ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ კიბერუსაფრთხოებაში ახალი მიმართულება — AI/ML Security შექმნა. ამასთან ერთად ბაზარზე AI უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი ახალი სერტიფიკატიც გამოჩნდა. თუმცა, ყველა სერტიფიკატს ერთნაირი პრაქტიკული ღირებულება არ აქვს.

კლასიკური OSCP და CISSP სრულად ვერ ფარავენ LLM—ების, RAG—ის, MCP ინსტრუმენტებისა და მოდელის მიწოდების ჯაჭვის (Supply Chain) ახალ შეტევის ზედაპირს. მთავარი კრიტერიუმი მარტივია: გამოცდა პრაქტიკული უნდა იყოს. მხოლოდ ტერმინების ცოდნის შემოწმება საკმარისი არ არის. ამ კრიტერიუმით სამი სერტიფიკატი განსაკუთრებით საინტერესოა.

CAISP (Practical DevSecOps) - ინჟინრის ხედვა

CAISP AI სისტემას შემქმნელისა და დამცველის თვალით ხედავს. ის მოიცავს: OWASP LLM Top 10, MITRE ATLAS, STRIDE-ზე დაფუძნებულ threat modeling-ს, AI supply chain-ს (მოდელების ხელმოწერა, AIBOM) და მმართველობის ჩარჩოებს (NIST AI RMF, ISO/IEC 42001, EU AI Act). გამოცდა მოიცავს 6—საათიან პრაქტიკულ ამოცანებსა და რეპორტს, ხოლო თავად სერტიფიკატი უვადოა.

გასათვალისწინებელი: პროვაიდერი GIAC—ისა და ISACA—ს მასშტაბის არ არის, ხოლო უვადო სტატუსი დარგში, სადაც ლანდშაფტი რეკორდული სისწრაფით იცვლება, ცოდნის აქტუალობას ვერ უზრუნველყოფს.

OSAI (OffSec) - OSCP-ის DNA AI-ს ფრონტზე

OffSec—ის OSAI (OffSec AI Red Teamer) უკავშირდება AI—300: Advanced AI Red Teaming კურსს და გამოცდილ სპეციალისტებს AI სისტემების შეტევითი შეფასებისთვის ამზადებს. პროგრამა მოიცავს LLM—ებს, მრავალაგენტიან გარემოებს, ინფორმაციის მოძიებით გაძლიერებული გენერაციის (RAG) სისტემებსა და AI ინფრასტრუქტურას. შეფასების საფუძველია 24—საათიანი პრაქტიკული გამოცდა; კანდიდატმა მოწყვლადობები უნდა აღმოაჩინოს, გამოიყენოს და დოკუმენტურად აღწეროს. აქ საკვანძო უნარია შეტევის ჯაჭვის გააზრება: როგორ გადაიქცევა მოდელზე ზემოქმედება სისტემისა და მონაცემების დასაზიანებლად.

გასათვალისწინებელი: სამეულიდან ყველაზე ძვირია და OSCP-ის დონის ბაზას მოითხოვს.

COAE (Hack The Box) — Adversarial ML—ის სიღრმე

აპრილში ამოქმედებული COAE (HTB Academy—ის 12—მოდულიანი AI Red Teamer—ის სასწავლო გზა) Google—თან ერთად შეიქმნა და Google SAIF—სა და OWASP—ს ეყრდნობა. ფოკუსი მოდელის "ანატომიაა": evasion, data poisoning, privacy-შეტევები, prompt injection. გამოცდა 7 დღე გრძელდება და კომერციული დონის ანგარიშით სრულდება. ვაუჩერი ორ მცდელობას მოიცავს.

ფასისა და ხარისხის თანაფარდობის თვალსაზრისით COAE საინტერესო ვარიანტია მათთვის, ვისაც Adversarial ML-ის მიმართულებით სიღრმისეული პრაქტიკა სურს.

გასათვალისწინებელი: დაკვირვებით, კორპორატიულ HR—ფილტრებში HTB—ის ბრენდი OffSec—ს ჯერ კიდევ ჩამორჩება.

Microsoft SC-500 — განსხვავებული ფოკუსის მქონე ვარიანტი

AZ-500 31 აგვისტოს ისტორიას ჩაბარდა, მის ნაცვლად კი — SC—500 (Cloud and AI Security Engineer Associate) გამოვიდა. ის აერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა Azure-ის, ჰიბრიდული ინფრასტრუქტურისა და AI სერვისების დაცვა: იდენტობები, წვდომა, მონაცემები, ქსელი და უსაფრთხოების მონიტორინგი. აქცენტი რეალურ გარემოში დამცავი კონტროლების დანერგვაზეა.

გასათვალისწინებელი: AI მხოლოდ ერთი დომეინის (Secure compute, 20–25%) ქვეთემაში გვხვდება, გამოცდის ფორმატი 120 წუთია, ეკოსისტემა კი - მხოლოდ Microsoft-ს მოიცავს.

როგორ განსხვავდებიან სერთიფიკატები?

რომელი მიმართულება რომელ სერტიფიკატს შეესაბამება?

თუ თქვენი მთავარი მიზანი AI სისტემების აშენება და დაცვაა, CAISP უფრო შესაბამისი მიმართულებაა. თუ უკვე გაქვთ პენტესტინგის ძლიერი საფუძველი და გსურთ AI Red Teaming-ზე გადასვლა, ამ პროფილს OSAI ერგება. თუ ყურადღებას Adversarial ML-ის ტექნიკურ სიღრმეზე ამახვილებთ და ბიუჯეტიც მნიშვნელოვანია, COAE საინტერესო არჩევანია. ხოლო მათთვის, ვინც ძირითადად Azure-ის ეკოსისტემაში მუშაობს, SC-500 უფრო პირდაპირი და შესაფერისი გზაა.

მონაცემები მოცემულია 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით.