NYT: როგორ იქცა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის ფრონტის ხაზად
ვარდების რევოლუციიდან ორი ათწლეულის შემდეგ, ყოფილი საბჭოთა სატელიტი დასავლეთისკენ მიმართული გზიდან კვლავ რუსეთს უბრუნდება. რა მოხდა?
ფოტო: პაოლო პელეგრინი/მაგნუმი, The New York Times-თვის
ოცი წლის წინ, მაისის ნათელ შუადღეს, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს დედაქალაქ თბილისში ღია ცის ქვეშ, სცენაზე, ათიათასობით ადამიანის აპლოდისმენტების ფონზე გამოჩნდა. პატარა ქვეყნისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ წლების განმავლობაში იტანჯებოდა სტაგნაციის, მოპარული არჩევნებისა და ომის გამო, ეს დიდი იმედი იყო. ამ დღემდე 18 თვით ადრე დისიდენტები ვარდებით ხელში გაემართნენ პარლამენტისკენ და მშვიდობიანად დაამხეს კორუფციული ხელისუფლება. როგორც ბუშმა განაცხადა, "ვარდების რევოლუციად" წოდებული მოვლენის წყალობით "დღეს საქართველო არის სუვერენული და თავისუფალი სახელმწიფო, რეგიონისა და მსოფლიოს თავისუფლების შუქურა".
იმ დღეს ბუშის გვერდით იდგა გაცისკროვნებული მიხეილ სააკაშვილი — მისი თანამემამულეებისთვის "მიშა", მკვეთრად პროდასავლელი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც სათავეში ჩაუდგა "ვარდების რევოლუციას" და ბუშის სტუმრობამდე 16 თვით ადრე არჩევნებში მიღებული საოცარი შედეგით — ხმების 97%-ით — საქართველოს პრეზიდენტი გახდა. ამ მოკლედ დროის განმავლობაში მან დაიწყო მასშტაბური ანტიკორუფციული პოლიტიკის კეთება, დააჩქარა ქვეყნის სვლა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების მიმართულებით და გაახუთმაგდა იმ ქართველ ჯარისკაცთა რიცხვი, რომლებიც ამერიკელების გვერდით იბრძოდნენ ომით განადგურებულ ერაყში. ბუშმა ასევე აღნიშნა: "თქვენი გამბედაობა შთააგონებს დემოკრატ რეფორმატორებს და მთელ მსოფლიომდე მიაქვს გზავნილი: დედამიწაზე ყველა ერისა და ადამიანის მომავალი იქნება თავისუფალი".
სამწუხაროა, მაგრამ ეს ნათელი მომავალი არ დადგა. მომდევნო წლებში ყველა ის ქვეყანა, რომელიც იმ დღეს ბუშმა მოიხსენია როგორც საქართველოს თავისუფლებისკენ მიმავალი გზის მიმდევრები — ავღანეთი, ერაყი, ყირგიზეთი, ლიბანი და უკრაინა — ახლა ან დაუნდობელი დიქტატორული რეჟიმის ქვეშაა, ან შეუმდგარი სახელმწიფოა, ან ომშია.
მეტიც, როგორც ვხედავთ, საქართველო თავად დაეშვა იმავე დაღმართზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში თანმიმდევრობით ქრება დემოკრატიული სტრუქტურები და კონტროლის მექანიზმები თითქმის მთლიანად მოექცა ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში. რაც შეეხება მიშა სააკაშვილს, მას 12 წელი მიუსაჯეს ფულის მითვისებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სადავო ბრალდებების გამო.
საქართველოს გადასვლა ავტოკრატიის რელსებზე ყველაზე მოულოდნელი იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველო დიდხანს არსებობდა უშუალო ჩრდილოეთით მდებარე რუსეთის გავლენის ქვეშ. მას შემდეგ, რაც 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, რუსების მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეიარაღებული ძალებისა და ეთნიკური წმენდის მეშვეობით კონტროლი დაამყარეს ორ რეგიონზე — აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე — რაც ქვეყნის ტერიტორიის თითქმნის 20%-ს შეადგენს. ომებისგან მიღებული ჭრილობები არასდროს მოშუშებულა — ათობით ათასი დევნილი კვლავ იძულებით გადაადგილებული პირია. რუსეთის უდანაშაულობის არავის სჯერა.
ამ და სხვა მიზეზთა გამო, ქართველები მტკიცედ ავლენენ სიახლოვესა და კავშირს დასავლეთთან, ხშირად თავიანთ დასავლეთაზიურ სამშობლოს კი ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ კუთხეს უწოდებენ. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დღემდე ჯორჯ ბუშის ქუჩა ეწოდება. გამოკითხვები მუდმივად აჩვენებს, რომ ქართველთა 75%-ზე მეტს სურს ევროკავშირში გაწევრება, ოდნავ ნაკლებს კი NATO-ში. ეს სწრაფვა დასავლეთისაკენ იმდენად ურყევია, რომ ის ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული.
ნუნუ ნაპიშვილი (მარჯვნივ), 63 წლის, დევნილი აფხაზეთიდან, შვილებთან ერთად: მარი ჩიკვილაძე (მარცხნივ) და გიორგი ჩიკვილაძე.
ფოტო: პაოლო პელეგრინი/მაგნუმი, The New York Times-თვის
თუმცა დღეს, თუკი საქართველო დიქტატურისკენ მიისწრაფვის, მაშ გამოდის, რომ იგი ემსგავსება თავის მტერს და ამასთან, მტრის საქმეს აკეთებს. 2012 წლიდან ქვეყანას მართავს კონსერვატიული პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება" (G.D). მილიარდელის მიერ დაარსებულმა "ქართულმა ოცნებამ" იმ პერიოდის ევროპაში მომძლავრებული მემარჯვენე პარტიების მახასიათებლები გადმოიღო: მიმზიდველი სახელი, მგრძნობიარე მიმართება ნაციონალიზმისა და ტრადიციული ღირებულებებისადმი, თანამედროვეობის გზავნილებთან შერწყმული ნოსტალგია და დიდი, მოფრიალე დროშები ვიზუალური ეფექტისთვის. კოსმოპოლიტთა დასამშვიდებლად პარტია მტკიცედ უჭერდა მხარს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შეტანას და ამასთან აცხადებდა, რომ ქვეყნის მომავალი პირდაპირაა დამოკიდებული დასავლეთზე.
თანდათან ყველაფერი შეიცვალა: "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები საუბრობდნენ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე და უარი თქვეს მათ მიერ ადრე წამოჭრილი იმგვარი საკითხების მხარდაჭერაზე როგორიცაა ლგბტქ უფლებები, რაც ნათლად ემსგავსება ვლადიმერ პუტინის რუსეთის იმავე ტენდენციებს.
ის, რაც ადრე შეუმჩნეველი იყო, ახლა ნიაღვარად იქცა. 2023 წლის დასაწყისში "ქართული ოცნების" მიერ კონტროლირებულმა პარლამენტმა დააინიცირა კანონი, რომელიც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც თავიანთი შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან იღებდნენ, უცხოურ აგენტებად დარეგისტრირებას ავალდებულებდა. ინიციატივას "რუსულ კანონად" მოიხსენიებდნენ, რადგან იგი ჰგავდა 2012 წელს პუტინის მიერ ხელმოწერილ კანონს, რომელიც მან შიდა ოპოზიციური ძალების გასანეიტრალებლად გამოიყენა. ხელისუფლებამ პასუხად ხალხის მხრიდან წინააღმდეგობა და ათიათასობით დემონსტრანტის ქუჩაში გამოსვლა მიიღო, შედეგად კი კანონპროექტი შეჩერდა, ყოველ შემთხვევაში — დროებით. მომდევნო წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ ეგზიტპოლების მიხედვით ისინი სრული მარცხისკენ მიდიოდნენ და არსებობდა მნიშვნელოვანი და სისტემური გაყალბების მტკიცებულებები.
უკანასკნელი მოვლენების ფონზე კარგად ჩანს, რა სტრატეგია ჰქონდა "ქართულ ოცნებას" თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად. ეს სტრატეგია მოიცავს იმ სამ ძირითად მიმართულებას, რაც სხვებმა გამოიყენეს ავტოკრატიისკენ სვლაში. პირველ რიგში, ეს არის ყველა ეროვნული გამოწვევის, წარსული თუ მიმდინარე პრობლემის წინა პოლიტიკურ ძალაზე ან ლიდერზე — ამ შემთხვევაში, მიშა სააკაშვილზე გადაბრალება. ამ ცილისწამების კამპანიასთანაა დაკავშირებული ის აზრი, რომ მხოლოდ მმართველ პარტიას ან მის ლიდერებს შეუძლიათ ზიანის თავიდან არიდება და აყვავებული, ჰარმონიული და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, მესამე მიმართულება თავისთავად იჩენს თავს: გამომდინარე იქიდან, რომ მმართველი პარტიის მიზნები ყველასათვის სასიკეთოა, ყველა, ვინც მათ უპირისპირდება უკეთეს შემთხვევაში სულელი, ხოლო უარეს შემთხვევაში მოღალატეა, იმ ძალების აგენტია, რომლებიც ერის განადგურებას ესწრაფვიან.
ამ მიზნის განხორციელებაში პარტიას მნიშვნელოვნად დაეხმარა ორი კრიტიკული მოვლენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა საქართველოს დაბრუნება თავისი ისტორიული მტრის კლანჭებში. დონალდ ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტებამ პროცესი დააჩქარა. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ამ გაზაფხულზე წამოწყებულ საგარეო პოლიტიკაზე (რაც უარყოფითად აისახა საქართველოზე) დაკვირვების საფუძველზე ერთმა გამოცდილმა მომიტინგემ მითხრა: "ადრე მჯეროდა, რომ ჯერ კიდევ შეგვეძლო ყველაფრის უკან დაბრუნება. ახლა მგონია, რომ ყველაფერი დასრულდა".
თბილისში საქართველოს უნიკალური ეროვნული მითოლოგია კოსმოპოლიტურ, დასავლურ ტენდენციებთან ერთად თანაარსებობს.
ფოტო: პაოლო პელეგრინი/მაგნუმი, The New York Times-თვის
თბილისის ერთ-ერთი უცნაური ღირსშესანიშნაობა ფართო, მინისა და რკინის მოდერნისტული კომპლექსია, რომელიც ქედზე, ძველი უბნის თავზეა შემდგარი. ის ადვილად შეიძლება აგვერიოს საკონფერენციო ცენტრში ან კომპანიის შტაბ-ბინაში, მაგრამ სინამდვილეში ეს "ქართული ოცნების"დამფუძნებლის, ჩრდილოვანი მმართველის, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი სახლია. ერთ დროს მოსკოვში მოქმედმა ბიზნესმენმა — საბჭოთა კავშირის ღილაკიანი ტელეფონები მისი შემოტანილია — გამოიყენა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთში გაბატონებული ქაოსი, რათა დაეარსებინა ბანკი და შეესყიდა მადნის აქტივები ძალიან დაბალ ფასად. 2000-იან წლებში, როცა იგი საქართველოში დაბრუნდა, ივანიშვილი უკვე მულტიმილიარდელი იყო.
ივანიშვილი გარკვეული დროით "ქართული ოცნების" პირველი პრემიერმინისტრი იყო, შემდეგ იგი გადადგა და პოლიტიკას ჩამოშორდა. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ამის შემდეგ ის კიდევ ორჯერ გამოჩნდა, რათა გაეცოცხლებინა პარტია და ხელი შეეწყო მისი ლიდერებისთვის. 5 მილიარდი დოლარის ქონებით, რაც საქართველოს წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ მესამედს უტოლდება, უცხოელი ჟურნალისტები ივანიშვილს ხშირად მოიხსენიებენ როგორც "კაცს, რომელმაც ქვეყანა იყიდა".
თუმცა ივანიშვილი შესაძლოა არასანდო სამიზნე იყოს. მას განცალკევება ხშირად სჩვევია, შეიძლება თვეების განმავლობაში არც თვითონ გამოჩნდეს და არც განცხადება გაავრცელოს. ჭორები დადის, რომ ის დროის დიდ ნაწილს ქვეყნის დასავლეთით, კარგად დაცულ გარემოში ატარებს. როგორც ყოფილი ახლობლები ამბობენ, აქ ივანიშვილი დაბერების საწინააღმდეგო სხვადასხვა ექსპერიმენტს იტარებს (ივანიშვილის ადვოკატმა ეს უარყო).
პარადოქსია, მაგრამ ეს მოწყვლადობა ასუსტებს ოპოზიციის მიერ შექმნილ წარმოდგენას, რომ ივანიშვილი დესპოტი და კრემლის მარიონეტია. როგორ უნდა დარწმუნდეს საზოგადოება, რომ ადამიანი საფრთხეს წარმოადგენს, როდესაც ბრბოს თაყვანისცემით ტკბობის ნაცვლად, როგორც ჩანს, ის უფრო მეტად თავის მოვლის რუტინის შენარჩუნებას ცდილობს?
ის, რაც ივანიშვილმა გააკეთა, არის საქართველოს უნიკალური ეროვნული მითოლოგიიდან — და იმ უსასრულო ტრავმიდან, რასაც იგი აერთიანებს — სარგებლის მიღება.
მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში საქართველოს მრავალჯერ შემოესივნენ, გადაწვეს, იგი ხშირად გამხდარა გარე სამყაროში მოქმედი ძალებისა და მოვლენების მძევალი. თუმცა ის ყოველ ჯერზე ახერხებდა გადარჩენას. სამი დიდი იმპერიის — სპარსეთის, ოსმალეთისა და რუსეთის — გადაკვეთილს წერტილში ქართველ მეფეებსა და დედოფლებს შეეძლოთ იმპერიული მეზობლები ერთმანეთის წინააღმდეგ გამოეყენებინათ, ხოლო ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მთებით შემოსაზღვრული საქართველო იყო ადგილი, სადაც ტომებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შეეძლოთ ეპოვათ თავშესაფარი დამპყრობლებისგან და დიდწილად დაბრკოლებების გარეშე შეენარჩუნებინათ თავიანთი კულტურა. მიუხედავად იმისა, რომ ზომით სამხრეთ კაროლინაზე პატარაა, საქართველო სამი განსხვავებული ენის და სულ ცოტა თერთმეტი ეთნიკური თუ ტომური გაერთიანების სამშობლოა.
თუმცა თუ წარსულში ეს გეოგრაფიულად განპირობებული მრავალფეროვნება საქართველოს დაცვას უზრუნველყოფდა, დღეისთვის ის გახდა ქვეყნის მრავალი უბედურების საფუძველი. ადამიანი, რომელიც მთავარი პასუხისმგებელია ამ უბედურებაზე, თბილისის დასავლეთით, ქალაქიდან 50 მილის დაშორებით, მშვენიერ სასოფლო-სამეურნეო ქალაქში, გორში დაიბადა. მისი სახელი იყო იოსებ ჯუღაშვილი, თუმცა მთელი მსოფლიო მას სტალინის სახელით იცნობს.
დღესდღეობით ტურისტები კვლავ სტუმრობენ სტალინის დაბადების ადგილს, მაგრამ გორი ბოლო დროს უფრო მეტად ცნობილია როგორც საქართველოს ბოლო სეპარატისტული ომის წინა ხაზი. მის გარეუბნებში განთავსებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებები, სადაც ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველი ლტოლვილები, რომლებიც 2008 წელს სამხრეთ ოსეთიდან იძულებით წამოსულები არიან. ამ კონფლიქტში რუსულმა კასეტურმა რაკეტებმა დაახლოებით 60 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა გორსა და მის შემოგარენში, როცა ქალაქზე კონტროლი რუსებს ჰქონდათ. დღეს სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზი — გორიდან მხოლოდ 8 მილის დაშორებით — მავთულხლართებით, სამხედრო გარნიზონებითა და ნაღმებით არის გამაგრებული.
სტალინი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი, გამოფენილია თბილისის მიწისქვეშა სტამბის მუზეუმში.
ფოტო: პაოლო პელეგრინი/მაგნუმი, The New York Times-თვის
ოფიციალურად საბჭოთა კავშირი 15 სხვადასხვა რესპუბლიკისგან შედგებოდა. სინამდვილეში კი ერთ-ერთი მეთოდი, რითაც ადრეული საბჭოელები უმცირესობებზე გავლენის მოპოვებას — საჭიროების შემთხვევაში კი მათ შორის დაპირისპირების გაღვივებას — ახერხებდნენ, სხვადასხვა ხალხებისა და რეგიონებისთვის ავტონომიის სხვადასხვა ხარისხით მინიჭება იყო. ეს თვითმმართველობის ელემენტები კომუნისტური სახელმწიფოსადმი ერთგულების შესაბამისად შესაძლებელი იყო გაეძლიერებინათ ან გაეუქმებინათ. (სტალინი კიდევ უფრო შორს წავიდა, სამი მილიონი საბჭოთა მოქალაქე სხვადასხვა რეგიონში გადაასახლა). შედეგად, ამ 15 რესპუბლიკის ფარგლებში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ერთეულების დამაბნეველი ქსოვილი: ავტონომიური რესპუბლიკების, ოლქების, რეგიონების და ე.წ. ოკრუგების იერარქია — თითოეულს თავისი მმართველობითი სტრუქტურა და ბიუროკრატია ჰქონდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ შიდა ადმინისტრაციული საზღვრების ნაწილი ძალადობრივი კონფლიქტების კერად იქცა, ვინაიდან ნაციონალური იდენტობის ფორმები ერთმანეთს შეეჯახა. ასე მოხდა საქართველოში. ქვეყნის ფარგლებში ორ პროვინციას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა, ხოლო მესამეს — ავტონომიური ოლქისა. სწორედ საზღვრებზე დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე.
მაგრამ "დაყავი და იბატონეს" სისტემა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად არ დასრულებულა. პირიქით, რუსეთი აგრძელებდა ამგვარი დაყოფების ხელშეწყობას, რათა გაენეიტრალებინა მტრები ან გაეფართოვებინა თავისი გავლენა. მალე, რუსული ჯარები უკვე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოქმედ სეპარატისტებს ეხმარებოდნენ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ეს დაპირისპირება პირდაპირ შეეხო, არის სიმპათიური, ჭაღარათმიანი კაცი სახელად მურთაზ კარტოზია. ის ეთნიკურად ქართველი იყო, აფხაზეთიდან. ეროვნულ არმიას მაშინ შეუერთდა, როდესაც აფხაზმა სეპარატისტებმა 1992 წელს ომი დაიწყეს. როგორც საბჭოთა არმიის ვეტერანი, კარტოზია წინა ხაზზე გაუშვეს. ომის ბოლო დღეებში, 1993 წლის სექტემბერში, სწორედ ბრძოლის წინა ხაზზე მოხვდა მას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა. მძიმედ დაჭრილმა რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა, რათა ნაწილობრივ აღედგინა მხედველობა. ბოლო 32 წელი მან ყოფილი სამხედროს პენსიით, თბილისის შემოგარენში მდებარე, ნანგრევებად ქცეულ და ოფიციალურად ავარიულად გამოცხადებულ ძველ საავადმყოფოში გაატარა. რუსეთის მტკიცებაზე, თითქოს მათი ჯარები აფხაზეთში მშვიდობისმყოფელებად შევიდნენ, კარტოზიას მხოლოდ მწარედ ჩაეცინა:
"ისინი ეუბნებოდნენ აფხაზებს, რა უნდა გაეკეთებინათ ... სამი საზავო ხელშეკრულება დაიდო და სამივე რუსებმა დაარღვიეს — არც ჩვენ და არც აფხაზებმა, რუსებმა. რა წამს რუსები პირს აღებენ, მაშინვე ტყუილის თქმას იწყებენ", — თქვა კარტოზიამ.
როგორც ამ რეგიონში მიმდინარე ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით, სიმართლის დადგენა აქაც რთულია. გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმა ცეცხლის შეწყვეტის ზოგიერთი ხელშეკრულების დარღვევა დააბრალეს როგორც აფხაზეთს, ისე საქართველოს.
მურთაზ კარტოზია, ყოფილი სამხედრო აფხაზეთის 1992-1993 წლის ომში.
ფოტო: პაოლო პელეგრინი/მაგნუმი, The New York Times-თვის
მაშინ, როცა 1993 წელს აფხაზეთი მოწყდა საქართველოს, სამხრეთ ოსეთში მედიატორებმა შეძლეს მყიფე, ნახევრად შიდა და ნახევრად გარეთ ყოფნის მსგავსი შეთანხმების მიღწევა, რათა მშვიდობა შეენარჩუნებინათ. ეს შეთანხმება 2008 წლის ზაფხულში შეწყდა და ამჯერად რუსეთმა ნეიტრალიტეტზეც კი უარი თქვა. აგვისტოს დასაწყისში რუსეთმა სამხრეთ ოსეთში საქართველოს ძალებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა და შემდგომ გორში განაგრძო.
ხუთი დღის შემდეგ რუსულმა ჯარებმა შეაჩერეს წინსვლა — პუტინმა, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ამას "მშვიდობის დამყარების ოპერაცია" უწოდა — და საბოლოოდ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე დაიხიეს. მას შემდეგ ისინი იქ არიან გამაგრებულნი, მიკროსახელმწიფო სამხრეთ ოსეთს კი დიპლომატიურად აღიარებს მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, სირია, ვენესუელა და წყნარი ოკეანის ქვეყანა ნაურუ.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთიდან გამოძევებული ეთნიკური ქართველების რაოდენობა ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე აფხაზეთიდან დევნილებისა — ზოგიერთი დათვლით 30 000 მოქალაქე, მაშინ როცა აფხაზეთიდან მეოთხედი მილიონი დევნილია — ისინი ეთნიკური წმენდის შესახებ მსგავს ამბებს ყვებიან.
ბოლო 17 წლის განმავლობაში, უკვე 86 წლის გაიოზ ბაბუციძე გორის მახლობლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთ-ერთ დასახლებაში ცხოვრობს. 2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მის სახლთან ახლოს მიმდინარეობდა, შეძლებულმა გლეხმა კავკასიონის მთიდან უარი თქვა თავისი ცოლისა და შვილების თხოვნაზე, გაქცეულიყო. იგი დარჩა, რათა თავის მიწასა და პირუტყვზე ეზრუნა. ოსმა მილიციელებმა ის ტყვედ აიყვანეს და მეზობელ, ეთნიკურად ქართულ სოფელში გადაიყვანეს, რომელიც უკვე ცხედრებით იყო სავსე. იქ მას დაავალეს, მასობრივი სამარხი გაეთხარა.
"იქ დაახლოებით 50 მკვდარი იყო" — თქვა მან. "კაცები, ქალები, ბავშვები. მე ყველა დავმარხე. როდესაც დავასრულე, ასე თქვეს "წადი, უთხარი შენს ხალხს რაც აქ ნახე და აღარასდროს დაბრუნდე".
როდესაც ამ ისტორიას ყვებოდა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. თავის დანაოჭებულ, გაუხეშებულ ხელებს დახედა. "ძლიერი ოჯახი მქონდა და მდიდარიც ვიყავი. ახლა კი აქ ყველაზე ღარიბი მე ვარ".
საბოლოო პასუხისმგებლობას ბაბუციძეც რუსეთს აკისრებს:
"რა თქმა უნდა, ისინი იყვნენ. ოსეთში ყველაფერი მათი მოწყობილია. არაფერი მოხდებოდა, მათ რომ არ მოენდომებინათ".
გაიოზ ბუბუციძე (შუაში), ლტოლვილი სამხრეთ ოსეთიდან, თავის ვაჟთან, ზვიადთან და რძალთან, გრიზელდასთან ერთად.
ფოტო: პაოლო პელეგრინი/მაგნუმი, The New York Times-თვის
გორსა და მის შემოგარენში ეს მოსაზრება თითქმის ერთსულოვნადაა გაზიარებული, რაც უსვამს ხაზს ქართულ პოლიტიკაში არსებულ ძირითად პარადოქსს. "ქართული ოცნების" შექმნიდან მალევე ოპოზიცია მას პრორუსულ აქტორად მოიხსენიებდა — რაც ამდენად რუსოფობიურ ქვეყანაში პოლიტიკურად მომაკვდინებელი იარლიყი უნდა იყოს — მაგრამ 2012 წლიდან "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იგებს ყველა არჩევნებს გორში. თუნდაც გავითვალისწინოთ გარკვეული დარღვევები 2024 წლის სადავო არჩევნებში, როგორ უნდა ავხსნათ ის, რომ პარტიამ გორში თითქმის 60 პროცენტი აიღო, მაშინ როცა დაყოფილი ოპოზიციური პარტიებიდან ვერცერთმა ვერ გადააბიჯა 10%-ს? ქვეყანაში, სადაც რუსები თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას სძულს, როგორ მოახერხა სავარაუდოდ პრორუსულმა პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში გამარჯვება?
"ქართული ოცნების" წევრის, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, ამაზე მოკლე პასუხი არის ის, რომ პარტია საერთოდაც არ არის პრორუსული. ეს არის ტყუილი, რომელსაც მტრები ავრცელებენ. მეტიც, სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის მიზეზი არ ყოფილა პუტინი ან კრემლი, მიზეზი აბსოლუტურად სხვაა:
"ყველაფერი მიშას [სააკაშვილის] ბრალი იყო" — თქვა რაზმაძემ. "მან განგებ მოაწყო პროვოკაცია. ეს ერთ-ერთია იმ უბედურებათაგან, რაც მან დაგვმართა".
მართლაც, გორის მერიაში ჩაწერილი 90 წუთიანი ინტერვიუს განმავლობაში რაზმაძემ მოახერხა და სააკაშვილი ყველაფერში დაადანაშაულა — წირვაზე დამსწრეთა რაოდენობის შემცირებით დაწყებული, მუნიციპალური წყლის შადრევნების ხარჯების ზრდით დამთავრებული.
ვაშინგტონის მხრიდან დიდი სიმპათიის მიუხედავად სააკაშვილი თანდათან კარგავდა მხარდაჭერას საქართველოში. მისი მმართველობისას თითქმის ყოველდღიურად ისე ჩანდა, თითქოს ის ახალ-ახალ გრანდიოზულ ინიციატივას აყენებდა, რათა საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ ექცია და საბჭოთა დროის მიძინებული ერა უკან მოეტოვებინა. ახალგაზრდა რეფორმისტებს, რომლებიც მან ირგვლივ შემოიკრიბა, ქედმაღალისა და კორუმპირებულის რეპუტაცია ჰქონდათ. დამოუკიდებელი პრესა გადასცემდა როგორ სცემდნენ დემონსტრანტებს პოლიციელები და აშუქებდა ქართულ ციხეებში არსებულ სისასტიკეს. თუმცა, ალბათ ყველაზე რისკიანი ნაბიჯი ის იყო, რომ სააკაშვილმა გადაუხვია საქართველოში დამკვიდრებულ ხელშეუხებლობის პრინციპს და შეაფერხა მტკიცედ ჩამოყალიბებული პატრონაჟის სისტემა, რითაც მთავრობის მრავალი დონე იყო გაჟღენთილი. ამ პროცესში მან მტრად გადაიკიდა ის გავლენიანი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, რომლებმაც ყველაზე მეტად ისარგებლეს კრონი-კაპიტალისტური სისტემით წარსულში. სწორედ ამ ყველაფერს მოჰყვა სამხრეთ ოსეთის აფეთქება.
სააკაშვილის მცდელობებმა, ზეწოლა მოეხდინა სამხრეთ ოსეთის ლიდერებზე და დაებრუნებინა ეს ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში, არა მხოლოდ 1992 წლიდან მოქმედი საეჭვო ზავი დააყენა საფრთხის ქვეშ, არამედ ხელი შეუწყო რუსეთის ხელმძღვანელობას, დაესაჯა ახალბედა პროდასავლელი ლიდერი. სააკაშვილმა გადაწყვიტა, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში, ცხინვალში, დაძაბულობისა და ძალადობის კერაში გაეგზავნა ჯარი, რითაც სეპარატისტებსა და მათ პარტნიორ რუსეთს მისცა საბაბი იმისა, რომ იარაღი ხელში აეღოთ. შედეგად მივიღეთ სამხრეთ ოსეთის გამოყოფა და საქართველოს კიდევ ერთი ნაწილი დაიკარგა.
"ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სააკაშვილმა შექმნა საფრთხეები, რომლებსაც ვერ გაუმკლავდებოდა" — იხსენებს რაზმაძე. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან დაბომბვასა და გორის ოკუპაციას, რაზმაძე საკითხს აშკარად კმაყოფილებით აფასებდა:
"ისინი აქ შემოვიდნენ როგორც მშვიდობისმყოფელები და მადლობა ღმერთს, რომ ეს ასე მოხდა, რადგან მიშას ხულიგნები ქალაქს ძარცვავდნენ" — თქვა მან. "ალბათ არ დაიჯერებთ, მაგრამ მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს. რუსები რომ არ შემოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს მოგვაყენებდნენ".
დავით რაზმაძე, "ქართული ოცნების" პოლიტიკოსი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
ფოტო: პაოლო პელეგრინი/მაგნუმი, The New York Times-თვის
"ქართული ოცნების" წილისწამების კამპანია სააკაშვილის წინააღმდეგ იმდენად წარმატებული იყო, რომ სულ უფრო ნაკლებად მხარდამჭერთა ჯგუფსაც კი მოუწია მისი დაცვა: "მართალია, მან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ…" — ამ რეფრენს ხშირად გაიგონებთ. ამ ღირსებისშემლახავი კამპანიის შედეგი საარჩევნო ყუთთანაც გამოვლინდა:
- 2012 წლიდან 2024 წლამდე ჩატარებულ ოთხ საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხმები 40%-დან 10%-მდე შემცირდა.
ამასთანავე, "ქართული ოცნება" დაუღალავად წარმოაჩენს საკუთარ თავს მშვიდობის მცველად, ერის მხსნელად სააკაშვილის მსგავსი მმართველისაგან და გარე ძალების ჩარევისაგან. პარტიის თქმით, ამის საუკეთესო საშუალება არის "არგაღიზიანების" პოლიტიკის შენარჩუნება მოსკოვთან. აბა, რა სარგებელი შეიძლება ნახოს ვინმემ ზესახელმწიფოს გაბრაზებით?
ეს მუდმივი დაძაბულობა ბევრი ქართველისთვის საგრძნობი გახდა, მათ შორის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთათვის. 29 წლის ალისია ბესტაევი, რომელიც სამ პატარა ბიჭთან ერთად ხურვალეთში, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელში ცხოვრობს, 11 წლის იყო 2008 წელს, როცა მისმა ოჯახმა სამხრეთ ოსეთი დატოვა.
"ჩვენი სოფელი მთლიანად გადაიწვა. მხოლოდ ის წამოვიღეთ, რისი ტარებაც თან შეგვეძლო" — თქვა ალისიამ.
ბესტაევი საუბრისას იხსენებდა "იმ ტკივილს, რაც ომში დაინახა". იმან, რომ ხურვალეთი სამხრეთ ოსეთის საზღვრიდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრშია — იმდენად ახლოსაა, რომ არარეზიდენტებს მხოლოდ სპეციალური ნებართვით და პოლიციის ესკორტით შეუძლიათ შესვლა — ვერ გაანელა მისი ტკივილი. იმ განცდით, რომ ხელახალი ომის შემთხვევაში მის საცხოვრებელს ალბათ რამდენიმე წუთში გადაუვლიან, ბესტაევი მტკიცედ უჭერს მხარს "ქართული ოცნების" შემრიგებლურ დამოკიდებულებას მოსკოვის მიმართ.
"მთავარი მშვიდობაა და ამ მთავრობამ ეს მოახერხა. ვფიქრობ, ძალიან პასუხისმგებლიანად და ფრთხილად იქცევიან".
ალისია ბესტაევი, 29 წლის, წარმოშობით ვანათიდან, სამხრეთ ოსეთიდან.
ფოტო: პაოლო პელეგრინი/მაგნუმი, The New York Times-თვის
ეს სენტიმენტები ძალიან ნაცნობია ლია ჩლაჩიძისთვის.
"მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ ვნახე, როგორ იყენებდა "ქართული ოცნება" ამ შიშს, ომის შიშს იმისთვის, რომ ოპოზიცია დაემარცხებინა" — თქვა მან.
ეს მოსაზრება გავრცელებულია "ქართული ოცნების" ოპონენტებს შორის, თუმცა ჩლაჩიძის შეფასება განსაკუთრებით საინტერესო სწორედ იმიტომ იყო, რომ სულ ცოტა ხნის წინ იგი თავად იყო არჩეული "ქართული ოცნების" სიიდან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დავით რაზმაძის კოლეგა იყო.
ჩლაჩიძის სოფელი — ერგნეთი — სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან ახლოს მდებარეობს, ჩლაჩიძის სახლი კი პრაქტიკულად ბოლო სახლია საქართველოს ტერიტორიაზე. სახლიდან სულ რაღაც 50 მეტრში, გზის ზემოთ, სამხედრო საგუშაგოა განთავსებული, სადაც ჯარისკაცები ქვიშით სავსე ტომრებით გამაგრებულ ბუნკერებში სხედან და გამყოფ ხაზს აკონტროლებენ.
ჩლაჩიძემ, შუახნის ასაკის ქვრივმა, თავისი სახლის სარდაფი 2008 წლის ომის მუზეუმად გადააკეთა. იქ ინახება ბომბების ფრაგმენტები, გამდნარი ბოთლები, იმ ადამიანების პოსტერები, რომლებიც გადასარჩენად თავიანთ სახლებს ტოვებდნენ. არტეფაქტთა დიდი ნაწილი მან სახლთან ახლოს იპოვა. ამ ადგილს ის "ხსოვნის მუზეუმს" ეძახის.
"ვდარდობ იმაზე, რომ ახალგაზრდები დაივიწყებენ, რა მოხდა აქ. მე მინდოდა მეჩვენებინა ის უბრალო ნივთები — ფეხსაცმელები, ოჯახური ფოტოებო — რაც ხალხმა ომში დაკარგა".
ჩლაჩიძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომლის ცხოვრებაც სეპარატისტულმა ომებმა შეცვალა. 1991 წელს, პირველი ძალადობრივი შეტაკების დროს, მისი ქმარი სამეზობლოს პატრულირებდა, როდესაც მას სნაიპერმა ესროლა. მაშინვე გორის საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ გზაში დაიღუპა. მალევე, ჩლაჩიძე თავის სამ არასრულწლოვანთან ერთად ახლანდელი საცხოვრებლისკენ, ერგნეთისკენ წავიდა, საიდანაც კვლავ წასვლა მოუწია, რადგან სოფელზე შეტევა განახორციელეს. როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, იგი სახლის ხელახლა ასაშენებლად დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მისი სახლი დე ფაქტოდ "არავის" მიწაზე იდგა.
"თითქოს, ოფიციალური დაყოფა არ ყოფილა, მაგრამ ეს ასე არ არის. ხალხი უკვე დაყოფილი იყო ოსებად და ქართველებად. მე ცხინვალში აღარასდროს დავბრუნებულვარ" — თქვა მან.
2008 წლის ომის შემდეგ, როცა მისი შვილები უკვე გაზრდილები და სახლიდან წასულები იყვნენ, ჩლაჩიძე მთლიანად ჩაერთო ადვოკატირების საქმიანობაში — ცდილობდა დახმარებოდა გორის რეგიონში იმ ადამიანებს, რომლებიც ომის შედეგად იძულებით გადაადგილდნენ ან უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდნენ.
2012 წელს იგი დაინტერესდა რეფორმისტული პოლიტიკური პარტიით, რომელიც საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა.
ბოლო წლებში თბილისი როგორც უცხოეთიდან შემოსული ფულის, ისე შეთქმულების ახალებური თეორიების სამშობლო გახდა.
ფოტო: პაოლო პელეგრინი/მაგნუმი, The New York Times-თვის
ცხადია, ჩლაჩიძემ იცოდა ვინ იყო ივანიშვილი. საქართველოში ეს ყველამ იცოდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის სააკაშვილის ახლო მოკავშირე იყო — ამბობენ, რომ ივანიშვილმა დააფინანსა სააკაშვილის არაერთი ამბიციური პროექტი — სანამ მათი ურთიერთობა საბოლოოდ არ დაიძაბა, მიზეზები კი ბოლო დღემდე არ გახმაურებულა.
მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნებში ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" დაამარცხა სააკაშვილის პარტია, მალევე ივანიშვილმა პრემიერმინისტრობა თავის ხელქვეითს გადააბარა და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა.
"ივანიშვილი აღიქვეს როგორც უცნაური და რთულად ამოსახსნელი ადამიანი" — თქვა ჩლჩიძემ. "ვფიქრობ, თითქმის ყველამ იცოდა, რომ ის კვლავ მართავდა პარტიას კულისებიდან, მაგრამ მათ სჯეროდათ, რომ ივანიშვილს კარგი მიზნები ჰქონდა".
ჩლაჩიძეს მოსწონდა "ქართული ოცნების" თავდაჭერილობა. სააკაშვილის ექსპრესიული და თვითაღიარებისკენ მიდრეკილი სტილისგან განსხვავებით, ივანიშვილი და მისი თანაპარტიელები უფრო პრაგმატულები და გონივრულები იყვნენ. მეტიც, "ქართული ოცნება" მთელი შემართებით მუშაობდა იმ საგარეო პოლიტიკურ ინიციატივებზე — ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრებაზე — რომლებსაც ქართველთა უდიდესი ნაწილი უჭერდა მხარს. ვერაფერს დაუწუნებდი.
2014 წელს ჩლაჩიძე ქართული ოცნების სიით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობისთვის იბრძოდა და გაიმარჯვა. თუმცა ნელ-ნელა მასში იმედგაცრუებამ შეაღწია. მიუხედავად იმისა, რომ პარტია აგრძელებდა იმ პოზიციის დაკავებას, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩლაჩიძისთვის — წინგადადგმული ნაბიჯები ევროინტეგრაციის კუთხით, მეტი თანხის გამოყოფა სოციალურ კეთილდღეობაზე — ის ამჩნევდა, რომ პარტიაში მორჩილება წესად იქცა.
"ქალაქის საკრებულოს დონეზეც კი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი აზრი გვქონოდა. ჩვენ უბრალოდ ბეჭედს ვარტყამდით იმას, რაც თბილისიდან მოდიოდა" — თქვა მან. "ხალხს სულ უფრო მეტად ეშინოდა თავისი აზრის გამოთქმის და თუკი ამას აკეთებდნენ, პარტიის ბოსებს ამბავი მალევე მისდიოდათ".
ივანიშვილი კვლავ კულისებს მიღმა რჩებოდა, ხოლო მთავრობის უმაღლეს დონეებზე თანამდებობებს პერიოდულად იკავებდნენ ძირითადად უმნიშვნელო პირები, რომელთა ერთადერთი საერთო იყო ის, რომ ისინი ივანიშვილის მეგობრები ან პარტნიორები იყვნენ. ყოველ არჩევნებზე ამომრჩევლის მოსყიდვისა და საარჩევნო კამპანიისთვის უკანონო შემოწირულობების მიღების სულ უფრო მეტი ბრალდება ისმოდა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ..
ივანიშვილის ჩრდილოვანი ფიგურა სულ უფრო მზარდ ეჭვს იწვევდა. 2013 წელს გაკეთებული განაცხადის შემდეგ ის მოულოდნელად დაბრუნდა პოლიტიკაში 2018 წელს. 2021 წელს იგი ხელახლა წავიდა პოლიტიკიდან.
2022 წლიდან ჩლაჩიძე იმდენად იმედგაცრუებული იყო, რომ მან გორის საკრებულოში თავისი ადგილის დათმობა და საერთოდ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა: "უსიამოვნებას მგვრიდა ის, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებდა. ისინი მუშაობდნენ ოპოზიციის შეფერხებაზე, რათა თავიანთი უძლეველობა უზრუნველეყოთ".
შემდეგ, 2022 წლის თებერვალში, მოხდა ყველაზე დიდი დარტყმა: რუსეთის შეჭრა უკრაინაში. არავინ ელოდა, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა ამით და თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე მოულოდნელად შეცვალა კურსი.
ყოფილი საბჭოთა სანატორიუმი თბილისის გარეუბანში, სადაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აფხაზი ლტოლვილები ცხოვრობენ.
ფოტო: პაოლო პელეგრინი/მაგნუმი, The New York Times-თვის
ყველაფერი პატარა და თითქმის შეუვალი ლოგიკით დაიწყო. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში, აშშ-მ და ევროკავშირმა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები მიიღეს. მიუხედავად ომის დაგმობისა, საქართველო არ შეუერთდა სანქციებს. გარკვეულ მიზეზებზე დაყრდნობით "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ამგვარი ემბარგო რუსეთზე უფრო მეტად საქართველოს დააზიანებდა. ბევრი ქართველი — შესაძლოა უდიდესი ნაწილიც კი — დაეთანხმა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას. ალისია ბესტაევი, ახალგაზრდა დედა ხურვალეთის ლტოლვითა დასახლებიდან, იზიარებდა ამ აზრს:
"რას მოვიგებთ რუსეთის გაღიზიანებით?" — იკითხა მან რიტორიკულად. "ჩვენ ტრავმირებულები ვართ ბოლო ომით, ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი, უკრაინის ომმა კი ჩვენი ჭრილობები ხელახლა გახსნა. ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა".
მაგრამ სანქციებთან დაკავშირებულმა არეულობამ განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა. ვინაიდან უკრაინის კონფლიქტი გაჭიანურდა, საქართველოს მთავრობა ნეიტრალური დამკვირვებლიდან თანდათან კრემლის მხარდამჭერად იქცა. საბანკო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საშუალებით თბილისი გადაიქცა როგორც რუსული კაპიტალის თავშესაფრად, ისე სანქცირებული საქონლის მოსკოვისკენ გადამისამართების შუამავალ გზად. საპასუხოდ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს იმ ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ამ ყველაფერზე.
მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო ქვეყნის ყველაზე ცნობილი ბანკირი, ბიძინა ივანიშვილი. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ეს ქმედება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე დავდასხმად შერაცხეს. "რატომ ერევა შეერთებული შტატები და ევროპა ჩვენს შიდა პოლიტიკაში?", — ბრაზით იკითხა დავით რაზმაძემ, "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრმა. "რა უფლება აქვთ, გვითხრან, როგორ უნდა მოვიქცეთ?".
ამავდროულად, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებში შეთქმულების თეორიების ახალმა ტალღამ გაიდგა ფესვები. წლების განმავლობაში ულტრამემარჯვენე ჯგუფები ევროპასა და ამერიკაში ავრცელებდნენ აზრს, რომ არსებობს ბნელი, საერთაშორისო შეთქმულება, რომელსაც სურს მართოს მსოფლიო და შექმნას უღმერთო, ერთიანი მსოფლიო მთავრობა. ამ შეთქმულების ავანგარდში არიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდი (Open Society Foundations) და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ლიბერალური სოციო-პოლიტიკური იდეების გავრცელებას უწყობენ ხელს.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა — მალევე ის "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი გახდა — საფრთხე, რომლის წინაშეც საქართველო იდგა, იყო "გლობალური ომის პარტია". ძლიერი ინდივიდებითა და სახელმწიფოებით შექმნილი გლობალური ომის პარტია, რომელსაც მსოფლიოს დამონება სურს, კავკასიაში საქართველოსგან ითხოვდა "მეორე ფრონტის" გახსნას რუსეთის წინააღმდეგ და ამგვარად, საკუთარი თავის განადგურებას. გლობალური ომის პარტიის მხრიდან ამ მოთხოვნის წაყენების ზუსტი მიზეზი, ასევე, მთავარი მოქმედი პირების ვინაობა, გაუგებარია. ცხადია, ერთ-ერთი მიხეილ სააკაშვილია, მაგრამ ამის მიღმა ნებისმიერის ვინაობის დასახელება, კობახიძის თქმით, "ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ დააყენებს".
ირაკლი ხარებავა, 42 წლის. ის ბოლო 33 წელია წყალტუბოში, ყოფილ საბჭოთა სანატორიუმში, "სანატორიუმ მეტალურგში" ცხოვრობს.
ფოტო: პაოლო პელეგრინი/მაგნუმი, The New York Times-თვის
ამ ნარატივის გავრცელების კვალდაკვალ, 2023 წელს მთავრობამ დააინიცირა უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონი, რასაც საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კანონის თანახმად, ყველა ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, უნდა დარეგისტრირებულიყო უცხო ქვეყნის აგენტად, რაც დამაზიანებლად ჩანდა "გლობალური ომის პარტიის" ფონზე. "ქართული ოცნების" ოპონენტებმა მაშინვე გაავლეს პარალელი 2012 წელს პუტინის მიერ მიღებულ იმ კანონთან, რითაც მან დახურა პროგრესული ინსტიტუციები და ეფექტურად ამოძირკვა შიდა ოპოზიციური ძალები.
საბოლოოდ, ოპოზიცია გაერთიანდა. კვირების განმავლობაში ათასობით დემონსტრანტი იკრიბებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და აპროტესტებდა ინიცირებულ კანონს. მათ დაპირისპირება მოუხდათ პოლიციასთან და შავებში ჩაცმულ ე.წ. "ტიტუშკებთან" — ნიღბიანების ჯგუფებთან, რომლებსაც სახელმწიფო უმაგრებდა ზურგს. თუმცა შეშინების ნაცვლად, დემონსტრანტები შეებრძოლნენ მათ. 2023 წლის მარტისთვის "რუსული კანონის" წინააღმდეგ იმდენად მტკიცე და ფართო პროტესტი მიიღეს, რომ პარლამენტმა უბრალოდ გადადო საკითხი.
ყოველ შემთხვევაში, დროებით. შემდეგ ივანიშვილი კვლავ გამოჩნდა.
2024 წლის 29 აპრილს ივანიშვილი პარლამენტის წინ სცენაზე წარსდგა და ისაუბრა "გლობალური ომის პარტიის" შეთქმულების თეორიაზე, რათა დარტყმა მიეყენებინა პოლიტიკური ოპონენტებისთვის. არამარტო დარტყმის მიყენება იყო მთავარი, ივანიშვილმა დადო პირობა, რომ თუკი "ქართული ოცნება" არჩევნების შედეგად საკმარისი ხმებით დარჩებოდა ხელისუფლებაში, მთელი ოპოზიცია აიკრძალებოდა კანონით.
ეს უპირობოდ დააკარგინებდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობას, ვინაიდან ფუნქციური დემოკრატია ინტეგრაციის წინაპირობაა, თუმცა ივანიშვილი აბსოლუტურად საპირისპიროს ამტკიცებდა, მისი თქმით, ეს გზა უზრუნველყოფდა ქვეყნის ევროინტეგრაციას, ამ უდიდესი მიზნის მიღწევას და მხოლოდ "ქართულ ოცნებას" შეეძლო ამ გზის ბოლომდე მიყვანა. თავისი გამოსვლის დასკვნით ნაწილში ივანიშვილმა დადო პირობა, რომ მისი პარტიის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაცია 2030 წლამდე მიიღწეოდა. მისი წინასაარჩევნო გზავნილი ასეთი იყო: "მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ".
ამის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა. როდესაც "გლობალური ომის პარტიის" შეთქმულების თეორიის ავტორი, ირაკლი კობახიძე პრემიერი გახდა, "რუსული კანონი" ახალი სახელწოდებით ხელახლა წარედგინა პარლამენტს. მიუხედავად პროტესტის კიდევ ერთი ტალღისა, ამჯერად კანონი ადვილად მიიღეს.
ისევე როგორც ათი წლის წინანდელ რუსეთში, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ოპერირებდნენ, დაიხურა. ბევრმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ — დამოუკიდებელმა მედიებმა, ანალიტიკურმა ცენტრებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფებმაც კი — არსებობის წყარო დაკარგეს.
ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ლია ჩლაჩიძის პროექტი, რომლის ფარგლებში ქართველ და ოს ქალებს ერთმანეთთან დიალოგი უნდა დაეწყოთ.
"ეს პროექტი რუსული კანონის გამო ჩაიშალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობების ბოლო, ძალიან წვრილი ძაფიც გაწყდა. სწორედ ამას ისახავდა "ქართული ოცნება" ამ კანონით მიზნად" — თქვა მან.
ამ დროისთვის ჩლაჩიძე აღარ იყო "ქართული ოცნების" და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. "სიჩუმე დანაშაულია" — ოპოზიციის ამ სლოგანით შთაგონებული ლია, ანტისახელისუფლებო პროტესტს შეუერთდა.
ლია ჩლაჩიძე, ყოფილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
ფოტო: პაოლო პელეგრინი/მაგნუმი, The New York Times-თვის
2024 წლის შემოდგომისთვის ოპოზიციას ყველანაირი საფუძველი ჰქონდა ეფიქრა, რომ "ქართული ოცნება" დამარცხდებოდა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ორი დამოუკიდებელი ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა წილი 40%-ს აღწევდა. შესაბამისად, ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო, როცა პარტიამ ხელისუფლება ხმების 54%-ით შეინარჩუნა. ამომრჩეველზე ზეწოლისა და არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ ფართო ბრალდების ფონზე მთავრობა უცხოური დედაქალაქებიდან კრიტიკის ახალი ტალღის ობიექტი გახდა და პარლამენტის წინ პროტესტი განახლდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნამ მნიშვნელოვანი საარჩევნო დარღვევები დაადასტურა.
თუმცა, კიდევ ერთხელ, "ქართული ოცნება" ევროპის კრიტიკას ეფექტურად იყენებს სათავისოდ. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა არჩევნების ხელახლა, შესაბამისი მონიტორინგით ჩატარება მოითხოვა, თუ არა, ინტეგრაციის პროცესი თაროზე შემოიდებოდა. ეს მოთხოვნა წარმოაჩინეს როგორც ეროვნული ღირსების შეურაცხყოფა — და მტკიცებულება იმისა, რომ "გლობალური ომის პარტიას" საცეცები ღრმად აქვს გადგმული. საპირისპიროდ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ საქართველო ოთხი წლით ცალმხრივად აჩერებდა ევროკავშირში გაწევრების პროცესს. მიუხედავად ამისა, პარტიის მთავარი გზავნილი არ შეცვლილა. ორუელისეულად, "ქართული ოცნების" პოსტერებისა და ბილბორდების ახალი ტალღა გამოჩნდა, სადაც ისინი ადიდებდნენ საერთო მომავალს ევროკავშირთან — თუკი ევროპა გონს მოეგებოდა — და კვლავ ტრაბახობდა, რომ ის იყო ერთადერთი პარტია, რომელსაც ამის მიღწევა შეეძლო.
"ქართულ ოცნებაში" ყველა ვერ ეწეოდა პარტიის სულ უფრო ჩახლართულ პროევროპულ პოზიციონირებას.
"პირადად მე, არ მინდა ევროკავშირის წევრი რომ გავხდეთ და ისინი გვკარნახობდნენ, რა უნდა გავაკეთოთ" — თქვა რაზმაძემ. "როგორც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ზუსტად ისე მინდა ვიხილო ევროკავშირის დაცემა, რადგან ისინი ჩვენ წინააღმდეგ არიან".
გორის მერიაში ინტერვიუს აღებისას რაზმაძის ოფისში ოთხი თუ ხუთი ადამიანი ჩუმად იჯდა ოთახის კუთხეებში. ყველანი მაღალი აღნაგობის, შავებში ჩაცმული კაცები იყვნენ. ქართველებისთვის სახასიათო უნაკლო სტუმართმოყვარეობის მიუხედავად, არც ერთს არ წარუდგენია თავი და არც ჩამოურთმევია ხელი სტუმრისთვის. შეხვედრის ბოლოს, ერთ-ერთი მათგანი რაზმაძესთან მივიდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ან ვერ გაიგო რა უთხრეს ან გადაწყვიტა, ახალი შტრიხი დაემატებინა პარტიის არეულ გზავნილებზე.
მან თქვა — "მიზეზი, რის გამოც ყოველთვის ვუფრთხოდით ევროკავშირში გაწევრებას ისაა, რომ ვიცით, იქაურობა სავსეა K.G.B.-ს აგენტებით".
დავით რაზმაძე გორის მერიის შენობაში
ფოტო: პაოლო პელეგრინი/მაგნუმი, The New York Times-თვის
მარტში თბილისში სტუმრობისას რუსთაველის გამზირზე გავედი, რათა ანტისამთავრობო მარშის დემონსტრანტებს დავკვირვებოდი. ერთი ჯგუფი დაახლოებით 20:30-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ იკრიბებოდა და მომდევნო ნახევარი საათი იმ საკითხებს აჟღერებდნენ, რაც მათი აზრით საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდა გაშუქებულიყო, მაგრამ ასე არ ხდებოდა. შემდეგ ისინი მიდიოდნენ რუსთაველისკენ და პარლამენტის წინ უერთდებოდნენ დემონსტრანტთა მეორე ჯგუფს. პოლიცია გზის მონაკვეთს კეტავდა, დემონსტრანტები კი ხელახლა იწყებდნენ სკანდირებას. მოწოდებები და პასუხები ერთმანეთთან შეწყობილად ჟღერდა, ფონად დოლის ხმა ისმოდა და საქართველოს ეროვნული დროშა ფრიალებდა.
პროტესტის პიკში რუსთაველზე დემონსტრანტთა რაოდენობა ათობით ათასს აღწევდა, მაგრამ იმ ღამეს დაახლოებით 600 ადამიანი იქნებოდა, ხოლო სპეცრაზმელთა კედლის ნაცვლად სამეთვალყურეოდ დაახლოებით ოცი პოლიციელი იდგა, რომლებიც ძირითადად მობილურებში იყვნენ ჩამძვრალნი. ერთი ახალგაზრდა დემონსტრანტი, სტუდენტი, აშკარად დაიღალა ამ სიმშვიდით:
"რეჟიმი ფიქრობს, რომ ჩვენ მათთვის საფრთხე აღარ ვართ, ჰგონიათ, რომ თუკი მოიცდიან და არაფერს გააკეთებენ საბოლოოდ იმედს დავკარგავთ და გარეთ აღარ გამოვალთ" — თქვა მან.
მაგრამ იმ სტუდენტის აზრით ეს მარშები აღარ ემსახურება "ქართული ოცნების" შეცვლის მიზანს — ეს უკვე წაგებული ბრძოლაა. მიზანი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობაა:
"დასავლეთს, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებს, უნდა შევახსენოთ, რომ ისევ აქ ვართ, რომ ჩვენც მათი სამყაროს ნაწილი ვართ და მათი დახმარება გვჭირდება" — თქვა მან.
ანტისამთავრობო პროტესტები თბილისში, 2025 წლის მარტი.
ფოტო: პაოლო პელეგრინი / მაგნუმი, The New York Times-თვის
უკვე მაშინ ეს იმედი გაფერმკრთალებული ჩანდა. როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა იანვრის ბოლოს თავისი თანამდებობა დაიკავა, მან დაიწყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) — იმ პირველი ამერიკული სამთავრობო ინსტიტუციის, რომელიც საქართველოში სოციალურ პროგრამებს აფინანსებდა — დაშლა. ამას წინ უძღოდა "რუსული კანონის" გამო კიდევ სხვა უცხოური ორგანიზაციების გასვლა ქვეყნიდან. დახმარების ხელი არც ევროკავშირიდან ჩანდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ვითარება შეცვალა და გაწევრების პროცესი შეაჩერა, ევროპის დედაქალაქებს თბილისზე ზემოქმედების მცირე ბერკეტები დარჩათ.
როდესაც ივლისში საქართველოში დავბრუნდი მდგომარეობა უფრო ბუნდოვანი დამხვდა. დავალებების შემსრულებელმა პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც მთავრობა "მტრულად" მიიჩნევს. ანტისამთავრობო დემონსტრაციები კვლავ ყოველ ღამეს იმართება რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ხალხის რაოდენობა ბევრად შემცირდა. შესაძლოა დემონსტრანტები სახის ამომცნობმა კამერებმა შეაშინა. "ამერიკის ხმის" ქართული ბიურო, უცხოეთიდან მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო, დახურვის საფრთხის წინაშე დგას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში 106-ე ადგილზეა, ტრამპის ადმინისტრაციამ მას ყველა ტიპის საქონელზე 10 პროცენტიანი ტარიფი დაუწესა, რაც მდგომარეობას ამძიმებს.
პარლამენტიდან დაახლოებით ნახევარ მილში თავისუფლების მოედანია, ადგილი, სადაც 2005 წელს ჯორჯ ბუში ტრიუმფით წარსდგა. სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ბუშის რიტორიკაში ამაღლებული განწყობა იგრძნობიდა:
"ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიულ დროში, როდესაც თავისუფლება შავი ზღვიდან კასპიის ზღვისკენ, სპარსეთის ყურისკენ და მის მიღმა ვრცელდება. როცა თქვენ ხედავთ, მსოფლიოს გარშემო როგორ იკრიბება თავისუფალი ხალხი მოედნებზე, აფრიალებენ ეროვნულ დროშას და ითხოვენ ღვთით მინიჭებულ უფლებებს, შეგიძლიათ იამაყოთ ერთი ფაქტით: მათ სწორედ თქვენ შთააგონეთ ეს და ისინი იმედის თვალით შესცქერიან თქვენს წარმატებას".
კომენტარები