოგის დასკვნებიც.
"ბავშვებს ძალიან მძიმე გამოცდილება აქვთ მიღებული შსს-სა და პროკურატურის მხრიდან. ეს უწყებები ობიექტურად არ აწარმოებდნენ გამოძიებას, გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდათ, რითაც ხელს უწყობდნენ მოძალადე მამას", — ამბობს ელისო რუხაძე.
ინგა ციხეს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დატოვებს, მას შემდეგ, რაც ელექტრონული სამაჯურისთვის საჭირო 5 000 ლარს გადაიხდის. თუმცა, საქმე ამით არ სრულდება. ორგანიზაცია საფარი აპირებს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს — ინგას შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს უფლების, ხოლო ბავშვების შემთხვევაში პირადი და ოჯახური ხელშეუხებლობის დარღვევაზე.
ინგა კაპანაძის ისტორია უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ:
კომენტარები