ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
სპირალური გალაქტიკის UGC 12158 ფონზე არსებული თეთრი ხაზები, რომლებიც ზედა ფოტოზე ჩანს, რეალურად, ასტეროიდის კვალია. ის ერთ-ერთია 1000-ზე მეტი მსგავსი ობიექტიდან, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით. ისინი მოყვარულმა მეცნიერებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოავლინეს.
თითოეული ეს ასტრონომიული სხეული მარსსა და იუპიტერს შორის მდებარე ასტეროიდთა სარტყელში გადაადგილდება, ხოლო ასობით მათგანის ზომა 1 კილომეტრზე ნაკლებია.
"კანდიდატი ობიექტების ამხელა რაოდენობით გაკვირვებულები ვართ. ეს მზის სისტემის ევოლუციური მოდელების უკეთ გასააზრებლად მნიშვნელოვანია", — აცხადებენ სპეციალისტები.
მცირე ზომის ასტეროიდების ახალაღმოჩენილი პოპულაცია მთლიან სარტყელში არსებული ობიექტების რაოდენობის უკეთ გამოთვლაში დაგვეხმარება. მიიჩნევა, რომ ამ რეგიონში 1 მილიონზე მეტი სხეული მოძრაობს, უკანასკნელი 1000 კი მათ შორის შეჯახებების შედეგად წარმოქმნილი ფრაგმენტები უნდა იყოს.
ჰაბლის სურათებზე ასტეროიდთა კვალი გამრუდებულია, რადგან ორბიტაზე გადაადგილებისას ტელესკოპი პოზიციას იცვლის. ამ ხაზებს სპეციალისტებმა ხანგრძლივი დაყოვნებით გადაღებული კადრების შეერთების გზით მიაგნეს.
"ასტეროიდთა მდებარეობა დროთა განმავლობაში იცვლება, შესაბამისად, მხოლოდ კოორდინატების შეყვანით მათ ვერ დააფიქსირებ, რადგან შესაძლოა, სხვადასხვა პერიოდში ისინი იქ აღარ დაგხვდეს. ასტრონომებს საკმარისი დრო არ გვაქვს, რომ ასტეროიდთა ყველა გამოსახულება ვნახოთ", — ამბობენ მეცნიერები.
სწორედ ამიტომ, მათ ბოლო ორი დეკადის განმავლობაში ჰაბლის მიერ გადაღებული 37 000-ზე მეტი კადრი შეარჩიეს და 4 ნაწილად გაყვეს. შემდეგ ათასობით მოხალისეს კვლევაში ჩართვა სთხოვეს, რათა ასტეროიდთა კვალი დაეფიქსირებინათ. საბოლოოდ, 1701 ამგვარი ნაკვალევი გამოვლინდა, რომელთაგანაც 1031 აქამდე უცნობ ასტეროიდს ეკუთვნოდა. ასევე, მიაგნეს 45 ობიექტს, რომლებიც შესაძლოა, კომეტები იყოს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astronomy and Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები