აგვისტოს ომს ბევრი გმირი ჰყავს. საქართველოს მასშტაბით არაერთი მემორიალი აღვმართეთ მათთვის, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას სიცოცხლე შესწირა. ბევრჯერ გვისაუბრია მათ შემართებასა და თავდადებაზე, მაგრამ არაფერი ვიცით მათზე. იმისთვის, რომ გმირები ისტორიულ წიგნებსა და ძეგლებში არ ეძებოთ On.ge აგვისტოს ომის მებრძოლებს გაესაუბრა.

10 წლის შემდეგ მათ ახსოვთ ყოველი მებრძოლის სახელი-გვარი და სამხედრო სტატუსი, აბსოლუტური სიზუსტით იხსენებენ რა ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ და რა სამხედრო მოქმედებები განახორციელეს. ახსოვთ, სად იყო განლაგებული მოწინააღდეგეების ბაზები და რომელ საათებში იწყებოდა დაბომბვა.

როგორ აღმოჩნდნენ ომში, რისი გამოვლა მოუწიათ და რა ემოცია დატოვა პატარა, მაგრამ მძიმე ომმა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლიერ მოქალაქეებზე?

წვრთნის ნაცვლად ომში

საინჟინრო ბრიგადის სერჟანტი ირინა ჯორბენაძე და უმცროსი სერჟანტი ალიკა გიუნაშვილი

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადაში სერჟანტი ირინა ჯორბენაძე მსახურობს. 2008 წლის აგვისტოში ის ომის პირველ ხაზზე იყო. ახლაც ამაყობს იმ შემართებით, რომელიც მისმა გუნდმა გამოიჩინა მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ თუ გადარჩენისთვის ბრძოლა.

იხსენებს, რომ 2008 წლის 6 აგვისტოს შვებულებაში გასული გამოიძახეს და წვრთნაზე წავიდა. გზად სოფლებში ხედავდა დროშებით გამოსულ ხალხს, რომლებიც მათ ამხნევებდნენ, არ იცოდა რატომ. ვერაფრით ხვდებოდა იმასაც, თუ რატომ ესმოდა სროლის ინტენსიური ხმა:

"სად მივდიოდით არ ვიცოდით. როცა ვკითხეთ ჩვენს მეთაურს არ გვითხრა, სწავლებაზე მივდივართო და ასე აღმოვჩნდით ომში."

სერჟანტი ირინა ჯორბენაძე

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ცდილობდა მაგრად დამდგარიყო, თუმცა განიცდიდა. ომი კინოს გარდა არსად ჰქონდა ნანახი. ახსოვს, რომ დისლოკაციის ადგილზე მისვლისთანავე 11 წუთში ააწყვეს კარავი. მისი ჯგუფი 9 ქალისგან შედგებოდა, რომელშიც მძღოლი, საოპერაციო მედდა, სანიტარი და ექიმები შედიოდნენ:

"არც მეგონა თუ ასეთი ვაჟკაცები გვყავდა. ფაქტობრივად, პირველადი დახმარების გაწევის საშუალებას არ გვაძლევდნენ და გვთხოვდნენ "გოგოებო ომს ვიგებთ, ხომ გიხარიათ, მალე გაგვიშვით". მეამაყება, რომ მათთან ერთად ვიდექი."

ირინა ჯორბენაძეს ახსოვს, რომ შინდისიდან გამოსულმა სახლში დაბრუნების იმედი დაკარგა და შვილს ომიდან სატელეფონო ზარით დაემშვიდობა.

"ისე გამოვედით აღარ მახსოვს. დავურეკე ჩემს გოგოს, დე, ვეღარ გნახავ-მეთქი. ჩემმა გოგომ მითხრა: დე, ნუ გეშინია, შენ მაგარი ხარ, მაგარი დედიკო მყავხარ და ვამაყობ შენით, მალე დამიბრუნდებიო."

სერჟანტი გადარჩა და სხვა არაერთი ადამიანიც გადაარჩინა, თუმცა ომი სახლშიც გამოყვა:

"სახლში, რომ დავბრუნდი სულ სისხლიანი ფორმა მეცვა. ჩემი შვილი დამხვდა, გამოიცვალე და ჩაის დაგალევინებო. მდივანზე დავჯექი და არ მახსოვს როგორ ჩამეძინა. ჩემი გოგო მოვიდა, მაღვიძებ, დე, გადაწექიო და თვალი, რომ გავახილე აივანზე მყავდა გაყვანილი და ვყვიროდი "ჰაერი, დაშლა" ბავშვი კი მპასუხობდა "დე, ომიდან ჩამოხვედი. დედიკო, სად მიდიხარო."

ირინასთვის არცერთი წვრთნა არ იყო საკმარისი იმ სტრესისთვის მოსამზადებლად, რაც საბრძოლო ველზე დახვდა, მაგრამ უხარია რომ ქართულმა ჯარმა ამას გაუძლო.

ამავე ბრიგადის უმცროსი სერჟანტი, მისი თანამებერძოლი ალიკა გიუნაშვილიც შვებულებიდან აღმოჩნდა ომში. გიუნაშვილს სწავლება ახალდამთავრებული ჰქონდა და ერაყში წასასვლელად საბუთებს ამზადებდა, როცა განგაშის სიგნალი მიიღო. ბაზაზე დაბრუნებულს ეგონა, რომ წვრთნაზე მიდიოდა:

"რომ ვკითხულობდით, ინფორმაცია კი იცოდნენ, მაგრამ ჯარს პანიკაში არ აგდებდნენ. გვეგონა გვამოწმებდნენ იმაზე ქვეითი რამდენ ხანში დაჯდება მანქანებზე და ჩამოქვეითდება. მაგრამ ამხელა ტექნიკა, რომ იყო მობილიზებული და გამოსული ავტოპარკიდან მაგას ვერ ვიაზრებდით. 7-ში გამთენიისას 4 სააათზე დავიძარით. ვვარაუდობდით, რომ კრწანისის ბაზაზე მივდიოდით. კრწანისს, რომ გავცდით მაშინღა მივხვდით, რომ კარგი აღარ ხდებოდა."

უმცროსი სერჟანტი ალიკ გიუნაშვილი

გიუნაშვილის ოჯახმა გვიან შეიტყო, რომ ომში წავიდა. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ომამდე მისასვლელმა გზამ მის სოფელში, მის ეზოში გაიარა, სადაც დედის მოტყუება მოუწია:

"ბატალიონი მივდიოდით დიდი ჯავშანტექნიკით. მე ბოლო მანქანაში ვიჯექი. ჩემს სოფელზე, რომ გავიარეთ ჩვენი ასეულის ჯარისკაცი წყლის დასალევად შევიდა ჩემს ეზოში. დედაჩემს უკითხავს, ჩემს შვილს თუ იცნობო. კიო, უპასუხა, მაგრამ ვერ გეტყვით რომელ მანქანაში ზისო. გამოვიდა დედაჩემი და ყველა ჩამვლელს ეკითხებოდა გიუნაშვილი თქვენთან ხომ არ არისო."

უმცროსი სერჟანტი ამბობს, რომ კოლონის გამო გზაზე მტვერი იდგა და სახეზე ნაჭრები ჰქონდათ აფარებული, სამხედრო აღჭურვილობა კი მათ ცნობას ართულებდა. სახლთან მისულმა საკუთარ დედას გასძახა "დეიდა, რომელ სოფელში ვართ", დედამ კი ისე უპასუხა ვერც გაიგო შვილს თუ ელაპარაკებოდა.

"ჩავედი მერე, მეხუტა მეც და მთელ სამმართველო შტაბსაც და წამოსვლა, რომ დავაპირე მკითხა სად მიდიხარო. ვუთხარი ბიჭებმა გზა არ იციან, სოფლიდან გავიყვან და მოვბრუნდები მალე-თქო. სად უნდა წავსულიყავი, გაგანია ომი მიმდინარეობდა."

უმცროსი სერჟანტი იხსენებს, რომ ცხინვალთან მდებარე დასახლება შანხაიში მოუწიათ რუსულ შენაერთებთან პირველი შეტაკება. მისი ასეული ღია მინდორზე აღმოჩნდნა და დაბალ ბალახში უწევდათ დამალვა, რადგან მოწინააღმდეგეები შენობიდან ესროდნენ. ახსოვს შიში და უმისამართო სროლა, რადგან მოწინააღდეგეს ვერ ხედავდნენ. შიში გაქრა, როცა მათმა თანამებრძოლმა რუსულ ჯარს საწვავის მარაგი აუფეთქა. ამ პირველმა, პატარა გამარჯვებამ ჯარისკაცების შემართება აამაღლა.

ომის დროს ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. ტელეფონები ჩაბარებული ჰქონდათ და დაბრუნებამდე მასზე არავინ არაფერი იცოდა "იცოდნენ ერთი, წასულები რომ ვიყავით და ომი მიმდინარეობდა."

ამბობს, რომ ომმა ყველაზე იმოქმედა და შიშის გრძნობას ვერავინ გაექცა, მაგრამ ერთმანეთის და ხალხის თანადგომამ გააძლიერა. ახსოვს სოფლის მოსახლეობა, რომელიც ჯარისკაცებს ამარაგებდა ყველაფერით, რაც გააჩნდათ: "პური, საჭმელი, კომპოტები და სიგარეტიც კი მოქონდათ."

"ერთი შემართებით ვიყავით ყველანი, ერთი ამბიციით ვიყავით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს სამშობლოში რატომ უნდა დავიჩაგროთ, ამით ვამხნევებდით ერთმანეთს, ალბათ, ამან გამაძლებინა. თორემ როგორ უნდა იაზროვნო ნორმალურად, როცა შენს გვერდით თანამებრძოლი ეცემა."

სერჟანტი ნინო ჯორბენაძე და უმცროსი სერჟანტი ალიკა გიუნაშვილი ამბობენ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მათი ასეული ბევრმა დატოვა, თუმცა, ისინი რჩებიან ქვეყნის სამსახურში, "რაც ხშირად ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ საჭიროა."

ქორწილიდან ომში

მე-4 მექანიზებული ბრიგადის კაპრალი რუსლან მგელაძე და სერჟანტი ბადრი კუსიანი

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მექანიზებული ბრიგადის სერჯანტს, კუსიან ბადრის საქორწილი შვებულებიდან მოუწია ომში წასვლა. სულ რაღაც ორი კვირის დაქორწინებულ ცოლს მოატყუა, რომ წვრთნაზე მიდიოდა და 20 წლის ასაკში იქცა ქვეყნის გმირად.

ახსოვს, რომ ოჯახთან კონტაქტს მხოლოდ მაშინ ახერხებდა როცა სიხშირეს იჭერდნენ, ეს კი იშვიათად ხდებოდა. ტელეფონში შემავალი ზარბაზნების ხმით შეშფოთებულ ოჯახს საწვრთნელი სროლებით ამშვიდებდა, შემდეგ საკუთარ საქმეს უბრუნდებოდა.

ამავე ბრიგადის კაპრალს, რუსლან მგელაძეს კი დედის მოტყუება უწევდა. შეიარაღებულ ძალებში ახალმისული იყო და სწავლებაც სულ რამდენიმე დღის დასრულებული ჰქონდა, როცა განგაშის სიგნალი მიიღო და ცხელ წერტილებში მოუწია წასვლა. ახსოვს გადამწვარი სოფლები და შეშინებული ხალხი, დაცემული მებრძოლები და შიში, რომელმაც ყველას დაამახსოვრა თავი.

ხალხის ძალა

მე-5 საარტილერიო ბრიგადის სერჟანტი დავით კაპანაძე და უმცროსი სერჟანტი ოთარ ვაჩეიშვილი

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ჯავშანტექნიკაზე პარკებით ნასროლი ტკბილეულობა, ხალხის ზრუნვა და მხარდაჭერა საარტერტილერიო ბრიგადის სერჟანტებისთვის ომის გადატანის ერთ-ერთ ძლიერ მოტივად იქცა. ამბობენ, რომ რვა თვის მისულ მებრძოლებს შემართება სწორედ ხალხის თანადგომამ შემატა.

მე-5 საარტილერიო ბრიგადა ომიდან დანაკარგის გარეშე დაბრუნდა, მაგრამ ომში დაცემული თითოეული ჯარისკაცი საერთო ტკივილად დარჩათ.

აგვისტოს ომის დანაკარგი

აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

2008 წლის ომის დაწყებიდან ათი წელი გავიდა, თუმცა რუსეთი დღემდე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, იტაცებს ხალხს და ცივი ომის პირობებში აცხოვრებს საქართველოს.

ამავე თემაზე: