მკვიდრ ამერიკელებს დენისოველების გენის ვარიანტი ერგოთ — იგი თანამედროვე ადამიანებშიც აღმოაჩინეს
გენის ეს ვარიანტები მკვიდრი ამერიკელების თანამედროვე შთამომავლებშიც აღმოაჩინეს.
ფოტო: Unsplash
ახალი კვლევის თანახმად, პირველი ადამიანები, რომლებმაც ამერიკის ტერიტორიაზე ფეხი დადგეს, დნმ-ის ფრაგმენტს ატარებდნენ ორი გადაშენებული ევრაზიელი ჰომინინისგან. მეცნიერების აზრით, მათ სწორედ ნეანდერტალელისა და დენისოველების გენეტიკური რელიქტი ეხმარებოდა, ახალ გარემოში გავრცელებულ დაავადებებს შეჰბრძოლებოდნენ.
"დღეს არსებული ყველა ადამიანი სამი სხვადასხვა სახეობის შერწყმის შედეგია", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა ფერნანდო ვილიანეამ, პოპულაციის გენეტიკოსმა კოლორადოს უნივერსიტეტში (ბოულდერი).
"როცა ადამიანები ამერიკაში დასახლდნენ, პათოგენებთან საბრძოლველად ახალი მუტაციების განვითარება აღარ დასჭირდათ. მათ სხვა ჰომინინებისგან უკვე მიღებული ჰქონდათ მრავალი გენეტიკური ვარიანტი", — ამბობს კვლევის თანაავტორი, ასევე პოპულაციის გენეტიკოსი, ემილია უერტა-სანჩესი.
მკვლევრებმა დეტალურად შეისწავლეს ცილის მასინთეზირებელი გენი MUC19. მისი კონკრეტული ვარიანტები დენისოველებში (აზიაში 200-30 ათასი წლის წინ მცხოვრები ჰომინინები) გვხვდებოდა. აღმოჩნდა, რომ ყოველ მესამე თანამედროვე მექსიკელს დენისოველებში არსებულის ანალოგიური MUC19 აქვს.
ადგილობრივ ამერიკელებში MUC19-ის კვლევისას ორ ასპექტზე ფოკუსირდნენ. მკვლევართა ერთმა ჯგუფმა აჩვენა, რომ მკვიდრი ამერიკელების შთამომავლებს ამ გენის ბევრი უძველესი ვარიანტი აქვთ. მეორე ჯგუფმა დაასკვნა, რომ MUC19 დროთა განმავლობაში თანდათან უფრო გავრცელდა ჩრდილოამერიკულ ადგილობრივ პოპულაციებში, რადგან გადარჩენისათვის მეტად ხელსაყრელი იყო.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს დენისოველებისთვის დამახასიათებელი გენეტიკური ვარიანტი, რომელიც ადამიანებს ნეანდერტალელებისგან გადაეცათ.
"გასაოცარი ამბავია. ვცდილობთ გავიგოთ, არსებობს თუ არა კიდევ სხვა მსგავსი შემთხვევები", — თქვა ვილიანეამ.
მეცნიერებს სურდათ შეემოწმებინათ, თუ რამდენად სასარგებლო იყო დენისოველთა MUC19 ამერიკელი ხალხისთვის. ამისათვის გუნდმა თანამედროვე მექსიკელების, პერუელების, კოლუმბიელებისა და პუერტო-რიკოში მცხოვრები ხალხის გენეტიკური მონაცემები 23 უძველესი ამერიკელისას შეადარა. ეს უკანასკნელნი ძირითადად XIII საუკუნემდე ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, მონაცემები სამი ნეანდერტალელისა და ერთი დენისოველის გენომთანაც შეადარეს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თანამედროვე მექსიკელების დაახლოებით 33%-ს MUC19-ის დენისოველებისთვის დამახასიათებელი ვარიანტები აქვს. პერუელებში ეს მაჩვენებელი 20% იყო, კოლუმბიელებსა და პუერტო-რიკოში მცხოვრებებში კი — მხოლოდ 1%-ამდე. მკვლევრების აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ მექსიკელებს საშუალოდ ადგილობრივი ამერიკელების უფრო მეტი დნმ აქვთ, ვიდრე დანარჩენ პოპულაციებს.
გუნდმა ისიც გამოიკვლია, უძველესი ადამიანების რომელი ჯგუფიდან მოდიოდა გენის ეს ვარიანტები. დენისოველებისთვის დამახასიათებელი მონაკვეთი ნეანდერტალელებისთვის დამახასიათებელ დნმ-ს შორის აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ნეანდერტალელებმა გენის ეს ვარიანტები დენისოველებთან შეჯვარებით მიიღეს. მოგვიანებით, როცა დენისოველები თანამედროვე ადამიანებს შეერივნენ, მათ ეს მონაკვეთიც გადასცეს.
"მკვლევრებმა ეს რთული კანონზომიერება წარსულში მომხდარი დემოგრაფიული მოვლენების კონტექსტში გაშიფრეს", — აღნიშნა რიპან მალჰიმ, მოლეკულური ანთროპოლოგიის სპეციალისტმა ილინოისის უნივერსიტეტიდან, რომელიც ახალ კვლევაში არ მონაწილეობდა.
ვილიანეას გუნდი ახალი ბიოლოგიური ნიმუშების შესწავლას გეგმავს. ისინი ლათინოებისა და მკვიდრი ამერიკელების როგორც გენეტიკურ, ასევე ფენოტიპურ მონაცემებს გაანალიზებენ. ეცდებიან გაარკვიონ, თუ როგორ მოქმედებს დენისოველთა ვარიანტები ცილის ფუნქციაზე.
უერტა-სანჩესის ეჭვით, MUC19-ის დენისოველისთვის დამახასიათებელი ვარიანტი შეიძლება იმუნურ სისტემას კონკრეტული პათოგენების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდეს.
"ვვარაუდობთ, რომ მისი მოქმედება [თანამედროვე ადამიანებში არსებულის მოქმედებისგან] სრულიად განსხვავებული იქნება", — თქვა ვილიანეამ.
კვლევა გამოცემაში Science გამოქვეყნდა.


კომენტარები