ომის სახეები — შახ აივაზოვის ფოტოისტორია
"ჟურნალისტიკა ავადმყოფობაა, მით უმეტეს მაშინ, თუ ომს შეეჩვევი. როცა კამერას ხელში იჭერ, შიშის გრძნობა ქრება, მაგრამ ყოველთვის ბრუნდება, როცა შენს გადაღებულ კადრებს უყურებ. ბოლოს და ბოლოს ადამიანი ხარ".
თუ ერთხელ მაინც გიცდიათ საქართველოს უახლესი ისტორიის ფოტოარქივის მოძებნა, აუცილებლად შეგხვდებათ ხშირად განმეორებადი სახელი და გვარი — შახ აივაზოვი. ის ფოტოჟურნალისტია, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე შვიდი ომი გადაიღო. აივაზოვის ობიექტივში მოხვდა აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და თბილისის სამოქალაქო ომი, 9 აპრილი, 26 მაისი, 20 ივნისი და არაერთი საპროტესტო აქციაც.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ომში ობიექტივის უკან იდგა და როგორც ჟურნალისტს მოვლენებისგან დისტანცირება ევალებოდა, არ გამოუვიდა. ომის დანაშაულებები, რომელსაც ჩეჩნეთში ხედავდა ან სისასტიკე, რომლითაც ქართველები აფხაზეთიდან გამოყარეს, ვერ დაივიწყა.
"მე ხშირად მეკითხებიან, შენ ხომ აზერბაიჯანელი ხარო. თითქოს, ემოციები არ უნდა მაკავშირებდეს აფხაზეთის ომთან. საქართველოს შვილი ვარ და ვიქნები, სანამ ცოცხალი ვარ. მამაჩემი აქ დაიბადა და ჩემი შვილია აქ დაღუპული, მე აქედან წამსვლელი არა ვარ, მე ეს ომები მტკიოდა", — ამბობს ის.
აფხაზეთის ომის დროს აივაზოვი Associated Press-ისთვის მუშაობდა. სოხუმში ჯერ კიდევ მაშინ ჩავიდა, როცა საპროტესტო გამოსვლები დაიწყო და ომის დასასრულამდე დარჩა.
"ომი როცა დაიწყო, კვირაობით ვრჩებოდით სოხუმში. სულ იქ ყოფნას ვერ ვახერხებდით, რადგან ფირზე ვიღებდით და გამჟღავნებას სტუდია ჭირდებოდა. ამიტომ უკან ვბრუნდებოდით თბილისში, ვბეჭდავდით, მასალას ვაწვდიდით და ისევ სოხუმში ჩავდიოდით.
იქ ყოფნისას გვეშინოდა, ოღონდ მხოლოდ პირველი ნახევარი საათი, სანამ ქალაქში შევიდოდით. შემდეგ უკვე ობიექტივს ვიღებდით ხელში და აღარაფერი გვახსოვდა.
ომს თავისი წესები აქვს, რომელიც ყველა ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს —მიკერძოებულობას აქ არავინ გაპატიებს. ვალდებული ხარ შენი კამერა სიმართლეს ემსახუროს და ფაქტები არ დამალოს.
აკრედიტაციას რუსული ჯარების პრესცენტრიც გვაძლევდა და იქეთ მხარესაც გადავდიოდით. მაგრამ თუ ვინმეს შეამჩნევდნენ, რომ რეალურ ფაქტებს არ ასახავდა, მეორედ აღარ უშვებდნენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი "ომის ჟურნალისტისთვის" სიფრთხილეა. შენ ჯარისკაცი არ ხარ და ეს არ უნდა დაგავიწყდეს. ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ტყვიების წვიმაში შევარდნით არათუ კარგ კადრს წამოიღებ, საერთოდაც ვერ გამოხვალ. სწორი ადგილი უნდა შეარჩიო და იქიდან გადაიღო.
მნიშვნელოვანია გამორჩეული ჩაცმულობაც. ჯარისკაცს არ უნდა გავდე, როცა ხელში ამხელა ობიექტივი გიჭირავს ისედაც რთული გასარჩევია ფოტოგრაფი ხარ თუ სნაიპერი. და კიდევ ერთი, ომის გადასაღებად წასვლა არ უნდა გინდოდეს, თუ უკვე ნანახი და გამოცდილი არ გაქვს ეს ჯოჯოხეთი", — ასე პასუხობს ის კითხვებს აფხაზეთის ომის შესახებ.
დეტალების და ისტორიების გახსენება არ სურს. თავისივე ფოტოების ნახვაც უჭირს, რადგან ყოველი მათგანი მძიმე ისტორიას ინახავს.
ომი ფერადი ვერ იქნება
"ადრე მკითხეს, რატომ არის თქვენი ფოტოები შავ-თეთრიო. ომი ფერადი არ არის. ის ტკივილი და ტანჯვა, რასაც ხალხი განიცდის ფერადი ვერ იქნება. იმ ფირების უმეტესობა, რომელსაც ვიღებდი ფერადია, მაგრამ შავ-თეთრი დავაბეჭდინე".
ატირებული ოჯახების ან დაჭრილების გადაღება ომის თხრობის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა შახი ადამიანების გათვალისწინებას ცდილობდა. ხშირად ეკითხებოდა გარშემომყოფებს შექმნიდა თუ არა დისკომფორტს კამერის თუნდაც ჩუმი, მაგრამ გლოვის დროს შემზარავად მაღალი ხმა.
თავისი ფოტოები სხვისსაში არ ეშლება. ერთი და იმავე სიტუაციაში გადაღებულ სხვის კადრსაც რაკურსით ანსხვავებს. ამბობს, რომ "ფავორიტი" კადრი არ აქვს, რადგან ყველა უნიკალურ ამბავს ყვება.
"ომის დაწყების შემდეგ, ძირითადად, მებრძოლებს ვიღებდით, ორივე მხარეს. ახალგაზრდა ბიჭები ისროდნენ, ისვენებდნენ და იმ იდეალებისთვის იღუპებოდნენ, რომელიც აშკარად ეტყობოდათ, რომ სჯეროდათ".
"მერე იყვნენ დაჭრილები, გარდაცვლილები და უბედური ხალხი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა".
"ეს სოხუმის საავადმყოფოა. ის დაჭრილი კაცი ამ ქალის ქმარია. ელოდებოდნენ გამოკვლევაზე შეყვანას და ცოლმა ცრემლები ვერ შეიკავა".
"რითიც შეეძლო ხალხს ერთმანეთს ეხმარებოდა. თითქმის ყველგან, მათ შორის სახლებშიც მედპუნქტები იყო გახნილი და დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევდნენ".
"ასე გადაყავდათ დაჭრილები სოხუმის აეროპორტისკენ. მათ თან დაყვებოდა მედდა, რომელიც ავტობუსშივე ეხმარებოდა დაშავებულებს".
"სოხუმის აეროპორტი გადარჩენასთან ასოცირდებოდა. იქ მისულები თბილისისკენ მიმავალ თვითმფინავში ჯდებოდნენ და გარბოდნენ, თუმცა აქაც არანაკლებ ტრაგიკული სიტუაცია იყო, მუდმივად მოყავდათ დაჭრილები და გარდაცვლილები".
"ეს ფოტოებიც სოხუმის აეროპორტშია გადაღებული. ქალი დაჭრილ შვილს ელოდებოდა. ზუსტად არ მახსოვს ქმარი იყო თუ შვილი, მაგრამ მახსოვს, რომ ოჯახის ერთი წევრი ამ ომში უკვე დაკარგული ყავდა. ძალიან ნერვიულობდა".
"ძალიან ძნელი იყო იქიდან წამოსვლა. ბევრი დაჭრილი იყო. ერთხელ მფრინავი გამოვიდა და თქვა, გავფრინდები, მაგრამ არ ვიცი ჩავფრინდები თუ არაო.
თბილისში ჩაფრენის შემდეგაც ტრაგიკული კადრები გვქონდა, ახლობლებთან შეხვედრა ან ომიდან გამოქცეული, გაურკვევლობაში მყოფი ადამიანების ნახვაც არ იყო მარტივი".
"ყველა ვერ ახერხებდა გამოსვლას. რუსები საკმაოდ მკაცრად აკონტროლებდნენ სიტუაციას. მაგალითად, ეს ფოტოები ბაზაზეა გადაღებული, სადაც ხალხს სიების მიხედვით უშვებდნენ".
"ვინც აეროპორტთით გამოსვლა ვერ მოასწრო, რთული გზების გამოვლა მოუწია: მთებში, ტყეებში, მდინარეებში და ენგურის ხიდზე. საკუთარი სახლებიდან მორბოდნენ ჩემოდნებით, მეშოკებით და ჩანთებით."
"მძიმეა ომი კი, მაგრამ ყველაზე ძნელი ჩვენთვის იქიდან წამოსვლა იყო. მივხვდით, რომ ყველაფერი დასრულდა.
მახსოვს ომის განმავლობაში ყველაზე მეტად შემეშინდა, როცა შემთხვევით პილოტების საუბარი გავიგე. მათ უკან ვისხედით ჟურნალისტები და არ იცოდნენ, რომ გვესმოდა. ამბობდნენ, ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოვარდეთო. 40 წუთი უნდოდა ფრენას, მაგრამ 4 საათი იყო ჩვენთვის.
სხვა ომები, რომლებიც გამოვიარე არანაკლებ სასტიკი იყო. ცოცხალი გადავრჩი და ერთხელაც არ დავჭრილვარ. ალბათ, იმიტომ რომ ყოველთვის, როცა დაძაბული სიტუაციის დროს შევარდნა და გადაღება მინდოდა ოჯახის ფოტო მახსენებდა თავს, რომელსაც ბრონიჟილეტში ვინახავდი".
კომენტარები