შეგვიძლია თუ არა ადამიანის ქცევით ტყუილის ამოცნობა? — კვლევა
ფოტო: Elnur/Adobe Stock
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ტყუილის ამოცნობა ადამიანის სახის მიმიკებით მარტივადაა შესაძლებელი, მაგრამ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი საპირისპიროს ამტკიცებს. მისი თქმით ტყუილის დადგენა რთულია და არ არსებობს ერთი კონკრეტული გამომეტყველება ან ჟესტიკულაცია, რომელიც მასზე მიგვანიშნებს.
დოქტორი ლინ ტენ ბრინკე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია და ტყუილის ხელოვნებას იკვლევს. მისი უახლესი კვლევა 2012 წლის ნაშრომს ეფუძნება, რომელშიც დაადგინა, რომ ტყუილის თქმისას ადამიანები არა რაიმე ერთ კონკრეტულ, არამედ რამდენიმე მინიშნებას გვაძლევენ.
"იმის მიუხედავად, რომ ტყუილი გავრცელებული მოვლენაა, ადამიანებს მისი ამოცნობა უჭირთ. მოუმზადებელი ადამიანების მიერ ტყუილის გამოვლენის სიზუსტე დაახლოებით 54%-ია", — ამბობს დოქტორი ტენ ბრინკე.
2012 წლის ნაშრომში ტყუილის თქმისას გამოვლენილი ოთხი ქცევითი მინიშნება იყო აღწერილი. მკვლევრებმა იმ ადამიანების მიმართვები ჩაიწერეს, რომლებიც დაკარგული ნათესავის უვნებლად დაბრუნებას ითხოვდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმართლე იყო, ზოგიერთი კი — ტყუოდა.
ჟურნალ Law and Human Behavior-ში გამოქვეყნებულ უახლეს ნაშრომში დოქტორმა ტენ ბრინკემ შეამოწმა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ერთი კონკრეტული ქცევით ტყუილის ამოცნობა. როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია.
"ჩვენს ადრინდელ კვლევაში მეტყველებისას ადამიანების ქცევა გავაანალიზეთ. აღმოვაჩინეთ, რომ ტყუილის თქმისას არსებობს რამდენიმე ძირითადი მინიშნება. ესენია აწეული წარბი, ღიმილი და ნაკლები სიტყვის გამოყენება. თუ ადამიანი ყველა ამ ნიშანს ერთდროულად ავლენს, მაშინ ტყუილის ამოცნობის სიზუსტე 90%-მდე იზრდება", — აცხადებს მკვლევარი.
ყველა ეს ნიშანი ტყუილის თეორიიდან მომდინარეობს. თითოეული მათგანი დამატებით მინიშნებას გვაძლევს და მათი ერთობლივი ანალიზი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ ერთზე ფოკუსირება.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ხშირად ტყუილის დაფარვისას ადამიანები კიდევ უფრო მეტად გასცემენ საკუთარ თავს. სტრესულ სიტუაციებში ძლიერი ემოციების გამო მატყუარებს გრძნობების გაყალბება და შესაბამისად მოტყუებაც უჭირთ.
დოქტორმა ტენ ბრინკემ თავდაპირველი კვლევა ახალს შეადარა და აღმოაჩინა, რომ ტყუილის ამოცნობის წესები ყოველთვის ერთნაირად არ მუშაობს. რაც ერთ ჯგუფში სიმართლეზე მეტყველებს შეიძლება, მეორეში ტყუილზე მიგვითითებდეს. ეს ნიშნავს, რომ ტყუილის ამოცნობა საკმაოდ რთული და არაზუსტი პროცესია.
დოქტორი ტენ ბრენკე ამბობს, რომ ადამიანები ხშირად ტყუილის ამოცნობას გარკვეული ჟესტებითა და გამომეტყველებით ცდილობენ. ამის მიუხედავად, მისი კვლევა ამტკიცებს, რომ ტყუილის თქმისას გამოხატული ქცევები ინდივიდუალურია და ზოგად წესებს არ უნდა დავეყრდნოთ.


კომენტარები