როგორ დავეხსენით რუსეთს საუკუნის წინ და რატომ არ გვიშვებს დღემდე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

117 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მხრებიდან მოგვეშორებინა უღელი, რომელიც 1801 წელს პავლე პირველის მანიფესტით დაგვედო. 117 წელი, რომელმაც იარაღით და კალმით ბრძოლაში ჩაიარა. სანამ თავისუფლებისთვის აჯანყებულები რუსულ მუშკეტებს, ქართველ განმანათლებელთა სიტყვები კი ცენზურას ეწირებოდნენ, ეროვნულმა მოძრაობამ ძალა მოიკრიბა და 1918 წელს დამოუკიდებლობა დაიბრუნა. სულ რაღაც 3 წელში რუსეთი ისევ გაგვიბატონდა, ამჯერად 70 წლით. ყოველ ახალ დღეს კრემლი ქართულ თვითმყოფადობასთან ბრძოლას უძღვნიდა, ამის მიუხედავად, საბჭოთა კავშირისგანაც გავთავისუფლდით და სუვერენული სახელმწიფო ვართ. თუმცა, რუსეთი დღემდე ცდილობს, დაგვაბრუნოს იქ, საიდანაც გამოვექეცით — იმპერიაში.

როგორ უღალატა რუსეთმა საუკუნოდ დადებული მეგობრობის პირობას

1783 წლის 24 აგვისტოს ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსულ ციხესიმაგრე გეორგიევსკში თავადმა გარსევან ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელსაც "საუკუნოდ დადებული მეგობრობის პირობა", მეორენაირად გეორგიევსკის ტრაქტატი ერქვა. ტრაქტატით ქართლ-კახეთის მერე ერეკლე მეორე მფარველობას სთხოვდა რუსეთის იმპერატორს გარეშე მტრებთან საბრძოლველად და სანაცვლოდ, ერთგულებას აღუთქვამდა მას. თავის მხრივ რუსეთი მსგავს პირობას დებდა, ქართლ-კახეთს ავტონომიად აღიარებდა.

გეორგიევსკის ტრაქტატი

გეორგიევსკის ტრაქტატი

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

თუმცა, ეს სიტყვები მხოლოდ ფურცლებზე დარჩა და რუსეთმა პირველივე შესაძლებლობისას დაგვაღალატა. ჯერ აღა-მაჰმად-ხანთან დაგვტოვა მარტო, შემდეგ კი თვითონ იქცა დამპყრობლად.

1801 წლებში იმპერატორებმა პავლე I-მა და ალექსანდრე I-მა ორი მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმეს, რუსეთს შეუერთეს და ისიც აღნიშნეს, რომ ეს კეთილი სურვილითა და მზრუნველობით იყო ნაკარნახევი. გადაწყვეტილება, რომელმაც ქართველი ხალხის მომავალი 200-ზე მეტი წელი განსაზღვრა მათ 1802 წლის 12 აპრილს, რუსული ჯარით გარშემორტყმულ სიონის ტაძარში გამოაცხადეს.

ალექსანდრე პირველის მანიფესტი

ალექსანდრე პირველის მანიფესტი

ფოტო: რუსეთის კულტურის სამინისტრო

სისხლიანი პასუხები გათავისუფლების მცდელობებს

1802 წელს ქართველმა თავად-აზნაურებმა პეტიციით მიმართეს იმპერატორს და რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებით აღდგენა მოითხოვეს. უშედეგო მცდელობის შემდეგ მათ აჯანყება დაგეგმეს, მაგრამ ცარისტულმა ჯარებმა ძალების მობილიზებას ხელი შეუშალა. აჯანყება არ შედგა, თუმცა, ამ პოლიტიკურმა გამოსვლამ შემდგომ პროტესტებს დაუდო სათავე.

პირველად აჯანყებამ 1804 წელს მთიულეთში იფეთქა, რაც რუსი სამხედროების არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობით იყო განპირობებული. ისტორიული წყაროები გვიამბობს, რომ სამხედრო გზის მშენებლობისას რუსი ჯარისკაცები მთიულებს ყინვასა და ზვავსაშიშროების დროს ამუშავებდნენ, ამათრახებდნენ და სასიკვდილოდ სცემდნენ, აუპატიურებდნენ ქალებს და უღელში აბამდნენ მათ.

ჩანაწერი 1804 წლის მთიულეთის აჯანყების მიზეზებზე

ჩანაწერი 1804 წლის მთიულეთის აჯანყების მიზეზებზე

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

აჯანყებამ თავის დაცვის მოტივით იფეთქა, მაგრამ მთავარი მიზანი ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენა იყო. ისევ უშედეგოდ. რუსულ ჯარს თითქმის 5 თვე დასჭირდა ამბოხის მოსაგერიებლად. საბოლოოდ, მათ აჯანყება სისხლში ჩაახშეს, მონაწილეები სიკვდილით დასაჯეს, თავადები კი გადაასახლეს.

დროთა განმავლობაში რუსულმა იმპერიამ ძალა იგრძნო, ეშხში შევიდა, დარჩენილი სამეფო-სამთავროებიც გააუქმა, ოლქებად აქცია და ზედ მიაყოლა ქართული ეკლესია და ენაც.

  • 1810 წელს გააუქმეს იმერთის სამეფო;
  • 1811 წელს გააუქმეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია;
  • 1828 წელს გააუქმეს გურიის სამთავრო;
  • 1858 წელს გააუქმეს სვანეთის ანექსია;
  • 1864 წელს გააუქმეს აფხაზეთის სამთავროები;
  • 1867 წელს აფხაზები იძულებით გადაასახლეს თურქეთში (მუჰაჯირობა)
  • 1867 წელს გააუქმეს სამეგრელოს სამთავროს ანექსია;
  • 1881 წელს ქართულ სკოლებში ქართული ენა არასავალდებულოდ გამოცხადდა.

თითოეულ მსგავს გადაწყვეტილებას თან ახლდა აჯანყება, რომელსაც ყოველ ჯერზე სისხლში ახშობდნენ. ლიდერებს კი ასახლებდნენ. მართალია, საპროტესტო აქტები უშედეგოდ სრულდებოდა, თუმცა მათ საფუძველი ჩაუყარეს ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებასა და განვითარებას.

კალამი, როგორც იარაღი

თეგდალეულების ძეგლი

თეგდალეულების ძეგლი

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

როცა უშედეგო ბრძოლებით დასუსტებული თავადაზნაურობა სხვადასხვა ქვეყნებში იყო გახიზნული ან გადასახლებული და რუსეთში იფიქრეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეა საქართველოში საბოლოოდ მოკვდა, სწორედ მაშინ დაიწყო მთავარი ომი, რომელმაც იმპერია ყველაზე მეტად დაასუსტა.

1860-იან წლებში ჩამოყალიბდა ყველაზე დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც იმ დროში "საინფორმაციო ომს" აწარმოებდა. მათ კარგად ესმოდათ, რომ რუსეთის დასამარცხებლად ძალა არ ეყოფოდათ, ამიტომ რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებით, მანკიერებების ჩვენებით დაიწყეს.

თერგდალეულთა პერიოდული გამოცემები

თერგდალეულთა პერიოდული გამოცემები

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

თერგდალეულთა თაობა ბევრ გამოჩენილ სახეს აერთიანებს: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ელენე ყიფიანი, ნინო ინაიშვილი, სერგეი მესხი, იაკობ გოგებაშვილი და არაერთი სხვა.

თერგდალეულებს მარტივი გზა არ გამოუვლიათ, მათ წინააღმდეგ არამხოლოდ ცარიზმი, არამედ ქართული მამათა თაობაც იბრძოდა. თუმცა, დაბრკოლებების მიუხედავად, მათ ანგარიშზეა საადგილმამულო ბანკის და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა და პირველი რესპუბლიკის შექმნისთვის საჭირო საძირკველის ჩაყრა.

ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის. [...]

ერი დავარდნილ, გალახულ არნ. ვრდომილ-კრთომილ. წარხდა, მოისრა ქვეყანაი, რაია აწინა ჩვენი დარჩენა?

ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილებიდან

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ქვეყანაში აქტუალური გახდა არამხოლოდ თერგდალეულთა იდეები, არამედ სოციალისტური ხედვები. ცარიზმის პოლიტიკით შევიწროებულ საქართველოში მარქსისტულმა იდეებმა მარტივად მოიკიდა ფეხი და შეიქმნა ორგანიზაცია მესამე დასი. მესამე დასელებისთვის ილია ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა ხედვები მიუღებელიც კი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ რადიკალურად განსხვავებულმა ორმა ჯგუფმა ქვეყნის დამოუკიდებლობაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

მესამე დასთან ერთად გამოჩნდა ასპარეზზე ნოე ჟორდანია, რომელიც შემდგომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარე გახდა.

ნოე ჟორდანია

ნოე ჟორდანია

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა

მართალია, თერგდალეულთა და მესამედასელების ბრძოლამ მნიშვნელოვნად შეასუსტა ცარიზმის გავლენები საქართველოში. თუმცა, აღსანიშნია ისიც, რომ ამასობაში თავად ცარიზმიც დასუსტდა, თანაც იმდენად, რომ საბოლოოდ დაემხო კიდეც.

სწორედ მაშინ, როცა რუსეთში სოციალისტურმა იდეებმა გაიმარჯვა და ქაოსმა დაისადგურა, საქართველოში დამოუკიდებლობისთვის დაიწყო მზადება. სანამ რუსეთი ამიერკავკასიის გასაკონტროლებლად სპეციალურ ორგანოებს ქმნიდა, საქართველოში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით ეროვნული საბჭო იქმნებოდა.

საქართველო უკვე მოსული ამ დღეებამდე, უკან აღარ უნდა დაბრუნდეს, სრული და დაყოვნებლივი დამოუკიდებლობა საქართველოსი, მაინც ის ერთადერთი გზაა ხსნისა, რომელიც გამოიყვანს მას უკიდურესი მდგომარეობიდან

გაზეთი საქართველო 1918 წელი

მოვლენების დეტალურ განვითარებასა და საგარეო ფაქტორების მნიშვნელობაზე შეგიძლიათ ჩვენს სტატიაში წაიკითხოთ, ახლა კი იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, როგორ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა.

1918 წლის 26 მაისს, ქალაქ ტფილისში გოლოვინის პროსპექტზე, მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თბილისში, რუსთაველის გამზირზე) ეროვნული საბჭოს კრება გაიმართა. ნაშუადღევს 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიამ დამოუკიდებლობის აქტის კითხვა დაასრულა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პირველი ვარიანტი, რომელსაც საბჭოს სხდომაზე მოაწერეს ხელი

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პირველი ვარიანტი, რომელსაც საბჭოს სხდომაზე მოაწერეს ხელი

ფოტო: ეროვნული არქივი

დამოუკიდებლობის გამოცხადებას სკეპტიკურად უყურებდა რუსული გავლენების ქვეშ მოქცეული პრესა, თუმცა პროპაგანდის სუსტი ტალღა ეროვნულმა გამოცემებმა გადაფარეს, რომლებიც ღიად ზეიმობდნენ 117-წლიანი ბატონობისგან გათავისუფლებას.

"გაუმარჯოს საქართველოს გაუმარჯოს ქართველ ერს! საქართველოს ყოველი ნაწილი, ქართველი ერის ყოველი საზოგადოებრივი წრე, ჯგუფი ქედს მოიხრის საქართველოს აღდგენილი თვისუფლების წინაშე", — წერდა გაზეთი საქართველო.

ასე დავეხსენით პირველად რუსეთს.

პირველმა რესპუბლიკამ მალევე დაადგინა ქვეყნის დროშა, გერბი და ჰიმნი. შეიმუშავა საგარეო პოლიტიკური კურსი და არაერთი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ქვეყნის დე იურე აღიარებისთვის მიეღწია. პირველი რესპუბლიკა აღიარეს: გერმანიამ, თურქეთმა, საფრანგეთმა, ინგლისმა, შვეიცარიამ, იტალიამ, იაპონიამ და რუსეთმაც კი.

პირველი რესპუბლიკის დროშა, გერბი და ჰიმნი

პირველი რესპუბლიკის დროშა, გერბი და ჰიმნი

ფოტო: ეროვნული არქივი

რუსული მარწუხებისგან გათავისუფლებული ქვეყანა პროევროპულ მომავალს აშენებდა და ბევრ საკითხში უსწრებდა კიდევ ევროპულ სახელმწიფოთა ნაწილს. მაგალითად, მე-19 საუკუნეში, როცა ქალები ჯერ კიდევ იბრძოდნენ ხმის მიცემის უფლებისთვის, ჩვენთან ისინი საყოვლეთაო დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობდნენ და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ხდებოდნენ.

ქვეყანა იბრუნებდა კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცესაც. ქართული თეატრში, რუსული დასის თეატრების ნაცვლად, ქართველ რეჟისორთა და კომპოზიტორთა სპექტაკლები და პიესები იდგმებოდა. სწორედ მაშინ შეიქმნა ქართული სცენის გენია აბესალომ და ეთერიც.

განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა დიპლომატიას. საქართველოს ხშირად სტუმროდნენ დელეგაციები უცხოეთიდან, თუმცა ქართველი პოლიტიკოსებიც ხშირად მოგზაურობდნენ საზღვარგარეთ. ამის შედეგი იყო ისიც, რომ 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ბოლშევიკურ რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა.

საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტი

საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტი

ფოტო: ეროვნული არქივი

და რაც მთავარია პირველ რესპუბლიკაში, არ ივიწყებდნენ მთავარს, დამოუკიდებლობის ფასს, ამიტომ 26 მაისი დღესასწაულად იქცა და ქვეყანაში მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები იმართებოდა.

26 მაისის საზეიმო ღონისძიება

26 მაისის საზეიმო ღონისძიება

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი / On.ge

პირველ რესპუბლიკას ჰქონდა ყველაფერი. უნივერსიტეტი, თეატრი, ეროვნული გვარდია, საღერბო მარკაც კი, მაგრამ არ ჰქონდა მთავარი — კონსტიტუცია, რომელიც შემუშავების პროცესში იყო. სამწუხაროდ, მისი მიღება დაჩქარებული ფორმით მოუხდათ.

სანამ ჩვენს რესპუბლიკაში დემოკრატია შენდებოდა, რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში იმპერიალისტური სული იღვიძებდა და მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დამორჩილების გეგმას სახავდა. 1921 წლის 11 თებერვალს რუსეთმა ტრადიციულად, კიდევ ერთხელ დაარღვია შეთანხმება და მის მიერვე დამოუკიდებლად აღიარებულ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თავს დაესხა.

"საქართველო მოკვდება, მაგრამ ის მტერს არ დანებდება", — ამ სიტყვებით მიმართა ნოე ჟორდანიამ ერს და მათ ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩართული იყვნენ იუნკერებიც, რომელთა უმეტესობა წითელმა არმიამ იმსხვერპლა. იუნკერთა პოზიციებზე პირველი მასირებული შეტევა 19 თებერვალს დაიწყო. ბოლშევიკების იერიშების მიუხედავად, მათ პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.

1921 წლის 17-24 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ათეულობით იუნკერი დაიჭრა და დაიღუპა. იუნკერებთან ერთად დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც ომში მოხალისედ წავიდა. ის საარტილერიო დაბომბვას შეეწირა.

საქართველოს შეიარაღებული ძალები, გენერალ კვინიტაძის სარდლობით თბილისს ერთი კვირის განმავლობაში იცავდნენ.

სანამ ეროვნული გვარდია და იუნკერები წითელი არმიის შეკავებას ახერხებდნენ, თბილისში დაჩქარებული წესით იღებდნენ კონსტიტუციას.

დამფუძნებელმა კრებამ კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს დაამტკიცა. მან მხოლოდ 4 დღე იმოქმედა.

პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია

პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია

ფოტო: ეროვნული არქივი

პირველი კონსტიტუცია დღემდე ითვლება ყველაზე პროგრესულ და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ დოკუმენტად საქართველოს ისტორიაში.

1921 წლის 25 თებერვალს გასაბჭოება დაიწყო და პირველმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა დაკარგა, თუმცა არ დაუკარგავს თვითმყოფადობა და არსებობის 3-წლიანი ისტორიის მიუხედავად, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა საქართველოს პროდასავლური მომავალი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები, სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი, მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი, თოვლს დაეფარა კრწანისის ველი,
წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით — შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

კოლაუ ნადირაძე

დემოკრატიიდან სიწითლემდე

რუსეთში გამოცდილებით იცოდნენ, რომ საქართველო მარცხს მარტივად არ შეეგუებოდა და აჯანყებების მოლოდინი უნდა ჰქონოდათ, ამიტომ თავიდანვე დაიწყეს ძალის დემონსტრირება და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. პირველი ნაბიჯი წითელი არმიის მარში იყო, რომელიც ანექსირებულ თბილისში ჩაატარეს, მოგვიანებით კი ეს ტრადიციადაც აქციეს.

წითელი არმია დღევანდელ თავისუფლების მოედანზე

წითელი არმია დღევანდელ თავისუფლების მოედანზე

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საბჭოთა ხელისუფლებამ მოაშთო ყველაფერი, რაც ქართველებს ეროვნული მიკუთვნებულობის შეგრძნებას გაუჩენდა. მათ გააუქმეს დემოკრატიული რესპბულიკის დროშა და გერბი და წითელი დროშები ააფრიალეს.

საქართველოს ეროვნული დროშისა და გებრის გაუქმების დადგენილება

საქართველოს ეროვნული დროშისა და გებრის გაუქმების დადგენილება

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

შემდგომი ნაბიჯები კი ყველაზე მოქმედი და დამანგრეველი იყო საქართველოსთვის. საბჭოთა ხელისუფლებამ ხალხს მისცა "სხვა მიზანი", რომელიც "ერთობის" და "ქვეყნის წარმატების" იდეაზე იყო დამყარებული, რომლისთვისაც ბრძოლა თითოეული მოქალაქის ვალდებულებად და იდეად იქცა.

ახლა თავისი მოქმედების დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლება მოგმართავთ თქვენ მხურვალე მოწოდებით, რომ თქვენ ქალაქის მუშებთან ერთად მაგრად ჩასჭიდოთ ხელი თქვენს საკუთარ ხელისუფლებას, ე.ი. მუშების და გლეხების საბჭოებს, გაამაგროთ და განამტკიცოთ საბჭოთა ხელისუფლება, ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ ეს ხელისუფლებაა დასაბამი, ერთადერთი წყარო, თქვენი ნამდვილი ბედნიერების

საბჭოთა ხელისუფლების მიმართვა 1921 წელს

საბჭოთა ხელისუფლება სათავისოდ იყენებდა პრესასაც და მოსახლეობას პირდაპირ მოუწოდებდა, შეეზიზღებინა დემოკრატიულად არჩეული და მათი პროპაგანდით "საშიშად" შეფუთული მთავრობა.

დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების საწინააღეგო სტატიები კომუნისტურ გაზეთებში

დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების საწინააღეგო სტატიები კომუნისტურ გაზეთებში

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

"საშიშ ძალად" იყვნენ მიჩნეული ქართველი მწერლებიც.

ქართველი მწერლებისადმი დამოკიდებულება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი კარგად ჩანს ლავრენტი ბერიას სიტყვებში. ჩანაწერი შსს-ს არქივშია დაცული და მათ გამოცემაში გამოქვეყნდა.

"საქართველოს ლიტერატურულ ორგანიზაციებში არსებობდა დაჯგუფებები, რომლებიც ხრწნიდნენ მწერალთა კადრებს და აფერხებდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებას. [...]

ცისფერყანწელთა შემოქმედება წარმოადგენდა დასავლეთ-ევროპულ და რუსულ ბურჟუაზიულ დეკადენტურ ლიტერატურის დაგვიანებულ გამოძახილს. სოციალისტური მშენებლობის წარმატებებისა და ცისფერყანწელების წინააღმდეგ განხორციელებული მძაფრი იდეური ბრძოლის შედეგად ეს ჯგუფი დაიშალა.

თუკი ადრეულ პერიოდში, 1932 წლის აპრილის დადგენილების შემდეგ, ჯგუფ ცისფერყანწელების ზოგიერთ პოეტთა შემოქმედებაში ჭარბობდა უაზრო ლირიკის მოტივები და არ შეეძლოთ თავისი ვიწროლიტერატურული სამყაროდან გამოსვლა, უკანასკნელ ხანებში მათი შემოქმედებითი საქმიანობა უკვე სოციალისტური მშენებლობის თემების დამუშავების კუთხით გაიშალა.

სასურველ შედეგს საბჭოთა რეჟიმმა მიაღწია. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში გარდაიცვალა, მწერლები დახვრიტეს ან გადაასახლეს, მოსახლეობა კი საბოლოოდ გაწითლდა, თანაც იმდენად, რომ საბჭოთა ხელისუფლების ცინიზმით თავსმოხვეული ანექსიის თარიღი, საზეიმო დღესასწაულად იქცა.

საბჭოთა ოკუპაციის აღსანიშნავ "დღესასწაულზე" წითელი არმია ამაყად მოაბიჯებდა თბილისის ქუჩებში იმის შესახსენებლად, თუ ვის მხარეს იყო ძალა. იქვე მოაბიჯებდნენ ქართველი მშრომელებიც.

საბჭოთა ოკუპაციის 15 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი

ფოტო: ლევან თაქთაქიშვილი / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საბჭოთა ბოროტების გვირგვინი 1937 წელს რეპრესიების დროს გამოვლინდა, რომელსაც საფუძველი კომპარტიის მეათე ყრილობაზე ბერიას სიტყვებმა დაუდო:

"ქართველ მწერლებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს შორის არიან ცალკეული პირები, რომლებმაც უნდა გადასინჯონ თავიანთი ურთიერთობა ქარველი ხალხის მტრებთან. [...]

მაგალითად პაოლო იაშვილმა, რომელიც უკვე ასაკით ორმოცს გადაცილებულია, დროა ჭკუა ისწავლოს. [..] ზედმეტი არ იქნება სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავის საქციელს აგრეთვე გამსახურდია, ჯავახიშვილი, მიწიშვილი, შევარდნაძე და კიდევ ზოგიერთები".

ამ სხდომიდან მეორე დღეს ნიკოლოზ მიწიშვილი დააპატიმრეს და იძულებითი აღიარებითი ჩვენება დააწერინეს, რომლითაც ქართველი მწერლები ფაშისტურ საქმიანობაში დაადანაშაულა. მიწიშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი დააპატიმრეს, ფსიქოლოგიურ ტერორში მყოფმა პაოლო იაშვილმა კი თავი მოიკლა, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ პროვოკაციად მონათლა.

ასე მიწვდნენ სხვა ათეულობით მწერალსაც. დახვრეტის შემდეგ რესპუბლიკებში იკრძალებოდა მათი შემოქმედება. მოგვიანებით კი თავად საბჭოთა ხელისუფლებამ აღიარა, რომ მიწიშვილის, იაშვილის და ჯავახიშვილის საქმეებში ხარვეზები იყო დაშვებული და მათი "რეაბილიტაცია" სცადეს. სსრკ-ში ისევ დაუშვეს მათი შემოქმედება.

ფოტო: კადრი შსს-ს გამოცემიდან "საარქივო მოამბე"

საბჭოთა კავშირი რომ ყველაფერ ქართულს ებრძოდა, ეს სტალინის გარდაცვალების შემდეგ, დესტალინიზაციის პროცესშიც გამოჩნდა. ნიკიტა ხრუშოვის განცხადებებმა და კომპარტიის მეოცე ყრილობის დადგენილებამ "პიროვნების კულტის" საფრთხეების შესახებ საქართველოში მღელვარება გამოიწვია. 1956 წლის მარტში ამის გამო მიტინგები დაიწყო, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ტრადიციულად, სისხლში ჩაახშო.

შსს-ს არქივში დაცული სსრკ-ს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მოკლეს 25 ადამიანი. მათ შორის ყველაზე უმცროსი 15 წლის იყო, უფროსი — 30. გარდაცვლილთა უმეტესობა მოსწავლე და სტუდენტი იყო. უწყების საარქივო გამოცემაში წერია, რომ ამ ადამიანების გარდა, საქმეებში არის სიები იმ დაღუპულების შესახებაც, რომელთა ვინაობის დადგენაც ვერ მოხერხდა.

დემონსტრანტები სტალინის ძეგლთან

დემონსტრანტები სტალინის ძეგლთან

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა / შსს-ს არქივი

საბჭოთა ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ შეკრებილები თავს ესხმოდნენ პოლიციელებსა და ჯარისკაცებს და ცდილობდნენ შტურმით აეღოთ რესპუბლიკის დაწესებულებები, თუმცა, სხვანაირად შემორჩა ეს მოვლენები თვითმხილველების მოგონებებში.

"2 საათამდე მონუმენტიდან მესმოდა სიმღერები, ლაპარაკი. ყველაფერი ეს გრძელდებოდა 2 საათამდე. 2 5 საათზე გავიგონე ავტომატის სროლის ხმა, ამ სროლის შემდეგ გავიდა 5 წუთი, რომ მომესმა ვაჟის კვნესა და ლაპარაკი. გავიხედე ფანჯრიდან, დავინახე ახალგაზრდა ვაჟი კედელს ეყრდნობოდა და ამბობდა მიშველეთ, ქართველები არა ხართ, დაჭრილი ვარ", — წერდა განმარტებით ბარათში ციალა ბაბმულოვა. წერილი შსს-ს საარქივო გამოცემაში გამოქვეყნდა.

9 მარტის აქციის დასარბევად გამოსული ჯარი / ტრაგედიის დროს დაღუპულებისა და სტალინისადმი მიძღვნილი ლექსი

9 მარტის აქციის დასარბევად გამოსული ჯარი / ტრაგედიის დროს დაღუპულებისა და სტალინისადმი მიძღვნილი ლექსი

ფოტო: შსს-ს არქივი / ეროვნული ბიბლიოთეკა

"ჩემს გვერდზე მდგომ ხალხს მოუტრიალეს კონდახი, ურტყეს და ურტყეს. ზოგს თავი გაუტეხეს, ზოგს მკლავი დაუჟეჟეს. ამ დარტყმას როდი დაკმაყოფილდნენ მარტო პირდაპირ ხიშტებით ავიწროვებდნენ ხალხს და იძახდნენ: "ქართველო ძაღლებო", "ღორებო", "ესეც თქვენ, ესეც თქვენ" და თან კონდახებით ურტყავდნენ თავში.

ახალგაზრდები ყველა იმას გაიძახოდა ადგილზეც რომ მოგვკლან ხელით არ შეეხოთ, წინააღმდეგობა არ გაუწიოთ და მე ჩემი თვალით ვუყურებდი ახალგაზრდებს, ასეთ უხეშ მოქცევას ჯიბეში ხელჩაწყობილი ზოგი მათგანი უცენზურო სიტყვებით პასუხობდა და ზოგი კი ეუბნებოდა: "ჩვენ თქვენი ძმები ვართ, რატომ გვცემ, რა დაგიშავეთ" — იხსენებს თვითმხილველი, რომელიც აქციაზე შემთხვევით მოხდა და ჩანაწერების მიხედვით, პროტესტის მონაწილეთა სულისკვეთებას არ იზიარებდა.

საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლიანი სახე ვეღარ დამალა. 9 მარტიის აქციის სასტიკი დარბევიდან რამდენიმე დღეში თბილისში ანტისაბჭოური პროკლამაციები გამოჩნდა.

"ქართველებო! ხომ არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი, ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ?

ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი. დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება, დროა შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად. [...]

ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა! ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები! გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!

მეორე დღეს 11 მოსწავლე დააკავეს და ზვიად გამსახურდია მათ ლიდერად გამოაცხადეს. თითოეულს 3-5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა პირობითით გაათავისუფლეს, რადგან მანამდე სხვა "დესტრუქციულ" ქმედებაში არ იყვნენ შემჩნეული.

სინამდვილეში კი ეს დისიდენტური მოძრაობის საფუძველი იყო ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ხელმძღვანელობით.

დისიდენტური მოძრაობის წინააღმდეგ განსაკუთრებული ტაქტიკა შეიმუშავა ნიკიტა ხრუშოვმა. მან ყველა, ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამდა საბჭოთა წყობის გამო, ფსიქიკურად დაავადებულად შერაცხა. დაიწყო ეროვნული მოძრაობის წევრების მორიგი დევნა.

1956 წლის 9 მარტის მოვლენები საბჭოთა ხელისუფლებამ მოგვიანებით დასჯის მაგალითადაც გამოიყენა, როცა 1978 წელს ქართული ენისთვის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლა განიზრახა და საპროტესტო აქციები გამოიწვია. ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც მაშინ კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო 14 აპრილის საპროტესტო აქციებზე შეკრებილებს სწორედ ის მოვლენები გაახსენა და სიმშივდისკენ მოუწოდა. თუმცა, ეს ბრძოლა ქართველებმა მოიგეს და ქართულ ენას სტატუსი შეუნარჩუნდა.

80-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირი სულ უფრო სუსტდებოდა. ეკონომიკური კრიზისის გამო მოსკოვს უჭირდა კონტროლის შენარჩუნება სსრკ-ში შემავალ რესპუბლიკებზე, რაც ცხადია, საპროტესტო მუხტის გასაძლიერებლად კარგი პირობა იყო. სწორედ მაშინ დაიწყო გადამწყვეტი "ბრძოლა"

1989 წლის 4 აპრილს, მას შემდეგ, რაც აფხაზეთში დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოყოფის იდეა გაჟღერდა, თბილისში საპროტესტო მიტინგები დაიწყო, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. 5 დღის განმავლობაში მოშიმშილე მოსწავლეები, სტუდენტები და ეროვნული მოძრაობის ლიდერები რუსთაველის გამზირზე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და თავისუფლებას ითხოვდნენ.

1989 წლის აპრილის საპროტესტო აქცია

1989 წლის აპრილის საპროტესტო აქცია

ფოტო: გივი ნახუცრიშვილი/ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს "ანტისაზოგადოებრივ, მოხულიგნო" ელემენტებს უწოდებდნენ. აქციას კი აფასებდნენ, როგორც "ექსტაზში შესულ მეხუთე-მეექვსე კლასელთა გაუთავებელს სვლას მათთვის გაუგებარი ლოზუნგებითა და შეძახილებით". საბჭოთა რედაქციები ნიღბავდნენ იმ ფაქტს, რომ შეკრებილები დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. გაზეთებში მხოლოდ იმის ამოკითხვა შეიძლებოდა, რომ მიტინგზე იყენებდნენ "ზოგიერთ ანტისაბჭოურ ლოზუნგს". მრავლად იყო მოწოდებები იმაზე, რომ ხალხს "ზომიერება და სიდინჯე" მართებს.

1989 წლის აპრილის საპროტესტო აქცია

1989 წლის აპრილის საპროტესტო აქცია

ფოტო: გივი ნახუცრიშვილი/ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საბჭოთა ხელისუფლება მოთმენას არ აპირებდა, ამიტომ სადამსჯელო ოპერაცია დაგეგმა. 9 აპრილს 11-ის 15 წუთზე მათ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, რომელიც 11 საათზე შედიოდა ძალაში. ქუჩაში ტანკები და წითელი არმია გამოვიდა. რუსთაველზე შეკრებილები ისევ მღეროდნენ, წითელი არმიის გამოჩენისას კი დაიჩოქეს და სანთლებით ხელში ლოცვა დაიწყეს, მაგრამ წითელ არმიისთვის ეს დაბრკოლება არ ყოფილა.

1989 წლის აპრილის საპროტესტო აქცია დაშლის წინ

1989 წლის აპრილის საპროტესტო აქცია დაშლის წინ

ფოტო: ჯემალ კასრაძე / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

გამთენიისას ჯარისკაცებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა დაიწყეს. ბავშვებისა და მოხუცების წინააღმდეგ ისინი იყენებდნენ ნიჩბებს, მომწამლავ ქიმიურ საშუალებებს, ჯავშანტრანსპორტიორებსა და ტანკებს.

საბჭოთა ხელისუფლება ამასაც უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ჯარმა ძალა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას გამოიყენა. თუმცა სხვა რამეს მოწმობს იმ ღამის მოგონებები:

"4 საათზე დაიწყო სამხედროების შემოტევა მომიტინგეებზე. ლენინის მოედნის მხრიდან პირველი წამოვიდნენ სახანძრო მანქანები. მათ მოყვა ტანკები და ბეტეერები. ხალხმა გაატარა ტექნიკა და რუსთაველის პროსპექტი ისევ შეივსო ხალხით. გატარებულმა სამხედრო ტექნიკამ პირველი სკოლის მხრიდან ალყაში მოაქცია მომიტინგეები. პიონერთა სასახლის კედლიდან ისტორიის მუზეუმის კედლამდე ორ მწკრივად ჩადგნენ ხელკეტებით, ნიჩბებით და ფარებით შეიარაღებული სამხედროები. გაიცა ბრძანება და ფარებზე ხელკეტების ბრახუნით (რომ შეექმნათ ხმაურის ეფექტი) მწკრივი მიუახლოვდა მომიტინგეებს და გაჩერდა.

როდესაც ხელკეტები დასცხეს მჯდომარე ბიჭებს, ისინი იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ. სამხედრო მწკვრივი ნელ-ნელა მიიწევდა წინ მოშიმშილეებისკენ. ბეჭი-ბეჭზე მიდებული ვიწრო მწკრივით სამხედროებმა ისე შეკუმშეს ხალხი, რომ მათ შორის ნემსიც არ ჩავარდებოდა. მწკვრივის უკან მაღალი ჩინის ოფიცრების ბრძანებით იქმნებოდა ათეულები. ხელკეტებითა და ნიჩბებით თავგაჩეხილ და გაბრუებულ ადამიანებს, რომლებიც რჩებოდნენ მწკვრივის უკან და ითხოვდნენ შველას, სამხედროების ათეულს გამოყოფილი ჯარისკაცი ნიჩბით ჩეხავდა. სხვები შეკუმშულ ხალხზე "ჩერიომუხას" [მომწამლავი გაზი] ისროდნენ", — იხსენებს სამართალდამცავი.

იმ ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა. გარდაცვლილთა შორის უმეტესობა ქალია.

9 აპრილს დაღუპულები

9 აპრილს დაღუპულები

ფოტო: On.ge

საბჭოთა ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებდა. რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ "უკიდურესი მიმართულების არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებმა" ისარგებლეს სტუდენტებისა და ახალგაზრდების გამოუცდელობით, გამოიყენეს მათი "გულწრფელი ემოციები" და "კატასტროფამდე მიიყვანეს საზოგადოება, მთელი ხალხი, რესპუბლიკა".

ის ავადმოსაგონარი 9 აპრილი არასოდეს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან, ერთად მდგარი სრულიად საქართველო, წკრიალა ხმით ნამღერი "დაუკარით", უჩვეულო აღმაფრენით მროკავი ასულები, მისუსტებული მოშიმშილენი და ლოღვით მომავალი ტანკები, რომლებმაც ვერ დამარცხეს, ვერ დააჩოქეს, ვერ დასცეს საქართველო

გაზეთი ფაქტი, აზრი და კომენტარი. ავტორი: ირინე კუკავა

საქართველოში კომენდანტის საათი გამოცხადდა და ყველა სახის შეკრება აიკრძალა. თუმცა, ამანაც ვერ შეაჩერა მოსახლეობა, რუსთაველზე მისულიყვნენ და გარდაცვლილთა ხსოვნისთვის მიეგოთ პატივი. საბჭოთა ანექსიის შემდეგ რუსთაველი ისევ გაწითლდა, ამჯერად დაღუპულთათვის მიძღვნილი ტიტებით.

სამგლოვიარო მსვლელობა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად

სამგლოვიარო მსვლელობა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად

ფოტო: ია მჭედლიშვილი / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

9 აპრილის ტრაგედიამ დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესი შეუქცევადი გახადა. საბჭოთა ხელისუფლების გავლენა საქართველოში შესუსტდა და რამდენიმე წელში, საბოლოოდ, მოიშალა. ტრაგიკული მოვლენებიდან 3 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

დამოუკიდებლობის აღდგენა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ოფიციალური საფუძველი 1990 წლის 9 მარტს ჩაეყარა, როცა სსრ უზენაესი საბჭოს სესიამ მიიღო დადგენილება "საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ". სესიაზე დაგმეს 1921 წლის გასაბჭოების აქტი და უკანონოდ ცნეს 1922 წლის ხელშეკრულება, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს. მსგავსი სიტუაცია იყო საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც.

მიხეილ გორბაჩოვი იმუქრებოდა, რომ გამოყოფის შემთხვევაში საქართველოს პრობლემები შეექმნებოდა და მუქარას ასრულებდა კიდეც, რადგან აფხაზეთსა და ოსეთში სეპარატისტულმა მიდგომებმა იმატა და კრემლის ხელშეწყობით სამხედრო დაჯგუფებები შეიქმნა.

დაშინებისა და ხელშეშლის მცდელობების მიუხედავად, რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული რეფერენდუმი ჩაატარა, რომლის შედეგებმაც ჩვენი მომავალი გადაწყვიტა.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

"თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?" — 1991 წლის 31 მარტს რესპუბლიკის მოსახლეობის 98%-მა ამ კითხვას დადებითი პასუხი გასცა.

აშშ-ის კონგრესმა იმავე დღეს ლეგიტიმურად ცნო რეფერენდუმის შედეგები. ამავე წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოიცა.

საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში

1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

70-წლიანი ნანატრი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის მარტივი არ აღმოჩნდა. სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, ქვეყნის პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი დაემატა, რომელიც სამხედრო გადატრიალებაში და სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ამას მოყვა მხედრიონის თარეში და მოქალაქეთა დატერორება. ისედაც სუსტი ქვეყანა, უფრო დასუსტდა.

გამსახურდია ქვეყნიდან გაიქცა, შემდეგ დაბრუნდა, დევნილი მთავრობა აღადგინა და მოგვიანებით მოკლული იპოვეს.

მომდევნო პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გახდა. შემდეგ იყო — აფხაზეთის ომი, სოხუმის დაცემა, ახალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აგვისტოს ომი. შედეგად, დღევანდელ რეალობაში დამოუკიდებელი ქვეყანა ორი ოკუპირებული რეგიონით ვცხოვრობთ.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ომების, დამატებით დეტალებზე აღარ ვისაუბრებთ. საკმარისი იმის ცოდნაც, რომ ორივე რეგიონში რუსული სამხედრო ბაზებია და ორივეგან ე.წ. საზღვრებია დაწესებული, რომელსაც რუსული სამხედროები აკონტროლებენ.

რა ხდება დღეს

საოკუპაციო ხაზი

საოკუპაციო ხაზი

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

თითქოს ჩვენი ისტორიის ცოდნა საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთთან "მეგობრობის" მახეში კიდევ ერთხელ არ გავეხვეთ, თუმცა რუსეთი ფარ-ხმალს არ ყრის და დიდ რესურსებს ხარჯავს საქართველოსა თუ სხვა მეზობელ ქვეყნებში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად.

იმის მიუხედავად, გვესმის თუ არა ტყვიების ზუზუნი, ჩვენ ამ წამსაც რუსეთთან ომში ვართ ჩაბმულები — ჰიბრიდულ ომში. ჰიბრიდულ ომს უწოდებენ სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო საშუალებებისა და კონვენციური, არარეგულარული (პარტიზანული და ასიმეტრიული), ტერორიზმის, კრიმინალური და კიბერ ბრძოლის მეთოდების ერთობლივ, კოორდინირებულ, ღია და ფარულ გამოყენებას.

კრემლი ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში და საკუთარი გამოცემებითა თუ "პოლიტიკური სუბიექტებით" ცდილობს, საქართველოს პარტნიორები ჩამოაშოროს და ის მარტო დატოვოს აგრესიის წინაშე. რუსული იდეების ფეხის მოსაკიდებლად, ქვეყანაში ხან უკვდავი პოლკი რეგისტრირდება, ხან ერთმორწმუნეობის ეგიდით, კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი გვსტუმრობს.

პარალელურად კი ბორდერიზაციის პროცესი არ წყდება, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლესა და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის.

ფოტო: სალომე ზურაბიშვილი / Facebook

სულ რამდენიმე სახელიც კმარა იმის წარმოსაჩენად, რომ რუსული ოკუპაცია არ დასრულებულა: დათა ვანიშვილი, გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი, ვაჟა გაფრინდაშვილი.

ბოლო ათწლეულებში განვითარებულ მოვლენებს ნაკლები დრო დავუთმეთ, რადგან მათი უმეტესობა დღემდე ცოცხლობს გონებაში, განსხვავებით საბჭოთა კავშირის ბოროტებისგან, რომელსაც "კარგ ცხოვრებაზე" ზღაპრებით ნიღბავენ. სტატიის მიზანი იყო რამდენიმე ისტორიული ფაქტის გახსენებით გვეჩვენებინა, როგორ ებრძვის რუსეთი ქართულ თვითმყოფადობას და დამოუკიდებლობას და რა გზა გამოვიარეთ გასათავისუფლებლად. რაც შეეხება კითხვას — რატომ არ გვიშვებს კრემლი დღემდე — პასუხის გასაცემად ექსპერტობა და პოლიტოლოგობა არ არის საჭირო, მარტივი მისახვედრია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს იდეასთან თანაცხოვრება თანამედროვე რუსეთს არ შეუძლია.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…