ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობა (Istiorachis macarthurae) აღმოაჩინეს. მას ზურგზე აფრის მსგავსი წანაზარდი აქვს, რომელზეც ვარაუდობენ, რომ პარტნიორის მოსაზიდად იყენებოდა.

იგუანოდონისებრთა ოჯახის წარმომადგენელი დინოზავრის ნაშთები უაითის კუნძულიდანაა მოპოვებული. კვლევას დოქტორი ჯერემი ლოქვუდი ხელმძღვანელობდა. წარსულში აღმოჩენილი 125 მილიონი წლის წინანდელი ნამარხები კუნძულზე მცხოვრები 2 დინოზავრის ნაშთებად მიიჩნეოდა. შემდეგ, როცა ისინი შეადარეს, აღმოჩნდა, რომ ნამარხი სხვა სახეობებისას არ ჰგავდა.

ფოტო: James Brown

"ჩონჩხი სრული არ იყო, ამიტომ ყურადღებას არავინ აქცევდა. სხვებისგან განსხვავებით, ამ დინოზავრს გამორჩეულად გრძელი მალები ჰქონდა", — განაცხადა ლოქვუდმა — "ევოლუციამ ზოგიერთ სახეობას პრაქტიკულის ნაცვლად ექსტრავაგანტური აგებულება არგუნა. ასეთი სტრუქტურები მრავალწლიანი განხილვის საგანია. ზოგი თეორიის მიხედვით, ისინი სხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად ან ცხიმის შესანახად იყო განკუთვნილი. ამ შემთხვევაში ყველაზე სავარაუდოა, რომ დინოზავრის უცნაური აგებულება მხოლოდ ვიზუალის ნაწილი იყო".

ფოტო: Papers in Palaeontology

"თანამედროვე რეპტილიებში, მსგავსი სტრუქტურები უფრო ხშირად მამრებში გვხვდება. ეს ნიშნავს, რომ ის პარტნიორების აღსაფრთოვანებლად ან მოწინააღმდეგეების შესაშინებლად არსებობდა", — ასკვნის მეცნიერი.

"დოქტორი ლოქვუდის მიერ ჩატარებული ძვლების კვლევა, რომლებიც მუზეუმში უკვე რამდენიმე წელია ინახება, უაითის კუნძულის იგუანოდონისებრ დინოზავრს აცოცხლებს", — ამბობს პროფესორი სუზანა მეიდმენტი ბუნების ისტორიის მუზეუმიდან — "ეს კვლევა ისეთი ნიმუშების შესწავლის აუცილებლობას უსვამს ხაზს, რომლებიც წლებია ინახება. მათი გამოკვლევა და ახალი მონაცემების შეგროვება ევოლუციის შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვცემს".

კვლევა გამოცემაში Papers in Palaeontology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.