ჩინეთში ისტორიული მოვლენა დაფიქსირდა: მეცნიერებმა გენმოდიფიცირებული ღორის ფილტვი ადამიანში გადანერგეს.

როგორც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია დეტალურად აღწერილი, მკვლევრებმა გასული წლის მაისში, გუანჯოუს სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საავადმყოფოში ფილტვი 39 წლის კაცის სხეულში გადანერგეს. კაცს ტვინი ძალიან მძიმედ ჰქონდა დაზიანებული და მისი აღდგენა შეუძლებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შეერთებულ შტატებში მეცნიერებმა ადამიანს გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადაუნერგეს. ტრანსპლანტაციამ დონორს ორი თვის სიცოცხლის საშუალება მისცა.

მეცნიერებმა ბოლო პერიოდში ადამიანებში გენმოდიფიცირებული ღორის გული და ღვიძლიც გადანერგეს.

სამწუხაროდ, ბოლო პროცედურა იდეალურად არ წარიმართა. ტვინის სიკვდილის შემდეგ პაციენტს იმუნოსუპრესიული პრეპარატები მიაწოდეს. ეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი სხეული ახალ ორგანოს არ უარყოფდა — ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ექიმების წინაშე ქსენოტრანსპლანტაციისას, ანუ სხვა სახეობიდან ადამიანში ორგანოების გადანერგვის დროს.

ოპერაციიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ, ორგანიზმმა სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავება დაიწყო, რომლებიც ღორის ფილტვში შეიჭრნენ. მომდევნო დღეების განმავლობაში სხეულმა ფილტვის უარყოფა დაიწყო და მეცხრე დღეს რეციპიენტის ოჯახმა ექსპერიმენტის შეწყვეტა მოითხოვა.

ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით მეტი კვლევებია საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება რეალური შედეგები.

"საბოლოო შედეგებამდე ჯერ კიდევ დრო გვაშორებს. კვლევები აჩვენებს, რომ სასურველ შედეგამდე ჯერ არ მივსულვართ", — განუცხადა STAT-ს ტორონტოს უნივერსიტეტის თორაკალური ქირურგიის პროფესორმა შაფ კეშავჯიმ.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ქსენოტრანსპლანტაცია საშუალებას მოგვცემს შევამციროთ დამოკიდებულება ადამიანის დონორ ორგანოებზე, რომლებიც უკიდურესად დეფიციტურია.

უახლეს ექსპერიმენტში ჩინელმა მკვლევრებმა ღორის ფილტვი გამოიყენეს, რომლის გენებიც რედაქტირების ინოვაციური ტექნიკის, CRISPR-ის გამოყენებით იქნა რედაქტირებული.

მკვლევრებს სურდათ დაედგინათ უარყოფდა თუ არა ადამიანის სხეული ფილტვს. პაციენტის მარჯვენა ფილტვი სხეულში დარჩა.

"დასაწყისისთვის ეს მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია. ფილტვის ქსენოტრანსპლანტაცია სხვა ორგანოებთან შედარებით უნიკალურ ბიოლოგიურ და ტექნიკურ გამოწვევებს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია შევიმუშაოთ სამეცნიერო გზა უსაფრთხო, გამძლე ფილტვის ქსენოტრანსპლანტაციისკენ", — განუცხადა STAT-ს გუანჯოუს სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმმა და კვლევის თანაავტორმა ძიანგ შიმ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.