ახალი პრეზიდენტი აშშ-ში და რუსეთში დაბრუნებული ნავალნი — უცხოეთის მნიშვნელოვანი ამბები
ერთი კვირა საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. ამ ხნის განმავლობაში აშშ-ში ფიცი დადო ახალმა პრეზიდენტმა, კიდევ უფრო გაიზარდა კორონავირუსის მაჩვენებელი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ რუსეთში ადამიანის უფლებების გაუმჯობესება არაა.
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია
20 იანვარს კაპიტოლიუმის კიბეებზე ფიცი დადეს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ევროპის ბევრი ლიდერი აღნიშნავდა, რომ ამ დღიდან ამერიკასთან ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყებოდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ისიც კი თქვა, რომ ევროკავშირს თეთრ სახლში მეგობარი გაუჩნდა.
აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაარღვია ტრადიცია და ინაუგურაციას არ დაესწრო. მან მელანია ტრამპთან ერთად თეთრი სახლი ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა და ფლორიდაში გაემგზავრა. მისგან განსხვავებით, ინაუგურაციაზე გამოჩნდა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელმაც კამალა ჰარისი და მისი ქმარი ტრადიციისამებრ კაპიტოლიუმის კიბეებზე ჩააცილა.
ინაუგურაცია საკმაოდ უჩვეულო გარემოში გაიმართა. კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. დედაქალაქში გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდიის 25 ათასამდე ჯარისკაცი. ცერემონიას დაეტყო პანდემიის გავლენაც — საგრძნობლად შეზღუდული იყო სტუმრების რაოდენობა. გარდა ამისა, ღონისძიებას არ დასწრებია მოსახლეობა, ეროვნულ მოლზე კი 200 ათასი დროშა იყო გამოფენილი.
რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს, არ გაიმართა ინაუგურაციისთვის სადღესასწაულო მიღება, შესაბამისად, პრეზიდენტისა და პირველი ლედის ცეკვა ვერ ვიხილეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ინაუგურაციის დღეს ბევრი ტრადიცია დაირღვა, მან მაინც შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა და ისტორიულობა. რა თქმა უნდა, ამ დღეს არ ჩაუვლია სიმბოლოებისა თუ პოლიტიკური განაცხადების გარეშე.
- რატომ ეცვათ ინაუგურაციაზე მიშელ ობამას, ჰილარი კლინტონს და კამალა ჰარისს იისფერი სამოსი
- "მთა, რომელიც უნდა გადავიაროთ" — 22 წლის ამანდა გორმანის პოემა ინაუგურაციიდან
- ბაიდენის თქმით, ტრამპმა დიდსულოვანი წერილი დაუტოვა
- Let's Get Loud — ინაუგურაციაზე ჯენიფერ ლოპესმა ლათინოამერიკელებს მიმართა
ოვალურ კაბინეტში შესვლის პირველივე დღეს, ბაიდენმა 17 განკარგულება გასცა და ტრამპის ბევრი გადაწყვეტილება გააუქმა.
სხვა ამბები აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციიდან:
- დემოკრატიულმა პარტიამ აშშ-ს სენატში უმრავლესობა მოიპოვა
- "ვთხოვ ყველა ამერიკელს, გავერთიანდეთ" — ბაიდენის ინაუგურაციის სიტყვა
- ფოტოები ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგრაციიდან
- ლედი გაგამ ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი შეასრულა
ნავალნის დაბრუნება რუსეთში
გერმანიაში ხუთთვიანი ცხოვრების შემდეგ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ცოლთან, იულია ნავალნისთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. ის ბერლინიდან მოსკოვში თვითმფრინავით ჩაფრინდა. დიდი ინტერესის გამო, მასთან ერთად ბევრი ჟურნალისტი მგზავრობდა, რომლებმაც, ფაქტობრივად, მთელი ფრენა და უკვე მოსკოვში დაშვებაც პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადმოსცეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ხელისუფლება ნავალნის "ხელგაშლილი" დახვდა. თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში უნდა დაშვებულიყო. ნავალნის მხარდამჭერებმა იქ ადრიანად დაიწყეს შეკრება, პოლიციამ კი დაკავებები არ დააყოვნა. დაშვებამდე რამდენიმე ხნით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავმა მიმართულება შეიცვალა და შერემეტევოს აეროპორტში დაჯდა.
პოლიციამ ნავალნი ნეიტრალურ ზონაში დააკავა. სასჯელის აღსრულების ფედერალურ ბიუროს განცხადებით, 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის მრავალჯერ დარღვევის გამო, ის ძებნაშია.
მას დილამდე ადვოკატთან შეხვედრის საშუალება არ ჰქონია და არც დარეკვის უფლება მისცეს. სასამართლო პროცესი კი ხიმკის პოლიციის განყოფილებაში ჩატარდა, რაც მოულოდნელი იყო თავად ნავალნისთვისაც. სასამართლოს პარალელურად, მხარდამჭერები პოლიციის შენობის გარშემო შეიკრიბნენ და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 29 იანვარს კი პირობით მსჯავრის დარღვევის გამო მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება.
რუსეთის მასშტაბით დაგეგმილია ოპოზიციონერის მხარდამჭერი აქციები და როგორც მოსალოდნელი იყო, დაკავებები უკვე დაიწყო.
კვირის სახალისო ამბავი
სასაცილო ამბავიც ინაუგურაციას უკავშირდება, კერძოდ კი, სენატორ ბერნი სანდრესს, რომელიც, სხვებისგან განსხვავებით, ღონისძიებაზე ყოველდღიური სამოსითა და ღუნღულა ხელთათმანებით გამოჩნდა. ფოტო, სადაც ის სკამზე ზის, მიმების ახალი წყარო გახდა და სოციალური ქსელები ააფეთქა.
- ბერნი სანდერსმა ინაუგურაციისთვის ქურთუკი და ხელთათმანები საგულდაგულოდ შეარჩია
- ამ პოზით ბერნი სანდერსმა ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის პირველი დღე წაართვა
- ბერნი სანდერსი მასზე გაკეთებულ მიმებზე გპასუხობთ
კვირის ფოტო
ინდონეზიის ქალაქ მამიჯუში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ გუბერნატორის ოფისი დააზიანა.
...და რა ხდებოდა სხვა
პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზეც მსოფლიო ისევ ვირუსთან ბრძოლის ფაზაშია. ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსის 97,6 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო 2 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ინდოეთში, ვაქცინის მწარმოებელ ყველაზე დიდ ქარხანაში ხანძრის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქარხანაში ოქსფორდის AstraZeneca-ს ვაქცინას აწარმოებდნენ, თუმცა ხანძარს მის წარმოებაზე გავლენა არ ექნება და სამუშაოს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
გარდა ამისა, კოროავირუსის ახალი შტამების გამო სხვადასხვა ქვეყანამ უსაფრთხოების ზომების მიღება დაიწყო. დიდმა ბრიტანეთმა 18 იანვრიდან ყველა სამოგზაურო დერეფანი დაკეტა.
ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით კი, შვეიცარიაში მოსახლეობა რეფერენდუმით გადაწყვეტს, მთავრობას უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება, გამოაცხადოს ლოქდაუნი.
ცვლილებებია პოლიტიკურ ველზეც. გერმანიის მმართველმა პარტიამ, ქრისტიან დემოკრატიულმა გაერთიანებამ (CDU) ვირტუალურ კონგრესზე ახალი ლიდერი, არმინ ლაშეტი აირჩია. სწორედ ამ პარტიას ხელმძღვანელობდა კანცლერი ანგელა მერკელი 2018 წლამდე. კანცლერის პოსტის დატოვებას კი ის სექტემბრის არჩევნების შემდეგ გეგმავს.
აშშ-ში კი ეროვნული დაზვერვის ახალი დირექტორი აირჩიეს და ისტორიაში პირველად ამ პოსტს ქალი დაიკავებს. ევრილ ჰეინსის კანდიდატურა 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა — მოწინააღმდეგები მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის წევრები იყვნენ.
კიდევ რა არ უნდა გამორჩეს:
- ბელარუსს ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს
- 10 ფაქტი, რომელიც მარტინ ლუთერ კინგის შესახებ უნდა იცოდე
- ცენტრალური ამერიკიდან აშშ-სკენ ათასობით მიგრანტი მიემართება
- ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე მოკლეს
- თურქეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა
- ბაიდენი, რომელმაც ტრამპის გადაწყვეტილება გენდერის "ბიოლოგიურ სქესთან" გაიგივების შესახებ შეცვალა, გააკრიტიკეს
- კრიტიკის შემდეგ, Vogue კამალა ჰარისის ალტერნატიულ ყდასაც დაბეჭდავს
- პოლიციამ და ვინჩის ნახატის მოპარული ასლი იპოვა, რომლის მუზეუმიდან გაუჩინარება ვერავინ შენიშნა
კომენტარები