NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
ფოტო: NASA/Studio illustration
აგვისტოს მიწურულს NASA-მ კოსმოსში ნენსი გრეის რომანის სახელობის ტელესკოპი გაუშვა, რომელიც მისი ახალი "ფლაგმანი" ობსერვატორიაა. იგი ლაგრანჟის მეორე წერილისკენ მიიწევს — ესაა ორბიტალური რეგიონი, რომელსა და მზეს შორისაც ყოველთვის დედამიწაა მოქცეული, რის გამოც აპარატს სინათლე არ უშლის ხელს.
ასევე, იხილეთ: ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
ამ არეალამდე მისაღწევად საერთო ჯამში დაახლოებით 90 დღეა საჭირო. ტელესკოპმა გზის ნაწილი უკვე უკან მოიტოვა და ფართოკუთხოვანი ინსტრუმენტიც (WFI) გაააქტიურა. საუბარია 300-მეგაპიქსელიან ინფრაწითელ კამერაზე, რომელიც სამყაროს განიერ, ულტრამაღალი გარჩევადობის სურათებს გადაიღებს.
მისი უმცირესი ფოტოები მილიარდი პიქსელისგან იქნება შედგენილი. WFI ყოველდღიურად ტერაბაიტზე მეტ ინფორმაციას მოიპოვებს, უდიდესი სურათი კი შეიძლება ტრილიონ პიქსელს აერთიანებდეს.
მისიაზე მომუშავე გუნდმა სწორედ ეს ინსტრუმენტი აამუშავა და საზოგადოებას ნენსი გრეის რომანის ტელესკოპის მიერ გადაღებული სატესტო კადრები გაუზიარა — ვარსკვლავების პირველი სინათლე, რომელმაც ობსერვატორიის მგრძნობიარე სენსორამდე მიაღწია. მათ დაადასტურეს, რომ თერმული კონტროლის სისტემა ზუსტად ისე გამართულად ფუნქციონირებს, როგორც ელოდნენ. ისინი ტელესკოპის მდგომარეობას კიდევ 30 დღის განმავლობაში დააკვირდებიან.
ასევე, იხილეთ: NASA-მ შემდეგი თაობის ტელესკოპის აწყობა დაასრულა — მას არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა შეუძლია
გამოსახულებები, რომლებიც ტელესკოპმა პირველად დაინახა. უნდა აღინიშნოს, რომ კადრების გასწორებისას მისი ფოკუსი ჯერ გასწორებული არ იყო. მისიაზე მომუშავე გუნდი ინსტრუმენტის გზამკვლევ სისტემას მალე გაააქტიურებს, რაც ნიშნავს, რომ ის ობიექტებს უკეთ დააკვირდება.
ფოტო: NASA’s Goddard Space Flight Center, Tyler Desjardins (STScI)
ტელესკოპის სატესტო ფოტოებზე იისფერ ფონზე მომწვანო, მოყვითალო და მოლურჯო წერტილებს ვხედავთ. ეს დაბინდული კაშკაშა ლაქები ვარსკვლავებია, რომლებიც სინათლის ჰალოებს უფრო ჰგავს. კამერა ჯერ კიდევ გაგრილების პროცესშია და კალიბრაცია ან ფოკუსიც არაა გასწორებული, ამიტომ, რა თქმა უნდა, ის ამაზე ბევრად მკაფიო და შთამბეჭდავ სურათებს გადაიღებს.
"ხმელეთზე ამ ინსტრუმენტის შესაქმნელად და გამოსაცდელად დახარჯული წლების შემდეგ, ახლა უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ის კოსმოსში ფუნქციონირებს. ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ სამეცნიერო გარღვევების გზას ვადგავართ", — აცხადებს NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის სამეცნიერო ინსტრუმენტების სპეციალისტი, ჯოშ შლიდერი.
ამ მისიისთვის დეკადაზე მეტი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ, ტელესკოპის შექმნას კი 4 მილიარდო დოლარი დასჭირდა. საინტერესოა, რომ ამისთვის იმ სადაზვერვო სატელიტის ელემენტებიც გამოიყენეს, რომელიც ექსპლუატაციაში არ შესულა. თუ ჰაბლისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპები შორეული ფენომენებისა და ობიექტების შესწავლაში გვეხმარება, ახალი ობსერვატორია კოსმოსის 100-ჯერ უფრო ფართო სურათს დაგვანახებს. ის კორონოგრაფითაცაა აღჭურვილი, რაც ვარსკვლავთა სინათლის დაბლოკვას და ამის მეშვეობით ეგზოპლანეტების დაფიქსირებას ხდის შესაძლებელს.
WFI-ისა და კორონოგრაფის მეშვეობით ნენსი გრეის რომანის ტელესკოპით ბნელ ენერგიასა და ბნელ მატერიასაც გამოიკვლევენ. პირველი სამყაროს აჩქარებულ გაფართოებასთანაა დაკავშირებული, მეორე კი უხილავია და გალაქტიკებს მთლიანობას უნარჩუნებს.
უნდა აღინიშნოს, რომ NASA-მ ტელესკოპის სპეციალური მანევრირებითა და საწვავის დაზოგვით მისიის პოტენციური ხანგრძლივობა გააორმაგა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ის სულ მცირე 22 წელი იმუშავებს, როცა თავდაპირველად მოაზრებული პერიოდი 10 წელი იყო.

კომენტარები