15 რამ, რასაც მილენიალები 15 წელია Facebook-ზე ვაკეთებთ
სოციალური მედიის პლატფორმებს არც ისე ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა აქვთ. ფეისბუკი უკვე 21 წლისაა, თუმცა ქართველი მილენიალები მის გამოყენებას თავს მაინც ვერ ვანებებთ. ამ სოციალურ ქსელთან ჩვენი ურთიერთობა ვერც მასში უფროსი თაობის დარეგისტრირებამ მოარყია, ვერც სხვა პლატფორმების გამოჩენამ და ვერც იმ ფაქტმა, რომ ფეისბუკს მალე უფრო მეტი მკვდარი მომხმარებელი ეყოლება, ვიდრე ცოცხალი.
ყველაფერი Odnoklasniki.ru-დან გადმოტანილი ფოტოებით დაიწყო. ეს ჯერ კიდევ მაშინ იყო, როცა ფოტოს რედაქტირებასა თუ ფილტრებზე არაფერი გვსმენოდა, ხოლო ინტერნეტიდან MP3 ფორმატში გადმოწერილ მუსიკას Windows Media Pleyer-ში ვუსმენდით (და ვუყურებდით, აი, ასე):
ასეა თუ ისე, ბევრი ჩვენგანი ფეისბუკთან ერთად და ფეისბუკშიც გაიზარდა (ამაში On this day ფუნქცია ყოველდღე გვარწმუნებს). შესაბამისად, ეს სოციალური ქსელი ჩვენს უამრავ მოგონებასა თუ კონკრეტული პერიოდისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ინახავს. აი, რას ვშვრებოდით ფეისბუკზე მილენიალები ბოლო 15 წლის განმავლობაში.
1. Pet Society-ს ვთამაშობდით და შინაურ ცხოველებს ვუვლიდით
დასაწყისისთვის, ბევრი ჩვენგანი პლატფორმას თამაშებისთვის იყენებდა, რადგან სანაცნობოში ცოტას თუ ჰქონდა ეს სოციალური ქსელი. ერთ-ერთი პოპულარული თამაში კი Pet Society იყო, სადაც ბევრი კატას უვლიდა — ბანდა, აჭმევდა, ასეირნებდა, აცვამდა, სახლს ულაგებდა და ა.შ. დღეს ბევრ მილენიალს ჰყავს კატა... ასე ვიქეცით კატების მომვლელები კატების მომვლელებად.
2. უცხოელებს ვწერდით და "ვჯიკაობდით"
სანამ ფეისბუკი "ყველას ექნებოდა" პლატფორმას უცხოელებთან სასაუბროდ და ჯიკაობისთვის ვიყენებდით. ჯიკაობა (Poke) ფუნქცია იყო, რომლითაც სხვას საკუთარ არსებობას ახსენებდი? (ალბათ).
3. YouTube-დან მუსიკას ვაზიარებდით
ამ დროს კომუნიკაცია სულ სხვა დონეზე იყო. ადრესატს უნდა გაეგო, რომ ეს სიმღერა მისთვის რაღაცის სათქმელად გავაზიარეთ. ასევე ის ამ კონკრეტული სიმღერის ტექსტით ყველაფერს უნდა მიმხვდარიყო.
4. ლექსებს ვწერდით და "აზრიან" ფოტოებს ვპოსტავდით
ეს საკმაოდ რთული ეტაპი იყო მილენიალების ცხოვრებაში, რომელიც რა თქმა უნდა, ფეისბუკ აქტივობაზეც აისახა. ამ დროს პლატფორმას ჯერ კიდევ ჰქონდა Note ფუნქცია, სადაც ლექსებს ვწერდით და ლამის ყველა მეგობარს ვნიშნავდით... ამ ყველაფრიდანაც, ცხადია, მიმხვედრი ყველაფერს უნდა მიმხვდარიყო.
5. მეგობრების კედელზე ვპოსტავდით — "რომ შემოხვალ მომწერე"
2008 წლამდე ფეისბუკს მიმოწერის ფუნქცია არ ჰქონდა. შეიძლება, ამ პერიოდიდან გამოგვყვა ჩვევა, რომ მესენჯერის არსებობის პირობებში მეგობრების კედლებზე მაინც დაგვეპოსტა — "რომ შემოხვალ მომწერე".
6. ერთმანეთის ფეისბუკებიდან ვპოსტავდით
ჯერ კიდევ არ იყო სმარტფონები, შესაბამისად, ფეისბუკზე ტელეფონიდან შესვლა ჯერ კიდევ სამეცნიერო ფანტასტიკის სფერო იყო. ეგ კი არა კომპიუტერიც ცოტას ჰქონდა, მეგობრის სახლში მისულს კი ხშირად გვრჩებოდა ბრაუზერში გახსნილი ფეისბუკი. მეგობრები არასდროს უშვებდნენ შანსს, ჩვენი პროფილებიდან რაღაც სასაცილო დაეპოსტათ, ურთიერთობის სტატუსი შეეცვალათ, სასაცილო ფოტო დაეპროფილებინათ და ა.შ.
7. კომენტარებში ვჩხუბობდით, დეზინფორმაციას ვებრძოდით ან ვავრცელებდით
"კლავიატურის ლომობა" ჩვენი მოგონილია. დღემდე უამრავი თემაა, რომლის გარშემოც კომენტარებში კამათის გაჩაღება არ გვბეზრდება! ნელ-ნელა ეს უნარი და გამოცდილება დეზინფორმაციასთან ბრძოლაშიც დაგვეხმარა, მაგრამ მეორე მხრივ, ბევრი ჩვენგანი სოციალური ქსელის გამოყენებისას დეზინფორმაციის გავრცელებასაც უწყობს ხელს...
8. პერიოდულად ვპოსტავდით, რომ მეგობრებს ვშლიდით
"თუ ამ პოსტს ხედავ იცოდე, რომ ჩემთვის გამორჩეული ადამიანი ხარ, რადგან წეღან უამრავი მეგობარი წავშალე და შენ დაგტოვე!"
9. საკუთარ პროფილს View as ფუნქციით ვნახულობდით
მეტი დამაჯერებლობისთვის... ხომ უნდა გვცოდნოდა, როგორ ჩანდა ჩვენი პროფილი ახალდამატებული მეგობრისთვის, ან უცნობისთვის, ვინც შემთხვევით შემოვიდა.
10. თემატურ გვერდებსა და ჯგუფებს ვქმნიდით, ყველაფრის ადმინები ვიყავით
თუ ფეისბუკ ჯგუფებიდან რამე სარგებელი მიგიღიათ იცოდეთ, რომ ეს მილენიალების დამსახურებაა. სოციალური მედიის მენეჯმენტშიც პიონერობა ჩვენ გვეკუთვნის. სხვადასხვა გვერდის პოსტებს ბოლოში ადმინის სახელს ვაწერდით და გამომწერები გვცნობდნენ ამ სახელებით... ცოტა ხანში ეს უნარები სოციალური მედიის მენეჯერის პროფესიაში გადაიზარდა, თუმცა მაშინ არ ვიცოდით ამ პროფესიას რა ერქვა. მილენიალების უმეტესობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა სოციალური მედიის მენეჯერი.
11. ღონისძიებებისა და ჯგუფების შექმნის ფუნქცია ბრძოლის და ერთიანობის იარაღად ვაქციეთ
მოხალისე მზიურის პარკში, 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ
ფოტო: Reuters
ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა ფეისბუკი მობილიზებისთვის გამოვიყენეთ, 13 ივნისის ტრაგედია იყო. ამ დროს ღონისძიებისა თუ ჯგუფების შექმნის ფუნქცია მოხალისეობრივ ორგანიზებაში დაგვეხმარა, სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად. შემდგომში ეს შესაძლებლობა არაერთი მნიშვნელოვანი აქციის დასაორგანიზებლად წარმატებით გამოგვიყენებია. თუმცა მოგვიანებით მივხვდით, რომ Going-ზე დაჭერა რეალურ "დასწრებას" ყოველთვის არ ნიშნავს.
12. HAHA რეაქციაც ბრძოლის იარაღად ვაქციეთ
ფოტო: ბოტების ლაიქები და მოქალაქეების HaHa რეაქციები 2018 წელს, მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის პოსტზე
დროთა განმავლობაში, ფეისბუკ პოსტებზე ყალბი აქტივობის შექმნა სამთავრობო ხელწერად იქცა. სხვადასხვა პროსამთავრობო პოსტზე ინდოელი თუ ინდონეზიელი ბოტების "ლაიქებს" ვხვდებოდით. მილენიალებმა ყალბ "ლაიქებს" ნამდვილი HAHA რეაქციები შევუპირისპირეთ და სამთავრობო ბოტებს ფეისბუკ რეაქციების არაერთი ბრძოლა მოვუგეთ. მეტიც, HaHa რეაქციის გამოყენების სიხშირით ტოპ 50 ქვეყანაშიც მოვხვდით.
13. Live ვიდეოებიც ბრძოლის იარაღად ვაქციეთ
"ლაივში გადი!" - ეს ისაა, რასაც გასაჭირში და უსამართლობის წინაშე მყოფ ადამიანს ვურჩევთ. ეს თავის დაცვის ერთ-ერთ გზად იქცა. ეს ფუნქციაა, რომელმაც სრულიად გარდაქმნა ინფორმაციის მიწოდების ჩვენთვის აქამდე ცნობილი გზები და სოციალური ქსელის მქონე ნებისმიერ მოქალაქეს პირველწყაროდ ყოფნა შეაძლებინა.
14. #NBAvotezazapachulia-ს ვპოსტავდით და თავზე ყინულიან წყალს ვისხამდით
ფეისბუკი ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერის სივრცედ სწრაფადვე იქცა. პირველი ასეთი შემთხვევა თუ შესაძლებლობა იყო #NBAvotezazapachulia - ერთ-ერთი პირველი ფეისბუკ კამპანია, რომლითაც მსოფლიოს თავი დავამახსოვრეთ. დღეს სხვადასხვა საფეხბურთო კლუბისა თუ ჩემპიონთა ლიგის სოციალური მედიის მენეჯერები გვცნობენ. მეტიც, ქართულად პოსტავენ, რადგან იციან "ჩვენი ამბავი". Levante-ს ადმინი საქართველოშიც კი იყო ჩამოსული, ხოლო ქართველ სპორტსმენებთან დაკავშირებული პოსტები ყოველთვის წარმოუდგენლად დიდ რიცხვებს წერს, რადგან არასდროს გვეზარება მხარდაჭერის "ორკესტრირებულად" გამოხატვა.
კიდევ ერთი კამპანია, რომელიც მაშინ ბევრს უბრალო ტრენდი ეგონა Ice Bucket Challenge იყო, რომლის ფარგლებში თავზე ყინულიან წყალს ვისხამდით (პირდაპირი მნიშვნელობით) და მეგობრებს იმავეს გასაკეთებლად ვიწვევდით. (სად იყო Gen-z, როცა ტრენდებს ვქმნიდით და ვყვებოდით). ეს 2014 წელს იყო, დღეს კი მსოფლიოს, სწორედ ამ კამპანიის შედეგად მოგროვებული თანხის წყალობით, ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის წამალი აქვს.
ვრცლად: გახსოვთ Ice Bucket Challenge? მისი დახმარებით დღეს ALS-ის წამალი გვაქვს
15. ღამის 12 საათს ველოდით მოგონებების სანახავად
ფეისბუკმა On This Day ჩვენთვის მოიგონა. ბევრი ჩვენგანისთვის ეს ძველი საკუთარი თავის გაცნობის და წარსულის გადააზრების საშუალებად იქცა, ასევე უამრავი აღმოჩენის მიზეზად. მას შემდეგ ყოველდღე, ძილის წინ, ჩვენ ჩვენს On This Day-ს ვუსწორებთ თვალს და ვნახულობთ იმას, რაც ჯერ კიდევ არ წაგვიშლია (ან Only Me-ზე არ გადაგვიყვანია).
დაბოლოს, ახლა შვილების/კატების/ქოთნის ყვავილების ფოტოებს ვპოსტავთ
ბოლო პუნქტების უცვლელი აქტუალურობის პარალელურად, ასაკობრივად, ცხოვრების სხვა ეტაპზე ვართ. ხშირად ვპოსტავთ შვილების, კატების ან ქოთნის ყვავილების ფოტოებს, რადგან გავიზარდეთ და უკვე იმის გაზიარება გვიხარია, რომ რაზეც ვზრუნავთ — იზრდება.
კომენტარები