ესპანეთში, მალაგის პროვინციაში, ქალაქ ესტეპონაში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული. როგორც EL ESPAÑOL წერს, "ისინი შიშვლები და სისხლიანები იყვნენ".

სასამართლო გამოძიებასთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, შვიდივე დაკავებული პატიმრობაში იმყოფება და მათ ბრალად ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილეობა, წამება, გატაცება და მკვლელობის მცდელობა ედებათ.

"განგაში ერთ-ერთი კაცის მეგობარმა ქალმა ატეხა, რომელსაც აწამებდნენ", — წერს გამოცემა.

EL ESPAÑOL-ის ცნობით, 5 სექტემბერს მაროკოს მოქალაქე კაცი სამუშაო შეხვედრაზე ესტეპონაში, ერთ-ერთ სახლში წავიდა და პარტნიორს სთხოვა, თუ 20 წუთში მისგან არაფერს გაიგებდა, პოლიციაში დაერეკა. 40 წუთის შემდეგ ქალმა 091-ზე დარეკა და განაცხადა, რომ მისი პარტნიორის უსაფრთხოებაზე შიშობდა. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი მივიდა, თუმცა სახლის კარი არავინ გააღო, რის გამოც პოლიციელებმა ღობეზე გადაძვრნენ. მალევე სახლიდან შიშველი, სისხლით დაფარული კაცი გამოვიდა, რომელიც ყვიროდა: "მათ ჩვენი მოკვლა უნდათ!", "მათ ჩვენი მოკვლა უნდათ!"

ამის შემდეგ პოლიციელებმა დახმარება გამოიძახეს და სახლში შევიდნენ, სადაც კიდევ ერთი კაცი სკამზე მიბმული და სისხლით დაფარული იპოვეს. გამოძიებასთან დაახლოებული წყაროების თქმით, სახლში მოწყობილი ოთახი პოლიეთილენის პარკებით იყო დაფარული და ადგილზე წამებისთვის განკუთვნილი ნივთებიც იპოვეს.

EL ESPAÑOL წერს, რომ პოლიციელები ნანახმა შოკში ჩააგდო — ყველაფერი კვენტინ ტარანტინოს ფილმ Pulp Fiction-ის სცენას ჰგავდა.

"ერთ-ერთი ოთახი მთლიანად პოლიეთილენის პარკით იყო დაფარული. ეს საწამებელი ოთახი იყო, რადგან იქ იყო ისეთი იარაღები, როგორიცაა ბრტყელტუჩა, ჩაქუჩები.

იქვე, სკამზე მიბმული იყო კიდევ ერთი კაცი, რომელსაც აწამებდნენ — ის მთლიანად სისხლით იყო დაფარული", — ამბობენ სასამართლო გამოძიებასთან დაახლოებული წყაროები.

გამოძიების ფარგლებში სახლის ჩხრეკისას, გამოცემის ინფორმაციით, "ომისთვის განკუთვნილი იარაღი ამოიღეს", მათ შორის ორი AK-47 — ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმოების ავტომატი.

ფოტო: elespanol

მალაგის სასამართლო პოლიციის ბრიგადამ ოპერაციის ფარგლებში შვიდი სერბეთის მოქალაქეც დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ევროპის კრიმინალურ ორგანიზაციასთან არიან დაკავშირებული. სახლის ჩხრეკისას ამოღებული AK-47-ის ტიპის ავტომატები.

სკამზე მიბმული კაცი, რომელიც პლასტმასით დაფარულ ოთახში იპოვეს, ესპანეთის მოქალაქეა. "ითვლება, რომ ეს ადამიანები ნარკოტიკებთან დაკავშირებული ანგარიშსწორების ფარგლებში აწამეს. შესაძლოა, მათ რაიმე დავალება ვერ შეასრულეს, ვინმეს ფული ან ნარკოტიკი მოჰპარეს ან ვალი ჰქონდათ", — წერს ესპანური მედია.