ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ოჯახმა არ გარიყა და საკუთარი თავის რეალიზებაც შეძლო
"ერთხელ ავტობუსიდან კინაღამ ჩამომაგდეს, გაჩერდა მძღოლი, არ წავალ სანამ არ ჩახვალო. უხერხულად ვიგრძენი თავი, მამიდაშვილი მახლდა. ჰოდა, ჩამოვედი", - მიყვება 26 წლის ტრანსგენდერი ქალი ნატა, რომელიც რუსთაველზე, ერთ-ერთ კაფეში, კაცის შარვალსა და ქურთუკში გამოწყობილი, თუმცა "ატუშული თვალებით" დამხვდა.
თავიდან ვერ ვიცანი, ვკითხე კიდეც, რატომ არ გაცვია ქალის ტანსაცმელი-მეთქი, მან კი ამიხსნა, რომ ყოველ ნაბიჯზე ჩხუბის თავი აღარ ჰქონდა:
"ძალიან მიყვარს ატუშული თვალები და ლაინერი, მაგრამ უფრო მეტად ღამე დავდივარ ასე, რადგან რამდენიმე ინციდენტი მქონდა, ერთხელ ცხვირიც კი გამიტეხეს ამის გამო".
ბავშვობა - როცა აღმოაჩინა, რომ ნატაა
ჩვენ წინ პატარა ქოთნებში დარგული ყვავილები აწყვია, უყურებს, თან იხსენებს, სოფელში უამრავ ყვავილს როგორ უვლიდა. ამბობს, რომ მშობლები პატარას დაეღუპა, ბებია და ბაბუა კი -მოზარდობის ასაკში. ამის შემდეგ ბიცოლამ და ბიძამ გაზარდეს.
როგორც იხსენებს, ე.წ. ქამინგ აუთი (საკუთარი გენდერული იდენტობის გამჟღავნება) 5 წლის ასაკში გააკეთა, თუმცა, მაშინ არც ამ ტერმინისა და არც ტრანსგენდერის მნიშვნელობა იცოდა, უბრალოდ, მამიდაშვილის კაბას იცვამდა ხოლმე, ბებიის ქურქის ღილებიდან კი სამაჯური ჰქონდა გაკეთებული:
"უფროსებს პრობლემა არ ჰქონდათ, ამბობდნენ, გაიზრდება და გადაუვლისო. საყვარელი ბავშვი ვიყავი, ე.წ. ბიჭი".
თანასოფლელებისგან უარყოფითი დამოკიდებულება არასდროს უგრძვნია, მიუხედავად იმისა, რომ 9 წლიდან ფრჩხილზე ლაქით, ასევე, წამწამებზე ტუშითა და ვიწრო შარვლებით დადიოდა:
"გოგოების მიმართ ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მქონდა, დაო და მორჩა. მერე სკოლაში თამამად დავიწყე, იცი მე ბიჭი ვარ, გოგოები მომწონს. არ აქცევდნენ ყურადღებას, შეჩვეულები იყვნენ. ბიჭებთან ერთგვარი ხაზი მქონდა გავლებული, თუმცა, მათთანაც ვმეგობრობდი. 12 წლის ვიყავი მელირება რომ გავიკეთე. ზაფხული იყო და სკოლაში დიდი შლიაპით მივედი. მასწავლებელი მეუბნება მოიხადე, მე კი ვპასუხობ - არა. რომ მომახდევინეს, ყველას ძალიან მოეწონა".
ამბობს, რომ თავის 2 ძმასთან და დასთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა, სულ ხვდებოდა, მის ძმებს უხერხულ მდგომარეობაში როგორ აყენებდა ხოლმე:
"დასასვენებლად რომ მივდიოდით, სულ ის შეგრძნება მქონდა, ჩემს ძმებთან ერთად ერთ ოთახში რატომ უნდა დავიძინო, მე ხომ გოგო ვარ. ბავშვობიდან რომ არ ყოფილიყვნენ მიჩვეულები, უფრო გაუჭირდებოდათ ამის მიღება. ბავშვობაში, თამაშისას, მე დედა ვიყავი, ჩემი და - ადვოკატი, ჩემი ძმა - პოლიციელი, პატარა ძმა კი - ქურდი. ჩემმა დამ მითხრა პირველად, ვიცი ყველაფერი, ვინ ხარ, არაფრის ახსნა არ მინდაო, უბრალოდ შენ ხარ ასეთიო. ასე რომ არ მიდგომოდნენ ამ ამბავს, დღეს ქუჩაში ვიქნებოდი".
მოზარდობა
15 წლის ასაკში ჩვეულებრივი სოფლის ბიჭი იყო: უვლიდა ძროხასა და ცხვარს. იხსენებს, რომ როდესაც თანატოლებთან ერთად სუფრაზე მოხვდებოდა, რამდენიმე ჭიქის შემდეგ ხუმრობით, თუმცა, მაინც ცდილობდნენ მის დაჩაგვრას:
"სუფრაზე რომ დავლევდით ხოლმე, მერე ბულინგი იწყებოდა, შენ ასეთი ხარ, ისეთი ხარო. სოფელში გეი, ლესბი, ყველაფერი ერთია, "პიდარასტი" იციან იქ მარტო. მახსოვს, ერთხელ ყურძენს ვჭამდი და ერთ-ერთი კლასელის მშობელმა მითხრა, ასე არ შეიძლება, ცუდად იქცევი, შემაწუხებელიაო. მე ვუთხარი, შენ რით გაწუხებ-მეთქი".
როგორც იხსენებს, მის ბებიას სოფელში ყველა პატივს სცემდა და ჰგონია, სწორედ ბებიის დამსახურებაა ის, რომ ცუდად მოპყრობას იქ ვერაფერს უბედავდნენ:
"მერე ბიძამ სახლი გამიყიდა, არასრულწლოვანი ვიყავი. ასე თქვა, ეს გეია, ვერ გამრავლდებაო, ეს არის ის, რაც ძალიან მწარედ მახსოვს".
მეუბნება, რომ იცის, სად როგორ მოიქცეს იმისთვის, რათა მისმა ახლობლებმა უხერხულობა არ იგრძნონ:
"ბირჟაზე როცა გამოვიდოდი მამიდაშვილთან ერთად, სიტუაციიდან გამომდინარე ვიქცეოდი. ბირჟაზე რომ მივყვები, ვცდილობ სხვანაირად მოვიქცე, არა იმიტომ, რომ მე მექმნება დისკომფორტი, არამედ იმიტომ, რომ მამიდაშვილებს არ ჰქონდეთ დისკომფორტი და თავის მართლება არ დასჭირდეთ".
პირველად სწორედ სოფელში შეუყვარდა ბიჭი, რომელიც მასზე გაცილებით უფროსი იყო და მასთან ორწლიანი ურთიერთობაც ჰქონდა:
"ჩვენს შორის დიდი სხვაობა იყო. სკოლაში დებილივით ვიჯექი ხოლმე, მთელი დღე ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, როგორ მენახა. შემდეგ სკოლაშიც მაკითხავდა. შეყვარებულები ვიყავით 2 წელი".
"ერთხელ სუნამოს ფლაკონით მცემეს"
ერთხელ ბაზრობაზე მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ ტრანსგენდერი იყო:
"მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვყიდულობდი ვაგზალზე. რაღაც ღონისძიებაზე წასასვლელად შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი მჭირდებოდა. შემომიტრიალდა და მეუბნება, შენ პიდარასტი ხარო, ვპასუხობ რომ არა, მე ტრანსგენდერი ქალი ვარ. ეგ იგივე პიდარასტობააო. მე ფეხსაცმლის გაზომვა გავაგრძელე. მერე მახსოვს, ვიღაც კაცმა ხელი დამარტყა ზურგზე, მივიხედე და სუნამო ჩამარტყა ცხვირში. პოლიცია გამოვიძახე, თავისი საქმე ნამდვილად გააკეთეს, თუმცა, თვითონ პოლიცია 5-6-ჯერ მეკითხებოდა, ვინ ხარ, უკაცრავად, შენი სახელი, პირადობის მოწმობაში ასეთი რატომ ხარ და ა.შ".
პირადობის მოწმობაში სქესისა და სახელის შეცვლა უნდა, თუმცა, რატომ ითრევს ფეხს, თავადაც არ იცის.
პირველი სამსახური
ნატა პირველად ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა სამუშაოდ, თუმცა უთხრეს, "შენნაირი თუ დაგვჭირდა, დაგირეკავთო":
"გამიმართლა, რომ იქ ჩემი მეგობარი მუშაობდა, რომელმაც დამირეკა და მიმიღეს სამსახურში. თავის გასატანად და სამუშაოს მოსაძებნად ისე ჩაცმა მიწევდა, როგორც არ მინდოდა. სამსახურში ეს სულ პრობლემა იყო. მერე კულინარიის სწავლა დავიწყე და ჩემი პროფესიით ორი ხელშეკრულებით ვმუშაობდი. მყავდა შეყვარებული, რომელსაც ვხვდებოდი 3 წელი, 5 თვე და 34 დღე, მართლა ოღონდ. მერე ბარში მუშაობა დავიწყე, იქ უკვე ქალივით მეცვა".
ამბობს, რომ ზოგადად, ტრანსგენდერ პირთა მთავარი პრობლემა ოჯახისგან მიუღებლობაა, რის გამოც უამრავი მათგანი ქუჩაში რჩება. მისი თქმით, მათივე გარეგნობის გამო სამსახურის მოძებნა უჭირთ და ამიტომ, ხშირად, სექს-მუშაკად იწყებენ ხოლმე მუშაობას:
"ტრანსგენდერები საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებასა და აგრესიას ტრანსპორტში, ქუჩაში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში ყოველდღიურად აწყდებიან, რაც მათ ცხოვრებას უფრო ართულებს".
დედა და შვილები
თავად დედა სულ პატარას დაეღუპა, მაგრამ "დედას" იმ ბიცოლას ეძახის, რომელმაც გაზარდა. კიდევ იმასაც მეუბნება, რომ თავადაც ეძახიან დედას:
"2 შვილი მყავს, თუმცა ისინი ბიოლოგიური შვილები არ არიან. თავიდან არასამთავრობო ორგანიზაციის თემის წევრები იყვნენ, რომლებიც ორიენტაციის გამო გამოყარეს ქუჩაში. ერთ-ერთს ქუჩაში იქ ვხვდებოდი ხოლმე, სადაც ეძინა. მივედი, თავიდან თავი ამარიდა, შემდეგ ჩანთა შევანახინე ჩემთან. საშინელ მდგომარეობაში იყო. რადგან სოციალური მუშაკის გარეშე ვერ ვიკისრებდი მათზე ზრუნვას, ველოდებოდი მათ სრულწლოვანებას. რაც სრულწლოვნები გახდნენ, მას შემდეგ ორივე ჩემთან ცხოვრობს. ერთი მარკეტში მუშაობს, უკვე დაწინაურდა. დედად აღმიქვამენ, ბავშვებს ვეძახი".
ოცნება
მეუბნება, რომ ძალიან უნდოდა ოპერაციის გზით მკერდის გაკეთება, თუმცა, ვინაიდან დიაბეტი აქვს, ოპერაციას ვერ იკეთებს:
"თმის გადანერგვაც მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ ძალიან ბევრი კვლევის ჩატარება დამჭირდებოდა. ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ვეღარ ვგეგმავ ბევრ რამეს".
სამომავლოდ, სანამ ახალგაზრდაა, ევროპაში მოგზაურობა სურს. კიდევ უნდა, თბილისში მოხუცთა თავშესაფარი გახსნას.
ამ ეტაპზე კი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს, სადაც სტაბილური შემოსავალი აქვს, თუმცა საკმაოდ დაკავებულია:
"ახლა სოფელში ჩავიდოდ ჩემებთან და დავისვენებდი".
ამავე თემაზე:
რატომ ცხოვრობენ ტრანსგენდერი პირები სიღარიბესა და მუდმივ შიშში საქართველოში
კომენტარები