LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
"ვამაყობ, რომ ჩვენი სიმღერა თავისუფლებასთან ასოცირდება", — ამბობს ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი და პროექტ LIO with ILA-ის ვოკალისტი, ლიო ჩხეიძე.
პროტესტები ადამიანების, ქვეყნების და ზოგჯერ მსოფლიოს ბედსაც ცვლიან და თუ შენი სიმღერა სასიკეთო ცვლილებების "საუნდტრეკად" იქცა, დარწმუნებული იყავი, რომ ისტორიის ნაწილი გახდები. ეს იმასაც უსვამს ხაზს, რომ გვინდა, არ გვინდა, ხელოვნება პოლიტიკურია, რადგან მისი საშუალებით ადამიანებამდე ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელის მიტანა შეიძლება.
ბოლო პერიოდში რუსული კანონის საპროტესტო აქციებმა ისევ მოიცვა თბილისი — და არა მხოლოდ. მშვიდობიანი პროტესტის ამსახველი ვიდეოები მოედო სოციალურ ქსელებსაც და ბევრ მათგანში გაისმა უცხო ჟღერადობის, ჰაეროვანი და ძალიან სასიამოვნო მელოდია; "სევდა ჰყვება თავის სევდას, სევდიანობს და თან ფეთქავს", — თუ ეს ტექსტი გეცნო, ზუსტად მიხვდები, რომელ მელოდიაზე ვსაუბრობთ. ეს გახლავს ნაწყვეტი ახალი ქართული მუსიკალური პროექტის, LIO with ILA-ის, სიმღერიდან IAWO.
ბოლო კვირებში IAWO ტიკტოკზე ტრენდული "საუნდი" გახდა — პლატფორმაზე ამ დროისთვის 3 000-მდე ვიდეო იძებნება, რომელშიც ეს სიმღერაა გამოყენებული. "ეს სიმღერა ყოველთვის თავისუფლებისთვის ბრძოლას მომაგონებს", — წერს ერთ-ერთი მსმენელი, რომელსაც კიდევ ბევრი ეთანხმება.
ვინ არის LIO with ILA, რისი თქმა სურთ მსმენელისთვის და რა განცდაა, როცა შენი მუსიკა გარდამტეხი მოვლენების ჰიმნი ხდება — ქვემოთ სწორედ ამაზე მოგიყვებით.
პროექტის შესახებ
გამორჩეული შემოქმედებითი ხედვის მქონე ექსპერიმენტული პროექტი, LIO with ILA, სამ ადამიანს აერთიანებს: ვოკალისტს, ტექსტების ავტორს და კომპოზიტორს, ლიო ჩხეიძეს, კომპოზიტორს და პროდიუსერს, ილა წულაძეს, და არტისტ მენეჯერს, თამარა ჯაჭვლიანს. სამივე საერთო მეგობრის წყალობით გადაიკვეთა: მაშინ ილამ და თამარამ ლიოს პირველ საავტორო სიმღერასაც მოუსმინეს.
"მჯერა და ეგრეცაა, რომ სულიერი ბმა გვაქვს ერთმანეთთან; დიდი ნდობა, პატივისცემა და ერთმანეთის შესაძლებლობების სიყვარული", — ამბობს ლიო, — "ეს იყო ზუსტად იდეა, რომ დღეს ვყოფილიყავით ერთად, გაგვეზიარებინა ჩვენი მსმენელისთვის სათქმელი და, უბრალოდ, ჩვენი შინაგანი სამყარო".
ახალგაზრდა არტისტებს შინაგან სამყაროზე არანაკლებ საინტერესო გამოცდილება აქვთ. ლიო ადრეული ასაკიდან დადიოდა მუსიკალურ სტუდიაში, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო მალევე დატოვა. მას შემდეგ მუსიკასთან აქტიური შეხება აღარ ჰქონია, სანამ ილას და თამარას გაიცნობდა და მეგობარი შესთავაზებდა, მონაწილეობა მიეღო საავტორო მუსიკალურ პროექტში, მუსიკალურ რინგზე.
"თავიდან ვყოყმანობდი, ვფიქრობდი, რომ მზად არ ვიყავი ამ ყველაფრისთვის", — გვიყვება ლიო, — "მაგრამ ვიცოდი, რომ თუ ნაბიჯს არ გადავდგამდი, არც არასდროს არ ვიქნებოდი მზად. პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ილა და თანხმობის მიღების შემდეგ, ერთ თვეში შევკარით 1-საათიანი პროგრამა, რაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში".
აი, ილა კი მრავალფეროვანი მუსიკალური გამოცდილების პატრონია. კლასიკური სასწავლებლის შემდეგ, სწავლობდა შვიდწლედშიც ფორტეპიანოზე. 17 წლისამ პირველი ბენდი ჩამოაყალიბა, მერე კომპოზიციამ გაიტაცა და 15 წლის განმავლობაში არაერთი საავტორო პროექტი შექმნა. ლიოსთვის მათგან განსაკუთრებით საყვარელი არის Pitter J, რომლის ორი სიმღერა გასულ წელს თავადაც შეასრულეს ფოტოფესტივალ ქოლგას გახსნაზე.
2022 წელს, მშობლიურ ბათუმში გამართულ მუსიკალურ რინგს ლიო "სიცოცხლის მომცემი ემოციებისა" და ხალხისგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის დაფასების მიღებას მიაწერს. ქოლგას ფოტოფესტივალი მომდევნო წელს იყო. სულ ახლახან კი, მუსიკალური პლატფორმა The Clapper-ისთვის 1-საათიანი პროგრამაც ჩაწერეს ბათუმის ბულვარში. ეს გამოცდილება პიროვნულ განვითარებაში ძალიან დამეხმარაო, გვეუბნება ლიო.
აღსანიშნავია ისიც, რომ LIO with ILA-ის სიმღერა დღეს პოპულარული ქართული ტელესერიალის, ჩემი ცოლის დაქალების, მე-19 სეზონში გაჟღერდა.
და აი, ასე მოვედით 2024 წლის აპრილამდე, იაო-უაომდე...
"... როგორც გული, ისე ფეთქავს"
სიმღერა IAWO იუთუბზე წლის დასაწყისში გამოჩნდა. თუმცა, კომპოზიციას, რომელსაც დღეს უკვე ათიათასობით ადამიანი ალბათ ამდენივე განსხვავებული გრძნობით უსმენს, მაშინვე სათანადო ყურადღება არ მიჰქცევია. ბევრმა IAWO-ც და მისი ავტორებიც მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც სიმღერა ტიკტოკის ჰიტი გახდა. სიმღერამ ზოგს "ნაცნობი და მონატრებული სუნი" მოაგონა, ზოგს — უდარდელი ზაფხულის განწყობა, ზოგმაც გადაწყვიტა, რომ ეს მისი ცხოვრების საუნდტრეკი იყო.
"სიმღერა IAWO ჩემი შინაგანი, დადებითი ემოციების მატარებელია", — აღნიშნავს ლიო, — "ის გამოხატავს სიყვარულს, სილაღეს, გულწრფელობას, სიმშვიდეს, ბედნიერებას, სიხარულს და იმ ყველაფერს, რასაც ადამიანები ორმხრივად ვცვლით ერთმანეთში".
ამ ყველაფერთან ერთად, ბევრისთვის სიმღერა თავისუფლების გამომხატველიც აღმოჩნდა და ალბათ სწორედ ამის გამოა, რომ ის რუსული კანონის საპროტესტო აქციების "ჰიმნად" იქცა. აქციაზე ამას ვუსმენდი და ძალა მეძლეოდა, აღარ მეშინოდაო, ამბობს ერთ-ერთი მსმენელი.
ლიოს თქმით, სიმღერის ტექსტში გადმოცემული ემოცია საპროტესტო შინაარსსაც ატარებს. ამიტომ, მისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ IAWO "ქვეყნის მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილი" გახდა.
"დიდი სიხარულია, რომ ჩვენი შემოქმედება, ხედვა, ნაშრომი მივიტანეთ ძალიან ბევრი ადამიანის გულთან, რაც კარიერულად ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია", — ამბობს იგი, — "არანაკლებ სასიხარულოა ისიც, რომ ჩვენი სიმღერა აღმოჩნდა ქვეყნის მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილი და ვამაყობ, რომ ის თავისუფლებასთან ასოცირდება".
მუსიკის წერა, ინსპირაცია და ინდივიდუალურობა
ზემოთ ვთქვით, რომ LIO with ILA-ის მუსიკა მსმენელში ბევრ სხვადასხვაგვარ ემოციას იწვევს: სევდას, ნოსტალგიას, ბედნიერებას, იმედს. ახალგაზრდა არტისტებისთვის ეს დიდი მიღწევაა, ამიტომ, ლიოს ვკითხე, საიდან იღებთ ინსპირაციას-მეთქი.
"ჩემი ინსპირაცია ჩემი ქალაქია, გარემო, ქვეყანა, ურთიერთობები, ამ ყველაფრის ყოველდღიურობა", — აღნიშნავს მუსიკოსი და შემოქმედებით პროცესშიც გვახედებს, — "ჩვენს პროექტში ყველა თანაბრად ვინაწილებთ საქმეს; ჩემი სამუშაო პროცესი, ძირითადად, მხოლოდ საკუთარ თავში ქექვაა: ვიწყებ ტექსტის და ვოკალური ნაწილის წერას, შემდგომ ილა წერს მუსიკას და, როგორც პროდიუსერი, საბოლოო სახესაც აძლევს".
საქმეების თანაბრად განაწილების მიუხედავად, შემოქმედებით პროცესს სირთულე მაინც ახლავს თან და ეს ფიზიკური სიშორითაა გამოწვეული — სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები არტისტები მუსიკასაც დისტანციურად წერენ.
"ერთად ყოფნისას სიმღერა არასდროს დაგვიწერია და, რომ არ დაგიმალოთ, ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ეს პროცესი", — ამატებს ლიო.
იმის მიუხედავად, რომ LIO with ILA ჯერ მაინც ახალ პროექტად მოიაზრება, მათი მუსიკალური კატალოგი უკვე გამოირჩევა ექსპერიმენტულობით, სტილისტური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. ამის გამო, მსმენელი პროექტს ხშირად აიგივებს სხვა არტისტებთან, რაც ლიოს და ილას დიდად სულაც არ მოსწონთ.
"გვსურს ჩვენმა მსმენელმა აღგვიქვას, როგორც მხოლოდ ლიო და ილა — ქართულ მუსიკაში მოღვაწე ორი ინდივიდი".
თუმცა, საყვარელი არტისტის დასახელებაზე ლიო არ ყოყმანობს: 12-13 წლის ასაკში ტომ იორკმა მომხიბლა, ყველანაირი ფიქრის და დაკვირვების გარეშე ვუსმენდი, მაგრამ დღემდე ძალიან ღრმა ემოციებს იწვევს ჩემშიო.
სამომავლოდ კი, LIO with ILA-ის ახალი და ერთგული მსმენელი კიდევ ბევრ სიახლეს უნდა ელოდოს. პირველ რიგში, შესრულდება უამრავი ადამიანის თხოვნა — ლიო და ილა მალე ყველა სტრიმინგ პლატფორმაზე გამოჩნდებიან, მათ შორის, სპოტიფაიზე.
ამასთან, არტისტები ახალ მუსიკაზეც განაგრძობენ მუშაობას. შორი მანძილის გამო, სამუშაო პროცესში მცირე პაუზები გვქონია, მაგრამ ამ დროში ბევრი სიახლე გვიგროვდებოდა და უფრო მეტი შემართებით ვუბრუნდებოდით საქმესო, გვიმხელს ლიო.
"რეალურად, ახალ მუსიკაზე თითქმის სულ ვმუშაობთ და ძალიან ბევრი სიმღერა გვაქვს ჩვენი მსმენელისთვის გასაზიარებელი", — ამატებს იგი, — "ყველანაირ ინფორმაციას ეტაპობრივად გაგაცნობთ, ამიტომ, თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში".
LIO with ILA-ისთვის თვალის მიდევნება კი ინსტაგრამსა და ტიკტოკზე შეგიძლია.
კომენტარები