ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მას არ ახსოვს ხელისუფალი, ვინც ხალხთან დაპირისპირებაში შესულა და გაუმარჯვია. ის ამ კითხვას უკვე ისტორიკოსების მისამართით სვამდა.

"ეს არ არის სპეცრაზმი, ესენი არიან ოლიგარქ ივანიშვილის დაცვის პირადი წევრები, ხანდახან სახლში რო ჰყავს და ხან ეზოში, რაღაც არ არსებული საფრთხეებისგან რომ იცავს თავს. ისტორიულად არსებობს ხელისუფალი, რომელიც ხალხთან დაპირისპირებაში შესულა და გაუმარჯვია? აქ ხომ ზეპარტიული, ზეპოლიტიკური მღელვარებაა, აქ ხომ თავისუფლების სადარაჯოზე ვდგავართ, აქ ხომ თავისუფლების მოპოვებისთვის ვიბრძვით, რომელსაც გვინადგურებს ივანიშვილი. ივანიშვილს იმის შნოც არ აქვს, რომ შეგვხვდეს, ან თამარ ჟვანიას რა ძალა აკავებს სახლში, ოჯახის წევრებთან? რა სულიერი სიმშვიდე აქვს? თუ მართალია, ჩამოვიდეს", — აცხადებს მელია.

მისივე თქმით, უკვე ხალხის ოპოზიცია არის ბიძინა ივანიშვილი.

სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდება ცესკოსთან

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავიუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.

რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.

ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაშავდა.

უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.

ამ წუთებშიც ცესკოსთან აქცია გრძელდება და ისევ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც.

გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე: