ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქირურგებმა ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის გენმოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს. ეს ცოცხალი პაციენტის სხეულში ცხოველის ამ ორგანოს ტრანსპლანტაციის მეორე შემთხვევაა, ქალისაში კი — პირველი.
ასევე, იხილეთ: ისტორიაში პირველად, ღორის თირკმელი ცოცხალ პაციენტს გადაუნერგეს
პროცედურა ნიუ-იორკში მდებარე სამედიცინო ცენტრ NYU Langone Health-ში აპრილში ჩატარდა, პაციენტი კი 54 წლის ლისა პისანოა, რომელსაც გულისა და თირკმლის უკმარისობა აწუხებდა. ექიმების ვარაუდით, ქირურგიული ჩარევის გარეშე ის მხოლოდ რამდენიმე კვირა იცოცხლებდა.
პირველ ეტაპზე მის ორგანიზმში მარცხენა პარკუჭოვანი დამხმარე მოწყობილობა ჩანერგეს, რომელიც გულში სისხლის ნორმალურ მიმოქცევას უწყობს ხელს. რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ღორის გენმოდიფიცირებული თირკმლის ტრანსპლანტაცია განხორციელდა. ექიმები ამბობენ, რომ ამგვარი კომბინირებული პროცედურა აქამდე არ ჩატარებულა.
ასევე, პაციენტის ორგანიზმში გადაიტანეს იმავე ცხოველის თიმუსიც, ანუ მკერდუკანა ჯირკვალი, რომელიც იმუნურ სისტემას უცხო სხეულის მიღებაში უნდა დაეხმაროს.
"ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა იმისათვის, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოები ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, ვისაც ისინი სჭირდება.
უკანასკნელი ოპერაცია გვაახლოებს შესაძლებლობასთან, რომ აღარ დაიხოცონ იმის ლოდინში, თუ როდის მოკვდება სხვა, რათა თავად გადარჩნენ", — აცხადებს წამყვანი ქირურგი რობერტ მონტგომერი.
სწორედ ის უძღვებოდა 2021 წელს ღორის თირკმლის გადანერგვის პირველ პროცედურასაც, რომლის დროსაც ეს მეთოდი იმ ადამიანზე გამოცადეს, რომლის ტვინიც უკვე მკვდარი იყო. რაც შეეხება პირველ ცოცხალ პაციენტს, ის რიჩარდ სლეიმენია, რომელსაც ოპერაცია მასაჩუსეტსის გენერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
ქსენოტრანსპლანტაცია, რაც სახეობათა შორის ტრანსპლანტაციას გულისხმობს, იმედის მომცემია პაციენტებისთვის, რომელთაც დონორთა ორგანოების მისაღებად ლოდინი წლობით უწევთ. ბევრი მათგანი იქამდე კვდება, სანამ მსგავსი შესაძლებლობა მიეცემა, ამიტომ ღორის სხეულის გენმოდიფიცირებული ნაწილებით მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებაა გვეძლევა.
ერთ-ერთი პირველი ასეთი პაციენტი კი სწორედ ლისა პისანოა. რობერტ მონტგომერის თქმით, ოპერაციიდან ორ კვირაში ის თავს უკვე კარგად გრძნობდა, მისი თირკმელი კი იდეალურად ფუნქციონირებდა.
კომენტარები