პუტინის გრანტით დაფინანსებული მედიაფორუმი საქართველოში — რუსული ჰიბრიდული ომის კომპონენტი
საქართველოში ჟურნალისტებისთვის ვლადიმერ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული ფორუმი იმართება. 2-დღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ პრორუსული განწყობებით ცნობილი მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მკვლევრები. რუსული დელეგაციიდან 4 ჟურნალისტი უკვე გააბრუნეს მოსკოვში ოკუპაციის კანონის წლების წინ დარღვევის გამო. მათი ნაწილი საქართველოშია და მზად არიან 5 სექტემბრიდან ქართველ ჟურნალისტებს პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ ტრენინგები ჩაუტარონ.
მედიაფორუმს, სახელწოდებით "საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმი", სასტუმრო Vere Palace მასპინძლობს. მსგავსი ფორუმები საქართველოში წლების განმავლობაში ტარდება, რომლის ორგანიზატორებიც პრორუსული განწყობით ცნობილი მედიასაშუალებები არიან: რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი "ჩრდილოეთი-სამხრეთი" (Север-Юг), პრეს-კლუბი "თანამეგობრობა" (содружество) და ქართულენოვანი პრო-რუსული გამოცემა, "საქართველო და მსოფლიო". 2018 წელს ფორუმის მთავარი თემა რეგიონში ნდობის განსამტკიცებლად მედიის როლი იქნება. ღონისძიება რუსეთის საპრეზიდენტო ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.
მედიაფორუმს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან უკვე მოჰყვა პროტესტი და სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" ორგანიზებით აქცია დაიგეგმა. აქცია-პერფორმანსი ვერე პალასთან ფორუმის გახნის პარალელურად, 10:00 საათზე გაიმართება.
მედიის განვითარების ფონდის (MDF) მკვლევარი, სოფო გელავა ფიქრობს, რომ აღნიშნული ფორუმი ცალკე მდგომი აქტივობა არ არის და რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ კომპონენტად უნდა განვიხილოთ.
"ზოგადად, რა არის ასეთი "მშვიდობიანი" ღონისძიებების მიზანი? ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ მედიაფორუმით, მსგავსი ჯგუფის აქტივობებია: რუსული ენის შემსწავლელი კურსები, უწყინარ ახალგაზრდულ პროექტში ქართველი მონაწილეების გაგზავნა რუსეთში და სხვა. ეს არის ჰიბრიდული ომის არახისტი, არასამხედრო განზომილება, რომლის შედეგადაც, სამიზნე აუდიტორია რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ, განწყობებს იცვლის, მის მიმართ უფრო მიმღებლური ხდება", — განუცხადა On.ge-ს სოფო გელავამ.
მკვლევრის შეფასებით, პროფესიონალური მედია რუსეთის სახელისუფლებო მედიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში სერიოზულად მონაწილეობას არ მიიღებს, შეიძლება დაესწროს დაკვირვების ან პრობლემის გაშუქების მიზნით.
"ვინც მონაწილეობს, არის პროპაგანდისტული მედია, ისეთი როგორიცაა "საქართველო და მსოფლიო", რომელთა სახეები ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობია", — აცხადებს გელავა.
მკვლევრის აზრს იზიარებს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის დირექტორი, ნატა ძველიშვილი და აცხადებს, რომ პრორუსული მედიაფორუმის ჩატარება საზოგადოებისთვის სიახლე არ არის.
"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში, მასში მონაწილე მედიასაშუალებების რაოდენობა არ გაზრდილა. თუმცა მიხარია, რომ ამჯერად, აღნიშნულ ფორუმს დიდი ყურადღება დაეთმო ადგილობრივი მედიასაშუალებების მხრიდან და ისინი ასეთ შეხვედრებს ნეგატიურ კონტექსტში აშუქებენ", — აცხადებს ნატა ძველიშვილი.
ის ფიქრობს, რომ ნებისმიერი ფორუმი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროპაგანდისტული მედიასაშუალებები მონაწილეობენ, უნდა იყოს მიუღებელი.
"რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად ერთადერთი გამოსავალი ცნობიერების ამაღლებაა. ყველას გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ისეთ შეხვედრებში რომელიც ფინანსდება რუსეთის ბიუჯეტიდან", — აცხადებს ნატა ძველიშვილი.
ჰიბრიდული ომისა და მედიის მკვლევარი — ორივე თანხმდება, რომ სახელმწიფო მსგავს მედიაფორუმებში ძალისმიერი მეთოდებით არ უნდა ჩაერიოს და მხოლოდ კანონდარღვევის დროს უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად.
მათი მოსაზრებით, ხელისუფლება ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს პრორუსი აქტორების მოქმედებას საქართველოში, რომ ჰქონდეს ინფორმაცია მათი ვინაობის, აქტივობების, მიზნებისა და მეთოდების შესახებ, რათა იყოს ყურადღებით და მომზადებული.
კრემლის ორგანიზებულ მედიაფორუმში მონაწილე პირები
მითების დეტექტორმა შეისწავლა მედიაფორუმის მონაწილეების საქმიანობა და გამოაქვეყნა სტატია, სადაც დეტალურადაა საუბარი ფორუმის მონაწილე ტრენერების საქმიანობაზე. სტატიის ნათლად ჩანს, მათი კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან და პრორუსული ნარატივის გაძლიერებისკენ მიმართული აქტივობები.
ფორუმზე მომხსენებელთა თავდაპირველი სია ასე გამოიყურებოდა:
- ალექსეი ვიშნევეცკი — რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე;
- ვიქტორ ლიტოვკინი — იტარ-ტასის სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი;
- გენადი ბორდიუგოვი — რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბორდიუგოვი;
- ალან კასაევი — გაზეთ Северная Осетия -ს მთავარი რედაქტორი ;
- ალექსეი მალაშენკო — МГИМО-ს პროფესორი, პოლიტოლოგი.
ფორუმზე ელოდებიან ტელეკომპანია ცარგრადის აქტიურ მიმომხილველს, დიმიტრი კოსირევს. კოსირევი ფორუმის საპატიო სტუმარია. ის РИА Новости-სა და Россия Сегодня-ს პოლიტიკური მიმომხილველი და პროპაგანდისტული ტელევიზიების ხშირი სტუმარიცაა.
ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, ქართველმა მესაზღვრეებმა დელეგაციის 4 წევრი ქვეყანაში არ შემოუშვეს, მათ შორისაა: ვიქტორ ლიტოვკინი, გენადი ბოდრიუგოვი, ალექსეი ტოკარევი, ალან კასევი.
ალან კასაევი
ალან კასაევი გაზეთ ჩრდილოეთ ოსეთის მთავარი რედაქტორია. 2011 წელს კასაევი ოკუპირებულ ცხინვალში ესწრებოდა ტრენინგს "სამხრეთ ოსეთი რუსულ და სამხრეთ ოსურ მედიაში", რომლის ორგანიზატორიც მედია ცენტრი IRI იყო. IRI-ს 2011 წელს კოკოითის ე.წ. "მთავრობის" ინფორმაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, ირინა გაგლოევა ხელმძღვანელობდა. ტრენინგზე ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მირა ცხოვრებოვამ ცხინვალელი ჟურნალისტების პროფესიონალიზმის ამაღლების საქმეში დახმარება სწორედ ალან კასაევს სთხოვა.
თუ 2011 წელს კასაევი ცხინვალში რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა, 4 სექტემბერს საქართველოში ჩამოსვლით, ის ოკუპაციის შესახებ კანონს დაარღვევდა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან შესვლას კრძალავს.
კასაევი თბილისში კონფერენციაზე მონაწილეობის მიღების მიზნით, 2009 წელსაც იმყოფებოდა. მას თან ახლდა Известия-ს მთავარი რედაქტორი, ვლადიმირ მამონტოვი და ОРТ-ს წამყვანი მაქსიმ შევჩენკო, თუმცა ისინი ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.
ვიქტორ ლიტოვკინი
ვიქტორ ლიტოვკინი გადამდგარი პოლკოვნიკი და ТАСС-ის სამხედრო მიმომხილველია. ლიტოვკინი NATO-სა და საქართველოს ატლანტიკური კურსის შესახებ რუსეთის ხელისუფლების პოზიციებს ახმოვანებს. რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ცნობით, ლიტოვკინი ანტიმაიდანის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს NATO-სკენ გეზს "სტაფილოს გამოკიდებულ ვირს ადარებს".
ТАСС რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოა, რომლის სახელიც საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს. იმ პერიოდში მას საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტო (Tелеграфное агентство Советского Союза) ეწოდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს მას რუსეთის საინფორმაციო სატელეგრაფო სააგენტო (ITAR-TASS) ეწოდა, ხოლო 1994 წელს კვლავ ძველი საბჭოთა სახელწოდება აღიდგინა. ТАСС დღესდღეობით კრემლის ერთ-ერთი პროპაგანდისტული პლატფორმაა.
ალექსეი ტოკარევი
ალექსეი ტოკარევი მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (МГИМО) გლობალური პრობლემების ცენტრის თანამშრომელია. 2016 წელს ტოკარევმა პუბლიკაცია "დონბასის მომავალი: სეცესიის პრობლემებისადმი რუსეთის, საქართველოს და მოლდოვას გამოცდილების შედარებითი ანალიზი" გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში რუსულ ოკუპაციაზე საუბარი არ არის, მეტიც, რუსს სამხედროებს ავტორი მშვიდომისმყოფელებად მოიხსენიებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ ყოფნას სტაბილურობის მთავარ წინაპირობად განიხილავს. თავად ცხინვალის რეგიონს, აფხაზეთსა და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს ტოკარევი დამოუკიდებელ "ქვეყნებს" უწოდებს.
ფორუმის ორგანიზატორები
პოლიტოლოგიური ცენტრი, ჩრდილოეთი-სამხრეთი (Север-Юг)
ცენტრი 2011 წელს შეიქმნა და მისი მთავარი საქმიანობა "პოსტსაბჭოთა სივრცეში ექსპერტული და ახალგაზრდული კომუნიკაციების გაფართოებაა". ცენტრის ორგანიზებით საქართველოში მსგავსი ტიპის მედიაფორუმი არაერთხელ ჩატარდა.
საქართველო და მსოფლიო
ალექსანდრე ჭაჭია მოსკოვში მოღვაწე ქართველი პოლიტოლოგია, რომლის ინტერვიუები რეგულარულად ქვეყნდება ქართულენოვან კრემლისტური ონლაინ-პორტალებზე, საქინფორმი და საქართველო და მსოფლიო (Geworld.ge). ამავე დროს, ჭაჭია შპს "ისტორიული მემკვიდრეობის" საზოგადოებრივი საბჭოს წევრიცაა, რომელიც საქართველო და მსოფლიოს გამოსცემს.
2014 წლის 13 თებერვალს, ალექსანდრე ჭაჭია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "მეგობრობის განმტკიცებისა კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის" ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ბრძანების ტექსტში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ჭაჭია სახალხო მოძრაობა სამეგრელოს თავმჯდომარეა და გამოსცემს ჟურნალს ისტორიული მემკვიდრეობა, ასევე გაზეთებს ილორი და საქართველო და მსოფლიო.
ალექსანდრე ჭაჭია და საქართველო და მსოფლიო ხშირად ფიგურირებენ მედიის განვითარების ფონდის კვლევებში, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის წყარო.
კომენტარები