ისევ მწვანე სივრცის გადასარჩენად
მაღლივი კორპუსის უკანა მხარეს თუ გახვალთ რამდენიმე წამით სიმწვანეში ამოყოფთ თავს, მაგრამ როგორც კი ხეებს გაცდებით და პატარა მინდორზე აღმოჩნდებით წინ თბილისის ტრადიციული ხედი გადაიშლება — შენობები. აქ ძველი ნაცრისფერი კორპუსების გარდა მიმდინარე მშენებლობები და ამწე კრანებიც ბევრია. შესაძლოა, მალე ახალმა კორპუსებმა ჩაანაცვლოს ის მინდორიც, საიდანაც ეს ხედი იშლება. სწორედ, ამის გასაპროტესტებლად და მწვანე სივრცის დასაცავად დღეს, 9 თებერვალს აქცია გაიმართა.
დეველოპერული კომპანია m² თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში, შავიშვილის ქუჩაზე ოთხი 12-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. კომპანია ე.წ. ხრუშოვკებში მაცხოვრებლებს თავიანთი ბინების სანაცვლოდ, ახალაშენებულ კორპუსებში გადასვლას სთავაზობს. მოსახლეობის ნაწილს ეს იდეა არ მოსწონს.
ადგილი, სადაც m²-ის კორპუსები უნდა აშენდეს, მათთვის ერთადერთი ახლო სივრცეა, სადაც სუფთა ჰაერზე შეუძლიათ გასეირნება. ამიტომ, დღეს სამოქალაქო აქტივისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიკრიბენ და მერიასა და m²-ს უთხრეს, რომ ამ ადგილის დათმობას არ აპირებდნენ.
პროტესტის მონაწილეები ველოსიპედებით, ძაღლებით და ბავშვებთან ერთად მივიდნენ იმ ადგილას, რომელსაც აქამდე რეკრეაციული მიზნით იყენებდნენ. ერთი განსხვავებით, ახლა საპროტესტო ბანერები ეჭირათ ხელში.
"მე აქ ვარ დაბადებული, ჩემი ბავშვები, მეც და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი აქ არის გაზრდილი, ამ სიმწვანეში და სუფთა ჰაერში. შესაბამისად, გვინდა შენარჩუნდეს", — აცხადებს ადგილობრივი, რომელიც დარწმუნებულია, რომ კომპანია მწვანე საფარს სრულად გაანადგურებს.
ქავთარაძის ქუჩის კიდევ ერთი მაცხოვრებელისთვის მისაღებია ძველი კორპუსების დანგრევა და ახლით ჩანაცვლება, მაგრამ არა სარეკრეაციო სივრცის ფასად. განმარტავს, რომ პროგრესის საწინააღდეგო არაფერი აქვს, თუ ქალაქს უჰაეროდ არ დატოვებენ.
"ეს პრობლემა ჩვენთვის ახალი არ არის, ძველია. რამდენიმე წელია ცდილობენ უკვე, რომ როგორმე აითვისონ ეს სივრცე... იმ ასაკში ვარ უკვე, რომ ბევრი რამ მახსოვს. აი, იქით, ქავთარაძეზე, ახალი კორპუსები რომ დგას ჩვეულებრივი სივრცე იყო, განაშენიანებული, მწვანე. აღარ არის. ეს ბუნებრივი გამწვანება არ არის, თავის დროზე დიდი შრომა და დიდი თანხა დაჭირდა. წარმოიდგინეთ, ახლა ეს სივრცეც რომ ისეთივე უსახური გახდეს. ამას ვაპროტესტებ", — განუცხადა მან On.ge-ს.
აქციაზე იყვნენ თბილისის სხვა უბნების მაცხოვრებლებიც. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი საკმაოდ შორს ცხოვრობდა ამ ტერიტორიიდან ქალაქის მწვანე სივრცე არც მათთვისაა უმნიშვნელო.
"ყველამ ვიცით, რა ვითარებაა დღეს თბილისში და კიდევ ზედმეტი კორპუსები ნამდვილად არ გვჭირდება. რაღაც პატარა კუნძულივით არის დარჩენილი და გვინდა ეს მაინც შევინარჩუნოთ. ხალხმა უნდა იბრძოლოს... ეს ქალაქი არ არის 10-20 ადამიანის, ყველას გვეკუთვნის", — განაცხადა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ეს გორა საყვარელი სივრცეა სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვისაც. აქციაზე ამბობდნენ, რომ კარგ ამინდებში ლექციების შორის დასასვენებლად აქ გამოდიან.
"მე აქ მოვდივარ ხშირად, ვკიდებ ჩემს ჰამაკს და სუფთა ჰაერზე ვისვენებ. ოთხ კორპუსის ჩადგომის შემთხვევაში რა გავაკეთო?! კორპუსებზე გავკიდო ჰამაკი და ვისუნთქო ამათი ბინძური ჰაერი?!", — ამბობს პროტესტის მონაწილე ერთ-ერთი ახალგაზრდა.
პროტესტის მონაწილეებმა ქალაქის მერს განცხადებით მიმართეს და შეახსენეს დაპირება იმის შესახებ, რომ ქალაქში მწვანე სივრცეს დაიცავდა. მათ მოითხოვეს, რომ მერიამ არ დაუშვას m²-ის სასარგებლოდ ამ ტერიტორიისთვის რეკრეაციული სივრცის სტატუსის მოხსნა. მიმართვაზე ხელის მოწერის მსურველი ბევრი აღმოჩნდა.
აქციის დასასრულს შეკრებილებმა ერთმანეთს ურჩიეს, რომ არცერთი ნაბიჯით დაეხიათ უკან და პირობა დადეს, რომ თუ საჭირო გახდებოდა გორას დასაცავად ყველა ერთად დადგებოდა.
კორპუსები, ეკლესია და საჩუქარი საპატრიარქოს — m²-ის გეგმები
კომპანია m²-ს შავიშვილის ქუჩაზე 4 საცხოვრებელ კორპუსთან ერთად ეკლესიის აშენებაც სურს. კომპანიის ცნობით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ეკლესია 725 მ² მიწის ნაკვეთთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში გადაეცემა.
კომპანიაში ამბობენ, რომ ბინების ნაწილში კი ძველ კორპუსში მაცხოვრებელი, მინიმუმ 70 ოჯახი შესახლდება. მათი თქმით, გამოთავისუფლებული ე.წ. ხრუშოვკის შენობა დაინგრევა და მის ადგილას აშენდება ახალი კორპუსი, სადაც სურვილის შემთხვევაში მომდევნო ე.წ. ხრუშოვკის მაცხოვრებლები გადავლენ და ასე გაგრძელდება ჯაჭვური რეაქციით. გენერალური დირექტორის მოადგილემ შორენა დარჩიაშვილმა On.ge-სთან საუბარში თქვა, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაწყებული აქვთ და მათი ნაწილი თანახმაა:
"გამოკითხვები დაიწყო ორშაბათიდან და ინტერესი არის მაღალი. მათი ძირითადი შიში და უარის თქმის მზიეზი შეიძლება იყო, რომ არ ესმოდეთ სქემა, ანუ როგორ უნდა მოხდეს ჩანაცვლება. მათი შეკითხვები ძირითადად ეხება იმას, რომ "მერე რომ აღარ აშენდეს, სადღაც შუა გზაზე გაჩერდეს..." მოსახლეობა საკუთარ ბინებში გააგრძელებს ცხოვრებას და მხოლოდ მას შემდეგ გადავლენ ახალში, რაც დასრულდება მშენებლობა".
შორენა დარჩიაშვილი განმარტავს, რომ ამ პროექტთან მიმართებით, მერიასთან თანამშრომლობენ, თუმცა ისინი არ მონაწილეობენ სქემაში.
მერიის პასუხი
On.ge-ს მერიაში განუცხადეს, რომ სტატუსის შეცვლაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ტერიტორია ამ დრომდე რეკრეაციულ ზონად რჩება.
უწყების ცნობით, 2015 წელს თბილისის საკრებულომ განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული ვარიანტი დაამტკიცა. თბილისის მერიის მიერ On.ge-სთვის მოწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გეგმის მიხედვით რეკრეაციული ზონა უნდა შეცვლილიყო საცხოვრებელ ზონად, თუმცა 2016 წელს ეს საკითხი მერიამ გააჩერა.
იურისტის, ინიციატივა საჯარო სივრცისთვის წარმომადგენელი, ანანო ცინცაბაძე აცხადებს, რომ მაღლივის მიმდებარე ტერიტორიას ამ დრომდე აქვს სარეკრეაციო ზონის სტატუსი და ეს სტატუსი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ანანო ცინცაბაძის თქმით, m²-მა 2015 წელს მიმართა მერიის ზონალურ საბჭოს ამ ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლის საკითხზე, ზონალურმა საბჭოს გასცა რეკომენდაცია, რომ სტატუსი შეცვლილიყო, თუმცა საკრებულოში ზონალური საბჭოს რეკომენდაციის განხილვა შეჩერდა. შესაბამისად, არ შეცვლილა ტერიტორიის სტატუსი და ის ისევ სარეკრეაციო ზონაა.
ამავე თემაზე: რეკრეაციული თუ სამშენებლო ზონა — რა სტატუსი აქვს ადგილს, სადაც m²-ს მშენებლობა სურს
კომენტარები