30 წლის წინ დაღუპულთა პატივსაცემად ქართული ესტრადის ათეულობით მომღერალმა ჩაწერა სიმღერა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები". სიმღერა 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა. 30 წლის შემდეგ კომპოზიტორმა, ჯემალ სეფიაშვილმა ახალი ვერსიის ჩაწერა გადაწყვიტა. ამჯერად მხოლოდ კაცების შესრულებით, რადგან ქვეყნის მცველად კაცი მიაჩნია. პრემიერა, დღეს, 9 აპრილს შედგება.

კომპოზიტორის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი პროტესტი მოყვა. ტრაგედიის დღეს დაღუპული და მანამდე მებრძოლი ქალების როლის უგულებელყოფა მათ შეურაცხმყოფელად მიაჩნიათ.

ქალები, რომლებიც 1989 წლის აპრილის მიტინგებში მონაწილეობდენ, აცხადებენ, რომ მათი წვლილის მტკიცება საჭირო არ არის. "მაშინ მთელი ერი ერთიანი იყო", — ამბობენ და მიაჩნიათ, რომ აპრილის პროტესტის სქესის მიხედვით დაყოფა დაუშვებელია.

თავისუფლების დროშა

აქციების აქტიური მონაწილე იყო თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი მარია ოვანოვა და არამხოლოდ ის. მისი თანაკურსელები, რომელთა ნაწილსაც სტატიაში გაიცნობთ, დემონსტრაციების დაწყების დღიდან ჩაერთვნენ პროტესტში.

ფოტო: მარია ოვანოვა / FB

მთელი ეს მუხტი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაიბადა თეატრალური უნივერსიტეტის სარდაფში. ტერიტორიულად რუსთაველზე ვიყავით და მოსახერხებელი იყო. კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, აქტიური ახალგაზრდობა იქ ვიკრიბებოდით.

თავიდან იყო შეკრებები, სადაც სიტყვით გამოდიოდნენ კოსტავა, გამსახურდია. ჩვენ ამას ვუსმენდით. მერე მოვდიოდით და ბუფეტში განვიხილავდით, ვაჯამებდით. სწორედ იქ გადავწყვიტეთ ყველამ ჩაგვებარებინა კომკავშირული ბარათები.

ხალხმა კომუნისტური ბარათების ჩაბარებაც დაიწყო. ეშინოდა უფროს თაობას, რომელსაც სტალინური რეპრესიები ჰქონდა გამოვლილი და გვეუბნებოდა თავს იღუპავთ, რას აკეთებთო, მაგრამ უკვე ძალა აღარ ჰქონდა ამ დამსჯელ მანქანას.

სტუდენტები ყოველთვის წინა რიგში არიან. მაგ დროს სიკეთის და გამარჯვების გწამს. ლოგიკა არ მუშაობს და მუშაობს ემოცია. გვახსოვდა კომუნისტური ბავშვობა და ვხვდებოდით, რომ გვქონდა ცვლილების შანსი. თავისუფლება გვინდოდა

მარია ივანოვა

ყველაფერს ერთად ვაკეთებდით მართლა. აქციები, როცა დაიწყო მივხვდით, რომ დროშები არ გვქონდა. დავთვალეთ, ვის რამდენი გვქონდა ფული, შევკრიბეთ, ვიყიდეთ ნაჭრები. ჩვენი კურსელი თეა ბეჟუაშვილი ცხოვრობდა იქვე ახლოს. დავურეკეთ: "თეა საკერავი მანქანა გაქვს?" მაქვსო. მაშა, შეკერავ-მეთქი? — ვიკითხეთ, შევკერავო. გავვარდით, შევკერეთ დროშები და მეორე დილას გადმოვკიდეთ უნივერსიტეტიდან. თავიდან მოხსნა დააპირა ხელმძღვანელობამ, მაგრამ ვთხოვეთ და დატოვეს. ასე აფრიალდა უნივერსიტეტის აივანზე თავისუფლების დროშა.

ლექციებზე არ დავდიოდით. ვიკრიბებოდით ინსტიტუტში და აქციაზე ჩავდიოდით. მახსოვს 8 აპრილს დილით ჩემი ორსული და გამომყვა. არ ვიცი რატომ წამოვიდა ამ არეულობაში. მეტროსთან შემხვდა ჩემი კურსელი ნანა მიქელაძე და ერთად წამოვედით. უცებ ხალხმა დაიყვირა ტანკები მოდისო. ტანკები მოდიოდა პირდაპირ ჩვენკენ. მოპირდაპირე მხარეს გავიქეცით. ჩემს დას მოვკიდე ხელი და წავიყვანე. უცებ გავიხედე, რომ ნანა მიქელაძე გათიშული თვალებით მიდის ტანკებისკენ. ბიჭები ამ დროს ახტებოდნენ ტანკებს, გზას უღობავდნენ. ნანას მოვკიდე ხელი და ძლივს გამოვათრიე.

უცნობი ქალი რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს

ფოტო: ელეფთერ ლაფაჩი / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

გამოვიქეცით. გრიბოედოვის თეატრის ასასვლელ კიბეებთან, ცეკას შენობასთან ახალგაზრდა ბიჭები იდგნენ, ორმეტრიანი, ძალიან თეთრი. ასეთი არავინ მინახავს, თვალებში არაფერი არ ჰქონდათ, რობოტებივით იდგნენ. გავრბოდით. ხალხი ბავშვებით მორბოდა, ეშინოდათ. ამ ბიჭებმა სიცილი დაიწყეს. უცებ ჩემი კურსელი ნანა მიქელაძე მივარდა ამ ბიჭებს და დაუწყო ყვირილი რუსულად, რა გაცინებთ, ტანკები მოდიან ხალხის დასახოცადო. ძლივს მოვხსენი ამ ბიჭებს და გავიყვანე. აბსოლუტურ შოკში იყო, თვალები იცით როგორ ჰქონდა, გმირებს რო აქვთ, რო გადაეკეტებათ ტვინში და ვეღარ ხედავენ ვერაფერს.

ჩემი და ბებიასთან დავტოვე და რუსთაველზე დავბრუნდი. ეს ტანკები უბრალოდ დააყენეს, შესაშინებლად. თეთრ, მაღალ, რობოტ ბიჭებთან ერთად, მაგრამ არ გაჭრა. მაინც დაბრუნდა ხალხი რუსთაველზე.

ჩემმა მშობლებმა იცოდნენ ვისთან ერთად დავდიოდი აქციაზე და მიშვებდნენ, მაგრამ საღამოს სახლში უნდა ვყოფილიყავი. ტანკები რომ გამოჩნდნენ, იმ დღეს იცოდა დედაჩემმა, რომ სახლში წამსვლელი არ ვიყავი, ნახალოვკაში ვცხოვრობდი და აქციაზე გამოსვლას ვერ მოვასწრებდი რამე რომ მომხდარიყო და მოტყუებით ამიყვანა ბებიასთან.

9 აპრილს ჩემი ნაცნობი არ დაღუპულა თქო ვერ ვიტყვი. იმიტომ, რომ მილიონიან ქალაქშიც კი მაშინ ყველა ახლობლები გავხდით. ის ხალხი ყველამ დავკარგეთ

მარია ოვანოვა

ბებიაჩემი სისტემაში ნამუშევარი ქალი იყო და უკვე გრძნობდა საფრთხეს. დარეკა დედაჩემთან დღეს არ დატოვო ღამეო. დედამ მითხრა ბებიასთან ადი შეუძლოდაა და მერე მანდვეა ჩახვალ თუ რამე მოხდაო.

როცა დაიწყეს სასანგრე ნიჩბებით ხალხის დარბევა გამთენია იყო. ყვირილი გავიგეთ. ყველა გამოვარდა ქუჩაში ღამის პერანგებით. ხალხი მოედნიდან მორბოდა სისხლიანი, ზოგს ხელი, ზოგს ფეხი ან სახე ჰქონდათ სისხლში მოსვრილი და ხალხს კლავენო იძახდნენ. მაშინ ბებიაჩემმა სახლში ჩამკეტა, არ გამიშვა გარეთ.

დილით გამოგვიშვა 10 საათზე. ცარიელი იყო ქუჩები. გამოვედით ჩვენების მოსაძებნად. რუსთაველი ჩაკეტილი იყო არ გაგვიშვეს. ფეხით წავედი. ნანა მიქელაძე ვნახე და მითხრა ხალხი ჰყვება, რომ თეატრალურის გორაკიდან სისხლიანი წყალი მოდის, ჩარეცხესო.

ინსტიტუტში მივედით. გაზის გამო მოვიწამლეთ. ჯარმა თავისი ექიმი გამოუშვა ამტკიცებდნენ არ არის საშიში აქაურობაო, მაგრამ ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ სხვა ექიმებს შეამოწმებინა და ინსტიტუტი დაიხურა.

რუსეთშიც ვიყავი და ვნახე რა ხდება იქ. მიხარია, რომ საქართველო მათგან დამოუკიდებელია და ღმერთმა ქნას ასე იყოს. თუ ჩვენ რამე მსხვერპლი გადავიტანეთ, ეს ტყუილი არ არის

მარია ოვანოვა

მაშინ წარმოდგენა არ გვქონდა გაზზე. ერთადერთი ვიცოდით, რომ თეატრალურის ბიჭები რომ გამოიქცნენ, შეცვივდნენ ინსტიტუტში და კარი გაუღეს ხალხს. იქ მალავდნენ. მესამე სართულამდე სდია მათ ჯარმა, ნატყვიარები ეტყობოდა კედელს. უბრალოდ კი არ დაარბიეს აქცია, ბოლომდე მისდევდნენ ხალხს საწამებლად.

არსებობს ლოგიკა, რომელსაც უნდა მივყვეთ. როცა ადამიანი ხელში იღებს სასანგრე ნიჩაბს მას მიზანი აქვს ვინმე მოკლას ან დააზიანოს. სასანგრე ნიჩაბს აქვს ბასრი თავი, რომლითაც სანგრებს თხრიან. ფუძეში უნდა შევხედოთ საქმეს. როცა ნიჩაბი ხელში აიღეს მათ უკვე დაგეგმილი ქონდათ ვინმე მოეკლათ.

ჩვენ არ გვესმოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რა იქნებოდა, ამის დრო არ იყო. ყველა ფიქრობდა იმაზე, რომ კომუნისტების დრო არ გვინდოდა. თავისუფლება მათრობელი სიტყვაა, ამიტომ მომდევნო ნაბიჯებზე არ ვფიქრობდით, არც გვეკითხებოდნენ. ჩვენ გვინდოდა ტანკები არ გვენახა, საზღვარგარეთ წასვლის უფლება გვქონოდა, გვინდოდა დაგვედგა ის სპექტაკლი, რომელსაც ჩვენ ავარჩევდით. უბრალოდ, თავისუფლება გვინდოდა.

ფოტო: გივი ნახუცრიშვილი/ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

სა-ქარ-თვე-ლო!

ნანა დარჩიაშვილი მარიას კურსელი იყო. ამბობს, რომ 30 წლის წინანდელი მოვლენები ბუნდოვნად ახსოვს, მაგრამ არ დავიწყებია ქუჩები, რომელსაც აქციაზე მისასვლელად გადიოდა. ახსოვს სიმღერა, ცეკვები, შეძახილები და ხალხის თვალები, რომელიც ერთნაირად ელავდა.

ყველა მიტინგზე არ დავდიოდი. ჩემი კურსელები უფრო ესწრებოდნენ. უბრალოდ, მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი დისციპლინას და ლექციებს არ ვაცდენდი, ფაქტობრივად, ეს იყო პირველი საპროტესტო აქტივობა, რომელიც მე მახსოვს.

დაძაბულობა ჰაერშიც კი იგრძნობოდა. ვგრძნობდით, რომ ამ სიტუაციას მძიმე ფინალი ექნებოდა. ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უფლება მოგვცა მხარი დაგვეჭირა აქციებისთვის და უნივერსიტეტში შევკრებილიყავით. 8 აპრილის შევიკრიბეთ.

ფოტო: ნანა დარჩიაშვილი / F

მახსოვს ასეთი კადრი: რუსთაველზე გზა იყო გადაკეტილი, თავისუფლების მოედნიდან ავდიოდი ინსტიტუტში. უცებ დავინახე სწრაფად მოძრავი ტანკი, რომელზეც ორი ჩვენი ქართველი სტუდენტი იჯდა. არ ვიცი, რატომ აძვრნენ ტანკზე, ალბათ, პროტესტის ნიშნად. ტანკი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ბიჭების ჩამოყრას ცდილობდა. ყოველი შემთხვევისთვის მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა. შიში, საშინელება, ყვირილი. ტანკმა ტრიალი დაიწყო თავისუფლებაზე, შემდეგ კი სწრაფად შეეჯახა მეტროს კედელს, მაშინ მეტროს ქვის კედლები ჰქონდა. ღმერთს მადლობა ბიჭები არ დაშავებულან. ეს კადრი არ ამომდის თვალებიდან.

აპრილის საპროტესტო აქციის მონაწილეები (მარჯვნიდან): მარია ოვანოვა, ნანა დარჩიაშვილი და ნანა მიქელაძე

ფოტო: ნანა დარჩიაშვილი / FB

როცა მივედი იქ უამრავი სტუდენტი იყო შეკრებილი და ლექტორები ჩვენთან შესახვედრად მოდიოდნენ. იქვე მოდიოდნენ აქციის მონაწილე ახალგაზრდები და მათ ოვაციებით ვხდებოდით. მახსოვს როგორ უელავდათ თვალები ახალგაზრდებს და როგორ სკანდირებდნენ: სა-ქარ-თვე-ლო! ნამდვილად ამაღელვებელი ატმოსფერო იყო.

არ ვიცოდით რა იქნებოდა შემდეგ...

მახსოვს, რომ დილას 4 საათამდე იქ ვიყავი და წამოსვლა მომიწია. იქვე ვცხოვრობ, რუსთაველზე. მერე საღამოს რაც მოხდა იცით. რამდენიმე დღის შემდეგ ინსტიტუტში რომ მივედი გვითხრეს, რომ მომწამლავი გაზი გაუშვეს და რამდენიმე ჩვენი სტუდენტი მოწამლული იყო და სტაციონარში იწვა. ეს კარგად მახსოვს. ყვებოდნენ, რომ გამოქცეული სტუდენტები უნივერსიტეტში იმალებოდნენ. ფოიეში კიბეებთან ტყვიის კვალი იყო.

30 წელი გავიდა. ეს არის რაც მახსოვს. ალბათ, ზოგიერთი ნიუანსი წაიშალა ჩემი მეხსიერებიდან.

პატრიოტული სულისკვეთების ჭეშმარიტი აპოთეოზი

ფიქრია ყუშიტაშვილი ისევე, როგორც მარია და ნანა თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა. ლექციების ნაცვლად მიტინგებზე დადიოდა. ახსოვს მოშიმშილეები, განსაკუთრებით მოლდოვიდან ჩამოსული თანაკურსელები, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე ქართულთან ერთად მოლდოვური დროშა ააფრიალეს და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას შეუერთდნენ.

ყველაფერი სიახლე იყო ჩვენთვისაც. თავისუფლებისკენ სწრაფვა იყო ტენდენცია, რომელიც იხშობოდა რეჟიმის მიერ. როდესაც ხარ ახალგაზრდა, ემოცია არის მაქსიმალური, ჩვენთვის ეს იყო გადაჯაჭვული ჩვენს ახალგაზრდულ ენერგეტიკასთან.

ფოტო: CHCHX Productions

ყველანი ვგრძნობდით, რომ დადგა ცვლილებების დრო. ნელ-ნელა ვერთვებოდით აქციებში. დიდი აგიტაცია და პროპაგანდა ამისთვის არ გვჭირდებოდა, ჩვენს თვალწინ ხდებოდა და ვითარდებოდა ის მოვლენები.

იცით როგორი ატმოსფერო იყო, ადამიანი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა. ასეთი დრო იყო. უბრალოდ, სირცხვილი იყო განზე დგომა და გულგრილად ამ მოვლენების ყურება. ამ დროს ვიყავი მეხუთე კურსზე და დიპლომი უნდა დაგვეცვა, მაგრამ ვის ახსოვდა უნივერსიტეტი. ჩვენ ვეცვლებოდით ერთმანეთს აქციებზე, ვიღაც უფრო მტკიცე იყო, ვიღაც არა, ზოგს შეეძლო შიმშილობა, ზოგს არა.

ერთნი ვიყავით, ერთი ორგანიზმი, რომელიც იყო განმსჭვალული ერთი სურვილით — თავისუფლებისკენ სწრაფვით. ყველაფერი დეტალურად არ გვქონდა გათვალისწინებული ან გათვლილი. ეს იყო დიდი აზვირთებული ტალღა, რომლის პატარა ნამცეცებიც ვიყავით

ფიქრია ყუშიტაშვილი

9 აპრილის ღამეს სრულიად შემთხვევით, მეგობრის მამის დამსახურებით გადავრჩით. ქეჩოში ხელი მოგვავლო, ძალით ჩაგვსვა მანქანაში და წაგვიყვანა. 30 წუთით გამოვასწარით დარბევას. ყველამ ვიცით, რაც იმ ღამეს მოხდა.

რაც შეეხება მეორე დღეს, ჩვენ, რასაკვირველია, მთელი თეატრალური უნივერსიტეტი ლექტორები, სტუდენტები, თანამშრომლები იქ მივედით. დაგვხვდა დარბეული უნივერსიტეტი. ნატყვიარებიც იყო. კომენდატის საათი იყო გამოცხადებული და ჯავშნიანი მანქანები, ჯარისკაცები იდგნენ ირგვლივ. იყო საშინელი განცდა, სრული ქაოსი.

არ ვიცოდით მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა. დაიგეგმა, რომ გადავნაწილებულიყავით საავადმყოფოებში და გაგვერკვია ვინ სად არის, ვინ დაჭრილია, ვინ ცოცხალი, ვინ მკვდარი. დაიძრა ტალღა რუსთაველიდან ფეხით, მივედით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაჟაზე. შემოგვიერთდა მეორე ტალღა, რომელიც საბურთალოდან იყო დაძრული.

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა / მფლობელი: გივი ნახუცრიშვილი

იმ ეზოში, რომ აღმოვჩნდით ჭიშკარი ჩაკეტეს. გვითხრეს, რომ ჯარისკაცები დგანან და შეიძლება ხელმეორედ ეს საპროტესტო ნაკადი დაარბიონო. საავადმყოფოში არავინ გვიშვებდა, ვერც გამოვდიოდით. კომენდანტის საათი იყო და ჩვენი დარბევის ალბათობა არსებობდა.

იქ იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, ამ პანიკაში გამოთქვეს მზაობა, რომ ვინც დაეტევით ჩაგმალავთ მანქანებში, გაგიყვანთ და სახლებში დაგარიგებთო. ერთი ჩვენი მეგობარი დააწვინეს საკაცეზე, რაღაც გადაუხვიეს, ვითომ შეუძლოდ იყო. ამ მანქანით, რომელსაც დაბინდული შუშები ჰქონდა გამოვაღწიეთ იმ ეზოდან. ასე გამოგვიყვანა სამშვიდობოს. სახელი არ ვიცი იმ ადამიანის, შეიძლება აღარც არის ცოცხალი. ასაკოვანი კაცი იყო.

ფოტო: ელეფთერ ლაფაჩი / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ამის შემდეგ საზოგადოება არ გაჩერებულა. დაიწყო სხვადასხვა გზებით ბრძოლა. ქუჩაში შეიძლება აკრძალეს გამოსვლა, მაგრამ სამგლოვიარო პროცესი ვერ შეაჩერეს. პუბლიცისტიკაში, მუსიკაში, საჯარო გამოსვლებზე არ ჩერდებოდა საზოგადოება და ცდილობდა მეტ ქვეყანაში, მეტ ადამიანთან მიეტანა ინფორმაცია.

ჩემს მეუღლეს, მაშინ დიდ ბრიტანეთში მოუწია ყოფნა. იქ BBC-მ მიიწვია და მისცა ინტერვიუ იმ მოვლენების შესახებ თუ რა მოხდა საქართველოში. შეიძლება, რომ დაბრუნებულიყო სპეცსამსახურს დაებარებინა და კარგ დღეში არ ჩააგდებდნენ, მაგრამ ამაზე აღარავინ ფიქრობდა. მიზანი იყო ერთი, რკინის ფარდის მიღმა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო რა მოხდა და ინფორმაცია მაქსიმალურად გასულიყო.

მას მერე ძალიან ბევრ მიტინგზე ვმდგარვარ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პროტესტით გამართულ აქციებზე. მაგრამ ის ერთსულოვნება, რომელიც მაშინ იყო არც ერთხელ არ ყოფილა. ეს იყო აბსოლუტური მზაობა ყველასი, თუ საჭირო იქნებოდა იმწუთას თავისი სიცოცხლე გაეწირა. ეს იყო ჭეშმარიტი აპოთეოზი პატრიოტული სულისკვეთებისა.

მოლდოვური დროშით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით იბრძოდა მოლდოველი სტუდენტი ინა ანდრიუკა. ის თანაკურსელებთან ერთად გაცვლითი პროგრამით სწავლობდა თეატრალურ უნივერსიტეტში და საპროტესტო აქციებში ჯერ კიდევ 1987 წლის ნოემბერში ჩაერთო.

აპრილის დემონსტრაციები მასაც ქართული სიმღერით და ცეკვით დაამახსოვრდა. მოსწონდა ის შემართება და გარემო, რომელიც რუსთაველის გამზირზე სუფევდა. მიუხედავად ტანკების გამოჩენისა, მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას არ ელოდა.

"მახსოვს, რომ გამოჩნდნენ ტანკები და ჯარისკაცები, ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, მაქსიმუმ 18 წლის. ყველას ეჭირა ხელში პატარა სამხედრო ნიჩაბი.

ჩვენთან იყვნენ ახალგაზრდა ორსული გოგოები, მოხუცები. სთხოვდნენ სალდათებს დამშვიდებულიყვნენ და შეტევა არ დაეწყოთ. თუმცა ჯარისკაცებს თავიანთი უფროსები ჰყავდათ და ბრძანება მიიღეს. დაიწყო რბევა და სასანგრე ნიჩბები მოქმედებაში მოიყვანეს. ხალხს უმისამართოდ ჩეხავდნენ. შეიქმნა პანიკა. ჩვენ გაზის შაშხანებს გვესროდნენ. საშინელება იყო. არ ვიცი როგორ, მაგრამ გამოქცევა მოვახერხეთ.

მაშინ სტუდენტურ ქალაქში ვცხოვრობდით და რუსთაველიდან გამოსვლა მოვასწარით, სანამ ხალხის გაზით მოწამვლას დაიწყებდნენ. სიმშვიდე არც სტუდქალაქში იყო.

შეშინებულები ვიყავით. საუბრისას მინის გატეხვის ხმა გავიგეთ. თავიდან ვერ მივხვდით რა მოხდა და მერე დავინახეთ, რომ თანაკურსელ გოგოს ყურიდან სისხლი სდიოდა. ტყვიამ გაკრა, მაგრამ გადარჩა. ეს არის ყველაფერი რაც იმ დღეზე მახსოვს. ასეთი დრო იყო. გამოვიარეთ და მერე საქართველოს დამოუკიდებლობაც ვიზეიმეთ.

მოლდოველი სტუდენტები აპრილის საპროტესტო აქციებზე

დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს

"ცხრა ლახვარი რომ ჩამარტყან ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ", — ამ სიტყვებით შეხვდა ლელა ვეფხვაძე რუსთაველის გამზირზე შემოსულ ტანკებს. მასთან ერთად იმ ღამეს სამი ქალი მღეროდა, დონარა ცხადიაშვილი, ზაირა გელაშვილი და თინა ბიწაძე. ლელას სურს, რომ მათი სახელები საზოგადოებამ იცოდეს და არ დაიკარგოს ის წვლილი, რომელიც მათ შეიტანეს ამ ბრძოლაში.

"4 აპრილიდან დავდიოდით. 4, 5, 6, 7 ვმღეროდით და 8-ში ღამე გადავწყვიტეთ დაგვესვენა. ჩვენ, ძირითადად, ღამით ვმღეროდით იქ. ღამე სჭირდებოდათ მხარდაჭერა ჩვენს მოშიმშილეებს. გადაღლილები ვიყავით და დასვენება დავგეგმეთ.

ფოტო: ლელა ვეფხვაძე / FB

მერე, თავისთავად, ცხადია მეტი საინფორმაციო არ გვქონდა, ტელევიზიაში გავიგეთ, რომ თბილისში ტანკები გამოჩნდნენ და საფრთხე რეალურია. გადავწყვიტეთ, რომ ის ღამეც ჩვენს ხალხთან გაგვეტარებინა და მხარდაჭერა გამოგვეხატა. ზუსტად იმიტომ, რომ ტანკები დადიოდა ქუჩაში.

იცი, იქ ისეთი მუხტი იყო, ისეთი ერთიანები ვიყავით, ისეთი მოსიყვარულეები, თბილები, ერთმანეთის გამტანები, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდი ადამიანი. იმ წუთებში ყველა ჩვენთაგანი, ყოველ შემთხვევაში, ბევრი მზად იყო, რომ სიცოცხლე დაეთმო ერთმანეთისთვის. რისკსა და გაბედვაზე აღარ ვლაპარაკობდით. აღარც ვფიქრობდით.

ჩვენ ყველა გვცნობდა უკვე, ტაშით, ოვაციებით გვხვდებოდნენ, დერეფანს გვიკეთებდნენ და ავდიოდით ტრიბუნაზე. ითხოვდნენ ჩვენი შესრულებით სიმღერებს. ასე მოხდა მაშინაც.

ასე მოხდა მაშინაც. რუსთაველზე დაგვინახეს და შეძახილებით შეგხვდნენ. გაწვიმდა და გაშალეს ცელოფნები. ყველა ერთმანეთს ეპატიჟებოდა იმ ცელოფნის ქვეშ. თვითონ გადიოდა, რომ სხვა არ დასველებულიყო. ესეც ერთ-ერთი ნიშანია იმის, რომ ძალიან სხვანაირი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთის მიმართ.

გამობრძანდნენ სხვადასხვა ლიდერები. მერე უწმინდესიც გამოვიდა და მოგვიწოდა ქაშვეთისკენ წავსულიყავით. იცით რა არის, ჩვენ უკვე იმდენად ვიყავით რაღაცნაირად შეკრულები, რომ ვეღარ დავიშლებოდით. ადამიანები იმდენად აღტკინებულები ვიყავით ერთად ყოფნით, ამ სითბოთი, სიყვარულით, რომ დაშლა და ერთმანეთის დატოვება არ გვინდოდა. ალბათ, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ არ დავუჯერეთ უწმინდესს და არ წავედით.

მაგრამ, რომც წავსულიყავით იქ არ არის იმხელა ადგილი, რომ ყველა დავტეულიყავით და შეიძლება უფრო დიდი მსხვერპლიც ყოფილიყო. მშვიდობიანი აქცია დაარბიეს და მაგათთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენ სად ვიქნებოდით, ქაშვეთის ეკლესიასთან, თუ მთავრობის სასახლის წინ.

როცა შემოვიდა ტანკები, გვთხოვეს რომ დაგვეჩოქა და სწორი იყო ეს. ამით გვინდოდა დაგვენახებინა, რომ არ ვიყავით სამტროდ განწყობილი და უბრალოდ, გვსურდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. არავის ვერჩოდით, პირიქით სანთლებით და ლოცვით შევხვდით.

როცა უკვე ძალიან ახლოს მოვიდნენ ტანკები ლიდერებმა გვთხოვეს, გოგოებო, ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც სიკვდილსაც სიმღერით ვხდებით და მოდით სალაღობო დააგუგუნეთო. ჩვენ ეს თხოვნა შევასრულეთ და ბოლომდე ვიმღერეთ.

იქ ითქვა, რომ გზა გაგვეთავისუფლებინა ტანკებისთვის და ხალხი ამოვიდა ზედა ნაწილში. კედელს მივეკარი, ბევრი ვიყავით. ვეღარ ვსუნთქავდი, ვფიქრობდი რომ დავიხრჩობოდი. მაგრამ ყველა მაინც ერთმანეთს უფრთხილდებოდა. ბიჭები ყვიროდნენ ქალები არიანო. ძალიან სხვანაირი დამოკიდებულება იყო მაშინ.

მილიციამ კორდონი გააკეთა. სიბნელეში ორიენტირებას მიჩვეული ვიყავი. კორდონს გავყევი და ბოლოში გავედი, როცა ჩემი დის ყვირილი გავიგე. მაშინ ჩემი შვილი ლელაკოს მეძახდა. ჩემს დას არ ვიცი რა მოეჩვენა, რა გაახსენდა, მაგრამ კიოდა ლელაკო მიშველეო. შევბრუნდი. პოლიცია არ მიშვებდა ძლივს გამოხვედიო.

ვიპოვე ჩემი და და თინა ბიწაძე, რომელიც ჩემთან ერთად მღეროდა. შეშინებულები იყვნენ. მოვკიდე ხელი და გამოვიყვანე. მე ცოტა რისკიანი ადამიანი ვიყავი, მითუმეტეს ახალგაზრდა ვიყავი, პატარა გოგო და უფრო შემეძლო. გამოვედით მთავრობის სასახლესთან, რომ ასახვევი არის, გვირაბთან. გვინდოდა გვირაბში შესვლა, გვეგონა მეორე მხარეს სიმშვიდე იქნებოდა შედარებით. ჩვენს უკან ჯარისკაცების ფეხის ხმა ისმოდა, საშინელი. მორბოდნენ და ჩვენ გაქცევას აზრი არ ჰქონდა, ვერ გავასწრებდით. ამიტომ გავჩერდით. ამ დროს ბიჭებმა ჩამოირბინეს და ჯარისკაცები ჩვენ შეგვეშვნენ და მათ დაედევნენ.

ჩვენ წინასწარ გვქონდა ნათქვამი, რომ თუ დავიქსაქსებოდით, გრიბოედოვის ქუჩაზე შევხვედრილიყავით, იქ ჩვენი თანამშრომელი ცხოვრობდა. ავედით თავისუფლების მოედანზე. იქ ჯარისკაცებს ჰქონდათ ჯაჭვი გაკეთებული და ხალხს არ უშვებდნენ, მაგრამ ჩვენ გაგვატარეს. არ ვიცი რატომ.

გავედით მოედანზე. იქ შლანგებით სისხლს რეცხავდნენ. ერთი ქალი დადიოდა ცალი ფეხსაცმლით ხელში. ეძებდა შვილს. დღემდე არ ვიცი, ეს ადამიანი ვინ არის, შვილი იპოვა თუ არა. იქ არ გაგვაჩერეს. უკმეხად, უხეშად გვითხრეს, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია.

იქ მეგობრები არ დაგვხვდნენ. ისევ გადავრეკეთ ყველგან და სახლში არავინ იყო. წავედით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმის სანახავად მოკლეს თუ არა ჩვენი მეგობრები. საბედნიეროდ, ყველა გადაურჩა ჯალათებს.

კომენდატის საათის დროს მაინც ვახერხებდით შეკრებას. სახლის ტელეფონებით ვუკავშირდებოდით და ადგილზე ვთანხმდებოდით. ასეთი აქტიურობით ვერ ვიკრიბებოდით, რა თქმა უნდა. საკმაოდ უხეშად იქცეოდნენ მაშინ. როგორც კი რამდენიმეს ერთად დაგვინახავდნენ, დაშლისკენ მოგვიწოდებდნენ და ვცდილობდით თვალში არ მოვხვედროდით.

მერე უკვე ყვავილები როცა გადაგვქონდა რუსთაველზე უკვე ვეღარ გვეუბნებოდნენ შეკრებაზე ვერაფერს. მაშინაც ბევრი ადამიანი მოიწამლა. გაზი ხომ დაესხა მთავრობის სასახლესთან, ყვავილები სადაც მიიტანეს. გადატანის დროს მოწამლული იყო უკვე ის ყვავილებიც და ხალხი მოწამლა.

ხელისუფლება ცდილობდა მოფერებით დამორჩილებას, მაგრამ ჩვენ უკვე აღარ გვჯეროდა იმდროინდენლი ხელისუფლების და ლოგიკურიც იყო, რომ აღარ გვჯეროდა იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელიც თავისივე ხალხს გაიმეტებს დასარბევად, ვინც არ უნდა იყოს, ის ხელისუფლება აღარ შეიძლება იყოს ნორმალური. არ გვჯეროდა მათი.

ერთი სულით, ერთი სახით, ერთი სურვილით

ქარით გაშლილი თმა, ჯოხზე მიბმული შავი ნაჭერი და უტყვი მზერა, რომელიც დემონსტრანტების შემართებას ასახავდა 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა. კადრში ნანა მახარაძეა. იმ დროს სტუდენტი გოგო, რომელიც შემთხვევით იქცა ისტორიის ნაწილად.

ფოტო: იური მეჩითოვი / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

"ერთი ფოტოფირი რომ ჩართო, იმ დღეებიდან და დაუკვირდე ყველას თითქოს ერთი სახე ჰქონდა, ვერ გამოარჩევ ვერავის. არ ვიცი მეჩითოვმა რა წამს დააჭირა ხელი, მაგრამ მე რიგითი სტუდენტი ვიყავი და ნამდვილად არ მაქვს დიდი წვლილი. როცა აქციაზე გამოდიოდი, იაზრებდი, რომ შესაძლოა ვინმეს მოეკალი და ეს იყო სიმამაცე, მაგრამ ასეთი მამაცი იყო მაშინ მთელი ერი. 10 000 კაციდან ერთ-ერთი ვიყავი.

დაგეგმილად არ ვმოქმედებდით. ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა, მათ შორის ის კოლონაც, რომელზეც იური მეჩითოვმა ფოტო გადამიღო.

ტკივილით და სიყვარულით სავსე უდიდესი დღეა. ქვეყანას მოუტანა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რა უნდა იყოს ამაზე მეტი ვიდრე ადამიანისთვის თავისუფლება და ქვეყნისთვის დამოუკიდებლობაა.

ნანა მახარაძე

სანაპიროზე უნდა ავსულიყავით. პლეხანოვზე კინოსტუდიის წინ ორმა უცხო ბიჭმა გაგვიჩერა მარტო არ წახვიდეთ საშიშიაო. ახლაც არ ვიცი ვინ არიან. წაგვიყვანეს, მე ფანჯარაზე ვიჯექი. ის დროშა არ არის, რაც ხელში მიჭირავს, შავი ნაჭერია, რომელიც ჯოხზე მოვახვიე.

იმ ფოტოზე შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი გოგო ან ბიჭი. იგივე სიმბოლო აქვს იმ ფოტოს ჩემთვის, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის. როცა იაზრებ, რომ ისტორიას რჩები როგორც სახე, ეს ნამდვილად საამაყოა, მაგრამ იმის შემდეგ, რაც მეჩითოვმა თქვა, ნამდვილად არ მინდა იმ კადრზე ყოფნა.

დარბევის ღამეს რუსთაველზე არ ვყოფილვარ. ბიძაჩემმა და ბიცოლაჩემმა მე და ჩემი ბიძაშვილი წივილ-კივილით წაგვიყვანეს სახლში. გამთენიას ბიცოლაჩემის მამა ისეთი ნაცემი მოვიდა სახლში, რომ თავიდან ვერ ვიცანით. საშინელება ხდებოდა ქალაქში.

გონებიდან არ ამოიშლება დაკრძალვა. არ ვიცი როგორ გითხრათ. იმდენად გმირებად აღვიქვით დაღუპულები, რომ ამდენი სიყვარული და ამაღლებული გრძნობა მათი მშობლებისთვის შვება იყო. ისინიც გმირები იყვნენ.

ყველაზე მთავარია, რომ ვინც ამ მოვლენებს შეესწრო და ვინც მას შემდეგ დაიბადა, იმ დღის ღირსები ვიყოთ. თუ შევძლებთ რომ ვიყოთ ღირსები, მნიშვნელობა არ აქვს "ტიტებს" 15 კაცი იმღერებს თუ 1 000 ქალი

ნანა მახარაძე

დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონტრაციის დარბევისას ჯარიკაცებმა ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი და ჯავშანტექნიკა გამოიყენეს. დაღუპულების გარდა იყო ასობით დაჭრილი, მოწამლული და დასახიჩრებული ადამიანი, თუმცა დღემდე უცნობია კონკრეტულად რამდენი ადამიანი დაშავდა.

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს: 1989 წლის ტრაგედიასა და ბრძოლით მიღწეულ შედეგს — 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენას.

ამავე თემაზე: