ცირკი ცხოველების გარეშე
"ცირკში ძალადობენ ცხოველებზე. როგორც ჩვენ გვაქვს უფლებები, ასევე, უნდა ჰქონდეთ ცხოველებსაც. აქ იმიტომ მოვედი, რომ ჩემმა კლასელებმაც გაიგონ. მხოლოდ ორი დამეთანხმა იმაზე, რომ ცირკში ცხოველები ცოდო არიან", — ეს 11 წლის ელენე ხარშილაძეს სიტყვებია, რომელიც ქოლგითა და პლაკატით ხელში იდგა ცირკის წინ. იმის პარალელურად, რომ მისი თანატოლები მშობლებთან ერთად საცირკო წარმოდგენაზე მიდიოდნენ, ელენე სკანდირებდა: "ცირკი ცხოველების გარეშე".
ელენე მარტო არ ყოფილა. ცხოველების უფლებებს ის მეგობრებთან ერთად იცავდა.
დღეს, 4 მაისსს თბილისს რუსეთიდან იური ნიკულინის სახელობის საცირკო დასი ეწვია, ათეულობით ცხოველთან ერთად. მას შემდეგ, რაც ამ ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა საპროტესტო კამპანია დაიწყო. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ათეულობით ვიდეო, რომელიც ასახავდა ცხოველების წვრთნის სასტიკ პროცესს. აქტივისტები მოითხოვდნენ ცირკს ცხოველების გარეშე.
ამავე მიზეზით, ამინდის მიუხედავად, ისინი დღეს ცირკის წინ შეიკრიბნენ. ასეულობით ადამიანი საწვიმარით, ქოლგითა და პოსტერებით ხელში საზოგადოებას თანადგომას და ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვდა.
აქციის მონაწილე 11 წლის ნუცა მესხმა გვითხრა, რომ იქ ცხოველებისთვის თავისუფლების მოსაპოვებლად იდგა. მიზეზად კი უსამართლო მიდგომა დაასახელა. გაიხსენა, რომ ცხოველების მონაწილეობით ცირკში ერთხელ არის ნამყოფი, რაც არ მოეწონა.
"სულ ტირილ-ტირილით გამოვედი. ცხადად მახსოვს მათრახი გადაარტყეს ვეფხვს და არ მესიამოვნა, ძალიან გაბრაზებული გამოვედი ცირკიდან. იმის შემდეგ აღარ ვყოფილვარ", – გვიყვება ის.
მის აზრს იზიარებდნენ სხვა ბავშვებიც, რომლებიც ბანერებით გვამცნობდნენ, რომ ცხოველების წამება გასართობი არ არის.
"მე ცირკში რომ ვიყავი ვეფხვებს და ლომებს არტყამდნენ რაღაც ჯოხს და მერე აღარ ინძრეოდნენ. აღარ მინდა ვნახო", — გვითხრა აქციის 9 წლის მონაწილემ.
მშობლებს, რომლებსაც შვილები ცირკში მიჰყავდათ შეძახილების ფონზე ე.წ. სირცხვილის კორიდორში მოუწიათ გავლა. უმეტესობამ ინტერვიუზე უარი თქვა. მიზეზად კი ეს დაგვისახელეს: "თავს ვერ შევირცხვენ".
იმ ნაწილმა, რომელიც ინტერვიუს დათანხმდა იდენტიფიცირება არ ისურვა. გვითხრეს, რომ ბილეთში საკმაოდ ძვირი [15-20 ლარი] გადაიხადეს ან რაიონიდან ჩამოიყვანეს ბავშვები და არ აპირებდნენ სხვების პროტესტის გამო სანახაობაზე უარი ეთქვათ. რაც შეეხება ცხოველების მონაწილეობას, მიაჩნიათ, რომ ისინი სპეციალურად არიან გაწვრთნილი და ამ გარემოს შეგუებული, ამიტომ პრობლემას ვერ ხედავენ.
ამ აზრს არ იზიარდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც ცირკის სტუმრებს საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებდნენ. ერთ-ერთმა აქტივისტმა, თამარ ზუბიაშვილმა გვითხრა, რომ მთავარი პრობლემა სწორედ საზოგადოების არაინფორმირებულობა.
"ცხოველების წამებისგან ადამიანი არ უნდა იღებდეს სიამოვნებას. მათ უნდა იცოდნენ რეალურად რა ხდება ცირკში. მშობლები არ უნდა ყიდულობდნენ ბავშვებისთვის ბილეთებს და არ უნდა აჩვენებდნენ, ვითომ ეს ცხოველები ძალიან ბედნიერები არიან", — განაცხადა მან.
პროტესტის პარალელურად აქციის მონაწილეებმა პეტიციის ხელმოწერები შეაგროვეს, რომლითაც საქართველოს პარლამენტს მიმართავენ.
"ცირკი არის სივრცე, სადაც ცხოველები იმყოფებიან ტყვეობაში და მათ მუდმივ რეჟიმში, შიშისა და ტერორის ხარჯზე აიძულებენ იმ მოქმედებების შესრულებას, რაც მათ ბიჰევიორისტულ თავისებურებებში არ ჯდება... საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ცირკში ცხოველების გამოყენებას არ აქვს არც საგანმანათლებლო და არც კონსერვაციული ფუნქცია, არამედ მისი დანიშნულებაა ადამიანების გართობაა ცოცხალი არსებების წამების ხარჯზე...
ჩვენ საქართველოს ცივილიზებულ მოქალაქეებს გვსურს საქართველოში დაინერგოს პროგრესული და ეთიკური მიდგომები. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ საცირკო წარმოდგენებში როგორ გარეული, ასევე, შინაური ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას", — წერია პეტიციის ტექსტში.
აქციას დაესწრო "ცხოველთა მეფეც", რომელიც თავისუფალი ლომის სახელით გაგვეცნო. "თავისუფლება ცხოველებს" — განაცხადა მან აქციაზე მისვლისას და ოვაციების ფონზე ავიდა ცირკის კიბეებზე, საიდანაც ბრძოლისკენ მოუწოდა შეკრებილებს.
"ვარ ლომი, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს თავისუფლად, ჯერჯერობით. მაგრამ ასე თუ გაგრძელდა თავისუფლება აღარ იქნება. ცხოველების ადგილი ცირკში არ არის. მე ვიბრძოლებ მათთვის", — განგვიცხადა მან და "თანამოძმეების დასაცავად" პეტიციას მოაწერა ხელი.
მეფე ლომის მსგავსად აქციის სხვა მონაწილეებმაც სცადეს ცირკის ტერიტორიაზე შესვლა, თუმცა დაცვამ მათ უფლება არ მისცა და შეახსენა, რომ კერძო ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე შეჭრა დანაშაულია. მსგავსი განცხადება გაავრცელა გუშინ, 3 აპრილს თავად ცირკმაც და საპროტესტო კამპანიას მხოლოდ იმის უპასუხა, რომ კერძო საკუთრების დაცვის უფლება შეახსენა.
აქცია რამდენიმე საათი გაგრძელდა. მოგვიანებით მონაწილეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც პროტესტთან ერთად საინფორმაციო კამპანია გააგრძელეს და ფლაერები დაარიგეს.
კომენტარები