არსებობს ადგილი, სადაც ალმასების მოძებნა და მათი სახლში წამოღება შეგიძლიათ
ფოტო: Kimberly Boyles/Shutterstock.com
ძვირფასი ქვების პოვნის სურვილი ალბათ ერთხელ მაინც ყველას გაგვჩენია. მინდა გითხრათ, რომ ეს სრულიად შესაძლებელია, მათ შორის, ალმასების პოვნაც.
როგორც მათ ვებგვერდზე ვკითხულობთ, აშშ-ში მდებარე ალმასთა კრატერის ეროვნული პარკი "მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ალმასები ვულკანურ წყაროშივე ეძებოს". უფრო კონკრეტულად, პარკი მარფრისბოროს გარეთ, არკანზასის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.
აქაური ალმასების ისტორია დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ დაიწყო. საქმე ისაა, რომ ვულკანების ამოფრქვევის შედეგად მაგმა დედამიწის მანტიიდან უფრო მაღლა ამოვიდა. ამონთხეული გამდნარი ქანები ბევრ ძვირფას ქვას შეიცავდა.
"აქ ბევრი ძვირფასი ქვა ბუნებრივად გვხვდება, მაგალითად, ამეთვისტო, გრანატები, იასპი, აგატი, კვარცი", — ვკითხულობთ პარკის ვებგვერდზე — "მპოვნელს ნებისმიერი მათგანის სახლში წაღება შეუძლია. რაც მთავარია, აქ ალმასის პოვნაც შესაძლებელია".
აქ დღეში საშუალოდ 1 ან 2 ალმასს პოულობენ. პარკში ნაპოვნი ალმასები ნებისმიერი ზომის ან ფერის შეიძლება იყოს. როგორც ვებგვერდზე განმარტავენ, დაარსებიდან (1972 წელი) დღემდე ამ პარკში 35 000-ზე მეტი ალმასია ნაპოვნი. ზოგი მათგანი იმდენად ძვირფასია, რომ იუველირებისა და კოლექციონერების უმრავლესობას მსგავსი არასდროს უნახავს.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ პარკს ფინანსური კრიზისი ხშირად ადგას. თუ მოყვარული მაძიებლებიც კი დღეში 1-2 ალმასს პოულობენ, რატომ არ შეიძლება საბადოს ინტენსიური და სპეციალიზებული დამუშავების შედეგად უფრო მეტი იპოვონ და ისინი თავად პარკმა გაყიდოს? ზოგადად, მთავარია ალმასების ხარისხი და არა რაოდენობა. საშუალოსტატისტიკური ალმასი სულ რაღაც 0,25-კარატიანია, რაც დაახლოებით 0,05 გრამს შეადგენს.
ერთი სიტყვით, კრატერი ალმასებითაა სავსე, თუმცა თითქმის არცერთი მათგანი დიდი ზომის არაა. ეს გეოლოგიური ფაქტორებითა და საბადოს ასაკით იხსნება. მანტიაში (განსაკუთრებით ზედა მანტიაში) არსებული ნახშირბადის უმეტესი ნაწილი კარბონატული მინერალებისა და ალმასების სახით გვხვდება, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. ალმასთა კრატერის წარმომქმნელი ვულკანური ამოფრქვევები ზედა მანტიის ნახშირბადით გამდიდრებამდე მოხდა, შესაბამისად, ცოტა იყო ნახშირბადი, რომელიც მოგვიანებით ალმასად იქცევა.
გარდა ამისა, ალმასები, რომლებსაც მილიარდობით წლის განმავლობაში ჭუჭყი, სხვა ქვები, წვიმა და ქარი აფუჭებს, მპოვნელს მილიონერად ნამდვილად ვერ აქცევს. მასალა, რომელიც ალმასებს ერევა, კოროზიულია. ეს ამ ძვირფას ქვებს კუმშავს და ზოგჯერ საერთოდ აქრობს. სწორედ ამიტომაა ამ კრატერში ნაპოვნი ალმასები ასეთი მრგვალი, თუმცა ძალიან პატარა.
შეიძლება აქ უმეტესად მხოლოდ მცირე ზომის ალმასები იპოვოთ, მაგრამ პატარა ალმასიც კი ძვირფასია, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი თქვენი ნაპოვნია. პარკში აღჭურვილობის შეტანა შეგიძლიათ, თუმცა ინდუსტრიული და მოტორიზებული მანქანების — არა.
ასევე იხილეთ: ქალმა არკანზასის პარკში საკუთარი ნიშნობის ბეჭდისთვის 2.3 კარატიანი ალმასი იპოვა
თავისთავად, ალმასების ძებნა ყოველგვარი მოწყობილობების გარეშეც შეგიძლიათ. სწორედ ასე გაუმართლა გასულ თვეში 31 წლის მიშერ ფოქსს, რომელმაც 2,3-კარატიანი ალმასი იპოვა.
კომენტარები