მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
მიწისქვეშ, მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში, ალმასის წარმოქმნას მილიარდობით წელი სჭირდება. ამის მიუხედავად, მსგავსი ხელოვნური მინერალის შექმნა ბევრად მცირე დროს მოითხოვს. მაგალითად, ახლახან მეცნიერებმა ეს სულ რაღაც 150 წუთში შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ მათ რამდენიმეკვირიანი შეკუმშვის პროცესი აიცილეს თავიდან, მაგრამ მაღალი ტემპერატურა მაინც დასჭირდათ, კერძოდ 1 025°C. საექსპერიმენტო გარემოში ატმოსფერული წნევა მხოლოდ 1 ატმ-ს უდრიდა (101325 პასკალი). ესაა წნევა, რომელსაც ზღვის დონეზე ვგრძნობთ. სპეციალისტები ამბობენ, რომ მათმა მეთოდმა შესაძლოა, ხელოვნური ალმასების წარმოება შეცვალოს.
მინერალის შესაქმნელად მეცნიერებმა ნახშირბადი თხევად მეტალში გახსნეს, რაც სიახლე არაა. მაგალითად, კომპანია General Electric-მა მსგავსი ტექნოლოგია ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ დანერგა, მაგრამ მსგავსი პროცესებისთვის მაინც 5-6 გიგაპასკალი წნევა იყო აუცილებელი. ასევე, თავად ალმასის "თესლი", რომელსაც ნახშირბადი მიუერთდებოდა.
უკანასკნელ შედეგს კი შედარებით ნაკლები ტემპერატურისა და წნევის პირობებში მიაღწიეს. ამისთვის მათ გალიუმის, რკინის, ნიკელისა და სილიციუმის თხევადი შენადნობი გამოიყენეს. გრაფიტის შიგნით ვაკუუმ სისტემა მოათავსეს, რათა მეტალები ძალიან სწრაფად გაეცხელებინათ და შემდეგ გაეგრილებინათ, სანამ ისინი მეთანთან და წყალბადთან ურთიერთქმედებდა.
ამ გარემოში მეთანში არსებული ატომები თხევად ლითონში გავრცელდა და ალმასის "თესლების" როლი შეასრულა. 15 წუთში ამ მასაში, ზედაპირთან ახლოს, კრისტალების პატარა ფრაგმენტებმა თავი იჩინა. 2 საათსა და 30 წუთში მეცნიერებმა უკვე ალმასის უწყვეტი შრე მიიღეს.
მართალია, რამდენიმე ასეულ ნანომეტრ სიღრმეში ნახშირბადის კონცენტრაცია შემცირდა, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ამის გამოსწორება შესაძლებელია. მათი თქმით, გამოსავალი უფრო დიდი ზედაპირის გამოყენება, გამაცხელებელი ელემენტების კონფიგურაცია და ნახშირბადის სხვაგვარად განაწილებაა.
ავტორებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ შემუშავებულ მეთოდს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები