როგორ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა 26 მაისს — მოკლედ
"საქართველოს მამულიშვილნო! საშინელს მსოფლიო ქარტეხილს, შინაურ და გარეშე ბრძოლაში საქართველოს თავისუფლება იშვა. შემოკრიბეთ ყველანი მის დასაცავად, ასაყვავებლად", — ეს სიტყვები 1918 წლის 26 მაისს გაზეთ საქართველოში დაიბეჭდა და ყველაზე ზუსტად ახასიათებს ხანგრძლივ და რთულ ისტორიულ გზას, რომელიც დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად გამოვიარეთ.
საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით. მიუხედავად იმისა, რომ შექმნიდან სამი წლის შემდეგ პირველი რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო და მისი სრული ანექსია მოახდინა, ამ სამი წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკამ არაერთ წარმატებას მიაღწია. საბოლოოდ დამოუკიდებლობის აღდგენაც 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე შევძელით, თუმცა სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, ცოტა ხნით 1910-იანი წლების მიწურულს გადავინაცვლოთ.
დამოუკიდებლობის მოპოვებას წინ უძღვოდა არაერთი მოვლენა. მათ შორის: რევოლუცია რუსეთში, ამიერკავკასიის კომისარიატი, ამიერკავკასიის სეიმი, ბრესტ-ლიტოვსკის ზავი და შეგრძნება, რომ "ურისკოთ არაფერი არ კეთდება".
"საშინელს მსოფლიო ქარტეხილს"
1917 წელს ცარისტული რეჟიმით გაღატაკებულმა მუშათა კლასმა რუსეთში რევოლუცია დაიწყო, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მნიშვნელოვანი საწინდარი, მოგვიანებით კი მისივე დაკარგვის მიზეზი გახდა. ამავე წლის თებერვალში, როცა მუშათა რევოლუციას არმია შეუერთდა, რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე გადადგა და დროებითი მთავრობა შეიქმნა, რომელიც ოქტომბრამდე მართავდა ქვეყანას. შიდა არეულობის მიუხედავად, რუსეთს ამიერკავკასია "უყურადღებოდ" არ დაუტოვებია და გასაკონტროლებლად შეიქმნა განსაკუთრებული კომიტეტი (ოზაკომი), რომელიც ოქტომბერში სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისთანავე გაუქმდა. რუსეთში ანარქია სუფევდა, ამიერკავკასიაში კი იგივე ბედის გაზიარება არ სურდათ.
ამიტომ, სანამ ვლადიმერ ლენინის ჩამოყალიბებული საბჭოთა მთავრობა მათთვის მოიცლიდა, ადგილობრივმა პოლიტიკურმა ძალებმა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) 1917 წელს თავიანთი ამიერკავკასიის კომისარიატი შექმნეს. კომისარიატი გაემიჯნა ხელისუფლების მართვის ორგანოს, მაგრამ ოფიციალურად დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია.
ამავდროულად საქართველოში ეროვნული კონსოლიდაციის იდეა გაძლიერდა. 1917 წლის ნოემბერში, თბილისის სახაზინო თეატრში ეროვნული ყრილობა გაიმართა, რომელზეც აირჩიეს პირველი ეროვნული საბჭო და აღმასრულებელი კომიტეტი ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით.
1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება ერთის მხრივ საბჭოთა რუსეთსა და მეორე მხრივ, გერმანია, თურქეთ, ავსტრია-უნგრეთსა და ბულგარეთს შორის. მიუხედავად არსებული რეალობისა, საბჭოთა რუსეთმა არ გაითვალისწინა ამიერკავკასიის კომიტეტის ინტერესები და ყარსი, არდაგანი, ბათუმი თურქეთს გადასცა.
ამიერკავკასიის კომისარიატმა თურქეთთან მოლაპარაკება სცადა, თუმცა უშედეგოდ და საომარი მოქმედებები დაიწყო. თურქეთის ჯარებმა ბათუმი, მესხეთი და ოზურგეთი დაიკავეს.
სიტუაციის მოსაგვარებლად, 1918 წლის 22 აპრილს კომისარიატის პოლიტიკური ორგანო, ამიერკავკასიის სეიმი შეიკრიბა, რომელმაც ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. მასში შედიოდნენ: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. რესპუბლიკის თავმჯდომარედ და საგარეო საქმეთა მინისტრად აკაკი ჩხენკელი დაინიშნა და თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება გადაწყდა, თუმცა ესეც უშედეგოდ, რადგან, საბოლოოდ, ამიერკავკასიის სეიმი ინტერესთა შეუთახნმებლობამ დაშლამდე მიიყვანა.
22მაისს თურქეთისა და ამიერკავკასიის მოლაპარაკებებიდან აკაკი ჩხენკელმა ეროვნულ საბჭოსა და აღმასრულებელ კომიტეტს მისწერა — "ურისკოთ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოთ! საჭიროა გამბედაობა და კიდევ გამბედაობა!" — და მათ სასწრაფოდ დამოუკიდებლობის გამოცხადება ურჩია.
"ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია"
ასე, "მსოფლიო ქარტეხილში", 24 მაისს ეროვნული საბჭო შეიკრიბა და აკაკი ჩხენკელის წერილი განიხილა. მათ დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადება გადაწყვიტეს, თუმცა დამოუკიდებლობის აქტის მომზადებამ და ამიერკავკასიის სეიმის დაშლის მოლოდინმა პროცესი ორიოდე დღით გაწელა.
კვირას, 26 მაისს, გოლოვინის პროსპექტზე (დღევანდელი რუსთაველის გამზირი), მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) ეროვნული საბჭოს კრება გაიმართა, რომელსაც 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა.
კრება ნაშუადღევს 4 საათსა და 50 წუთზე დაიწყო. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტი დეტალურად გვამცნობს, რა განწყობა სუფევდა იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
სტენოგრაფიულ ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ ამ დროს პირველად გამოჩნდა დემოკრატიული რესპუბლიკის სამფეროვანი დროშა, რომელზეც წმინდა გიორგი და შვიდი მნათობი იყო გამოსახული. დროშა სასახლის ბანზე იყო აღმართული, ორი დროშით მორთული იყო ის კედელიც, სადაც ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის წევრები ისხდნენ. როცა თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ თავისი ადგილი დაიჭირა, საბჭო და დამსწრე საზოგადოება მას "ფეხზე დგომით, მხურვალე და ხანგრძლივი ტაშით შეეგება".
ჟორდანიამ საბჭოს სხდომა გახსნილად გამოაცხადა და შეკრებილებს მიმართა:
"მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის, იშვიათის და ამავე დროს ტრაღიკულ აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, ახლა, ამავ დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს".
ამის შემდეგ დამსწრეებმა მოკლე სიტყვები წარმოსთქვეს და საბჭოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მიულოცეს, რის შემდეგაც ჟორდანიამ მათ მადლობა გადაუხადა, რასაც ისევ ხანგრძლივი ტაში და ოვაციები მოყვა. კრება საღამოს 5 საათსა და 55 წუთზე დასრულდა. დღემდე, არამხოლოდ 26 მაისი, არამედ, ეს საათებიც საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვან თარიღებად ითვლება.
დამოუკიდებლობის აქტს 88 ადამიანმა მოაწერა ხელი და ის დღემდე რჩება ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტად საქართველოს ისტორიაში, ისევე, როგორც პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია. ხელმომწერები დათანხმდნენ, რომ სუვერენული ქვეყნის პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკა იქნებოდა, საბჭო ეროვნულ უმცირესობათა ყველა წარმომადგენლით დაკომპლექტდებოდა და განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნიდნენ ქვეყანაში მოსახლე ყველა ერს. ასევე, შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ომიანობაში მუდმივ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებდნენ.
ახალბედა სახელმწიფო დამოუკიდებლობისთვის რომ დიდი ხნით ადრე იყო მზად, ამაზე სამთავრობო სტრუქტურების გადანაწილებაც მეტყველებს. ეროვნულმა საბჭომ პირველი მთავრობაც დაამტკიცა, რომელშიც შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, სამხედრო საქმეთა, ფინანსთა და ვაჭრობის, მიწათმოქმედებისა და შრომის, სახალხო განათლებისა და იუსტიციის მინისტრები შედიოდნენ. თავად ეროვნული საბჭო კი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას ასრულებდა, სანამ მოგვიანებით, ოფიციალურად, პარლამენტი არ ეწოდა.
საბჭოს სხდომა ისტორიული კადრით დასრულდა, რომელზეც ეროვნული საბჭოს წევრები არიან აღბეჭდილი.
1918 წლის 26 მაისს გაზეთ საქართველოს ახალ ნომერში განცხადებებისთვის გამოყოფილი სივრცე ერთადერთ წინადადებას დაეთმო: "საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა". იქვე გამოქვეყნდა სტატია სათაურით — "დამოუკიდებელი საქართველო აღსდგა, გაუმარჯოს საქართველოს!"
სახელმწიფოებრიობის შენება: ეროვნული სიმბოლიკა და არჩევნები
სუვერენულ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლიკა სჭირდებოდა, რაც ეროვნულმა საბჭომ კარგად იცოდა. ამიტომ მალევე ოფიციალურად დაკანონდა დროშა და გერბი. სახელმწიფო ჰიმნს კი "სადიდებლად ქართველი ერისა" დიდება ეწოდა.
ეროვნულ არქივზე დაკვირვებით მარტივი მისახვედრია, რომ სახელმწიფო სიმბოლიკის შექმნისას პირველ რესპუბლიკაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს. თითოეული დეტალი ზედმიწევნით არის გათვლილი.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშა, რომლის ავტორებიც იაკობ ნიკოლაძე და იოსებ შარლემანი იყვნენ, სამფეროვანი იყო: "წითელის (შვინდის ფერის), შავის და თეთრის ფერისა". ის ოფიციალურად 1918 წლის 10 სექტემბერს დამტკიცდა.
დროშის კანონი, რომელსაც ხელს საბჭოს თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე და მთავრობის თავჯდომარე ნოე ჟორდანია აწერენ, გვამცნობს:
"დროშას შეადგენს: თეთრუ ბუნი თავში ბირთვითა და შუბის წვერით. ალამი წითელი /შვინდის ელფერისა/ შავი და თეთრი თანასწორი ზოლები ზემო კუთხეში ბუნთან; შავი და თეთრი ზოლები შეადგენს ალამის ნახევარს და სიგრძის ორ მეხუთედს".
მოგვიანებით, 20 სექტემბერს, შესაბამისი კანონით დამტკიცდა დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი — წმინდა გიორგი შვიდი მნათობით. ეს ისტორიული წარსულის ერთგვარი ხაზგასმაც იყო, რადგან წმინდა გიორგი ქართულ ჰერალდიკაში ჯერ კიდევ XII საუკუნიდან გვხვდება.
გერბი იოსებ შარლემანმა დახატა, წმინდა გიორგის გამოსახვის წესები კი ივანე ჯავახიშვილმა და დიმიტრი შევარდნაძემ შეიმუშავეს.
"შვინდისფერ ადგილიანს რგვალ ფარზედ თეთრი გიორგი ოქროს ჩლიქებიან თეთრს ცხენზედ".
გერბის კანონს თან ახლავს შესაბამისი აღწერილობა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული, რომ წმინდა გიორგის ოქროს შუბს ვერცხლის თავი ჰქონდა, მას ცისფერი ვერცხლისუჯრედებიანი ჯავშნის ქვეშ მიხაკის ფერის ტყავის პერანგი ეცვა, სახელო და მოსასხამი თეთრი ჰქონდა, უნაგირი ოქროსი, უზანგი კი ვერცხლის.
ზედმიწევნით იყო აღწერილი ფონიც:
"ღერბის თავში რვაკუთხიანი ვერცხლის ვარსკვლავი; მის მარჯვნივ ვერცხლის მთვარე, მარცხნივ ოქროს მზე; მთვარის და მზის აქეთ-იქით ორ ორი რვა კუთხიანი ვერცხლის ვარსკვლავი. ცხენის ქვევით შავი მთის მწვერვალი".
და ბოლო, მაგრამ არა მნიშვნელობის მიხედვით — "დიდება". დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნის ტექსტისა და მუსიკის ავტორი კოტე ფოცხვერიშვილი იყო.
დამფუძნებელი კრების არჩევნები
ჯერ კიდევ მაშინ, როცა მსოფლიოს ნაწილი დემოკრატიულ ღირებულებებს უყურადღებოდ ტოვებდა, არჩევნებს უგულვებელყოფდა ან ქალებს ხმის მიცემის უფლებას არ აძლევდა, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საყოველთაო არჩევნებზე ფიქრობდნენ, რომელში მონაწილეობის უფლება ყველას ჰქონდა, განურჩევლად სქესისა, თუ ეთნიკური წარმომავლობისა.
ეროვნული საბჭო მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოს სამართავად აუცილებელი იყო დამფუძნებელი კრების შექმნა, რაც არჩევნების გზით უნდა მომხდარიყო. არქივში შემონახული დოკუმენტი გვამცნობს, რომ 1919 წლის 2 იანვარს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტის პრეზიდიუმს არჩევნების დაჩქარების მოთხოვნით მიმართა. წერილში აღნიშნულია, რომ ამ წინადადებით თავდაპირველად მათ რესპუბლიკის მთავრობამ მიმართა და კომისიამ მოსაზრება გაიზიარა.
არჩევნების თარიღი დიდწილად საგარეო ფაქტორებს უკავშირდებოდა, რადგან 1919 წლის იანვარში პარიზში იხსნებოდა სამშვიდობო კონფერენცია, რომლის მუშაობაში საქართველოს დელეგაციას აუცილებელად უნდა მიეღო მონაწილეობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი საყოველთაო არჩევნების შედეგად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენელთა გამგზავრება იყო.
არჩევნები 1919 წლის 14 თებერვალს დაინიშნა. მას საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობდა, სადაც პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პარტიას პროპორციული რაოდენობის წარმომადგენელი ჰყავდა. სამკაციანი საარჩევნო პრეზიდიუმის ერთი წევრი ქალი იყო.
არჩევნებში მონაწილეობას 15 პოლიტიკური სუბიექტი იღებდა, სადაც დაცული იყო ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლობა:
- საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია;
- საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
- საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია;
- სომეხთა რევოლუციონური პარტია "დაშნაკციუთუნი";
- საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია;
- საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო;
- საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია;
- საქართველოს ეროვნული პარტია;
- საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია;
- შოთა რუსთაველის ჯგუფი;
- დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი;
- ბორჩალოს მაზრის მუსულმანები;
- რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ);
- "ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა";
- ელინთა დემოკრატიული პარტია.
საარჩევნო პროცესი როგორც ახლა, მაშინაც მრავალფეროვანი იყო. პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა მოწოდებებით ცდილობდნენ ამომრჩევლის მიმხრობას, რასაც არქივში შემონახული ბიულეტენები მოწმობს.
არჩევნების შედეგები დამფუძნებელი კრების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 მარტს შეაჯამა. 130 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა: სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 109 მანდატი; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 8 მანდატი; სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 5 მანდატი; სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია – 8 მანდატი.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში 5 ქალი მოხვდა: ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე.
1 028-დღიანი დემოკრატია
ასწლიანი მონობიდან გათავისუფლებულმა ქვეყანამ 1 028 დღეში დემოკრატიის აშენება მოასწრო. სწორედ ამდენი ხანი გაგრძელდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, სანამ საბჭოთა რუსეთმა საქართველო არ გააწითლა.
ამ პერიოდში ქვეყანამ შეძლო დიპლომატიური კავშირების დამყარება და მიიღო დე იურე აღიარება არაერთი ქვეყნისგან. მათ შორის იყო: გერმანია, თურქეთი, საფრანგეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია, იაპონია და რუსეთიც კი.
დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიქმნა ეროვნული გვარდია, გაიხსნა უნივერსიტეტი, ქართული თეატრი.
განათლება და კულტურა პირველი რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტად იქცა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1920 წლამდე ქართული უნივერსიტეტი ერქვა, სპეციალური წესდებაც შემუშავდა, რომლითაც ავტონომია მიენიჭა.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა თეატრსაც. 2 ივნისს, ქართული თეატრის "დაბადების დღეზე" ქვეყანაში მსახიობთა დღე დაწესდა.
სწორედ პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიქმნა პირველი ქართული კლასიკური ოპერა, რომელიც დღემდე საკულტოა — ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი".
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელმაც მხოლოდ 5 დღე იარსება, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კონსტიტუციონალიზმზე.
პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია არ აღიარებდა უპირატეს რელიგიებს და კრძალავდა სახელმწიფო ხაზინიდან ფულის ხარჯვას "სარწმუნეობრივ საქმეთა საჭიროებისთვის". ასევე, განსაზღვრავდა სახელმწიფო ენას — ქართულს და არეგულირებდა ეროვნულ უმცირესობათა ენების გამოყენებას.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ეროვნული გვარდია წითელ არმიასთან ბრძოლაში დამარცხდა. რუსეთმა ისევ ათეულობით წელი იბატონა საქართველოში, თუმცა ვერაფრით წაშალა კვალი, რომელიც 1918 წლის 26 მაისს, 4 საათსა და 50 წუთზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ დატოვა: "ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა".
დამოუკიდებლობის მეორედ მოპოვების შემდეგაც კი საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს და ამით პატივს მიაგებს იმ ისტორიული გამბედაობის აქტს, რომელმაც ჩვენი აწმყო და მომავალი განსაზღვრა.
კომენტარები