ინფორმაცია, რომელიც წამლავს - რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხეები საქართველოში
მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენების დროს, რუსეთი საქართველოში ჰიბრიდულ ომს აძლიერებს. ამ დროს რუსეთი სოციალურ ქსელსა და მედიაში განსაკუთრებით აქტიურდება და მოსახლეობის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს იწყებს. ნატოს ბრიუსელის სამიტის წინ რუსეთი ისევ გააქტიურდა.
საინფორმაციო ომების მკვლევარი დავით ძიძიშვილი ამ ომში რუსეთის მოქმედების მახასიათებლებს იკვლევს. მისი დაკვირვებით, რუსეთმა გასაღები იპოვა და მოქმედების სიუჟეტი რადიკალურად შეცვალა. ახლა, რუსული საინფორმაციო მანქანის პოლიტიკა ასეთია: საქართველოში გავრცელდეს ბევრი ანტიდასავლური მესიჯი, ხოლო რუსეთის ფედერაციაში გავრცელდეს მაქსიმალურად მეტი პოზიტიური ინფორმაცია საქართველოს შესახებ.
ბრიუსელის მოახლოებული სამიტი ერთ-ერთი მაგალითია იმ მრავალი შემთხვევიდან, როცა რუსეთი საინფორმაციო მანქანას, როგორც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ინსტრუმენტს საქართველოს წინააღმდეგ წარმატებით იყენებს, თუმცა საქართველო ამ ომს არც ისე მომზადებული შეხვდა. დღემდე არ არსებობს უწყება, რომელიც საინფორმაციო სივრცეში მიმდინარე პროცესებზე იქნება პასუხისმგებელი.
დავით ძიძიშვილი, ჰიბრიდული ომის მკვლევარი: ჰიბრიდული ომი ყველაზე პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთმა ეს მეთოდები 2014 წელს უკრაინაში გამოიყენა. თვისობრივად, ამ ტერმინში ახალი არაფერია. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული და უფრო ადრეც, იმ ყველა მეთოდს, რომელსაც ჩვენ ჰიბრიდულ ომს ვუწოდებთ, კაცობრიობა იყენებდა, თუმცა ასეთი მასობრივი არ ყოფილა. ტექნოლოგიების, ადამიანის ცნობიერების განვითარებამ და რესურსებისადმი მაღალმა წვდომამ თემის გააქტიურება გამოიწვია.
ეს არის ომის წარმოება ბევრი სხვადასხვა მეთოდის სინთეზით. ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებებიცაა, მაგრამ მისი არსია, მოწინააღმდეგემ დიდი უპირატესობა სამხედრო ძალების გამოყენებამდე მოიპოვოს. თუ ჯარი შეგყავს ქვეყანაში, რომლის წინააღმდეგაც ჰიბრიდულ ომს აწარმოებ, იქ უკვე საბრძოლო აღარაფერია. სამხედრო მოქმედებების მთავარი მიზანი კი რეგიონზე ბატონობის განმტკიცებაა.
რატომ გახდა ახლა აქტუალური ჰიბრიდული ომი, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და როგორ განვსაზღვრავთ ამ გამოწვევებს?
ჰიბრიდული ომის მთავარი გამოწვევა მისი სწრაფად ადაპტირებადი ხასიათია, განსხვავებით ტრადიციული საბრძოლო მოქმედებებისაგან, რომელსაც წესები აქვს. ჰიბრიდული ომი ყველაზე მეტად ადაპტირებადი ღია და თავისუფალი საზოგადოებების მიმართ გახდა.
ჰიბრიდული ომის კლასიკური მოდელი არ არსებობს. ჰეზბოლა იყენებს ჰიბრიდული ომის თავის მოდელს, რუსეთი - თავისას, იმის მიხედვით, თუ ვისთან აქვს ომი.
რუსული ჰიბრიდული ომი ყველაზე მეტად მოიცავს ადაპტირებას, სუსტი წერტილების, ჩავარდნების პოვნასა და ამოვსებას. ჰიბრიდული ომის პირობებში მთავარი გამოწვევაა, რომ თქვენ არ დაგრჩეთ ცარიელი სივრცე. ცარიელი სივრცის არდატოვება იმდენად დიდ რესურსს მოითხოვს, რომ მუდმივად ამ რეჟიმში ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია.
რა ინდივიდუალურ ნიშნებს ავლენს რუსეთი საქართველოსთან ჰიბრიდულ ომში და რა მიზანი აქვს მას?
რაც უფრო კარგად წავიკითხავთ რუსულ დოკუმენტებს, მით უფრო კარგად გავიგებთ, რა უნდა რუსეთს. რუსეთის ჰიბრიდულ ომზე საუბრისას რამდენიმე დოკუმენტს ვეყრდნობით: "ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა", "საინფორმაციო უსაფრთხოების კონცეფცია" და "საგარეო პოლიტიკის დოქტრინა". რუსეთს გავლენის სფეროები უნდა და სურს, საერთაშორისო პოლიტიკაში თანაბარ მოთამაშედ აღიქმებოდეს. პოსტსაბჭოთა სივრცე მისი უკანა ეზოა. რუსეთის აზრით, ერთპოლუსიანი სამყარო არ უნდა არსებობდეს, გულისხმობს ნატოსა და აშშ-ს. მას უნდა გავლენის სხვადასხვა პოლუსი, რომელსაც სხვა არავინ უნდა ეხებოდეს. მათ შორის, ერთ-ერთი კავკასიაა. საქართველო რუსეთისთვის ყველაზე აქტუალურია, რადგან ნატოსთან ყველაზე ახლო მდგომი ქვეყანა ვართ. იმისთვის, რომ "თავის უკანა ეზოში" ვიღაცამ ერთი მონაკვეთი არ შემოუღობოს, ყველაფერს აკეთებს. რუსეთისთვის ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საქართველო რუსეთის ხელში ინსტრუმენტია?
რუსეთი იბრძვის საკუთარი იდეების, შეხედულებებისა და ღირებულებების გავრცელებისთვის, თუ მას ასეთი აქვს, რა თქმა უნდა. რუსეთმა ზუსტად იცის, რომ დასავლეთის მარცხი საქართველოში დასავლურ ღირებულებებზე დიდი დარტყმა იქნება. რუსეთი ებრძვის დასავლურ ღირებულებებს საქართველოში, რადგან იცის, რომ დასავლეთისთვის საქართველო ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე წინა წერტილია. თუ ამ წინააღმდეგობას ჩაახშობს, შემდეგი იქნება არა ეს რეგიონი, არამედ სხვა, ვგულისხმობ ბალტიისპირეთს. შემთხვევითი არ არის, რომ ნატოს დახელოვნების ცენტრები სწორედ რიგაშია და რუსეთის ჰიბრიდული ომის საინფორმაციო კომპონენტებს იქ იკვლევენ.
რა ინსტრუმენტებს იყენებს რუსეთი საქართველოში ჰიბრიდული ომის საწარმოებლად?
რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს საქართველოში ხუთ ძირითად ნაწილად ვყოფთ, რომელსაც ეროვნული სიძლიერის ელემენტებს ვეძახით:
- პოლიტიკური ინსტრუმენტები;
- ეკონომიკური ინსტრუმენტები;
- სამხედრო ინსტრუმენტები;
- საინფორმაციო ინსტრუმენტები;
- სოციალური ინსტრუმენტები.
როგორ იშლება ეს ინსტრუმენტები საქართველოს შემთხვევაში, კონკრეტულად რომელ ქვეპუნქტებს მოიაზრებს?
პოლიტიკაში შეგვიძლია მოვიაზროთ დიპლომატია, შიდა პოლიტიკური პროცესები, ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფები...
ეკონომიკის მიმართულებით ვსაუბრობთ არა მხოლოდ მარტივ ეკონომიკურ თემებზე, არამედ ვიწრო ეკონომიკურ ინტერესებზეც, კერძო ქონების შესყიდვაზეც კი. მაგალითად, ყირიმის შემთხვევაში ყველაზე რთული პროცესი, რომელიც უკრაინის ხელისუფლების წინაშე იდგა, იყვნენ რუსეთის მოქალაქეობის მქონე ის პირები, რომლებიც ყირიმის ტერიტორიაზე უძრავ ქონებას ფლობდნენ. უკრაინამ ზუსტად იცოდა, რომ რუსეთი ამას თავის სასიკეთოდ გამოიყენებდა. ბუნებრივია, რომ სახლის ყიდვას საქართველოში ვერავის აუკრძალავ, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს, თუმცა წარმოიდგინეთ, რომ რუსეთის ფედერაცია ამ დონეზეც კი მუშაობს.
იგივე ხდება სოციალურ დონეზე, როცა კონკრეტული ოჯახების პრობლემის იდენტიფიცირება და მოქრთამვა მიმდინარეობს.
საინფორმაციო მიმართულებით რუსეთის მოქმედებები ყველაზე ინტენსიურია. ყველაზე ხშირად ე.წ. ინფორმაციის გათეთრების მეთოდს იყენებს. რუსეთი, მეტი სანდოობისთვის, დეზინფორმაციას საინფორმაციო სივრცეში ატრიალებს. ამ მიზნის მისაღწევად, რუსეთი ბოტებს, ტროლებსა და სხვა ბევრ საშუალებას იყენებს, რომელიც ბოლომდე იდენტიფიცირებული არ გვაქვს, არც ჩვენ და არც სხვებს.
ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურად ჟღერს, როგორ მუშაობს ეს სისტემა?
დიდი მექანიზმია, რომლის ნაწილია რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ის ინტენსიურად მუშაობს არა მხოლოდ თავდაცვითი და თავდასხმითი შეიარაღების მიმართულებით, არამედ საინფორმაციო გარემოში რესურსებისა და შესაძლებლობების შექმნის კუთხით. ერთ-ერთი ცნობილი შემთხვევა პეტერბურგია, რომელშიც ე.წ. ტროლების ფერმა წლების განმავლობაში მოქმედებდა. ერთი ცვლის განმავლობაში დაახლოებით 70-80 ადამიანი სოციალურ ქსელებზე მუშაობდა. ამ 80 ადამიანს, სხვადასხვა სოციალურ ქსელში, 10-დან 15-მდე სხვადასხვა ექაუნთი ჰქონდა. ქარხანას ბოტები და კიბერ-უსაფრთხოების ჯგუფი ეხმარებოდა. ამ ყველაფერს კოორდინირებას ორი მნიშვნელოვანი სამსახური უწევს. თავდაცვის სამინისტრო, რომელშიც ბევრი სამსახურია ინტეგრირებული და საგარეო დაზვერვის სამსახური.
როდის დაიწყო რუსეთმა საქართველოში ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების აქტიური გამოყენება და როდის გახდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის ხილული?
საქართველოში რუსეთის ჰიბრიდული ომი მუდმივი პროცესი იყო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მიმდინარეობს. თუ ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოძველებული სისტემით მუშაობდა, სადაც წამყვანი ფსიქოლოგიური ოპერაციები იყო, ახლა კონცეფცია განავითარა. მიხვდა, რომ ფსიქოლოგიური ოპერაციების პრაქტიკა მოძველდა და საინფორმაციო ოპერაციების მოდელზე გადავიდნენ. ნელ-ნელა ეს მოდელი ჰიბრიდულ ომად ტრანსფორმირდა და საინფორმაციო ოპერაციების ნაწილი ჰიბრიდული ომის შემადგენელ ნაწილად იქცა.
აქტუალური კი ყველაზე მეტად მას შემდეგ გახდა, რაც საქართველომ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ დაიწყო სწრაფვა. პირველი შედეგი 2008 წელს ვნახეთ. ამ წუთისთვის ეს ყველაფერი სამხედრო აგრესიამდე მისული არ არის, თუმცა სამხედრო მეთოდებს მაინც იყენებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ საოკუპაციო ზოლიდან ადამიანებს თითქმის ყოველ კვირას იტაცებენ.
ყველაზე აქტიური პერიოდი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას გვქონდა. იმ პერიოდის საინფორმაციო გარემო, რუსული ნარატივებით იყო სავსე. იგივე ნარატივი წაიღეს უკრაინაში, რომელმაც რაღაც პერიოდი იმუშავა და უკრაინა რევოლუციამდე მივიდა. რუსეთი ყველაზე აქტიური მაშინაა, როცა რაიმე დიდს ველოდებით, მაგალითად, ბრიუსელის სამიტს.
რა გზებით მუშაობს რუსეთი ბრიუსელის სამიტთან დაკავშირებით?
ახლა ყველაზე მეტად სოციალური ქსელების კომპონენტია გააქტიურებელი, სადაც რუსეთი თავის შეხედულებებსა და მისწრაფებებს საქართველოსთან მიმართებით პირდაპირ გვაჩვენებს. 2008 წლიდან 2011 წლამდე რუსული ნარატივი ძირითადად ის იყო, რომ პირობითად, საქართველო 50 მილიონიანი სახელმწიფოა, რომელიც რუსეთის შთანთქმას აპირებს. ახლა ეს ნარატივი შეცვლილია. მათ გასაღები იპოვეს. დღეს ჩვენ ვართ მოძმე ერი, რომელიც რუსი ტურისტებისათვის საუკეთესო მასპინძელი ქვეყანაა. ეს აისახა რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდაზეც.
სახელმწიფო პოლიტიკაც შეიცვალა. მე არ მჯერა რუსეთის წარმომადგენლებისა და ვიდეობლოგერების პოზიციის დამთხვევა. ეს ყველაფერი რუსეთის ცენტრალური ტელევიზიებით დაიწყო. ქართული ნარატივის შეპარება დაიწყეს, ამის მაგალითი იყო კორკოტა თავისი სიმღერით და გიტარით. მივიღეთ შედეგი, რომ დღეისთვის ძირითადი რუსული ნარატივი ეს არის და არა ის, რომ ევროპა წაგლეკავთ ან LGBT-ები შემოგიტევენ. საქართველოში "დედისერთა ფაშისტებით" დაკომპლექტებული ორგანიზაციები ჰყავთ, რომლებიც წელიწადში ერთხელ ნაციონალისტური ტიპის სიბრძნეებს აბრეხვებენ.
ძირითადი ნარატივი ასეთია: საქართველო ჩვენი მეგობარია, ჩვენ მათთან საჩხუბარი და გასაყოფი არაფერი გვაქვს, თუმცა არის თემები, რომელზეც არ ვსაუბრობთ, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიები.
საქართველოს მოსახლეობაში ეს ყველაფერი კარგად მუშაობს. სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებს რუსი ტურისტები კარგად აგვარებენ. ჩემთვის, როგორც საინფორმაციო გარემოს მკვლევარისთვის უფრო საინტერესოა, რას ამბობს რუსული საინფორმაციო სივრცე საქართველოზე, ვიდრე ის, თუ რა ხდება ქართულ საინფორმაციო გარემოში.
ქართულ მედიაში მეტ-ნაკლებად ნათელია რომელი მედიაა პრორუსული და რომელი - არა...
გეთანხმებით. იმის მიხედვით, თუ რას ამბობს რუსეთი თავის მოსახლეობაში ჩვენზე, მარტივად შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა პოლიტიკის წარმოებას აპირებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ წუთისთვის პოლიტიკა ასეთია: ჩვენ ქვეყანაში გავრცელდეს რაც შეიძლება ბევრი ანტიდასავლური მესიჯი, ხოლო რუსეთის ფედერაციაში გავრცელდეს მაქსიმალურად მეტი პოზიტიური ინფორმაცია საქართველოს შესახებ.
თქვენ არ გითქვამთ, როდის დაინახა საქართველომ და შესაბამისმა უწყებებმა პრობლემა, რომელიც მუდმივად არსებობდა?
ქვეყანამ ეს პრობლემა 2014 წლის, უკრაინის მოვლენების შემდეგ დაინახა.
მსოფლიომაც უკრაინის შემდეგ დაინახა...
დიახ, ჩვენც ამიტომ დავინახეთ. ჰიბრიდულ ომზე ლაპარაკი მოდა გახდა. რეალურად, საქართველოში საინფორმაციო ომზე ფიქრი პირველად, 2011 წელს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო. შეიქმნა ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ოპერაციების განვითარების განყოფილება და აქედან დაიწყო ძვრა. ეს განყოფილება პროგნოზებს აკეთებდა, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევდა, სანამ 2014-ში უკრაინის ქეისი არ მოხდა. სხვებმა დაიწყეს ამაზე საუბარი და ჩვენც ვთქვით, რომ "უი, უი, ჩვენც უნდა დავიწყოთ საუბარი". დღეს ყველა ჰიბრიდული ომის "სპეციალისტია". ადამიანები, რომლებიც ადრე სხვა რამეს აკეთებდნენ, დღეს ჰიბრიდულ ომზე გველაპარაკებიან.
ფიქრობთ, რომ საფრთხეები ბოლომდე კიდევ ვერ გავიაზრეთ?
ამ პრობლემაზე საუბარი 2014 წლიდან დაიწყო, თუმცა დღემდე არ გვაქვს საჯარო უწყება, რომელიც საინფორმაციო გარემო მიმდინარე პროცესებზე, მონიტორინგზე და ანალიზზეა პასუხისმგებელი. ვერ აღვიქვამთ, რომ საინფორმაციო გარემო, ადამიანს წამლავს. თუ ამ პრობლემას არ მიხვედავთ, შეიძლება გავიღვიძოთ სამყაროში, რომელიც ტერორისტულ აქტებს გაამართლებს.
რას უნდა აკეთებდეს პასუხისმგებელი ორგანო, რომელიც არ გვყავს და უნდა არსებობდეს?
უპირველესად, საინფორმაციო გარემოს მონიტორინგი უნდა განახორციელოს. ეს პასუხისმგებლობა სახელმწიფომ არასამთავრობო სექტორს გადააბარა, რომელიც კარგად მუშაობს, თუმცა დაფინანსებაზეა დამოკიდებული. თუ დაფინანსება გაქრება, ინტერესიც გაქრება. ეს არასამთავრობო სექტორის პასუხისმგებლობა არ არის. შეიძლება შეიქმნას ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის სახელმწიფოს არსებობას. ხელისუფლება იმიტომ გვყავს, რომ ამაზე იზრუნოს. გვყავს უშიშროების საბჭო, რომელსაც ამ მიმართულებით რესურსი არ აქვს. კრიზისების მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოც ამ მიმართულებით არ მუშაობდა. დღეს კრიზისების საბჭო არ გვყავს, უშიშროების საბჭო კი გაუქმდება.
ერთადერთი, რითაც სახელმწიფო საინფორმაციო გარემოში ოპერირებს, სტრატეგიული კომუნიკაციების რამდენიმე სამსახურია: თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლა ქმნის. მთავრობის კანცელარიაში არსებობს მაკოორდინირებელი ჯგუფი, რომელიც ვითომ ყველა სამსახურის კოორდინირებას ახდენს. თუ საქმიანობას ვნახავთ აღმოვაჩენთ, რომ ეფექტური არ არის. ამ მიმართულებით დოკუმენტიც კი არ გვაქვს მომზადებული.
რეალურად, რუსული ჰიბრიდული ომი შეკრულ მუშტს ჰგავს, რომლის თითოეული თითი არის კომპონენტები, ეს მუშტი იკვრება და გირტყამს. ამ მუშტთან დაპირისპირების ორი ვარიანტი გაქვს, ერთი რომ ხელი გაშალო, შესაძლოა მუშტი თითებში მოგხვდეს და თითები მოგემტვრეს. მეორე გზა არის, რომ შენც მუშტი დაუხვედრო.
და რა ქმნის ამ მუშტს და რა არის ამ შემთხვევაში ჩვენი თითები?
პირველი უნდა ვიცოდეთ ვინ არის პასუხისმგებელი, კონკრეტულად რომელ უწყებას ევალება საინფორმაციო გარემოს მუდმივი მონიტორინგი და ამ გარემოში მიმდინარე პროცესებზე რეაგირება. ვინ უნდა დაწეროს მოქმედების გეგმები და სტრატეგიები. მაგალითად, ვინ უნდა უთხრას განათლების სამინისტროს, რა ტიპის ნარატივია მნიშვნელოვანი და რა ნარატივზე უნდა აღიზარდონ მოზარდები - არ ვიცით. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჯერ ჩვენი ეროვნული ნარატივიც არ ვიცით.
აუცილებელია დოკუმენტი, სადაც ყველაფერი გაიწერება. მართალია, საქართველოს კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენთვის დემოკრატიული ღირებულებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დემოკრატია ჩვენთვის რას ნიშნავს არ ვიცით. გვჭირდება გვყავდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელსაც დაევალება მონიტორინგი და კოორდინირება გაწერილი მიზნების აღსასრულებლად.
2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, თბილისის გაცხადებული მიზანი მოსკოვთან ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის შენელება იყო ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების ნორმალიზების გზით. რას ფიქრობთ, რა შეიცვალა პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად?
დაცული ნამდვილად არ გახადა, თუმცა მე, როგორც მკვლევარს, ნათელი სურათის დანახვაში დამეხმარა. შეცვლილმა პოლიტიკას მოგვცა საშუალება კარგად დავაკვირდეთ, რა სურს ჩვენს მოსახლეობას. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის საარსებო მინიმუმი უფრო მნიშვნელოვანია. კვლევებში შესაძლოა ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირონ მხარი, მაგრამ პრაქტიკაში, კერძო სექტორში მომუშავე ბიზნესმენისთვის, მის რესტორანში ბევრი რუსის შესვლა უფრო მნიშვნელოვანია.
სამიზნე აუდიტორიების შეფასებისას "მასლოუს პირამიდას" ვიყენებთ ხოლმე, რომელიც ინდივიდებზეა, თუმცა საზოგადოებაზეც ამართლებს. "მასლოუს პირამიდაში" პირველი შრე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია და შემდეგ იწყება უსაფრთხოება, სამწუხაროდ. მოქალაქეების დიდ ნაწილს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ აქვს. ახალმა პოლიტიკამ კიდევ უფრო ნაკლებად ხელშესახები გახადა ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ხისტი პოლიტიკის დროს ვიცოდით, რომ ომის საფრთხის წინაშე ვიდექით. მოწყვლადები არა, უფრო გულგრილები გავხდით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მიმართ.
მახსოვს ერთ-ერთი შეხვედრის დროს თქვით, "NATO-ს რომ არ ეთქვა, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს არც შევქმნიდითო", რაში გვეხმარება საერთაშორისო პარტნიორები ჰიბრიდული ომის მიმართულებით?
სტრატეგიული კომუნიკაციები ნატოს არსებითი პაკეტის ნაწილია. ამ მიმართულებით ბრიტანეთი ყველაზე აქტიურია. დღეს რომ საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, ისეთი არასდროს ჰქონია. ყველა მიხვდა, რომ თუ დასავლეთი ორ ფრონტზე, უკრაინასა და საქართველოში დამარცხდება, მაშინ დამარცხდება დასავლურ ღირებულებებიც. საქმე იმაშია, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ისინი არ გაგვიკეთებენ, ისინი დაგვეხმარებიან.
ბევრი შესაძლებლობაა ცნობიერებისა და ცოდნის ასამაღლებლად იმისთვის, რომ ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციები ვაწარმოოთ. უმაღლეს დონეზე გაცნობიერებული არ გვაქვს, რა უნდა გავაკეთოთ. ქვედა, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე საკადრო რესურსი უკვე გვყავს. პრობლემა გვაქვს სულ ზევით, სადაც ჯერ კიდევ ვერ არის გაცნობიერებული სტრატეგიული კომუნიკაციები ჰიბრიდული ომის პირობებში. თუ ჰიბრიდულ ომს საფრთხედ ვაღიარებთ, მაშინ რეაგირებისთვის ყველაზე ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარებაა.
დასაწყისში ახსენეთ ჩავარდები, რომლის ამოვსების მნიშვნელობაზეც ისაუბრეთ. რა მთავარი ჩავარდები აქვს საქართველოს, რომელიც მოწყვლადს ხდის ჰიბრიდული ომების მიმართ?
სამწუხაროდ, ყველაზე დიდი ჩავარდნა განათლების სისტემაა, რომელშიც რუსული ნარატივი აღწევს. ამის შედეგია, რომ 22-23 წლის ახალგაზრდები იმ ტექსტებით გვესაუბრებიან, რომლითაც ევგენი პრიმაკოვი საუბრობდა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩავარდა, რომელსაც მე არ ვეთანხმები, მაგრამ ამბობენ, რომ არსებობს, ასაკობრივ კატეგორიებს ეხება. ძველ თაობასთან სწორ კომუნიკაციას არ ვაწარმოებთ. ისინი კი რაღაცებს წყვეტენ, მათ შორის ხმას აძლევენ არჩევნებზე. მედიაწიგნიერება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩავარდნაა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია სათავისოდ იყენებს. მედიაწიგნიერების დონის ამაღლების შემთხვევაში, სოციალურ ქსელში ფეიქნიუსებისადმი მაღალი ნდობის მაჩვენებელი ავტომატურად გაქრება. დანარჩენი ყველაფერი ამით გამოწვეული პრობლემებია...
აგრეთვე შეეხეთ მედიის საკითხებსაც, რა პრობლემები იკვეთება დღეს ქართულ მედიაში?
დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა კვალიფიკაციის ნაკლებობაა, მიუხედავად მედიასკოლების სიმრავლისა. მედიასკოლები ორიენტირებულია არა უნარების, არამედ ცოდნის მიცემაზე. ცოდნა ცუდი არ არის, თუმცა ცოდნის უნარად გადაქცევა გარდამტეხია. გვყავს ჟურნალისტები, რომლებმაც კარგად იციან სტანდარტები, მაგრამ მექანიზმი, თუ როგორ უნდა იმუშაონ ამ სტანდარტების დარღვევის გარეშე, არ იციან.
ეთიკური ჟურნალისტიკა, რომელიც ნამდვილი ინფორმაციის გავრცელებაზეა ორიენტირებული, იმდენ დროს კარგავს ფაქტის რეალურობის დადასტურებაში, რომ კონტენტის შეფუთვა პრობლემა ხდება. პროპაგანდისტული კონტენტი უფრო მიმზიდველი ხდება. მკითხველი და მაყურებელი იმ მედიას კითხულობს, რომელშიც უფრო მეტი ჭორია. სტანდარტებზე ორიენტირებული გამოცემები დამოკიდებულები არიან დონორებზე, რადგან სარეკლამო შემოსავალი თითქმის არ აქვთ. ეს მედიები ხდებიან დონორებზე ორიენტირებული და დონორების მიმართ ვალდებულებების გამო, ვერ აკეთებენ იმას, რისი კეთებაც უნდათ.
ჩემი სტუდენტები ამბობენ, რომ დღეს სტანდარტებზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა პოპულარული არ არის. ამის საწინააღმდეგოდ ე.წ. ფერადი ტელევიზორის მაგალითი არსებობს. როცა ფერადი ტელევიზორი არ არსებობდა, ყველას შავ-თეთრი ტელევიზორი სურდა. როგორც კი ფერადი ტელევიზორი გაჩნდა, შავ-თეთრი ტელევიზორის ყურება არავის უნდოდა. როდესაც ადამიანებს უკეთესად შეფუთულ პროდუქტს შევთავაზებთ ისინი ასეთ ინფორმაციაზე გადმოერთვებიან.
და თუ არასტანდარტული ჟურნალისტიკა მკითხველის ინტერესითაა გამოწვეული?
მაყურებლის, მსმენელის, მკითხველის განათლების დონეც პრობლემაა. მედიის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება, მედიამ თავისი მკითხველის, მაყურებლისა თუ მსმენელის გაზრდაზე უნდა იზრუნოს. თუ ჩვენ ვაჩვენებთ, რა არის კარგი მედიაპროდუქტი, ხალხი ჭორებს აღარ დაიჯერებს და სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული. ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც მედიაპროცესებში ჩართული არ არის, სხვა ინტერესები აქვს. მოსახლეობის დიდ ნაწილს მის კონკრეტულ სოციალურ პრობლემასთან დაკავშირებული საკითხი აინტერესებს. მედიამ კვლევებიც უნდა ატაროს. მედია ორიენტირებულია სხვების კვლევების შედეგების გაცნობაზე, რა მოხდა ერთია და რატომ მოხდა მეორე. მე ჯერჯერობით არ მინახავს ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც რაიმე კონკრეტული მოვლენის გამომწვევ მიზეზებს ხსნის.
ჩვენ ვისაუბრეთ რუსულ ნარატივზე, პრორუსულ პოლიტიკურ ძალებსა და მედიაზე. კომიკურია, რომ ხშირად მსგავსი ჯგუფები ხელისუფლებასთან ასოცირდებიან, იმ ხელისუფლებასთან, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტიც, წესით, ჰიბრიდული ომის საფრთხეების გაანალიზება და რეაგირება უნდა იყოს...
ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება, რომლის გრძელვადიანი გეგმა არა საზოგადოების განვითარება, არამედ მართვაა, ორიენტირებულია ჰყავდეს მართული მარგინალური ჯგუფები. ეს ჯგუფები არიან ე.წ. საფრთხობელები, რომელსაც დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ იყენებენ. სამწუხაროდ, ნიშნები იმისა, რომ ასეთი ჯგუფები სახელმწიფო რესურსის გამოყენებით კონტროლდება გვაქვს. ერთია, როცა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ამას თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის იყენებს, მეორე რომ ეს პოლიტიკური მიზნები ხელს უშლის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ეწინააღმდეგება მას და საფრთხეების მიმართ ქვეყანას მოწყვლადს ქმნის. აქ უკვე დანაშაულთან გვაქვს საქმე.
კომენტარები