კომპანია Apple კამერის ენთუზიასტებს iPhone 18 Pro და Pro Max მოდელებში სიახლეს სთავაზობს ცვლადი დიაფრაგმის სახით. პორტრეტებისა და ცუდ განათებაში გადაღებისთვის ეს შეიძლება სასარგებლო დანამატია, თუმცა, შეკეთებაზე როცა მიდგება საქმე, სიტუაცია არცთუ სახარბიელოა.

iFixit-ის გუნდმა Pro და Pro Max დაშალა, რათა ახალი ლინზა და მისი 6 გადამფარავი ფრთა — თითოეული დაახლოებით ადამიანის თმის ღერის სისქისაა — დაეთვალიერებინათ. შიგნით ნანახს "ინჟინერიის სიზუსტის პიკი" უწოდეს, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ შეცდომის დაშვების სივრცე არ არსებობს, იმდენად მჭიდროდაა კომპონენტები მიჯრილი. მათი შეფასებით, ახალი iPhone-ების დიაფრაგმის მექანიზმის დამოუკიდებლად შეკეთება შეუძლებელი არაა, მაგრამ "ამასთან მაქსიმალურად ახლოსაა".

ცნობისთვის: iFixit პლატფორმა საზოგადოებას მოწყობილობების დამოუკიდებლად შეკეთების ინსტრუქციებს სთავაზობს.

პროცესს შეგიძლიათ iFixit-ის YouTube ვიდეოში უყუროთ:

თუ პრობლემა იჩენს თავს, შეიძლება სრულიად ახალი მექანიზმი გახდეს საჭირო, უბრალოდ დამოუკიდებლად შეკეთების ნაცვლად.

"ამ პლანეტაზე ძალიან ცოტა ენთუზიასტს თუ ექნება შესაბამისი ხელსაწყოები, ტექნიკა ან ცოდნა, ცვლადი დიაფრაგმის მექანიზმი ისე დაშალოს, რომ მისი უკან აწყობაც შეძლოს. დასაშვები ცდომილების ზღვარი მცირეა, წებო კი ბლანტია", — ამბობენ iFixit-იდან.

iPhone-ის კამერების დამოუკიდებლად შეკეთება მარტივი არასოდეს ყოფილა, თუმცა ცვლადი დიაფრაგმის მექანიზმის გამო "გართულებების" რისკი უფრო მაღალია. შესაბამისად, მისი შეცვლა შეიძლება ჩვეულებრივი iPhone-ის კამერის გამოცვლაზე ძვირიც დაჯდეს. iFixit-ში იმასაც ვარაუდობენ, რომ მომხმარებლებს მთლიანი მოდულის შეცვლა მოუწევთ, თუ ცვლადი დიაფრაგმის კამერაში რამე მწყობრიდან გამოვა.

ცნობისთვის, Samsung-სა და სხვა კომპანიებს სმარტფონებისათვის — მაგალითად, 2018 წლის Galaxy S9-ისთვის — დიაფრაგმის მექანიზმები აქამდეც დაუმატებიათ. გამოსახულების ხარისხი იმდენად არ გაუმჯობესებულა, რომ ეს ცვლილება ღირებული ყოფილიყო, ამიტომ Samsung-მა მოგვიანებით ამ ფუნქციაზე უარი თქვა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.