საუკუნეზე მეტი, ზუსტად 101 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით. რუსეთის 117 წლიანი მმართველობიდან გათავისუფლება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ბრძოლად ღირდა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოვლენაა საზოგადოებას ამ პერიოდზე მწირი ინფორმაცია აქვს. ბევრისთვის უცნობია, როგორ ვითარდებოდა მოვლენები იმ 3 წლის განმავლობაში, როცა ჩვენი წინაპრები დემოკრატიას აშენებდნენ.

იუსტიციის სამინისტრომ და ეროვნულმა არქივმა თავი მოუყარეს საარქივო მასალებს პირველი რესპუბლიკის შესახებ და წიგნად გამოსცეს. სწორედ ამ წიგნზე და არქივის სხვა მონაცემებზე დაყრდნობით ვცადეთ აღგვედგინა და გვეჩვენებინა, თუ როგორ ცხოვრობდა პირველი რესპუბლიკა.

"ურისკოთ არაფერი არ კეთდება"

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ აკაკი ჩხენკელმა საქართველოს ეროვნული საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტს ამიერკავკასიის სეიმის მოლაპარაკებიდან მიწერა და მუწოდა დაუყოვნებლივ გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა.

"ურისკოთ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოთ! საჭიროა გამბედაობა და კიდევ გამბედაობა!" — წერდა ის.

აკაკი ჩხენკელის წერილი ეროვნულ საბჭოსა და აღმასრულებელ კომიტეტს

აკაკი ჩხენკელის წერილი ეროვნულ საბჭოსა და აღმასრულებელ კომიტეტს

ფოტო: ეროვნული არქივი

საბჭომ რჩევა და არსებული ვითარება გაითვალისწინა და დამოუკიდებლობის აქტი გამოსცა, რომელშიც ჩაწერა: "ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა".

ეროვნული საბჭოს პირველი კრების სტენოგრაფიული ჩანაწერი

ეროვნული საბჭოს პირველი კრების სტენოგრაფიული ჩანაწერი

ფოტო: ეროვნული არქივი

იქვე განისაზღვრა, რომ პოლიტიკურ ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკა იქნებოდა და საერთაშორისო ომიანობაში ნეიტრალიტეტს დაიჭერდნენ. ასე დაიწყო სახელმწიფოებრიობის შენება.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პირველი ვარიანტი, რომელსაც საბჭოს სხდომაზე მოაწერეს ხელი

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პირველი ვარიანტი, რომელსაც საბჭოს სხდომაზე მოაწერეს ხელი

ფოტო: ეროვნული არქივი

პირველი ნაბიჯები

პირველ რიგში ეროვნული სიმბოლიკა შეიქმნა. აირჩიეს სამფეროვანი დროშა, რომლის შექმნაზეც იაკობ ნიკოლაძემ და იოსებ შარლემანმა იმუშავეს.

ფოტო: ეროვნული არქივი

დამტკიცდა გერბიც, რომელზეც წმინდა გიორგი და შვიდი მნათობის გამოისახა. წმიდა გიორგის გამოსახვის წესები მხატვრებმა, დიმიტრი შევარდნაძემ და დავით კაკაბაძემ შეიმუშავეს. გერბის ესკიზი, დროშის მსგავსად, იოსებ შარლემანმა დახატა.

ფოტო: ეროვნული არქივი

მალევე, კოტე ფოცხვერაშვილმა საქართველოს "დიდება" მიუძღვნა. ასე დამტკიცდა საქართველოს ჰიმნი.

ფოტო: ეროვნული არქივი

საქართველოს მოსახლეობამ ნანატრი დამოუკიდებლობა დიდი სახალხო ზეიმით აღნიშნა. ცეკვებმა, ფლეშმობებმა, სპორტული აქტივობებმა და მსვლელობებმა მთელი დედაქალაქი მოიცვა.

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი / On.ge

26 მაისის საზეიმო ღონისძიება

26 მაისის საზეიმო ღონისძიება

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი / On.ge

არჩევნები

საქართველომ არამხოლოდ დამოუკიდებლობა, არამედ არჩევანის თავისუფლებაც დაიბრუნა. ამიტომ, ეროვნულმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ქვეყანა ხალხის ლეგიტიმაციის მქონე პირებს უნდა ემართათ. ასე ჩატარდა პირველი არჩევნები დამფუძნებელი კრების შესარჩევად.

არჩევნებში მონაწილეობა 15-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო. ეროვნულ არქივში შენახულია რამდენიმე პარტიის საარჩევნო სია. მათ შორისაა: საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია საარჩევნო ნომრით 1, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია #2 და დამოუკიდებელ კანდიდატთა (უპარტიოთა) კავშირი #11.

ფოტო: ეროვნული არქივი

სანამ დანარჩენი მსოფლიო ჯერ კიდევ ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებაზე მსჯელობდა, საქართველოს დამფუძნებელი კრების დებულებაში თავიდანვე იყო გაწერილი, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება რესპუბლიკის "ორივე სქესის მოქალაქეთ" ჰქონდათ.

არჩევნებში, სხვადასხვა პარტიის სახელით, დარეგისტრირდა 17 ქალი, რომელთაგანაც აირჩიეს ხუთი, ხუთივე სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.

პირველი პარლამენტარი ქალები:ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე.

პირველი პარლამენტარი ქალები:ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე.

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი / კოლაჟი: On.ge

დემოკრატიულობის ხაზგასმაა ის ფაქტიც, რომ არჩევნების მიმდინარეობა და შედეგები ოფიციალურად არის დეკლარირებული. ეროვნულ არქივში ინახება არჩევნების საბოლოო შედეგების ოქმი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ხელმოწერებით.

ფოტო: ეროვნული არქივი

საერთაშორისო აღიარება და დიპლომატია

ამის შემდეგ ქვეყანამ დიპლომატიური კავშირების გამყარებაზე იზრუნა. პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება 1918 წლის 28 მაისს გერმანიასთან გაფორმდა. ხელშეკრულება ნიშნავდა გერმანიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დე ფაქტო აღიარებას.

ფოტო: ეროვნული არქივი

მალევე, საქართველომ პირველი დე იურე აღიარებაც მიიღო. საქართველოს რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის 1918 წლის 4 ივნისს დადებული ხელშეკრულების მიხედვით ოსმალეთის იმპერია გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, თუმცა საქართველოს მიერ მისი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის დათმობის ხარჯზე. ხელშეკრულების ეს მუხლი პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ გაუქმდა.

არქივში ხელშეკრულების ფრანგულენოვანი ვერსია ინახება.

ფოტო: ეროვნული არქივი

ოსმალეთის იმპერიას სხვა ქვეყნებიც მიყვა და საქართველომ აღნიშვნა დაიწყო, რაც მასშტაბური მსვლელობებსა და უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტში აისახა.

ფოტო: ეროვნული არქივი

ეს ფოტო საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებისადმი მიძღვნილი ზეიმზეა გადაღებული. ფოტოზე არიან მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, განათლების მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანიძე, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეები: ალექსანდრე ლომთათიძე და ექვთიმე თაყაიშვილი და უცხოელი დიპლომატები.

საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებისადმი მიძღვნილი ზეიმი. ფოტოზე არიან მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, განათლების მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანიძე, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგ

საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებისადმი მიძღვნილი ზეიმი. ფოტოზე არიან მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, განათლების მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანიძე, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგ

ფოტო: ეროვნული არქივი

დიპლომატიას რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა, ამას არაერთი წერილი მოწმობს, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები უცხოელ კოლეგებს უგზავნიდნენ. ევროპის ქვეყნებთან მეგობრობა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კურსი იყო. სპეციალურად ამისთვის საქართველოს მოქალაქეებს საგარეო პასპორტი ჰქონდათ.

არქივში შენახულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, კონსტანტინე გვარჯალაძის საგარეო პასპორტი.

საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტი

საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტი

ფოტო: ეროვნული არქივი

საქართველოს ხშირად სტუმროდნენ დელეგაციები უცხოეთიდან. მაგალითად, არსებობს ფოტო, რომელზეც ასახულია სახმრეთ კავკასიაში დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, საქართველოს დამოუკიდებლობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერის, სერ ოლივერ უორდროპის ვიზიტი თბილისში.

ფოტო: ეროვნული არქივი

შემონახულია ფოტოებიც, რომლებზეც მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი და მათ პატივსაცემად გამართულ დემონსტრაცია ჩანს.

ბანერზე ფრანგულ ენაზე წერია: "სალამი სოციალისტურ ევროპას! სალამი პროლეტარიატის ბელადებს! გაუმარჯოს ინტერნაციონალისტურ მსოფლიოს!"

ფოტო: ეროვნული არქივი

ხმაურიანი დახვედრების გარდა, ქართველი საზოგადო მოღვაწეები და უცხოელი დიპლომატები მშვიდ გარემოშიც იკრიბებოდნენ და ქვეყნის ავან-ჩავანს ასე განიხილავდნენ. ფოტოზეა შემონახული შეხვედრა ჟურნალ-გაზეთების კანტორა იმერეთში, რომელსაც ესწრებიან ქუთაისის ქალაქის თავი დ. კალანდარიშვილი, გენერალი დ. ართმელიძე, გერმანული სამხედრო მისიის მეთაური, გენერალი ფონ კრესენშტაინი და მწერალი დავით კლდიაშვილი.

ფოტო: ეროვნული არქივი

სახალხო გვარდია

ქვეყანას მარტო დიპლომატია რომ ვერ დაიცავდა, ამას დამფუძნებელი კრებაც ხვდებოდა, ამიტომ შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის გაძლიერებაზე იმუშავეს. შემუშავდა სპეციალური კანონები.

ფოტო: ეროვნული არქივი

"სახალხო გვარდიის მიზანი იგივეა, რაც სახელმწიფოს მთელი შეიარაღებული ძალისა, დაცვა დემოკრატიულ რესპუბლიკისა, მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლებისა", — ეწერა კანონში.

ფოტოებზეა ასახულია სახალხო გვარდია.

ფოტო: ეროვნული არქივი

ერთ-ერთ ფოტოზე გვარდიის მეთაური ვალიკო ჯუღელი ჩანს. ის დროშასთან დგას.

ფოტო: ეროვნული არქივი

ასე გამოიყურებოდა სახალხო გვარდიის შტაბი.

ფოტო: ეროვნული არქივი

და ასე მეტყვიამფრქვევეთა რაზმი.

ფოტო: ეროვნული არქივი

ეს კი #1 ჯავშნოსანი ავტომობილია, რომელთანაც მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია, ვალიკო ჯუღელი და შტაბის წევრები პოზირებენ.

ფოტო: ეროვნული არქივი

პოზირებაზე უარს თავად გვარდიელებიც არ ამბობდნენ.

ფოტო: ეროვნული არქივი

მაშინაც კი, როცა დაჭრილები იყვნენ. ამ ფოტოზე დაჭრილი გვარდიელები მოწყალების დებთან ერთად არიან.

ფოტო: ეროვნული არქივი

ამ ფოტოზე კი სახალხო გვარდიის ჯავშნოსან ავტომობილთა გუნდის მეტყვიამფრქვევე მოტოციკლისტთა ოცეულს ხედავთ.

ფოტო: ეროვნული არქივი

სახალხო გვარდიას მთავრობა კარგ რეკლამას უკეთებდა. მათ გვარდიის სპეციალური დღეც კი დააწესეს, რომელზეც აღლუმი მოეწყო. აღლუმი გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) გამზირზე გაიმართა.

ფოტო: ეროვნული არქივი

რამდენადაც დიდი ყურადღება ექცეოდა შეიარაღებულ ძალებს, იმდენად დიდი იყო მოთხოვნაც. აი, მაგალითად, ერთ ჯარისკაცს სადარაჯოზე ჩაძინება არ აპატიეს და ჟურნალ მხედარში სამარცხვინო ფურცელზე დაბეჭდეს.

ფოტო: ეროვნული არქივი

მხედარი ერთადერთი სამხედრო გაზეთი არ ყოფილა. ამ პერიოდში გამოდიოდა სახალხო გვარდიელიც, რომელიც ქვეყნის მცველების ისტორიებს გვიამბობდა.

ფოტო: ეროვნული არქივი

განათლება და კულტურა

ჯართან ერთად ქვეყანაში ვითარდებოდა განათლება და კულტურა. პირველ რესპუბლიკაში სწავლას დიდი ყურადღება ექცეოდა. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1920 წლამდე ქართული უნივერსიტეტი ერქვა, სპეციალური წესდებაც შემუშავდა, რომლითაც ავტონომია მიენიჭა.

ფოტო: ეროვნული არქივი

არქივში შემონახულია ივანე ჯავახიშვილის იშვიათი ფოტო, რომელზეც ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის განყოფილების პირველი გამოშვების კურსდამთავრებულებთან ერთადაა.

ივანე ჯავახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის განყოფილების პირველი გამოშვების კურსდამთავრებულებთან ერთად.

ივანე ჯავახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის განყოფილების პირველი გამოშვების კურსდამთავრებულებთან ერთად.

ფოტო: ეროვნული არქივი

უნივერსიტეტი მარტო სწავლას არა, ჯანსაღი ცხოვრების წესსაც ახალისებდა. ამიტომ შიდა ეზოში სპორტული საზოგადოება შევარდენის წარმოდგენა გაიმართა.

ფოტო: ეროვნული არქივი

ამ პერიოდის ინტელიგენციას წარმოდგენები, ღონისძიებები და თეატრი, რომ უყვარდა არავისთვისაა უცხო, ალბათ, ამიტომ დაწესდა ქვეყანაში მსახიობთა დღე. თარიღად 2 ივნისი შეირჩა, რადგან ქართული თეატრის დაბადების დღედ მიიჩნეოდა.

ფოტო: ეროვნული არქივი

ფოტო: ეროვნული არქივი

სადაც თეატრსა და ხელოვნებას ვახსენებთ, იქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საოპერო ხელოვნების უდიდესი ქართველი შემოქმედი ზაქარია ფალიაშვილი. ასე გამოიყურებოდა აბესალომ და ეთერის დასი და თავად ფალიაშვილი (ცენტრში) ოპერის პრემიერის შემდეგ.

აბესალომ და ეთერის დასი და თავად ფალიაშვილი (ცენტრში) ოპერის პრემიერის შემდეგ.

აბესალომ და ეთერის დასი და თავად ფალიაშვილი (ცენტრში) ოპერის პრემიერის შემდეგ.

ფოტო: ეროვნული არქივი

აქვე გაჩვენებთ პირველი რესპუბლიკის საღერბო მარკას, რომელიც დარწმუნებული ვართ არ გინახავთ. მარკის შეძენა მსურველს 1, 5 ან 10 მანეთად შეეძლო.

ფოტო: ეროვნული არქივი

კარგ ამბებთან ერთად, პირველ რესპუბლიკას სირთულეების გამოვლაც მოუწია. მათ შორისაა, გორის 9-ბალიან მიწისძვრასთან და მის შედეგებთან გამკვლავება.

მიწისძვრის შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სტატისტიკური კომისიის მონაცემებით, გორში აღწერილი 1 336-დან დაზიანებას გადაურჩა მხოლოდ 16 შენობა, 756 ან სრულად დაინგრა ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. 405 შენობა კაპიტალურ, 156 კი მცირე რემონტს მოითხოვდა.

ფოტო: ეროვნული არქივი

ნგრევა მიწისძვრით არ დასრულებულა. რუსულმა არმიამ ძალები მოიკრიბა და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გაილაშქრა.

პირველი კონსტიტუცია

"საქართველო მოკვდება, მაგრამ ის მტერს არ დანებდება", — ამ სიტყვებით მოუწოდა ნოე ჟორდანიამ ქართველ ხალხს 1921 წლის 16 თებერვალს ბოლშევიკური ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად. ბრძოლა დაიწყო.

ფოტო: ეროვნული არქივი

ვინაიდან წითელი არმია საქართველოს თვითმყოფადობას საფრთხეს უქმნიდა, საჭირო გახდა კონსტიტუციის დაჩქარებული წესით მიღება. 1921 წლის 21 თებერვალს, როცა ქვეყნის დიდ ნაწილში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, დამფუძენებელმა კრებამ კონსტიტუცია დაამტკიცა.

პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია

პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია

ფოტო: ეროვნული არქივი

კონსტიტუციაში იყო მნიშვნელოვანი ჩანაწერები, რომლებსაც ქვეყნის განვითარების მიმართულება უნდა განესაზღვრა. მაგალითად, პირველი რესპუბლიკა არ აღიარებდა უპირატეს რელიგიებს და კრძალავდა სახელმწიფო ხაზინიდან ფულის ხარჯვას "სარწმუნეობრივ საქმეთა საჭიროებისთვის".

ფოტო: ეროვნული არქივი

ასევე, განსაზღვრავდა სახელმწიფო ენას — ქართულს და არეგულირებდა ეროვნულ უმცირესობათა ენების გამოყენებას.

ფოტო: ეროვნული არქივი

საბჭოთა ანექსია

დამოუკიდებელ რესპუბლიკაში კონსტიტუციამ 4 დღე იარსება. 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოება დაიწყო. ამას წინ უძღოდა შეტაკებები კოჯორ-ტაბახმელას მიმდებარედ, სადაც ქართველმა იუნკერებმა რუსულ არმიას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ემსხვერპლნენ.

ტაბახმელასთან ბრძოლის შემდეგ დაჭრილი იუნკერები

ტაბახმელასთან ბრძოლის შემდეგ დაჭრილი იუნკერები

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

თავგანწირვა საკმარისი არ აღმოჩნდა. საქართველო დამარცხდა.

ქვემოდან მესამე რიგში, ცენტრში დგას გვარდიის მეთაური ვალიკო ჯუღელი.

ფოტო: ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივში ინახება საქართველოში საბჭოთა რუსეთის სამხედრო ატაშეს, პავლე სიტინის მიერ მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია. ფოტოზე ასახულია ქართული შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის გეგმა.

ფოტო: ეროვნული არქივი

შეიძლება თუ არა ეს მივიჩნიოთ დამარცხების ერთ-ერთ მიზეზად, ამას ცალსახად ვერ ვიტვით. თამამად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ სამწლიანმა დამოუკიდებლობამ ქეყანაზე დიდი კვალი დატოვა, რომელიც 70 წლიანმა საბჭოთა ოკუპაციამაც ვერ გააქრო. შედეგად, უკვე 101-დ ვზეიმობთ დამოუკიდებლობას, რომელსაც ჩრდილოელი მეზობელი ვერც მაშინ და ვერც ახლა ეგუება.

ამავე თემაზე: