ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
სოციალურ ქსელში პოსტებზე, კომენტარებსა და რეაქციებზე დაყრდნობით საზოგადოებრივ აზრზე ვიქმნით წარმოდგენას. რა ხდება მაშინ, როდესაც ამ ყველაფრის ავტორები რეალური პიროვნებები არ არიან?
წარმოიდგინეთ აღმოაჩინოთ, რომ, ნაცვლად ვიღაც თქვენთვის ძალიან მომხიბვლელისა, სოციალურ ქსელში თურმე მეგობარი გწერდათ ყალბი პროფილით. "დაგტროლეო", გეტყოდათ, და თავს, ალბათ, მოტყუებულად იგრძნობდით. ვინ იცის, იქნებ ცხოვრების დანარჩენი ასპექტების რეალურობაც დაგეყენებინათ ეჭვქვეშ.
ეს უსაფუძვლო ნამდვილად არ იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტსივრცეში. ხშირად დასტურდება, რომ ყველაფერი, რასაც სოციალურ ქსელში ვხედავთ, რეალობას შეიძლება სულაც არ ასახავდეს: პოსტების შინაარსითა და ვიზუალებით დაწყებული, იმით დამთავრებული, თუ რა შთაბეჭდილებასაც ესენი გვიქმნის მოვლენების შესახებ.
"ტროლაობა" საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა — ზოგი პროფილი გაყალბებულია, ანუ მას ის ადამიანი სულაც არ მართავს, რომელიც ჩვენ გვგონია. ზემოთ მოყვანილი მაგალითისგან განსხვავებით, ამან ბევრად სერიოზული გავლენა შეიძლება იქონიოს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე, საზოგადოებრივი აზრის ჩვენეული აღქმა იქნება ეს თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. თავისთავად, ბოლოს არც არავინ გვეტყვის, "დაგტროლეო".
ამას კონკრეტული პირები თუ დაჯგუფებები ტროლებისა და ბოტების გამოყენებით აკეთებენ; იმას, თუ როგორ, ანი ქისტაური, მედიის განვითარების ფონდის (MDF) მკვლევარი, მოგვიყვება. ანი მედიაგარემოს აქტიურად ადევნებს თვალს და მითების დეტექტორის საქმიანობაში შეაქვს წვლილი. რაც მთავარია, იგი ყალბი ანგარიშების ამოცნობასაც გვასწავლის.
რა არის ბოტი სოციალურ ქსელში, როგორ იქმნება და რა მიზნებით იყენებენ?
ბოტი არის ავტომატიზებული პროგრამა, რომელიც ასრულებს კონკრეტულ დავალებას, როგორიცაა, მაგალითად, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკრეტული შინაარსის განთავსება ან ინფორმაციის შეგროვება.
თუმცა არსებობენ "პოლიტიკური ბოტებიც", რომელთაც რეალური პიროვნების პროფილებთან მიმსგავსებული მახასიათებლები აქვთ და სხვადასხვა, მათ შორის, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ონლაინ დისკურსის მანიპულირების მიზნით მოქმედებენ. ბოტების მართვა ერთგვარი ქსელის სახით ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული მომხმარებელი შესაძლოა დისტანციურად ათეულ ათასობით ავტომატიზებულ ანგარიშს მართავდეს.
პოლიტიკური ბოტები ძირითადად გარკვეული შინაარსის გასავრცელებლად გამოიყენება, რათა კონკრეტულმა მესიჯბოქსმა უფრო დიდ აუდიტორიამდე ხელოვნურად მიაღწიოს და გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე. პოლიტიკური ბოტები მათთვის ხელსაყრელი შინაარსის შემცველ ინფორმაციას აზიარებენ, იწონებენ სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის პოსტებს, აკომენტარებენ მათ პოსტებზე, ცვლიან პოლიტიკურ დისკურსს და საზოგადოების განწყობის დამახინჯებულად წარმოჩენას ცდილობენ.
რა არის ტროლი და რას ემსახურება?
ტროლი არის პიროვნება, რომელიც ონლაინ სივრცეში რეალური იდენტობის მითითების გარეშე მოქმედებს, რათა სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა შორის ჯანსაღ დისკუსიას ხელი შეუშალოს.
არსებობს ტროლების ორი კატეგორია. პირველი, ვინც მეტი დამაჯერებლობის შესაქმნელად სხვა ადამიანის იდენტობას იპარავს, სხვა სახელის და გვარის მქონე ადამიანის ფოტოებს იყენებს თავის პროფილზე და მეორე კატეგორია, რომელიც ნებისმიერ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას მალავს.
ტროლები შესაძლოა მოქმედებდნენ გასართობად, საკუთარი სურვილით, თუმცა ხშირად ისინი კონკრეტული მესიჯებისა და იდეოლოგიის გავრცელებისთვის არიან დაქირავებული და დავალებებს ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებენ. ტროლების მიზანი შეიძლება იყოს პოლიტიკოსების ან სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაცია, ჯანსაღი დისკუსიისთვის ხელის შეშლა, საზოგადოების გახლეჩა და პოლარიზაცია.
ტროლები ხშირად ასრულებენ უცხო ქვეყნების ხელისუფლების დაკვეთებს, რაც, მაგალითად, 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსული ტროლების დაჯგუფების ("ინტერნეტის კვლევის სააგენტოს") ჩარევის შემთხვევაში მოხდა.
ვინ და რა მიზნებით იყენებს ტროლებსა და ბოტებს საქართველოში? ბოლო წლებში ხომ არ შეცვლილა მათი გამოყენების სიხშირე?
ბოტებს საქართველოში ძირითადად სხვადასხვა პოლიტიკოსის ან მედიის მიერ გავრცელებულ პოსტებზე ჩართულობის გაზრდის მიზნით იყენებენ. არაერთხელ შეგვიმჩნევია სხვადასხვა პოსტის რეაქციებში ინდოელი, ბანგლადეშელი, პაკისტანელი, ვიეტნამელი და ა.შ ანგარიშების მობილიზება, რომლებიც, წესით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესებით არ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი.
საქართველოში ერთ-ერთი პირველი ასეთი საჯაროდ ცნობილი შემთხვევა 2018 წელს გამოვლინდა, როდესაც იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის პოსტზე "მოწონებების" რაოდენობა ხელოვნურად, სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული მომხმარებლების ხარჯზე, გაიზარდა.
რაც შეეხება ტროლებს, მათ გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან წლებია ხდება. ყოველთვის, როცა ხელისუფლება კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და მის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღაა აგორებული, სოციალურ ქსელში შესამჩნევია ყალბი ანგარიშების გააქტიურება, რომლებიც ცდილობენ შექმნან სრულიად სხვა რეალობა, რომელშიც ხელისუფლების ნებისმიერი ქმედების გამართლება და ოპონენტების დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ტროლები ცდილობენ შექმნან ილუზია, რომ უმრავლესობას წარმოადგენენ და ცდილობენ გააბათილონ ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრება.
პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების დისკრედიტაცია. ყალბი ანგარიშების ნაწილი დისკურსის სრულიად შეცვლასა და ისრების წარსულ მოვლენებზე გადატანას ცდილობს. ტროლების მიზანი დისკუსიისთვის ხელის შეშლა და საღი აზრის ჩახშობაა — როდესაც ადამიანი ხედავს, რომ "უმრავლესობა" მისგან განსხვავებულად ფიქრობს, აღარ უჩნდება აზრის დაფიქსირების სურვილი. გარიყვისა და იზოლაციის შიშით იქმნება ერთგვარი "დუმილის სპირალი".
ტროლები ხშირად კოორდინირებულად მოქმედებენ, მართავენ უზარმაზარ ჯგუფებსა და გვერდებს, მუშაობენ ერთობლივად რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ. კოორდინირებული, არაავთენტური ქცევა ფეისბუკის პოლიტიკას ეწინააღმდეგება და ასეთი ქცევის აღმოჩენის შემთხვევაში იშლება მასში ჩართული ანგარიშები.
ჩვენ ვიცით, რომ ფეისბუკმა ბოლო წლებში ასობით ანგარიში, გვერდი და ჯგუფი წაშალა, რომელთა ნაწილი დაკავშირებული იყო "ქართულ ოცნებასთან". გამოდის, რომ ასეთი შემთხვევების შემდეგ, დაინტერესებულ ჯგუფებს თავიდან უწევთ ყალბი ანგარიშების შექმნა, მეგობრების დამატება, სოციალურ ქსელში "ნდობის მოპოვება", რაც, გარდა იმისა, რომ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ასევე ფეისბუკის გამკაცრებული რეგულაციების პირობებში უკვე დიდ სირთულეს უკავშირდება.
გარდა ამისა, ბოლო თვეებში შესამჩნევია საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების მობილიზება ხელისუფლების ქმედებების ლეგიტიმაციის მიზნით, რაც, შეიძლება ითქვას, რომ ყალბი ანგარიშების შრომას ამსუბუქებს და ზოგიერთ შემთხვევაში ანაცვლებს კიდეც.
როგორ ამოვიცნოთ ტროლები
რა ნიშნები მეტყველებს იმაზე, რომ ანგარიში რეალურ პიროვნებას არ ეკუთვნის?
კომენტარების წერის მანერა
პირველ რიგში, ვაკვირდებით კომენტარებს, რომლებსაც საეჭვო ანგარიშები წერენ, რამდენადაც მათი კომენტარების დიდი ნაწილი კონტექსტიდან ამოვარდნილია, ვრცელია ან პირიქით, შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე სიტყვას, მოწოდებას. ყალბი ანგარიშები ხშირად დისკურსის სრულიად შეცვლასაც ცდილობენ იმ დროისთვის არარელევანტური თემების წინ წამოწევით. ტროლები ხშირად აგრესიულები არიან და ცდილობენ ხელისუფლების ოპონენტების, სამოქალაქო აქტივისტების, პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაციას. ამასთანავე, შესაძლოა ისინი იწონებდნენ ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და ხოტბას ასხამდნენ მთავრობის წარმომადგენლებს.
პროფილის თავისებურებები
შემდეგი ეტაპი არის პოტენციური ტროლის პროფილის ანალიზი. პირველ რიგში, ვიკვლევთ "ჩემს შესახებ" (About Me) სექციას, სადაც ტროლებს, როგორც წესი, მწირი პერსონალური ინფორმაცია აქვთ მოცემული. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ტროლს სანდოობის შესაქმნელად დიდი შრომა ჰქონდეს გაწეული და მის პროფილზე მითითებული იყოს სამუშაო ადგილი, უნივერსიტეტი და საცხოვრებელი მისამართიც.
ხშირად ტროლებს პროფილის ბმულში სხვა დასახელება აქვთ მითითებული, რაც შესაძლოა მათ რეალურ ან დამატებით სხვა იდენტობაზე მიანიშნებდეს. ამიტომ აუცილებელია კარგად დავაკვირდეთ მათი პროფილის URL ბმულს.
ფოტოები და ვიდეოები
შემდეგ ვათვალიერებთ ანგარიშის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებს. ტროლის პროფილზე იშვიათად გვხვდება პერსონალური ფოტოები, საპირისპირო შემთხვევაში კი, ვაკვირდებით, ვის აქვს ეს ფოტოები მოწონებული, ვინ არიან ამ ფოტოებზე კომენტარების ავტორები, იქმნება თუ არა შთაბეჭდილება, რომ კომენტარის ავტორები ფოტოზე ასახულ ადამიანს იცნობენ. თუ ფოტოს ავთენტურობა საეჭვოდ მოგვეჩვენა, ფოტოების საძიებო ინსტრუმენტებს მივმართავთ, რაც გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ ვის ფოტოებს შეიძლება იყენებს ეს კონკრეტული პროფილი.
ასევე იხილეთ: 5 ინსტრუმენტი, რომლებიც ინფორმაციის გადამოწმებაში დაგეხმარება
სიახლეების ველი
ასევე, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ სავარაუდო ყალბი ანგარიშის სიახლეების ველში განთავსებულ მასალებს, უნდა დავაკვირდეთ ანგარიშის მიერ გაზიარებულ კონტენტს, ფოტოებს, ვიდეოებს. ტროლები ძირითადად იმ კონკრეტული იდეოლოგიისა და გზავნილის შემცველ სტატუსებს აქვეყნებენ, რომელთა მხარდასაჭერადაც მოქმედებენ.
მოწონებების ველი
აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ასევე მოწონებების ველიც. ხშირად ყალბ ანგარიშებს ერთმანეთის მიყოლებით აქვთ მოწონებული იმ პოლიტიკურ პარტიასა და ორგანიზაციასთან დაკავშირებული გვერდები, ვისი დავალებითაც მოქმედებენ. გარდა ამისა, ტროლები კოორდინირებულად მოქმედებენ, აზიარებენ ერთსა და იმავე პოსტებს, წერენ იდენტურ კომენტარებს, უფრო მეტიც, ზოგჯერ ისინი ერთმანეთთან ინტერაქციაშიც შედიან, უწონებენ და უკომენტარებენ ერთმანეთს პოსტებს.
როგორ არჩევთ ტროლებსა და ნამდვილ ანგარიშებს ერთმანეთისგან?
მხოლოდ პირადი ინფორმაციის ნაკლებობა ან პირადი ფოტოების არარსებობა, პროფილის ბმულში განსხვავებული სახელწოდება ან სახელი "Tamo Tamo" არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ესა თუ ის ანგარიში ყალბია, რამდენადაც სოციალური ქსელის ძალიან ბევრი მომხმარებელი არ თვლის საჭიროდ, რომ პირადი ინფორმაცია გააზიაროს.
იმისთვის, რომ კონკრეტულ ანგარიშს "ტროლის" კატეგორია მივანიჭოთ, ზემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან თითქმის ყველა ერთდროულად უნდა სრულდებოდეს. ეს პროცესი შედარებით იმ შემთხვევაში მარტივდება, თუ ანგარიშს მითითებული აქვს სახელი და გვარი, მაგრამ სხვა ან იმავე სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ადამიანის ფოტოებს იპარავს.
ასეთ დროს გამოდის, რომ ეს ანგარიში მალავს თავის რეალურ იდენტობას და სხვის სახეს, სახელსა და გვარს ამოფარებული კონკრეტული მესიჯების გავრცელებას ემსახურება.
შეგიძლიათ, დამატებით ურჩიოთ სოციალური ქსელის მომხმარებლებს რამე, რაც ყალბი ანგარიშების ამოცნობაში დაგვეხმარება.
უმეტესწილად ტროლებს ბევრი მეგობარი არ ჰყავთ, თუმცა შესაძლოა შევხვდეთ ისეთ ყალბ ანგარიშებსაც, რომელთაც, პირიქით — ათასობით მეგობარი ჰყავთ. თუ ტროლების მეგობრების სიაში უცხოელები ჭარბობენ, ხოლო ადგილობრივები მწირად ან საერთოდ არ არიან წარმოდგენილი, სავარაუდოდ, ყალბ პროფილთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთი საინტერესო ნიშანი არის ის, რომ ხშირად ყალბი ანგარიშის მეგობრების სიაში არ გვხვდებიან იმ გვარის მქონე ადამიანები, რომელიც თავად ამ ანგარიშს აქვს.
კომენტარები